საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-117-109-2017 2 ივნისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი/მ ვ. ტ-ო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,შ- ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის ან/და არსებითი გადაწყვეტილების მიღება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნების დაკმაყოფილება
დავის საგანი –თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,შ-მა’’ (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო ან მეიჯარე) 2015 წლის 22 აპრილს გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი დელფინარიუმის შენობაში არსებული კაფეს დროებით სარგებლობაში, იჯარის წესით, გაცემის შესახებ. ელექტრონული აუქციონი დასრულდა 2015 წლის 27 აპრილს და მასში გაიმარჯვა ინდივიდუალურმა მეწარმემ ვ. ტომ (შემდეგში: მოპასუხე, მოიჯარე, აპელანტი ან კასატორი; იხ. ბრძანება და განცხადება, ტ. 2, ს/ფ 21-23).
2. საწარმოსა და მოიჯარეს შორის 2015 წლის 5 მაისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება) და მისი ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრამდე. საიჯარო ქირა 13 520 ლარით განისაზღვრა, რომელიც გადანაწილდა თვეებზე და თვეში 1 725 (ათას შვიდას ოცდახუთი) ლარი შეადგინა (იხ. ხელშეკრულება, ტ.2, ს/ფ 24-27).
3. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, საიჯარო ქირის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ზე, სხვა პირობის დარღვევისათვის ხელშეკრულების ღირებულების 10 %-ზე.
4. მოიჯარე ქირას 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით იხდიდა.
5. 2015 წლის 3 ოქტომბერს მოიჯარემ მეიჯარეს მიმართა განცხადებით იჯარის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ. შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელეს იჯარით აღებული ფართი და შესაბამისი ინვენტარი ჩააბარა (იხ. განცხადება და მიღება-ჩაბარების აქტი, ტ. 2, ს/ფ 19-20; 50-55).
6. მოსარჩელემ 2015 წლის 8 ოქტომბერს წერილობით მიმართა მოპასუხეს და საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა (იხ. მიმართვა, ტ. 2, ს/ფ 19).
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. მოსარჩელემ 2015 წლის 30 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოპასუხისათვის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) 4 895 ლარის, პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების ღირებულების 0,1 %-ის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის და ხელშეკრულების დარღვევისათვის, მისი ღირებულების 10 %-ის, 1 352 ლარის, დაკისრება მოითხოვა.
7.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოიჯარე ვალდებულია, ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მთლიანი საიჯარო ქირა გადაიხადოს ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირგასამტეხლოსთან ერთად.
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მიუთითა შემდეგ არგუმენტებზე:
8.2. მოპასუხის მიერ იჯარის საგნის მოსარჩელისათვის ჩაბარება იმაზე მიუთითებდა, რომ მეიჯარემ თანხმობა განაცხადა (ნება გამოავლინა) საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტაზე და აქედან გამომდინარე არ არსებობდა მოპასუხისათვის რაიმე თანხის მოთხოვნის საფუძვლები;
8.3.მოპასუხე უკრაინის მოქალაქეა, რომელიც ქართულ ენას არ ფლობს და ხელშეკრულება მისთვის გაუგებარ (ქართულ) ენაზე იყო შედგენილი, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების არსებითი პირობები, რომლებიც კაბალურია. მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულების მოიჯარისათვის გასაგებ - უკრაინულ ან რუსულ ენებზე შედგენა. მისთვის არ იყო ცნობილი საჯარიმო სანქციების შესახებ;
8.4.მას არ უნდა დაეკისროს 3 თვის საიჯარო ქირის გადახდა, რადგან საიჯარო საგნით ამ თვეების განმავლობაში არ უსარგებლია.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მეიჯარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
9.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 895 ლარი და პირგასამტეხლო 4 895 ლარის 0.07 % 2015 წლის 5 ნოემბრიდან ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასარჩელო მოთხოვნა 1 352 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
9.3. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 581-ე მუხლებით.
9.4.ბათუმის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები თავიანთი უფლება-მოვალეობის მოცულობას განსაზღვრავენ ხელშეკრულებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ და მოპასუხემ იჯარის ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა და, სხვა საკითხებთან ერთად, იჯარის ქირის გადახდის წესზეც შეთანხმდნენ. ვინაიდან ხელშეკრულება 2015 წლის 31 დეკემბრამდე დაიდო, მეიჯარემ იცოდა, რომ ამ თარიღამდე ის ქირის სახით ყოველთვიურად 1725 ლარს მიიღებდა და ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით შემოსავლის დაკარგვა არ სურდა, რის გამოც, მოპასუხეს იმ პირობაზე შეუთანხმდა, რომ ქირის თანხის გადახდის ვალდებულება მთელი სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში არსებობდა, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის ვადისა.
9.5. მოპასუხე შესაგებელში უთითებს, რომ ვერ გაერკვა ხელშეკრულების შინაარსში და ბრმად მოაწერა ხელი, რაზედაც სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ხელშეკრულება მეორე მხარისათვის ეთარგმნა. აღნიშნული მოპასუხეს თავად შეეძლო გაეკეთებინა და ხელშეკრულებაზე მისი ტექსტის გაცნობის გარეშე ხელის მოწერა სწორედ მოიჯარის რისკი იყო, შესაბამისად, შედეგებზეც თვითონ იყო პასუხისმგებელი.
9.6. სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 0.1%-იდან 0.07%-მდე (3.42 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) იმ დასაბუთებით, რომ მოპასუხეს გარიგების შეწყვეტის შემდეგ საიჯარო ქონებით არ უსარგებლია და შემოსავალი არ მიუღია. გარდა ამისა, მოსარჩელე ამ გადაწყვეტილებით იჯარის იმ თანხას მიიღებდა, რაც სახელშეკრულებო პერიოდში უნდა მიეღო.
9.7. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება საშუალებას იძლეოდა, ორივე მხარეს ვადაზე ადრე შეეწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლომ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა მისი სხვა პირობების დარღვევად არ ჩათვალა და ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. მოპასუხემ (მოიჯარემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10.2. აპელანტმა მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლომ გვერდი აუარა რიგი ნორმების საფუძველზე დავის სწორად შეფასებას და საქმეს არ მისცა სამართლებრივად სწორი ინტერპრეტაცია; ასევე, ნორმები არასწორად განმარტა, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები არ შეაფასა, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.
10.3. აპელანტმა, სააპელაციო საჩივარში შესაგებელში ასახული გარემოებების იდენტურ გარემოებებზე მიუთითა (იხ. ამ განჩინების 8.2-8.4 ქვეპუნქტები).
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოიჯარის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
11.2.სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი დასაბუთება, მიუთითა მათზე და დამატებით დაადგინა, ხელშეკრულება შეწყდა აპელანტის ინიციატივით და მას მეიჯარისათვის ახალი მოიჯარე არ შეუთავაზებია, შესაბამისად, სსკ-ის 361.2-ე, 581.1-ე და 588-ე მუხლების საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე - 2015 წლის 31 დეკემბრამდე ქირის გადახდის თაობაზე საფუძვლიანი იყო, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ - დასაბუთებული.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1.სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ან/და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
12.2.კასატორის განმარტებით არასწორია სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება მოიჯარის მოთხოვნით შეწყდა, რადგან მან მხოლოდ შესთავაზა მეიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტა და აღნიშნული არ იყო მოთხოვნა. მეიჯარეს შეეძლო ან მიეღო აღნიშნული თხოვნა, ან - არა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორის ძიება, არამედ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი. ხელშეკრულება, ფაქტობრივად, მხარეთა შეთანხმებით შეწყდა, რის შეფასებასაც ორივე ინსტანციის სასამართლომ გვერდი აუარა და უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო;
12.3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შეთავაზების შემდეგ, ამ უკანასკნელისათვის უნდა მიემართა მოსარჩელეს და წარედგინა ხელშეკრულების შეწყვეტაზე საკუთარი პოზიცია. კასატორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შეთავაზება კანონის ანალოგიით შესაძლოა ოფერტად ჩაითვალოს, რომელსაც ითვალისწინებს სსკ-ს 327-ე და 341-ე მუხლები;
12.4.მხარეებს შორის არ ყოფილა შეთანხმებული მოიჯარის ვალდებულება მეიჯარისათვის წარედგინა სხვა მოიჯარე. ასეთი გარემოების დადგენა კი მოსარჩელეს არ მოუთხოვია, შესაბამისად, სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების დადგენა სცილდება და არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს;
12.5.მოწინააღმდეგე მხარემ კასატორს სიტყვიერად აუხსნა, რომ ხელშეკრულება არ შეიცავდა რაიმე დაფარულ ნორმას, რომელიც ზიანს მიაყენებდა მას, ასევე, საიჯარო ობიექტის ჩაბარებამდე მოიჯარეს არ გააცნეს ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები და პირობები, თუნდაც ქართულ ენაზე.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14.სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15.განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
16.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
17. „დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მესამე და მეოთხე მუხლები). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. ამიტომაცაა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული, მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არც მოპასუხეა ვალდებული შესაგებელში, რომლითაც ის სარჩელისაგან თავს იცავს, ზუსტი სამართლებრივი შეფასებები შეიტანოს. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით. სსკ-ის 588-ე მუხლის დაცვითი ფუნქცია ისაა, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ ამ ნორმამ მეიჯარე საიჯარო შემოსავლებით უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქონების ახალი მოიჯარისათვის (მინიმუმ ადრინდელ მოიჯარესთან არსებული პირობებით) გადაცემამდე“ –[იხ. სუსგ ას-738-700-2015, 18.12.15 წ.].
18. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობის გაზიარებით, ზემოთ მოხმობილ უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე მითითებითა და სსკ-ის 588-ე მუხლზე /1. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. 2. თუ მოიჯარე ვერ სესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე/ დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ მეიჯარის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია, მას აქვს სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 588-ე მუხლი), მოიჯარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადამდე დარჩენილი საიჯარო ქირის გადახდა მოსთხოვოს.
19. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმის მოთხოვნით მან მოსარჩელეს მიმართა, რაც ოფერტად უნდა ჩაითვალოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებას (ოფერტს) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეტყობინებასთან კავშირი არ აქვს, შესაბამისად, კასატორის ამ პრეტენზიის მართებულობა ვერ შემოწმდება.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
22.სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ ვ. ტ-ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი/მ ვ. ტ-ოს (პ/ნ 3-, უკრაინის მოქალაქის პასპორტის #E-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. ც-ის (პ/ნ 6-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 432.35 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2017 წლის 22 თებერვალი), 70% – 302.64 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე