საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-138-130-2017 5 მაისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –ნ. ლ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ო-ა
თავდაპირველი მოპასუხე - გ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება – quTaisis saapelacio sasamarTlos სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 wlis 16 noembris gaნჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მ. ო-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ნ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი –ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. ქობულეთში, ა-ის გამზ. №282-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 2--; შემდეგში: უძრავი ქონება) მესაკუთრეები 2010 წლის 20 სექტემბრამდე იყვნენ: ნ. ლ-ე (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი), გ. ლ-ე (შემდეგში: მეორე გამყიდველი) და ვ. ლ-ე.
2. პირველ მოსარჩელეს, მეორე გამყიდველსა და მ. ო-ას შორის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, პირველი მოპასუხე ან მყიდველი), 2010 წლის 20 სექტემბერს უძრავ ქონებაზე 150 000 ლარად, დაიდო გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 19-20).
3. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ პირველი მოპასუხე და ვ. ლ-ე აღირიცხნენ (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 15-16).
4. პირველმა მოსარჩელემ და მეორე გამყიდველმა სარჩელი აღძრეს პირველი მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის 2010 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის გამო.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 მაისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მყიდველს აეკრძალა, მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან პირველი მოსარჩელისა და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლება.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა 2013 წლის 2 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ტ. 2, ს/ფ 27-35; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განჩინება, ტ. 2, ს/ფ 54-63).
7. მეორე მოსარჩელის ქონება ზღვის ნაპირიდან დაშორებულია დაახლოებით 200 მეტრით, რაც ზრდის მისი კომერციული დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას. შენობის პირველ სართულზე ქირავდება 5 ნომერი, მეორე სართულზე - 6 ოთახი, ასევე ცალკე შენობაში ქირავდება 5 ნომერი. სრული დატვირთვის პირობებში, ნომრების გაქირავებით შესაძლებელია დღეში 700 ლარის მიღება (იხ. აუდიტის დასკვნა, ტ. 2, ს/ფ 22-26).
8. მყიდველი არის შპს ,,თ-ის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ის სასტუმროს ნომრის შეკვეთებს პერიოდულად იღებდა. საქმეში წარდგენილი ინვოისებით დგინდება:
8.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. წეროვანის მეორე საჯარო სკოლას 1656 ლარის სანაცვლოდ გაუწია სასტუმრო მომსახურება;
8.2. 2012 წლის 11 აგვისტოდან - 18 აგვისტომდე პერიოდში აიღო ვალდებულება 11-კაციანი ჯგუფის მომსახურებაზე სასტუმროთი და კვებით;
8.3. 2012 წლის 23 ივლისს მიიღო სასტუმროსა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფის შეკვეთა 40-კაციანი ჯგუფისათვის;
8.4. 2012 წლის 5 ივლისს მიიღო სასტუმროსა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფის შეკვეთა 17-კაციანი ჯგუფისათვის;
8.5. 2012 წლის 30 ივლისს მიიღო 5 დღით სასტუმროს უზრუნველყოფის შეკვეთა 20-კაციანი ჯგუფისათვის;
8.6. 2012 წლის 1 აგვისტოს მიიღო სასტუმროსა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფის შეკვეთა 30-კაციანი ჯგუფისათვის.
9. უძრავ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იყო 2013 წლის 2 მაისიდან 2014 წლის 24 ივლისამდე. ამ პერიოდში პირველმა მოპასუხემ კუთვნილი ფართით ვერ ისარგებლა დაახლოებით 144 დღე.
10. პირველი მოსარჩელის სარჩელის საფუძვლები
10.1 პირველმა მოსარჩელემ 2015 წლის 8 სექტემბერს სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხის წინააღმდეგ 2010 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე გამყიდველის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.
10.2 გამყიდველმა ამ განჩინების 1-3 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ ხელშეკრულების მიზანი იყო ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის დაწყება, რომლის ფინანსურ ნაწილსაც პირველი მოპასუხე უზრუნველყოფდა, ხოლო თვითონ საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონებას ერთობლივი საქმიანობისათვის გამოიყენებდა. შესაბამისად, მან პირველ მოპასუხეს უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადასცა იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ერთობლივ ბიზნესსაქმიანობაში განახორციელებდა 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიციას, ხოლო ბიზნესის საბოლოოდ ,,ამუშავების’’ შემდეგ მოხდებოდა მათი წილების საბოლოოდ განსაზღვრა და შესაბამის ორგანოებში ოფიციალური რეგისტრაცია. აღნიშნული შეთანხმების უზრუნველსაყოფად და ერთგვარი გარანტიის მისაცემად, მხარეებს შორის დაიდო უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება.
10.3 პირველი მოსარჩელის განმარტებით, პირველმა მოპასუხემ ისარგებლა გამყიდველის გულუბრყვილობით და სადავო უძრავი ქონება თავის საკუთრებად დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში, მაშინ, როდესაც, მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა რეალურად იყო ერთობლივი საქმიანობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 930-940-ე მუხლები) და არა უძრავი ქონების ნასყიდობა გადახდის განვადებით (სსკ-ის 505-508-ე მუხლები).
11. პირველი მოპასუხის შესაგებელი
11.1 პირველმა მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მიუთითა, რომ:
11.1.1. 2010 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულება არ დადებულა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე და ის ნასყიდობის ხელშეკრულებას წარმოადგენდა;
11.1.2. პირველი მოსარჩელე 2012-2013 წლებში პირველ მოპასუხეს სასამართლო გზით ედავებოდა სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის გადაუხდელობასთან დაკავშირებით, რაც ერთობლივი საქმიანობის მიზნით ხელშეკრულების დადებას გამორიცხავდა.
12. მეორე მოსარჩელის სარჩელი
12.1. მეორე მოსარჩელემ, 2015 წლის 29 სექტემბერს, სარჩელი აღძრა მეორე მოპასუხისა და მეორე გამყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა გამყიდველებისათვის მყიდველის სასარგებლოდ ზიანის 20 000 (ოცი ათასი) ლარის დაკისრება.
12.2.მეორე მოსარჩელემ ამ განჩინების 4-9 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზაფხულის სეზონზე გამოუყენებლობით მიადგა ზიანი 126 000 (ას ოცდაექვსი ათასი) ლარი. ქობულეთში ტურისტული სეზონი გრძელდება საშუალოდ 90 დღე და შპს ,,დ- ის’’ აუდიტორული დასკვნით, სადავო უძრავი ქონება იძლეოდა დღეში 700 ლარის შემოსავლის მიღების საშუალებას, შესაბამისად, მესაკუთრე მიიღებდა შემოსავალს (700*90=63000) 63 000 (სამოცდასამი ათასი) ლარს, რაც ორ სეზონზე 126 000 (ას ოცდაექვს ათას) ლარია, თუმცა, ამ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის მაღალი ოდენობის გამო ის გამყიდველებისათვის მხოლოდ 20 000 (ოცი ათასი) ლარის დაკისრებას ითხოვს.
13. გამყიდველთა შესაგებელი მეორე მოსარჩელის სარჩელზე
13.1. პირველმა მოსარჩელემ შესაგებლით არ ცნო მყიდველის სარჩელი და განმარტა, რომ ქონება მართალია რეგისტრირებულია მყიდველის საკუთრებად, მაგრამ ის არაა ამ ქონების სრულფასოვანი მესაკუთრე. ქონება მისი თანასაკუთრებაა, ამიტომ მას არ უნდა დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მყიდველმა განიცადა გამყიდველის კუთვნილ ქონებაში ცხოვრებით. გარდა ამისა, პირველი მოსარჩელის მტკიცებით, შპს ,,დ- ის“ 2013 წლის 1 ივლისის აუდიტორული დასკვნა მოპოვებულია კანონის დარღვევით და მას მტკიცებულების ძალა არ აქვს, ხოლო საქმის მასალებით არ დგინდება, რომ პირველმა მოპასუხემ დაკარგა 20 000 ლარის შემოსავალი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
13.2. მეორე გამყიდველს შესაგებელი არ წარუდგენია.
14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით პირველი მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
14.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე, 319-ე , 327-ე, 505-ე, 506-ე, 54-56-ე, 81-83-ე, 992-ე, 155-ე, 170-ე მუხლებით და განმარტა, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე, რაც ვრცელდება ნასყიდობის ხელშეკრულებაზეც. ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. ნების გამოვლენისას დაცული უნდა იყოს მატერიალური (პირის გონებრივი შესაძლებლობა) და ფორმალური (ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა) წინაპირობები. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონებაზე საკუთრება გადასცეს მყიდველს და საამისოდ გათვალისწინებულია წერილობითი ფორმა. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქმეში წარდგენილი ხელშეკრულება წერილობითია და დაცულია უძრავი ქონების შესაძენად კანონით დადგენილი ფორმა, გარიგება შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს, მიუხედავად ამისა, პირველი მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ქონება არ გაუყიდია და არც შესაბამისი ნება გამოუვლენია. მან მხოლოდ კუთვნილი უძრავი ქონების ერთობლივ საქმიანობაში შეტანის ნება გამოავლინა.
14.3.სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც მხარეებს შორის ერთობლივ საქმიანობაზე შეთანხმების ფაქტს დაამტკიცებდა. გარიგება შეიცავს განვადებით ნასყიდობის საფუძვლებს და პირველი მოსარჩელის მიერ დასახელებული არგუმენტით არ წარმოადგენს ბათილ გარიგებას.
14.4. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 199-ე მუხლის მესამე ნაწილზე და აღნიშნა, რომ 2012 წლის 2 მაისიდან 2013 წლის 24 ივლისამდე პირველ მოპასუხეს გამყიდველთა განცხადების საფუძველზე აეკრძალა პირველი მოსარჩელისა და მასთან მცხოვრები პირების პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან გამოსახლება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაბამისად, ეს უკანასკნელი გაუქმდა და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. განსახილველ შემთხვევაში გამოიკვეთა სსსკ-ის 199-ე მუხლით დადგენილი პირობები და სარჩელის აღმძვრელი პირები ვალდებული არიან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, რომელიც უსაფუძვლო აღმოჩნდა, განცდილი ზიანი დაზარალებულ პირს აუნაზღაურონ.
14.5.სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 992-ე მუხლზე, რომელიც დელიქტური ქმედებით მიყენებულ ზიანზე მიუთითებს და დაადგინა, რომ გამყიდველთა მიერ სადავო უძრავი ქონების მფლობელობა და სარგებლობა 2012 წლის 2 მაისიდან 2013 წლის 24 ივლისის ჩათვლით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა, რადგან აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და ზიანიც სახეზეა, რადგან მყიდველმა ვერ შეძლო საკუთარი უძრავი ქონებით სარგებლობა და მისი გაქირავების გზით შემოსავლის მიღება დაახლოებით 144 დღის განმავლობაში. სასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ ზიანი წარმოიშვა პირველი მოსარჩელის აქტიური მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მის მიერ პირველი მოპასუხის უძრავი ქონების დაკავება ზიანის დადგომას დროში წინ უსწრებდა.
15. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
15.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი სარჩელის დაკმაყოფილება და პირველი მოპასუხისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი არგუმენტაციით:
15.1.1.აპელანტის მტკიცებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყველა ფაქტობრივი გარემოება არასწორად დაადგინა და არ გამოიკვლია მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდებოდა პირველი მოსარჩელის უპირატესობები, სარჩელის კვალიფიციურობა და დაეყრდნო პირველი მოპასუხის მიერ უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებას − აუდიტორულ დასკვნას;
15.1.2.გამყიდველები ნასყიდობის ხელშეკრულების მიუხედავად ფლობენ და სარგებლობენ სადავო ქონებით, რაც მყიდველს არასდროს გაუპროტესტებია. აღნიშნული კი იმას ადასტურებს, რომ გამყიდველებს არ ჰქონიათ უძრავი ქონების გაყიდვის სურვილი და პირველ მოპასუხეს ქონება არ შეუძენია. მყიდველს სადავო ფართის გაქირავების სურვილი რომ ჰქონოდა, მიიღებდა მას ფაქტობრივ მფლობელობაში,რაც არ მომხდარა, ვინაიდან, მხარეთა შორის დაიდო არა ნასყიდობის, არამედ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება;
15.1.3.საჯარო რეესტრში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ პირველი მოპასუხის რეგისტრაცია განხორციელდა ფიქციურად, პირველი მოსარჩელის ნდობის გამოყენებით;
15.1.4.უკანონო გადაწყვეტილებით განხორციელდა ბათილი ნასყიდობის ხელშეკრულების ლეგალიზება, აპელანტის საკუთრების უფლების ხელყოფა;
15.1.5.პირველი მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების შესაძენად გადახდილ საფასურსა და მის რეალურ ღირებულებას შორის შეუსაბამობაა, თუმცა, პირველ მოსარჩელეს არ მიეცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარების უფლება;
15.1.6.სასამართლომ არასწორად დაადგინა ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული გარემოება;
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
16.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
16.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
16.3.სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 106-ე და 266-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ 2010 წლის 20 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენდა უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის თაობაზე ნამდვილ გარიგებას და, აქედან გამომდინარე, აპელანტის პრეტენზია ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ გაიზიარა.
16.4.სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოპასუხისათვის ზიანის მიყენება სსსკ-ის 199-ე და სსკ-ის 992-ე მუხლებზე დაყრდნობით (იხ. ამ განჩინების 14.4-14.5 ქვეპუნქტები).
16.5.აპელანტის პრეტენზიაზე საქმეთა გაერთიანების გამო საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ორივე საქმე სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული იყო, მონაწილეობდნენ ერთი და იგივე მხარეები და სასამართლოს საპროცესო მოქმედება საკუთარი ინიციატივით საქმეთა გაერთიანების თაობაზე გამომდინარეობდა სსსკ-ის 182.4-ე მუხლის დანაწესიდან.
16.6.სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება შპს ,,დ- ის’’ 2013 წლის 1 ივლისის აუდიტორული დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე და სსსკ-ის 103.3-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულება პირველმა მოსარჩელემ წარადგინა პირველი მოპასუხის წინააღმდეგ 2013 წელს მიმდინარე დავაში, რაც ამ უკანასკნელსაც გადაეცა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ სხვა სამოქალაქო დავაზე მოპასუხის მიერ საპროცესო მოქმედებების განხორციელების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება კანონის დაცვით მიღებულად უნდა მიჩნეულიყო, რაც გამორიცხავდა მის დაუშვებლად ცნობას.
17. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და პირველი მოპასუხის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
17.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევებით, რამაც საბოლოო ჯამში გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე, შესაბამისად, დაირღვა სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი;
17.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარემ არ წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, სსსკ-ის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის შემთხვევაში დადგენილად ითვლება ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მითითებულია სააპელაციო საჩივარში და მოწინააღმდეგე მხარეს უფლება ერთმევა შეედავოს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტებს.
17.4.კასატორმა მიუთითა სააპელაციო საჩივარში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. ამ განჩინების 15.1.1-15.1.6 ქვეპუნქტები).
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
25. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. თავად კასატორმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები და სამართლებრივი საფუძვლები, რაც სსსკ-ის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, მის მოვალეობას წარმოადგენდა. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია შეეხება იმას, რომ ამ განჩინების მეორე პუნქტში დასახელებული ხელშეკრულება ბათილია, რადგან გამყიდველის ნება არ იყო ნასყიდობა და მყიდველმა ბოროტად ისარგებლა გამყიდველის ნდობით (კასატორი სსკ-ის 54-ე, 55-ე, 56-ე მუხლებზე უთითებს).
26. „დიდი პალატა იზიარებს კასატორთა პრეტენზიებს სსკ-ის 54-ე მუხლის, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის გამოყენების დაუშვებლობაზე. ამ ნორმას ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამარტლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება # ას-664-635-2016, 02.03.2016 წ.). სსკ-ის 55-ე და 56-ე მუხლებთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ბათილად ცნობის მსურველმა მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რაში გამოიხატა გავლენის ბოროტად გამოყენება, რაც განსახილველ შემთხვევაში არ გამოვლინდა, ხოლო მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს, ორივე მხარე საერთო განზრახვით მოქმედებს, ამიტომ ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ, სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე, გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნა არალოგიკური და უსაფუძვლოა (იხ. სუსგ ას-694-665-2016, 31.03.2017 წ.).
27. ასევე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ამ განჩინების 16.3 ქვეპუნქტშია ასახული.
28. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მყიდველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამყიდველთა უსაფუძვლო სარჩელის გამო მყიდველს ზიანი მიადგა და შემოსავალი დააკარგვინა (იხ. ამ განჩინების 7-9 პუნქტები და 16.4-16.6 ქვეპუნქტები), რისი გამაქარწყლებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია კასატორს. „მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).
29. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის გამო სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მხარის ამ პრეტენზიიის უარყოფისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებას მოიხმობს: „მოცემულ შემთხვევაში, დიდ პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც თუ, სააპელაციო სასამართლო სათანადო პროცესუალური საფუძვლით დაუშვებს აპელანტის მიერ ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითებას... ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობა ხელს არ უშლის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები სარგებლობენ ფართო საპროცესო უფლებებით და წარადგენენ საქმისთვის საჭირო ყველა იმ მტკიცებულებას, რომელსაც მიიჩნევენ მნიშვნელოვნად თავიანთი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაცავად, შესაბამისად, სარჩელსა თუ შესაგებელში, ასევე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული მოსაზრებებით ნათლად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, რაც სრულად მოცემულია საქმის მასალებში...დიდი პალატა ზემოთ ჩამოყალიბებული მსჯელობების საფუძველზე ასკვნის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სააპელაციო ინსტანციაში სამოქალაქო საქმის წარმოებისას სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, შესაბამისად, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მიზანშეუწონელია“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება # ას-121-117-2016).
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
32. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე