Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-196-185-2017 5 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე, ა. ღ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გონიოს დასახლებაში მდებარე, # 2- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (შემდეგში: უძრავი ქონება) მ. მ-ეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე) უღიარა საკუთრების უფლება და მასზე საკუთრების უფლების მოწმობა №0087 2007 წლის 13 დეკემბერს გასცა, რომლის საფუძველზეც პირველი მოპასუხე იმავე წლის 19 დეკემბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/ფ 16).

2. პირველმა მოპასუხემ 2008 წლის 15 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება გაასხვისა ა. ღ-ეზე (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მესაკუთრე) 226 000 (ორას ოცდაექვსი ათასი) ლარად (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება, ს/ფ 17-18). 2008 წლის 16 მაისს მეორე მოპასუხე, საჯარო რეესტრში, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/ფ 20).

3. მეორე მოპასუხე 2006 წლის 17 თებერვლიდან 2010 წლის 20 დეკემბრამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო რეგისტრირებული (იხ. ს/ფ 40).

4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2009 წლის 23 იანვრის №02 საოქმო გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სასარგებლოდ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი, რადგან ის არ აკმაყოფილებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონით დადგენილ წესს (იხ. ს/ფ 21).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდეგში: სამინისტრო, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 2015 წლის 30 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა მათ შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

5.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო მოჩვენებით, იმ მიზნით, რომ პირველ მოპასუხეს თავიდან აეცილებინა სახელმწიფოსათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დაბრუნება.

6. მოპასუხეთა შესაგებელი

6.1. მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნეს. პირველმა მოპასუხემ აღნიშნა, რომ ის სადავო უძრავ ქონებას წლების განმავლობაში ფლობდა და სავსებით აკმაყოფილებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის დადგენილ წესს. მისი საკუთრების უფლება წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული საოქმო გადაწყვეტილებით უკანონოდ გაუქმდა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის დაფარული და ის მხარეებს შორის რეალურად დაიდო.

6.2. მეორე მოპასუხემ აღნიშნა, რომ ის შეძენილ ქონებას ფლობს და სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით, კეთილსინდისიერი შემძენია და გარიგების გაბათილება მისი საკუთრების უფლებას დაარღვევს.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2. საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ)477-ე, 50-ე, 56-ე მუხლების საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხეებს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და შეძენილი ნივთის მესაკუთრე გახდა მეორე მოპასუხე.

7.3. სასამართლომ განმარტა, რომ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების მონაწილეებმა ნამდვილი ნება უნდა დაფარონ სხვა გარიგებით და მათი ნება მიმართული უნდა იყოს სხვა გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ. ამგვარი გარიგების დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულების წარდგენა არ არის სავალდებულო, რადგან გარიგების სასამართლოსეული შეფასება მოჩვენებით და თვალთმაქცურად დადებულად, ეფუძნება საქმის მასალების ერთობლივ ანალიზსა და შინაგან რწმენას, ამის მიუხედავად, მოსარჩელე მაინც ვალდებულია, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებითაც ირიბად მაინც დაამტკიცებს გარიგების მოჩვენებითობას ან თვალთმაქცობას მისი ორივე მონაწილის მხრიდან.

7.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე, 187-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მეორე მოპასუხე უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი იყო, ხოლო საქმის მასალებით არ გამოვლინდა, რომ მოპასუხეები იყვნენ მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ბიზნეს-პარტნიორები ან სხვაგვარად ერთმანეთთან დაკავშირებული პირები, რომლებიც საერთო ინტერესზე ზრუნავდნენ -პირველ მოპასუხეს არ დაეკარგა საკუთრება და მიეღო სარგებელი, რაც შეიძლებოდა დამტკიცებულიყო გასხვისებული უძრავი ქონების კვლავ პირველი მოპასუხის სარგებლობაში არსებობით. მოსარჩელეს კი ამ კატეგორიის გარემოებათა დამდგენი, სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბების განმაპირობებელი მტკიცებულება არ წარუდგენია.

7.5. საქმის მასალებიდან ასევე არ დასტურდებოდა, იცოდა თუ არა მეორე მოპასუხემ, რომ პირველი მოპასუხე არასწორად იყო რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ და ამ უფლებაზე პრეტენზია სახელმწიფოს ან სხვა ნებისმიერ პირს ჰქონდა, ხოლო ის ფაქტი, რომ პირველმა მოპასუხემ სწრაფად გაასხვისა უძრავი ქონება არ გამოდგებოდა მყიდველის არაკეთილსინდისიერების დასამტკიცებლად.

7.6. სასამართლოს შეფასებით, მეორე მოპასუხის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში აღრიცხვის ფაქტი, მართალია, აჩენდა კითხვებს, თუმცა, ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების გასაუქმებლად არ იყო საკმარისი. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება არ შეიცავდა გარიგების ბათილობის სსკ-ის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტზე მითითებით:

8.2. მეორე მოპასუხე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტში ირიცხებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში და არც ის და არც მისი რომელიმე ოჯახის წევრი არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად, მას, როგორც სადავო უძრავი ქონების შემძენს, არ შეიძლებოდა ჰქონოდა ნასყიდობის საგნის შესაძენი თანხა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

9.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სსკ-ის 56-ე მუხლთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ გარიგების მოჩვენებითად მისაჩნევად, საქმის მასალებით უტყუარად უნდა დასტურდებოდეს მოჩვენებითი გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები, რაც გამოიხატება მხარეთა განზრახვაში, თავიდან აიცილონ გარიგების სამართლებრივი შედეგები, ამასთან, უნდა არსებობდეს ორივე მხარის ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც უნდა წარმოადგინოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

9.4. მოცემულ შემთხვევაში 2008 წლის 15 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად დადგა შესაბამისი შედეგი, მეორე მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, ის დაეუფლა ამ ქონებას, რომლითაც ის სარგებლობს, ხოლო აპელანტმა ვერ დაადასტურა მოპასუხეთა საერთო მიზნითა და განზრახვით მოჩვენებითად მოქმედების ფაქტი.

9.5. სადავო გარიგებას ბათილად ასევე ვერ აქცევდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში მეორე მოპასუხის რეგისტრაციის ფაქტი.

9.6. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სსკ-ის 183-ე, 312-ე 54-ე, 185-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მეორე მოპასუხე კეთილსინდისიერი შემძენია. განსახილვველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო გარიგება დაიდო 2008 წლის 15 მაისს, როდესაც უძრავი ქონება ჯერ კიდევ პირველი მოპასუხის საკუთრებაში იყო, ხოლო მასსა და სახელმწიფოს შორის ადმინისტრაციული ან სასამართლო წესით დავა არ მიმდინარეობდა, ხოლო საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განხილული იქნა 2009 წლის 23 იანვარს, როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან უკვე შვიდი თვე იყო გასული, ანუ მეორე მოპასუხე სადავო ქონების შეძენის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერი იყო და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10.2. საკასაციო საჩივარში წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო საჩივრის იდენტურია (იხ. ამ განჩინების 8.2. პუნქტი).

10.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მესაკუთრეს ჰქონდა თუ არა 226 000 ლარის გადახდის შესაძლებლობა.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

12. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

13. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.

14. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

15.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი - კონდიქციური მოთხოვნა (სსკ-ის 976-ე მუხლის 1 „ა“ ქ/პუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი) წაეყენებინა მოპასუხეებისათვის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

16. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.

17.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

19. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 284-ე, 285-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დარჩეს განუხილველად;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე