Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-240-228-2017 19 მაისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ ს-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –შპს „ფ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2012 წლის 3 დეკემბერს 00:10 საათზე, შპს ,,ფ- ის’’ (შემდეგში: მოპასუხე ან შპს) შესასვლელ კარებთან, მარქაფად სამანევრო თბომავლის მსვლელობისას რელსებს ასცდა ჩმე 3 N6952 თბომავალი მოძრაობის მიმართულებით პირველი ორი გოგორწყვილით (იხ. 2012 წლის 3 დეკემბრის აქტი და ოქმი, ტ. 1, ს/ფ 23-25).

2. მოპასუხემ თბომავლის ამოყვანა საკუთარი ძალებით ვერ შეძლო და სს ,,ს-ას’’ (შემდეგში: სს, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) დახმარების თხოვნით მიმართა, კერძოდ, თბომავალი ამოღებული უნდა ყოფილიყო სს-ის კუთვნილი აღმდგენი მატარებლით, ხოლო მომსახურების ხარჯებს მოპასუხე გასწევდა.

3. სამანევრო თბომავლის ლიანდაგში ჩავარდნის და მისი წყვილთვალების შემოწმების შედეგად, კალკულაციით, ზიანმა შეადგინა 2 073.35 ლარი (დღგ-ს) ჩათვლით, აღმდგენი მატარებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯი - 796.38 ლარი, დაღვრილი საწვავის ღირებულება - 8 043 ლარი, ხოლო თბომავლის ჩმე-3 N6952 ჩავარდნის შედეგად დაზიანებული საწვავის ავზის აღდგენის ღირებულება - 68.78 ლარი, სულ - 10 981.52 ლარი.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 მოსარჩელემ 2016 წლის 20 იანვარს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ზიანის - 10 981.52 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

4.2 სს-ამ ამ განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ თბომავლის რელსებიდან აცდენის მიზეზი მოპასუხის ბალანსზე არსებული ლიანდაგის გაუმართაობა (უწესრიგობა) იყო.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1 მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი, თუმცა, ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ:

5.1.1 საქმეში არ არის წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ლიანდაგის უწესრიგობას და მის გამომწვევ მიზეზებს დაადასტურებდა. მისი ინფორმაციით, მემანქანე ნასვამ მდგომარეობაში იყო და თბომავალი შეუსაბამოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა;

5.1.2 გაურკვეველი იყო, როგორ მოხდა დაღვრილი საწვავის მოცულობის გამოანგარიშება. გარდა ამისა, საწვავის დაღვრის შემთხვევაშიც კი მოპასუხის ბრალეულობა არ გამოიკვეთებოდა, რადგან თბომავლის ამოღება მოსარჩელის აღმდგენი მატარებლის საშუალებით მოხდა და სწორედ მოსარჩელე და მისი თანამშრომლები იყვნენ ვალდებული, უსაფრთხოდ ამოეყვანათ თბომავალი;

5.1.3 მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები რეალურად გაწეული ხარჯებისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ;

5.1.4 სარკინიგზო შემთხვევა მოხდა 2012 წლის 3 დეკემბერს, ხოლო წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ეჭვს არ იწვევდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ 2012 წლის 3 დეკემბერსვე შეიტყო ზიანის დადგომის თაობაზე, ხოლო სარჩელი შეტანილია 2016 წლის 20 იანვარს, რაც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1008-ე მუხლში მითითებულ, დელიქტიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 - წლიან ვადას, რადგან მოთხოვნის წარმოშობისა და მოსარჩელის მიერ აღნიშნულის შეტყობის დღიდან გასულია 3 წელი და 48 დღე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6.2 საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით ზიანის ანაზღაურების დაკისრება ხდება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი.

6.3 სასამართლომ იმსჯელა ხანდაზმულობაზე, მიუთითა სსკ-ის 129-ე, 130-ე, 131-ე, 140-ე, 144-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში, პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა, თავის მხრივ, სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდებოდა იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, ხოლო მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც კრედიტორმა გაიგო, ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, თუ რა მომენტიდან შეიტყო დაზარალებულმა ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან (სსკ-ის 130-ე მუხლი), ამ მომენტად უნდა მიჩნეულიყო 2012 წლის 3 დეკემბერი, რადგან სწორედ ამ დღეს განისაზღვრა მოპასუხე ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად. შესაბამისად, მოსარჩელისათვის ამ დღესვე გახდა ცნობილი ზიანისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

6.4 საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მან 2015 წლის 24 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს, თუმცა, 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მას უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უკვე გასული იყო, რადგან ამ ვადის ათვლა 2012 წლის 3 დეკემბრიდან დაიწყო.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

7.2 სააპელაციო საჩივარში აპელანტმა ამ განჩინების 1-3 პუნქტებსა და 4.2 ქვეპუნქტში დასახელებული გარემოებები მიუთითა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

8.2 სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი მსჯელობა და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

8.3 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 394-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 1008-ე მუხლებზე დაყრდნობით იმსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, მათ შორის, ხანდაზმულობის ვადის ათვლის თარიღთან დაკავშირებით (მოცემულ შემთხვევაში - დელიქტით გამოწვეული ზიანის ხანდაზმულობის ვადა) და მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 3 დეკემბრიდან, სწორედ იმ დღეს, როდესაც აპელანტისათვის ცნობილი გახდა მის მიმართ ზიანის დადგომისა და პასუხისმგებელი პირის შესახებ.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2 კასატორმა მიუთითა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლებიც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში ჰქონდა დასახელებული (იხ. ამ განჩინების 1-3 პუნქტები, 4.2 და 7.2 ქვეპუნქტები).

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი პოზიცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ არა მხოლოდ მიუთითა მოთხოვნის განუხორციელებლობაზე, არამედ წარადგინა მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნის ხანდაზმულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორს, თავის მხრივ, უფლება ჰქონდა დაეცვა თავი და მიეთითებინა მისი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამომრიცხავ მტკიცებულებებზე, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ #ას-547-515-2012, 11.06.2012 წ.).

17. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2012 წლის 3 დეკემბრის აქტი და ოქმი, რომელთა საფუძველზე მოპასუხის ვალდებულება განისაზღვრა. მათში არ არის მითითებული ვალდებულების შესრულების დრო, ორივე დოკუმენტს ხელს აწერენ მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლები (ტ. 1, ს/ფ 23-24).

17.1. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ორი ნაწილისგან შედგება და მათ განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლები აქვთ. პირველი ეს არის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება (სსკ-ის 629.1-ე მუხლი) და მეორე - მოპასუხის ბალანსზე რიცხული ლიანდაგიდან მოსარჩელის კუთვნილი თბომავლის დაზიანების ხარჯი (სსკ-ის 992-ე მუხლი) (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი). პირველ შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 129-ე და 130-ე მუხლებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადით, ხოლო მეორე შემთხვევაში - სსკ-ის 1008-ე მუხლით. ორივე შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს და მოცემულ დავაში ხანდაზმულობის ვადის ათვლის წერტილი 2012 წლის 3 დეკემბერია; სასარჩელო მოთხოვნის პირველი ნაწილისათვის, როგორც მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისათვის დროის მონაკვეთის განუსაზღვრელობის გამო (უფრო ვრცლად იხილეთ 17.2 ქვეპუნქტი), ხოლო სასარჩელო მოთხოვნის მეორე ნაწილისათვის - როგორც ზიანზე ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობის დაზარალებულისათვის შეტყობის გამო.

17.2. „ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ვადის გაუთვალისწინებლობის ან/და ამ ვადის სხვა გარემოებებიდანაც დაუდგენლობის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა კრედიტორისა და მოვალის მოქმედებებზეა დამოკიდებული (365-ე მუხლი). თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული (ან განსაზღვრულია მოთხოვნის მომენტით), უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულებაც ევალებოდა. მოთხოვნის წარმოშობა ასეთ შემთხვევაში დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე - მოსთხოვოს მოვალეს ფასის გადახდა. როგორც კი ეს ნება იქნება გაცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე სახეზე იქნება კრედიტორის უფლების დარღვევა და, შესაბამისად, დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების შესრულების დრო არ არის განსაზღვრული, ვალდებულების დარღვევასა და მოთხოვნის წარმოშობის დროზე მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც კრედიტორი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას და კრედიტორის ნება მიუვა მოვალეს“ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2017 წ, გვ: 734). საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2012 წლის 3 დეკემბრიდან დაიწყო და სარჩელის წარდგენის დროს სამი წელი უკვე გასული იყო.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

20. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ს-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "ს-ას" (ს/კ 2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 549.08 ლარის (საგადახდო დავალება N257, გადახდის თარიღი 2017 წლის 9 თებერვალი), 70% – 384.35 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე