საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-257-245-2017 19 მაისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. ქობულეთში, ა-ის გამზირი №110-ში მდებარე 188,7 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 453 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შემდეგში: უძრავი ქონება) 2012 წლის 28 მაისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდეგში: მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ-14).
2. უძრავ ქონებას 2012 წლის 28 მაისიდან 2014 წლის 5 აგვისტომდე ფლობდა და კომერციული მიზნებისთვის იყენებდა თ. მ-ე (შემდეგში: მოპასუხე).
3. 2012 წლის 28 მაისამდე მოპასუხეს საიჯარო ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული უძრავი ქონების წინა მესაკუთრესთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქირას იხდიდა (იხ. ხელშეკრულებები, ს/ფ 141-147).
4. სარჩელის საფუძვლები
4.1 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან სამინისტრო) სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მესაკუთრის სასარგებლოდ მოპასუხეს დაჰკისრებოდა უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის, 16 125,31 ლარი.
4.2 . მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს 2014 წლის 26 ივნისის N01-9/2847 წერილით მოპასუხეს ეთხოვა, წერილის ჩაბარებიდან 20 კალენდარულ დღეში უზრუნველეყო უძრავი ქონების გამოთავისუფლება და არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის გადახდა, რასაც ამ უკანასკნელის რეაგირება არ მოჰყოლია.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1 . მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ მან 2014 წლის ივლისამდე არ იცოდა უძრავი ქონების მესაკუთრის შეცვლის თაობაზე.
5.2 . მოპასუხემ ამ განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებულ გარემოებაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მესაკუთრის წერილის მიღებისთანავე გამოათავისუფლა ფართი.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1 . ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.2 . საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 316-317-ე, 976-991-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრებაში გადასვლამდე მოპასუხეს საიჯარო ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული ქონების წინა მესაკუთრესთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქირას იხდიდა.
6.3 . სასამართლოს განმარტებით, თუ ქონება სარგებლობაშია გადაცემული, მაშინ მისი მფლობელი მართლსაწინააღმდეგო მფლობელი არ არის. სახელმწიფოს ან თუნდაც მესაკუთრეს არ აქვს უფლება, ცალმხრივად გამოავლინოს ნება და განსაზღვროს სარგებლის საფასური. მოსარჩელის მიერ მითითებულმა კანონმა ცალმხრივად გადაწყვიტა სარგებლობის გადასახადი, რაც სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
6.4 . სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მართლზომიერი მფლობელია და შესაბამისად მასზე არც „აჭარის ა/რ ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და არც სსკ-ის 976-991-ე მუხლების მოთხოვნები არ გავრცელდება.
7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
7.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
7.1.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თითქოს მოპასუხეს საიჯარო ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული უძრავი ქონების წინა მესაკუთრესთან და იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქირას, რის გამოც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მართლზომიერი მფლობელია. აპელანტმა განმარტა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არასოდეს ყოფილა დადებული ქონებით სარგებლობის გარიგება.
7.1.2. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის არამართლზომიერი მფლობელობა მტკიცდება 2014 წლის 5 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ მოსარჩელეს ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩააბარა, რაც იმის დასტურია, რომ მოპასუხე რეალურად არამართლზომიერად სარგებლობდა ქონებით.
7.1.3. სასამართლომ არასწორად განმარტა „აჭარის ა/რ ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილი და საერთოდ არ შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოპასუხის აღიარება, ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს 6 076,11 ლარის გადახდა დაეკისრა.
8.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა მისი უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას მოპასუხისაგან, შესაბამისად, ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობისათვის დადგენილი წესებით-უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით (სსკ-ის 982-ე მუხლი).
8.3. სასამართლოს მითითებით, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად, ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით, ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება.
8.4. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ 26 თვის განმავლობაში (2012 წლის ივნისიდან 2014 წლის აგვისტომდე) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ისარგებლა მოსარჩელის ქონებით. იგი ამ ფართს იყენებდა კომერციული დანიშნულებით და ფართით სარგებლობისათვის მოსარჩელისათვის თანხა არ გადაუხდია. ამ გზით მოპასუხემ დაზოგა სარგებლობის საფასური, რაც ამ ფართის ქირაში გამოიხატა, შესაბამისად, ის გამდიდრდა უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი სიკეთის ამოღებით, რაც ექვემდებარებოდა დაბრუნებას.
8.5. სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ შპს აუდიტორული კომპანიის „იბერ აუდიტ კონსალტინგის“ 2014 წლის 30 აპრილის დასკვნაზე მიუთითა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში მოპასუხის მიერ ფაქტობრივად დაკავებული 142,8 კვ.მ ფართის სარგებლობის საფასური - 184,21 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ დაზოგილი თანხა 6 076.11 ლარით განისაზღვრა.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება - სარჩელის უარყოფილ ნაწილში და ამ ნაწილში საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
9.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 7.1.1-7.1.3 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.
9.3. კასატორი დამატებით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, სამინისტროს მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა არ ჩათვალა სარწმუნოდ.
9.4. კასატორი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების სარგებლობის რეალური ფასის დასადგენად სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზა უნდა დაენიშნა.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და მტკიცებულებების გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგი მოტივაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
16.საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რომ კასატორმა ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს და სსკ-ის 581.1-ე მუხლზე დაყრდნობით შეაფასებს მათ სამართლებრივ საფუძვლებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს უძრავი ქონების წინა მესაკუთრესთან დადებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულებები. სსკ-ის 581.2-ე მუხლის თანახმად განსახილველ შემთხვევაში გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები, ხოლო სსკ-ის 572-ე მუხლის თანახმად „თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები“. ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლით მართებულია მოპასუხისათვის მესაკუთრის სასარგებლოდ, უძრავი ქონების ყოველთვიური ქირის საბაზრო ღირებულების დაკისრება იმ პერიოდისათვის, როცა ეს უკანასკნელი უძრავ ქონებას ფლობდა.
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: #ას-123-119-2016, 28.07.2016 წ.; # ას-90-86-2016, 19.04.2016 წ.).
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო, საკმარისი და დამაჯერებელი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, რაც სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
20. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე