საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-461-429-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – გ. კ-ე, შ. ლ-ე, ბ. მ–ი, დ. ყ-ე, ხ. შ-ე, ა. ხ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ. ლ-ე, დ. ყ-ე, ხ. შ-ე, ა. ხ-ი, გ. კ-ე და ბ. მ-ი (შემდეგში - დასაქმებულები, მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორები) 2014 წლიდან მუშაობდნენ ააიპ ,,თბილისის განვითარების ფონდში (შემდეგში - დამსაქმებელი, მოპასუხე, ფონდი, აპელანტი, კასატორი (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში - სშკ, მე-6 მუხლი; იხ. შრომითი ხელშეკრულებები - ტ.1, ს.ფ. 119-135, 247-254).
2. მოსარჩელეები 2014 წელს, სხვადასხვა დროს, ფონდისთავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, კერძოდ:
2.1. 2014 წლის 29 აგვისტოს №02-93 ბრძანებით 2014 წლის 1 სექტემბრიდან შ. ლ-ე გათავისუფლდა საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტისთანამდებობიდან, საფუძველი: სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი;
2.2. 2014 წლის 29 აგვისტოს №02-85 ბრძანებით 2014 წლის 29 აგვისტოდან ბ. მ-ი გათავისუფლდა იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობიდან, საფუძველი: სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტი;
2.3.2014 წლის 12 სექტემბრის №02-132 ბრძანებით 2014 წლის 12 სექტემბრიდან დ. ყ-ე გათავისუფლდა მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან, საფუძველი: სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტი;
2.4. 2014 წლის 8 სექტემბრის №02-110 ბრძანებით 2014 წლის 9 სექტემბრიდან ხ. შ-ე გათავისუფლდა ინფრასტრუქტურული პროექტების უზრუნველყოფის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტისთანამდებობიდან, საფუძველი: სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი;
2.5. 2014 წლის 9 სექტემბრის №02-115 ბრძანებით 2014 წლის 9 სექტემბრიდან ა. ხ-ი გათავისუფლდა საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტისთანამდებობიდან, საფუძველი: სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი;
2.6. 2014 წლის 19 აგვისტოს №02- 52 ბრძანებით 2014 წლის 19 აგვისტოდან გ. კ-ე გათავისუფლდა შიდა აუდიტის განყოფილების უფროსისთანამდებობიდან, საფუძველი: სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი.
3. სარჩელის საფუძვლები
3.1.2014 წლის 30 სექტემბერს ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულმა დასაქმებულებმა სარჩელი აღძრეს დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვეს წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ბრძანებების ბათილად ცნობა, თანამდებობებზე აღდგენა და, მოსარჩელეების სასარგებლოდ, მოპასუხისთვის სამსახურიდან გათავისუფლებიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
3.2. მოსარჩელეთა განმარტებით, მიუხედავად შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის ბრძანებების სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლისა, ფონდმა არ დაასაბუთა, რაში გამოიხატა დასაქმებულების მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა (იხ. სასარჩელო განცხადება - ტ.1, ს.ფ. 1-14).
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1.მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, იგი უსაფუძვლოდ მიიჩნია და სარჩელის უარყოფა მოითხოვა. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ბრძანებები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. შესაგებელი - ტ, 1.ს.ფ. 43-53).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დასაქმებულების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
5.1.1.ბათილად იქნა გასაჩივრებული ბრძანებები დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელეთაგან ხუთის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 8 თვის ხელფასის თანხის გადახდა , თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე; ხოლო დ. ყ-ის სასარგებლოდ - 5 თვის ხელფასის ოდენობით;
5. 1.2. სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5.2. სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი, სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე, 408.1-ე და 411-ე მუხლები, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე მუხლები და განმარტა:
5.2.1. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ღონისძიება, იგი გამოიყენება მაშინ, როცა სხვა სახის დისციპლინურმა ღონისძიებებმა ვერ გამოიღო შედეგი და სამსახურის გაგრძელება მუშაკთან შეუძლებელია. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეები არღვევდნენ შრომით დისციპლინას, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში ყველა მოსარჩელის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული რაიმე დისციპლინური ღონისძიება. დისციპლინური ღონისძიების სახით გაფრთხილება გამოყენებულია მხოლოდ შემდეგი მოსარჩელეების - ბ. მ-ისა და შ. ლ-ის მიმართ; დ. ყ-ის მიმართ გამოყენებულია - საყვედური, ხოლო ხ.შ-ის, ა.ხ-ისა და გ. კ-ის მიმართ არც ერთი დისციპლინური ღონისძიება არ გატარებულა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები ისე გამოიყენებოდა, რომ მათ ამის თაობაზე არ იცოდნენ, არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, რომ წარედგინათ თავიანთი პოზიცია, ან სულაც გაესაჩივრებიათ სახდელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი მცირე გადაცდომები იყომკაცრი სახდელის დადების საფუძველი.
5.2.2.საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თუ დარღვევა არის მცირე მნიშვნელობის, მაგრამ სისტემატიურად ხდება, დამსაქმებელს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს შესაბამისი ზომები და დასაქმებულს საფუძვლიანად აუხსნას, რომ ასეთი ქმედება არღვევს სამსახურის შრომის დისციპლინას. ასეთ ღონისძიებას აქვს გამაფრთხილებელი ეფექტი და დასაქმებულს აიძულებს, რომ ყურადღებით მოეკიდოს სამსახურებრივ საქმიანობას და აღარ გაიმეოროს დარღვევა, ხოლო მეორე მხრივ, თუ დასაქმებულს მიაჩნია, რომ არ არღვევს სამსახურებრივ საქმიანობას, მას უფლება აქვს, იდავოს სადელის კანონიერებაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფონდში არ იყო დადგენილი მუშაკთა კონკრეტული საქმიანობის დანაწესი, რაც ერთი მხრივ, მუშაკს მისცემდა სწორ ორიენტირს საქმიანობის თაობაზე, ხოლო დამსაქმებელი იქნებოდა უფლებამოსილი, რომ კონკრეტული დავალებები მიეცა მოსარჩელეებისათვის. სშკ-ი პირდაპირ მიუთითებს, რომ შრომის შინაგანაწესის დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გათავისუფლების საფუძვლად მიჩნეული, როცა იგი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია (სშკ-ის 37-ე მუხლი). ამრიგად, კანონმდებელი მიიჩნევს, რომ დასაქმებულს ზუსტად უნდა ეცნობოს თავისი ვალდებულებების თაობაზე და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ისეთი მკაცრი ღონისძიების გატარება, როგორიცაა გათავისუფლება. ისეთ ვითარებაში, როცა დასაქმებულებისთვის ცნობილი არაა შინაგანაწესის შესახებ, დაუსაბუთებელია დამსაქმებლის მიერ ისეთი მკაცრი ღონისძიების გატარების კანონიერება, რაც წინამდებარე შემთხვევაშია გამოყენებული.
5.2.3. სშკ-ის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. დასახელებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში გამოიყენოს ერთ-ერთი ზემოხსენებული ალტერნატივა. სასამართლოს ვალია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს უკანონოდ გათავისუფლებულის უფლებების დაცვას, მაგრამ მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია დამსაქმებლის ინტერესებიც. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობის შედეგად არა სამსახურში აღდგენა, არამედ - კომპენსაციის გადახდის დაკისრება (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 317-326).
6.მოსარჩელეების და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
6.1.საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელეებმა, ისე - მოპასუხემ;
6.1.1. დასაქმებულებმა მოითხოვეს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის დაკისრება მოპასუხისათვის შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
6.1.2.გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მართალია, ბათილად იქნა ცნობილი ბრძანებები გათავისუფლების შესახებ, თუმცა სასამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა სასამართლოს მიერ. ზოგადსამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ბათილად ცნობას ყოველთვის უკავშირდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც გულისხმობს უკანონო მოქმედებათა შედეგების გაუქმება/აღმოფხვრას. ბათილად ცნობილი ბრძანების შედეგის აღმოფხვრაში მოიაზრება პირის სამსახურში აღდგენა მისი გათავისუფლებისას მოქმედი პირობების შესაბამისად და იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებლისათვის განაცდურის დაკისრება. აპელანტების აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი. ზემოაღნიშნული ნორმა იძლევა არა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, არამედ იმპერატიულად ადგენს სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგებს. მათ შორის პირველი ადგილი უკავია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ვალდებულებას. რაც შეეხება დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ შესაძლებლობას, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ვალდებულების დაკისრებაში, ამგვარი შედეგი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე დამსაქმებელი დაასაბუთებს, რომ შეუძლებელია უკანონოდ გათავისუფლებული პირის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა. რაც შეეხება მესამე ალტერნატივას - კომპენსაციას, კომპენსაცია გადაიხდება მაშინ, როდესაც შეუძლებელია წინა ორი ღონისძიების გატარება. აპელანტებმა მიუთითეს, რომ ვინაიდან მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება და მსჯელობის საგანიც არ ყოფილა პირვანდელ სამუშაო ადგილებზე მოსარჩელეთა აღდგენის შეუძლებლობა, დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ამგვარი ინტერპრეტაცია და მისი ამ სახით გამოყენება.
6.2. მოპასუხემ მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
6.2.1. დასაქმებულები არათუ არ ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს, არამედ ზიანსაც კი აყენებდნენ ფონდის საქმიანობას. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი საერთოდ არ ცხადდებოდა სამსახურში. სასამართლომ დასაქმების შეწყვეტისათვის საპატიო მიზეზების არარსებობა დაადგინა იმ პირობებში, როდესაც მტკიცებულებების სახით წარდგენილია არაერთი მოხსნებითი ბარათი, საყვედური და გაფრთხილებები დასაქმებულთა მიერ ჩადენილ გადაცდომებზე. აღნიშნული გარემოება აბათილებს სასამართლოს მსჯელობას, რომ არ შეიძლება ისეთი უკიდურესი ღონისძიების პირდაპირ გამოყენება, როგორიც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაა. სასამართლოს მიერ სათანადოდ არ შეფასდა გ. კ-ის სამსახურებრივი დარღვევები, ასევე, ა. ხ-ისა და შ. ლ-ის ქმედებები, რომლებიც, როგორც საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტები, ვალდებული იყვნენ მატერიალური მარაგების მიღება/აღრიცხვასა და შენახვაზე, მაგრამ არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა; სასამართლომ არ შეაფასა, რომ ხ. შ-ემ არ წარადგინა ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომლის წარდგენის ვალდებულებაც ეკისრებოდა როგორც „ფონდის შინაგანაწესის შემუშავებამდე ზოგიერთი შიდასამსახურეობრივი საკითხის გადაწყვეტის თაობაზე“ ფონდის თავმჯდომარის 2014 წლის 15 აგვისტოს N02-38 ბრძანების შესაბამისად, ასევე - ფონდის თავმჯდომარის 2014 წლის 20 აგვისტოს N02-55 ბრძანებით დამტკიცებული ფონდის შრომის შინაგანაწესის თანახმად. თუ დასაქმებულებს მიაჩნდათ, რომ არ არღვევდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მათ უფლება ჰქონდათ, რომ ედავათ სახდელის კანონიერებაზე, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, არცერთ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია არც ერთი დისციპლინური სახდელი. საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ დასაქმებულთა მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების პირობებში, მოსარჩელეები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან არა მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურებას, არამედ, წახალისების სახით, პრემიებსაც იღებდნენ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა; მოსარჩელეების სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი და მე–2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილა მოსარცელეთა მოთოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დამსაქმებლისათვის დაკისრების ნაწილში, კერძოდ:
7.1.1. გ.კ-ე აღდგენილ იქნა ამ განჩინების 2.6 ქვეპუნქტში დასახელებულ თანამდებობაზე და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 2014 წლის 19 აგვისტოდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2500 (საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალი; დაუბეგრავი) ლარის ოდენობით;
7.1.2. შ. ლ-ე აღდგენილ იქნა ამ განჩინების 2.1 ქვეპუნქტში დასახელებულ თანამდებობაზე და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 2014 წლის 29 აგვისტოდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1500 (საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალი, დაუბეგრავი) ლარის ოდენობით;
7.1.3. ბ. მ-ი აღდგენილ იქნა ამ განჩინების 2.2 ქვეპუნქტში დასახელებულ თანამდებობაზე და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 2014 წლის 29 აგვისტოდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2500 (საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალი, დაუბეგრავი) ლარის ოდენობით;
7.1.4. დ. ყ-ე აღდგენილ იქნა ამ განჩინების 2.3 ქვეპუნქტში დასახელებულ თანამდებობაზე და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 2014 წლის 12 სექტემბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1500 (საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალი, დაუბეგრავი) ლარის ოდენობით;
7.1.5.ხ. შ-ე აღდგენილ იქნა ამ განჩინების 2.4 ქვეპუნქტში დასახელებულ თანამდებობაზე და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 2014 წლის 8 სექტემბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2000 (საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალი, დაუბეგრავი) ლარის ოდენობით;
7.1.6. ა. ხ-ი აღდგენილ იქნა ამ განჩინების 2.5 ქვეპუნქტში დასახელებულ თანამდებობაზე და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 2014 წლის 9 სექტემბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1500 (საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალი, დაუბეგრავი) ლარის ოდენობით.
7.1.7. დანარჩენ ნაწილში დასაქმებულების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოები, რომლებიც აღწერილია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში და დამატებით განმარტა:
7.2.1.სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეთა პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა საქმეში არსებული მტკიცებულების საფუძველზე არ დასტურდებოდა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იქცევს გასაჩივრებულ ბრძანებებში დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მითითებულ საფუძვლებზე: სშკ-ის 37-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტი (ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) და ,,თ“ პუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა);
7.2.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარდგენილი და დასაქმებულ პირებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებებში მითითებული მოხსენებითი ბარათები, მათი შინაარსის, მოდავე მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და საქმის სხვა მასალების გათვალისწინებით, არ იძლეოდა იმგვარი დასკვნების საფუძველს, რომ უტყუარად დადასტურებული იყო დასაქმებულთა მიერ ვალდებულებების უხეში, ან სისტემატიური დარღვევა.
7.3. მოსარჩელებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების კვლევისას სააპელაციო სასამართლომ განმარტა:
7.3.1. გ.კ-ის (ფონდის შიდა აუდიტის უფროსი) გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. ამას დამსაქმებელი ადასტურებს ფონდის თავმჯდომარის მოადგილის მოხსენებით ბარათზე მითითებით; დასახელებულ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით და ბოლო ერთი თვის ტაბელის მონაცემებით, ფონდის რამდენიმე თანამშრომელი არ ცხადდებოდა სამსახურში გაურკვეველი მიზეზების გამო, კონკრეტული დასაქმებული კი უგულებელჰყოფდა ამ ფაქტს და სათანადო ზომებს არ ღებულობდა, რაც ამ უკანასკნელის მოვალეობა იყო.
7.3.2. ა. ხ-ის (საფინანსო–ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი) მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად დამსაქმებელი მიიჩნევს ამავე პირის მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათებში ასახული მოვალეობების შეუსრულებლობას; მოგვიანებით დამსაქმებლმა ამ და 7.3.1 ქვეპუნქტში დასახელებული დასაქმებულების მიმართ არსებული პრეტენზია, მათზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის თაობაზე, გაამყარა ეფონდის საწყობში არსებული მარაგების არაგეგმიური შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშზე მითითებით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულ ანგარიშს არ შეიძლება მტკიცებულების ძალა მიეცეს შემდეგი გარემოების გამო: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა მოპასუხის საწყობში არსებული მარაგების არაგეგმიური შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში დაამტკიცა 2015 წლის 27 მარტს, დასახელებული პირების სამუშაოდან გათავისუფლებდან ექვსი თვის შემდეგ. შესაბამისად, ეს მტკიცებულება არ არსებობდა სადავო ბრძანებების გამოცემის დროისათვის და ცხადია, საფუძვლად ვერ დაედებოდა ამ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას.
7.3.3. შ. ლ-ის (საფინანსო–ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი) სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ იგიპასუხისმგებელი იყო ფონდისათვის აუცილებელი სამეურნეო და სანიტარულ–ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მიღება/აღრიცხვასა და შენახვაზე; დამსაქმებლის მტკიცებით, ფონდის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მისი საჭიროებისათვის შეძენილი საკანცელარიო საქონლის გაცემის აღრიცხვა–ჩაბარება არ ხდებოდა; ასევე დამსაქმებელი მიუთითებს, რომ დასახელებული პირს 2014 წლის 21 აგვისტოს მიეცა გაფრთხილება; აღნიშნულ პირთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ფონდის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის 2014 წლის 27 აგვისტოს Nკ–155 მოხსენებითი ბარათი;აღნიშნული მტკიცებულების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი შინაარსი არ იძლეოდა კატეგორიული დასკვნის შესაძლებლობას დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების უხეში დარღვევის თაობაზე; დასკვნაში მითითებულია, ამ დასაქმებულის მიერ მიღებული საკანცელარიო ნივთების თანამშრომლებზე განაწილების და მათი ოთახებში განთავსების პროცესზე გამოთქმული ვარაუდები; აღნიშნულია, რომ ვერ დგინდება, კონკრეტულად რომელი თანამშრომელია ოთახში განთავსებულ ძირითად საშუალებებზე პასუხისმგებელი პირი, რაც არსაკმარისი არგუმენტია პირის გასთავისუფლებლად;
7.3.4. დ. ყ-ესთან (მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი) შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელმა შეწყვიტა 2014 წლის 12 სექტემბერს, ხოლო იმავე წლის 19 სექტემბრის წერილობით დასაბუთებაში აღნიშნა, რომ დასაქმებული არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, რაც გამოიხატა ფონდის ვებ–გვერდის მეთვალყურეობის არასათანადოდ განხორციელებაში; ამ ფაქტის გამო დასაქმებულს 2014 წლის 11 სექტემბერს გამოეცხადა საყვედური, ხოლო მეორე დღეს გამოიცა ბრძანება სშკ-ის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტის საფუძველზე, მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე; დამსაქმებელმა მიუთითა, რომ ამ ღონისძიების გატარება განაპირობა 2014 წლის 12 სექტემბერს დასაქმებულის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებამ, რაც არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო,,ჩვეულებრივ, მორიგი დაგვიანების ფაქტად“, რადგან მას წინა დღეს უკვე მიღებული ჰქონდა საყვედური. დამსაქმებელი ასევე აღნიშნავს, რომ ფონდის თავმჯდომარის 2014 წლის 21 აგვისტოს N02–58 ბრძანებით, სამსახურში დაგვიანების გამო, დასაქმებულს გამოცხადებული ჰქონდა გაფრთხილება;
7.3.5. სშკ-ის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ პუნქტი დაედო საფუძვლად 2014 წლის 29 აგვიტოს N02–85 ბრძანებას ბ. მ-თან (ფონდის იურიდიული განყოფილების უფროსი) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე; დამსაქმებელი წერილობით დასაბუთებაში მიუთითებდა, რომ ამ პირს 2014 წლის 21 აგვისტოს სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა გაფრთხილება, ხოლო 22 აგვისტოს ბრძანებით - საყვედური, რომლის შეფარდების საფუძველი გახდა მისი მხრიდან ფონდის თავმჯდომარის შეცდომაში შეყვანა; კერძოდ, დამსაქმებელმა მიუთითა, რომ იურიდიული სამსახურის უფროსმა ხელი მოაწერინა ფონდის თავმჯდომარეს იმგვარი შინაარსის წერილზე, რომლითაც ფონდის თავმჯდომარე სთხოვდა ცალკეულ პირებს კუთვნილი შვებულების შეწყვეტას და სამსახურში გამოცხადებას; ფაქტობრივად, ამ პირებს თვითნებურად ჰქონდათ მიტოვებული სამსახური და ამგვარი შინაარსის წერილზე ხელმოწერით შეიქმნა საფუძველი მათი კუთვნილ შვებულებაში ყოფნის ფაქტის აღიარების. ასევე, ფონდის თავმჯდომარის წერილში მითითებულია, რომ ფონდის კონტროლისა და შიდა აუდიტის მოკვლევამ დაადასტურა ამ დასაქმებულის მხრიდან ცალკეული თანამშრომლების არამართლზომიერი ქმედებების დაფარვის ფაქტი და ფონდის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანებების გაყალბება. აგრეთვე დადასტურდა, რომ დასაქმებული არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და თვეების განმავლობაში არ პასუხობდა მოსახლეობის წერილებს, რომელთა მომზადება იურიდიული განყოფილების კომპეტენციაში შედიოდა;
7.3.6. ხ. შ-ესთან (ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტების უზრუნველყოფის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, დამსაქმებლის მიერ 2014 წლის 8 სექტემბრის N02–110 ბრძანების საფუძვლად მითითებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დასაქმებულმა არ წარადგინა ფონდის თავმჯდომარის 2014 წლის 15 აგვისტოს N 02–38 ბრძანებით განსაზღვრული „ზოგიერთი შიდასამსახურებრივი საკითხის მოწესრიგების დროებითი წესის“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (შინაგანაწესის შემუშავებამდე), ასევე თავმჯდომარის 2014 წლის 20 აგვისტოს N 02–55 ბრძანებით დამტკიცებული ფონდის შრომის შინაგანაწესის მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა ნასამართლობის შესახებ; სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილშიც დაუსაბუთებულად მიიჩნია ბრძანება და განმარტა, რომ ნასამართლობის ცნობის ზემოაღნიშნულ ვადებში წარუდგენლობა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევად, რომელიც საფუძვლად დაედებოდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
7.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება დასაქმებულთა მიერ შრომის შინაგანაწესით დადგენილი წესების დარღვევის თობაზე და განმარტა: ფონდის შრომის შინაგანაწესი 2014 წლის 20 აგვისტოს N02–55 ბრძანებით დამტკიცდა. საქმის მასალებში წარდგენილ შრომით ხელშეკრულებებში, კერძოდ, 8.2 პუნქტში, მითითებულია, რომ ,,დამსაქმებლის მიერ შემოღებული შინაგანაწესი, თანამდებობრივი ინსტრუქციები და დამსაქმებლის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა აქტები, წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს“. დასაქმებულები უარყოფენ დამსაქმებლის მხრიდან შინაგანაწესის გაცნობის ფაქტს და მიუთითებენ, რომ ფონდს არ გააჩნდა შრომის შინაგანაწესი და მათ იგი არ გადასცემიათ, ხოლო თავის მხრივ, ფონდი ვერ ადასტურებდა, რომ მან არა მხოლოდ ფორმალურად მიუთითა შრომითი ხელშეკრულებების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტით შინაგანაწესზე, როგორც ამ ხელშეკრულებების განუყოფელ ნაწილზე, არამედ გააცნო კიდეც ის დასაქმებულებს;
7.4.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე: ,,შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე- 5 ნაწილის თანახმად, ამ პირობის დადგომისათვის სავალდებულოა დასტურდებოდეს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე დასაქმებულისათვის შინაგანაწესის გაცნობის, ხოლო შემდგომ - მასში შეტანილი ცვლილებების გაცნობის ფაქტი. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი დამსაქნებელს ეკისრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102- მუხლი/ (საქმე“ Nას-1157-1088-2015; 22.01.2016წ)“. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა აღნიშნული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია და სასამართლოში დავის განხილვისას ვერ წარადგინა კონკრეტული მტკიცებულება, რაც დასაქმებულთათვის შინაგანაწესის გაცნობის ფაქტს დაადასტურებდა; ამ გარემოების დასაბუთებისას იგი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ზოგადი და ზეპირი მითითებებით.
7.5. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობასაც, რომ თუ დარღვევა არის მცირე მნიშვნელობის, მაგრამ სისტემატიური, დამსაქმებელს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს შესაბამისი ზომები და დასაქმებულს საფუძვლიანად აუხსნას, რომ ასეთი ქმედება არღვევს სამსახურის შრომის დისციპლინას. ასეთ ღონისძიებას აქვს გამაფრთხილებელი ეფექტი და დასაქმებულს აიძულებს, რომ ყურადღებით მოეკიდოს სამსახურებრივ საქმიანობას და აღარ გაიმეოროს დარღვევა. მეორე მხრივ, თუ დასაქმებულს მიაჩნია, რომ არ არღვევს სამსახურებრივ საქმიანობას, მას უფლება აქვს იდავოს სანქციის კანონიერებაზე. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეების მიმართ გამოიყენებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები ისე, რომ ადმინისტრაციის მხრიდან მათი ინფორმირება არ ხდებოდა. შესაბამისად, არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ მათ ეძლეოდათ შესაძლებლობა წარედგინათ თავიანთი პოზიცია, ან სულაც გაესაჩივრებინათ სანქცია. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მცირე გადაცდომები იყო მკაცრი სახდელის გამოყენების საფუძველი.
7.6. სშკ-ის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული ნორმით კანონმდებელი ადგენს დასაქმებულის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის სტანდარტს და ითვალისწინებს უფლების აღდგენის ყველა შესაძლებლობას, რაც უპირველესად დასაქმებულის სამსახურში აღდგენაში უნდა გამოიხატოს, მაგრამ ამ შესაძლებლობის გამორიცხვის შემთხვევაში, დამსაქმებელს ეკისრება კომპენსაციის გადახდა, რათა აღდგენილ იქნეს დარღვეული შრომითი უფლება, რომელიც დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილებით იქნა შელახული. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე დააკისრა დამსაქმებელს კომპენსაციის გადახდა, რომ არ გამოუკვლევია, იყო თუ არა შესაძლებელი დასაქმებულების აღდგენა სამსახურში. სშკ-ის 38.8-ე მუხლი, უპირველესად, დასაქმებულის სამსახურში აღდგენას ითვალისწინებს და აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს შემდგომი ორი ალტერნატივის განსაზღვრა. კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსის ზემოხსნებული ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ №ას 951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი). მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენდა სამსახურში აღდგენა. ამ მოთხოვნის საწინააღმდეგო შეპასუხება მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ განუხორციელებია; შესაბამისად, ამ პირობებში, სათანადო არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარუდგენლად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ ზეპირი მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, საკმარისად არ მიიჩნია სასამართლომ.
7.7.სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დასაქმებულთა მოთხოვნა, მოსარჩელეთა სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ნაწილში, რაც მოიცავდა სამუშაოდან გათავისუფლებიდან – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თითოეულის დასაქმებულის მიმართ ყოველთვიური ხელფასის გათვალისწინებით, დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრებას. სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 31–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა - ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ნებისმიერ ანაზღაურებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული თანხის 0.07 %–ის ყოველი დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაცია, ვინაიდან კომპენსაცია წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმების, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უნდა მომხდარიყო (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება- ტ.2, ს.ფ.233-270).
8. მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი:
8.1. მოსარჩელეებმა საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათი დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მოითხოვეს ამ ნაწილში მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება სააპელაციო პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ. ამ განჩინების 6.1 და 6.1.1. ქვეპუნქტები).
9 . საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
9.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით მოსარჩელეების საკასაციო განაცხადი დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და დასაქმებულთა საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრების ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და ქვემოთ იმსჯელებს საკასაციო განაცხადის უარყოფის საფუძვლებზე.
11. დასაქმებულების საკასაციო პრეტენზიაზე მსჯელობისას, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მათი შედავება არ არის გამყარებული სამართლებრივად წონადი მტკიცებულებებით, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, დაეკმაყოფილებინა საკასაციო განაცხადი.
12. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები ითხოვენ უკანონოდ გათავისუფლების გამო თითოეული დასაქმებულის იძულებითი განაცდური ხელფასის - დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის გადახდას, რადგან მათი მოსაზრებით, სშკ-ის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები არასწორად არის შეფასებული ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილთან მიმართებით;
12.1. კასატორები იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუმცა, მათთვის საკმარისად ცხადი არ არის, თუ რატომ დაუკავშირა სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნული ნაწილი სშკ-ის 38.8-ე მუხლით დადგენილ კომპენსაციას;
12.2. კასატორთა მტკიცებით სშკ-ის 31-ე, 32-ე, 44-ე მუხლებისა და სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 412-ე მუხლის ერთობლიობით დადგენილია, რომ სშკ-ის 38.8-ე მუხლის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და მისი პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის ან თუნდაც ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის შემთხვევაში, დასაქმებულისათვის ზიანის ანაზღაურება - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - ჯეროვნად და სათანადოდ შესრულებულად უნდა ჩაითვალოს მაშინ, როდესაც დამსაქმებელი სრულად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც არ შეუსრულებია შრომითი უფლების დარღვევიდან აღდგენამდე პერიოდში და რომელთა შესრულებაც მისთვის სავალდებულო იქნებოდა უკანონოდ/ბათილად ცნობილი ხელშეკრულება მოქმედი რომ ყოფილიყო (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.305-306).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულებს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის დამსაქმებლისათვის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ სშკ-ის 38.8-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული კომპენსაცია არ ექცევა იმ მოწესრიგებაში, რომელიც სშკ-ის 31.3-ე მუხლშია მოაზრებული: „დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი“. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული თანხის 0.07 %–ის ყოველი დაყოვნებული დღისათვის გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ შრომის კოდექსით დადგენილი კომპენსაცია, ვინაიდან კომპენსაცია წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმების, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს.
14. 1. სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, „1.საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. 2. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. 3. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი“.
14.1.1. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დასაქმებულთა სააპელაციო საჩივარი, ისინი აღდგენილ იქნენ სამუშაოზე და მიეკუთვნათ იძულებით განაცდური ხელფასი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და დამსაქმებელი ვალდებულია, რომ ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, ანუ - ხელშეკრულების მოქმედების (არსებობის) პერიოდში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მუშაობის გამო ხელფასის (ანაზღაურების) გადახდის ვალდებულების არსებობა და მისი გადახდის დაგვიანება (დაყოვნება) და/ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა. ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი, პირგასამტეხლოს სახით, უკავშირებს დაყოვნებული (გადასახდელი, მაგრამ დაგვიანებული) თანხის 0.07%–ის გადახდის ვალდებულებას, არ იგულისხმება იძულებითი განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმების, არამედ დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედების გამო დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს. დამსაქმებლისათვის დასაქმებულის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა იძულებით განაცდური ანუ ხელფასი, რომელსაც დასაქმებული მიიღებდა, რომ არა მისი იძულებითი, არაკანონიერი მოცდენა არ შეიძლება გაიგივებული იქნეს სშკ-ის 38.8-ე მუხლით განსაზღვრულ კომპენსაციასთან;
14.1.2. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ იმსჯელა იძულებითი განაცდურის სახით დაკისრებული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07 პროცენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობაზე და განმარტა: „პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, რადგან სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ხოლო თავისთავად პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს“ – [იხ. სუსგ # ას-285-271-2016, 27.04.2016წ]. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში, იმისთვის, რომ მხარემ მის სასარგებლოდ განახორციელოს სშკ-ის 31-ე მუხლით დადგენილი უფლება, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს ამ მუხლის ამოქმედებისათვის აუცილებელი წინაპირობები (შემადგენლობა): ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (სშკ-ის 34-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულთა დავის საგანი და შინაარსი არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული მუხლით მოწესრიგებული უფლებიდან: დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სადავო იყო გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, ამ ბრძანების საფუძველზე შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა დამსაქმებელმა და მას აღარ გააჩნდა ვალდებულება, რომ ყოველთვიური ანაზღაურება გადაეხადა დასაქმებულებისთვის, შესაბამისად, არ არსებობდა მისაღები ხელფასი, რომელიც სშკ-ის 31.3.-ე მუხლით, რაც შრომის ანაზღაურების მე-7 თავში მოთავსებული ნორმაა ორგანულ კანონში, გათვალისწინებული უფლების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა; ამ ნორმის რეგულირების სფეროში ექცევა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი მოთხოვნა - შრომის ანაზღაურების ანგარიშსწორების დაყოვნების გამო დაყოვნებული თანხის პროცენტის ანაზღაურების შესახებ (იხ. სუსგ: # ას-285-271-2016, 27.04.2016 წ; # ას-268-255-2016 ).
15. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ-ის, შ. ლ-ის, ბ. მ-ის, დ. ყ-ის, ხ. შ-ისა და ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე