Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-865-807-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი– ლ. ბ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ჩ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ. ბ-ამ (შემდეგში მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა კ. ჩ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის მიერ თბილისში, ა-ის ქუჩა #21-ში (შემდეგში: უძრავი ქონების მისამართი) მდებარე საცხოვრებელი სახლის საერთო სადარბაზოთი სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და მისთვის სადარბაზოს კარის გახსნისა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სსკ,172.2.-ე მუხლი.)

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აეკრძალა საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სადარბაზოთი მოსარჩელის მიერ სარგებლობის ხელშეშლა, დაევალა სადარბაზოს კარის გახსნა და მისი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

3. მოპასუხემ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეზე შეჩერდა წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის მიერ აღძრული სარჩელის გამო სერგო ბითსარგისის წინააღმდეგ დავის გადაწყვეტამდე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 279-ე მუხლის “დ“ პუნქტი).

5.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა (სსსკ-ის 283-ე მუხლი).

6. მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 1 ივლისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა (სსსკ-ის 387-ე, 230-ე მუხლები).

7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2015 წლის 1 ივლისს, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

8. სააპელაციო სასამართლომ, 2015 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებით, არ დააკმაყოფილა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

9. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადარბაზოს კარი გაუქმებულია და იგი მოსარჩელის ბინაში ერთადერთი შესასვლელია. სადარბაზო არ არის საერთო საკუთრების საგანი და საკომუნიკაციო საშუალება მოსარჩელისათვის. ამ კარით ეს უკანასკნელი ვერ მოხვდება შენობის იმ ნაწილში, რომელშიც ცხოვრობს. ფართი, რომელიც შემოსაზღვრულია სადავო კარით, მოპასუხის საკუთრებაა. უძრავ ნივთზე საზიარო უფლება გაუქმებულია და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს გამოეყო მისი წილის შესაბამისი რეალური ფართი. ოთახი, რომელზეც პრეტენზია ჰქონდა მოსარჩელეს და აცხადებდა, რომ სადარბაზოს ჩაკეტვით მას მოესპო ამ ფართით სარგებლობის უფლება, აღრიცხულია მოპასუხის საკუთრებად. სადავო სადარბაზოს საშუალებით მოპასუხე უკავშირდება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართს, ხოლო მოსარჩელეს არ გააჩნია ამ სადარბაზოთი სარგებლობის ინტერესი, ვინაიდან სადარბაზოს გავლით ის ვერ მოხვდება მის საკუთრებად რიცხულ ფართში.

10. სასამართლომ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა. კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს გამოეყო მისი წილის შესაბამისი რეალური ფართი. ოთახი, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა მოსარჩელე, აღრიცხულია მოპასუხის საკუთრებად. სადავო კარი არ წარმოადგენს საკომუნიკაციო საშუალებას მოსარჩელისათვის. შესაბამისად, მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა სსკ-ის 172-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელი წინაპირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის შესახებ არ დააკმაყოფილა.

11. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

12. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2015 წლის 1 ივლისის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. ავადმყოფობის ფაქტი დასტურდება საჩივარზე დართული 2015 წლის 30 ივნისის #1/278 სამედიცინო ცნობით (იხ. ტ.3, ს.ფ. 139), რაც სსსკ-ის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

13.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

14. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 233.1-ე და 241-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობისათვის.

15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 1 ივლისს, 14 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომისა და სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მოსარჩელე გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით, რაც მისი წარმომადგენლის ხელწერილით დასტურდება (ტ.3, ს.ფ. 112).

16. მითითებულ სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და დაკმაყოფილდა.

17. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება, საპატიო მიზეზით სასამართლოში გამოუცხადებლობის თაობაზე, კერძოდ, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის „ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“ საფუძველზე შეაფასა საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი 2015 წლის 30 ივნისის ცნობა.

18. ამ ცნობის მიხედვით, მოსარჩელის წარმომადგენელს დაუდგინდა მწვავე დიარეა (საკვებით გამოწვეული). პაციენტს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა ბინაზე წოლითი რეჟიმის პირობებში. ცნობის მიხედვით, პაციენტი ექიმთან ვიზიტზე 2015 წლის 29 ივნისს იმყოფებოდა.

19. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ცნობა 2015 წლის 1 ივლისის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან იგი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავდა მხოლოდ 2015 წლის 29 ივნისის მდგომარეობით. საჩივრის ავტორს არ წარუდგენია კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ დაბრკოლება შეუქმნა წარმომადგენელს, გამოცხადებულიყო 2015 წლის 1 ივლისს და მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.

20. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის „თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, ამავე კოდექსის 230-ე მუხლის „თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას სარჩელი დაკმაყოფილდება“ და 341-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად „დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის“ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

21. სასამართლომ დაასკვნა, რომ საჩივრის ავტორმა, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა 2015 წლის 1 ივლისის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მითითებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის, არსებითად განსახილველად, სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

23. კასატორმა შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა:

23.1. გასაჩივრებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით; სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საჩივარზე დართული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადვოკატის სხდომაზე გამოცხადებას ავადმყოფობის გამო შეუძლებლად მიიჩნევდა. აღნიშნულით სასამართლომ დაუშვა საპროცესო დარღვევა, რასაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა (სსსკ-ის 393.3 მუხლი);

23.2. სსსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოებმა საქმის განხილვის დროს უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით. სსსკ-ის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონს არ შეესაბამება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კანონის მიხედვით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არამართებულად არ გამოიყენა სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის ბოლო წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ამბულატორიის მიერ გაცემული ცნობა-სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ოჯახის ექიმის ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს სასამართლო პროცესზე ადვოკატის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას, რაც გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

25. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს სხდომის წინა დღეს წარდგენილი ცნობა ადასტურებდა, რომ 2015 წლის 1 ივლისის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო საფუძველი ჰქონდა ადვოკატს და საპირისპირო დასკვნა ამ დოკუმენტიდან არ გამომდინარეობდა.

26. საკასაციო სასამართლომ სამედიცინო ცნობაზე ხელმომწერი პირის ვინაობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ: „მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაა ხელმოწერილი (მით უფრო, როდესაც ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით), არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს“ - იხ სუსგ # ას-187-179-2016, 06.05.2016წ; აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესაფასებლად, განსახილველ შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების ერთობლიობა სახეზე იყო, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია (იხ. ასევე სუსგ # ას-955-917-2014, 24.07.2015წ) .

27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

28. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა-ის ქუჩის მხარეს არსებული კარი (მოსარჩელის განმარტებით სადარბაზოს კარი) არ წარმოადგენს საკომუნიკაციო საშუალებას მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დასაკავშირებლად. ამ კარით მოპასუხე მის საკუთრებაში არსებულ ფართს უკავშირდება.

29. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სსკ-ის 312.1-ე, 172.2-ე მუხლები და აღნიშნა: „ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას .. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას. ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება, ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას ... ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი“ (ქეთევან ქოჩაშვილი, მფლობელობა და საკუთრება – ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში, გვ. 175-176).

30. სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. ნეგატორულ მოთხოვნაზე სასარჩელო წარმოებისას, მოპასუხისგან მომდინარე ხელშეშლის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სადავო ნივთზე მის მართლზომიერ მფლობელობას და ხელშეშლის შესახებ ფაქტს დაადასტურებდა, თუმცა, მოსარჩელემ ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა.

31. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და მისი გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

32. კასატორი ასაჩივრებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ყველა წინმსწრებ განჩინებას: ზოგიერთი მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ; სპეციალისტის, ექსპერტის მოწვევისა და განმარტების მიცემაზე უარის თქმის თაობაზე; მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის შესახებ; საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე უარის თქმის შესახებ; დათვალიერების ოქმზე შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

33. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ყველა წინმსწრები გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის არასწორი განმარტების შედეგად, საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების არასრული გამოკვლევითა და არასარწმუნოდ, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა.

34. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოსარჩელის შენიშვნები დათვალიერების ოქმთან დაკავშირებით და თავისი ინიციატივით უკანონო ოქმი გააფორმა.

35. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე კასატორის სარჩელის გამო, სადაც მოპასუხე ქ. თბილისის მერიაა, ხოლო მესამე პირი - მესაკუთრე, გადაწყვეტილების მიღებამდე შეუძლებელია ამ საქმის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებით იხილება დავა მოსარჩელის სამკვიდრო მასაში შემავალი ფართის მოპასუხისათვის უკანონოდ გადაცემის შესახებ.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

37. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

38. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

40. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგა.

41. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

42. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.

43. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 172.2-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრების ხელყოფას აქვს ადგილი ან მას სხვაგვარად ეშლება ხელი მისით სარგებლობაში. კასატორი მოითხოვს, რომ მოპასუხემ აღკვეთოს ხელშეშლა, რაც სადარბაზოს კარის გაუქმებაში გამოიხატება, თუმცა იგი, საქმეში წარდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით, ვერ ადასტურებს, თუ რაში გამოიხატება უკანონო ხელშეშლა. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა, რომ სადარბაზოს კარი არ წარმოადგენს საკომუნიკაციო საშუალებას მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დასაკავშირებლად, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლო.

44. სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას, რომელიც ასახულია ამ განჩინების 28-30 პუნქტებში, კასატორი ვერ აქარწყლებს, რაც მის მოვალეობას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-103 მუხლები).

45. კასატორის პრეტენზია იმასაც ეხება, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ყველა წინმსწრები განჩინება უკანონოდაა მიღებული (იხ. ამ განჩინების 32-ე პუნქტი), თუმცა, იგი არ უთითებს, კონკრეტულად რაში გამოიხატა მათი უკანონობა, რა სახის საპროცესო დარღვევებით იქნა ისინი მიღებული. სწორედ ამიტომ, კასატორის ზოგადი პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად და არასწორად გამოიკვლია საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი გარემოებები, დაუსაბუთებელია და საკასაციო სასამართლოს მიერ როგორც საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის წინაპირობა, დასაბუთებული პრეტენზიების არ არსებობის გამო, ვერ გახდება.

46. კასატორის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172.2-ე მუხლის დანაწესია, რისი გაქარწყლებაც კასატორმა საქმეში წარდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ შეძლო. ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების გაუქმებაზე უარის თქმა, საკასაციო საჩივრის დაუსაბუთებლობითაა განპირობებული.

47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

48. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. „სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით“ (იხ. სუსგ ას-1041-998-2016, 12.02.2016; ას-843-809-2016, 26.10.2016).

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

50. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი