საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-880-820-2017 16 ოქტომბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი– ხ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-სა“ (შემდეგში: საწარმო ან მოსარჩელე) და ხ. გ-ეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) შორის 2015 წლის 16 და 21 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები (შემდეგში: საკრედიტო ხელშეკრულება), რომელთა საფუძველზე მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს, ერთი თვის ვადით, 9 500 აშშ დოლარი ასესხა, სარგებელი - 24 %-ით, ხოლო პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დარჩენილი თანხის 0,5 %-ით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულებები, ტ. 2, ს/ფ 15-29).
2. ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე წყალტუბოს რაიონში, სოფელი ბ-ა, ს/კ 2- და იმავე რაიონში სოფელი გ-ის დასახლება №12, სართული 3, ბინა №20, ს.კ. 2- (შემდეგში: იპოთეკის საგანი; იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ტ. 2, ს/ფ 38-41).
3. ნ. გ-ემ (შემდეგში: თავდები, მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) 2015 წლის 21 ოქტომბერს დადო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც საწარმოს წინაშე თავდებმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა, ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულებისთვის (იხ. თავდებობის ხელშეკრულება, ტ. 2, ს/ფ 30).
4. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანებამ 11 358,69 აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 9 500 აშშ დოლარი, სარგებელი - 386,19 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო -1472,5 აშშ დოლარი (იხ. დავალიანების ცნობა, ტ. 2, ს/ფ 35).
5. სარჩელის საფუძვლები
5.1. საწარმომ 2016 წლის 15 იანვარს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მათზე 11 358,69 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება და იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია მოითხოვა.
5.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-4 პუნქტებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ პირველმა მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას 2015 წლის 7 დეკემბერს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება განმარტებით, რომ ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2015 წლის 21 დეკემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, აღნიშნული შეტყობინება გაეგზავნა თავდებსაც, თუმცა - უშედეგოდ.
6. მოპასუხეთა შესაგებელი
6.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
6.2. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ორივე მოპასუხემ სარჩელი, სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში ცნო, პირგასამტეხლოს გადახდაზე კი უარი განაცხადეს.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 10 180,69 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 9 500 აშშ დოლარი, სარგებელი 386,19 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 294,5 აშშ დოლარი, ასევე დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია განხორციელდა.
7.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით, ამ განჩინების 1-4 პუნქტებზე მიუთითა და განმარტა, რომ პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს იძენს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
7.3. საქალაქო სასამართლომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მისი ოდენობა, ნაცვლად 0.5 %-ისა, 0.1 %-ით უნდა განისაზღვრულიყო.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმება მოითხოვეს პირგასამტეხლოს დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
8.2. პირველ აპელანტს ერთი თვის გასვლამდე არ შეატანინეს პროცენტი, პირგასამტეხლო ხელშეკრულებით ეკისრება ვადაგადაცილებულ დღეზე, სინამდვილეში კი მას გადახდა არ დაუგვიანია, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნის შესრულება, რომ პირველ მოპასუხეს ძირითადი თანხა გადაეხადა, ამ უკანასკნელს არ შეეძლო.
8.3. სსკ-ის 115-ე მუხლზე მითითებით, აპელანტებმა აღნიშნეს, რომ რადგან მოსარჩელე თანახმა არაა თანხის ნაწილ-ნაწილ დაფარვაზე, ის თავის უფლებას ბოროტად იყენებს;
8.4. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ მოპასუხეები უსახლკაროდ დარჩებიან.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას.
9.3. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მითითება სსკ-ის 115-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სსკ-ის 378-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულების მიღება კრედიტორის უფლებაა და არა მოვალეობა, თანაც განსახილველ შემთხვევაში აპელანტებს არ წარუდგენიათ არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც ისინი ვალდებულების თუნდაც ნაწილ-ნაწილ შესრულების სურვილსა და შესაძლებლობას დაადასტურებდნენ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეთათვის სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის გადახდის დაკისრების ნაწილში კანონიერ ძალაში იყო შესული, ხოლო 294,5 აშშ დოლარის პირგასამტეხლო სასამართლომ სავსებით გონივრულად მიიჩნია და მისი გაუქმების ან ოდენობის კიდევ უფრო შემცირების საფუძვლების არარსებობაზე მიუთითა.
9.4. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 286-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში აპელანტების მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით აპელანტებმა მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვეს.
10.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები სააპელაციო საჩივარში ასახული გარემოებების იდენტურია (იხ. ამ განჩინების 8.2-8.4 ქვეპუნქტები).
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
11.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო (სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველ კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მას არ უნდა დაეკისროს სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო, რადგან საქმეში არსებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს დარჩენილი თანხის 0.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რასაც თავად პირველი კასატორიც ეთანხმება, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. სსკ-ის 417-418-ე მუხლებისა და მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე ვალდებულია, კრედიტორს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის.
17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სასამართლო პრაქტიკის თანახმად დადგენილია, რომ „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან“ (იხ. სუსგ ას-833-799-2016, 02.11.2016წ.)
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეებმა დავალიანების ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სარჩელი ცნეს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უპირობოდ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არც გასაჩივრებულა; იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში პირველი კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია სსკ-ის 286-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე, რადგან იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით აღსასრულებლად მიქცეულიყო ამ განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული უძრავი ქონება. პირველი მოპასუხის პრეტენზიას პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე შეამცირა და მისი კიდევ უფრო შემცირება დაუშვებელია.
19.ზემოხსენებული მოტივაციით უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
20. პირველი კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე