Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-943-880-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ი. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ს-ს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან გამყიდველი), ი. ა-სა (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი ან მყიდველი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო) შორის 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №5086/38 (შემდეგში: ხელშეკრულება; იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება, ს/ფ 11-12, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 477-ე მუხლი).

2. ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი იყო უძრავი ქონება, მდებარე გარდაბანში, ს-ა (ს/კ 8-); ხელშეკრულების ფასი 15 900 (თხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარით განისაზღვრა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით; ნასყიდობის საფასური გამყიდველისათვის სამინისტროს უნდა გადაეხადა მყიდველის სახელზე ნასყიდობის საგნის საკუთრებაში რეგისტაციიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში (იხ. ხელშეკრულების 3.1-3.3 პუნქტები).

3. 2014 წლის 1 დეკემბერს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოპასუხის სახელზე დარეგისტრირდა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/ფ 19-20).

4. 2014 წლის 6 დეკემბერს სამინისტრომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და გამყიდველს ნასყიდობის საფასური სრულად გადაუხადა (იხ. სალაროს გასავლის ორდერი, ს/ფ 13-14).

5. 2014 წლის 24 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად უძრავი ქონების საფასური 12 000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარით განისაზღვრა. მყიდველმა აიღო ვალდებულება, რომ გამყიდველს სამინისტროს მიერ თანხის ჩარიცხვის დღისათვის დაუმატებდა თანხას იმ ოდენობით, რაც იქნებოდა სხვაობა 12 000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარსა და 15 900 (თხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარს შორის, თანხის ჩარიცხვის დღეს არსებული კურსის მიხედვით (იხ. მხარეთა შეთანხმება, ს/ფ 27).

6. სამინისტროს მიერ გადახდილი თანხა, გადახდის დღის კურსის მიხედვით, 8 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ნასყიდობის საფასურის დარჩენილი 4 000 აშშ დოლარი მყიდველს გამყიდველისათვის არ გადაუხდია (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები სარჩელსა და შესაგებელში, ასევე, სასამართლო სხდომებზე).

7. სარჩელის საფუძვლები

7.1. მოსარჩელემ 2015 წლის 28 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

7.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-6 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ სამინისტრომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად შეასრულა, მოპასუხეს კი მასზე დაკისრებული ვალდებულება, გამყიდველისათვის 4 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, არ შეუსრულებია.

8. მოპასუხის შესაგებელი

8.1. მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე, 316-ე, 327-ე, 328-ე, 208-ე, 3111, 477-ე მუხლებით და განმარტა, რომ საქმეში წარდგენილია ნასყიდობის ორი ხელშეკრულება, ვინაიდან, შეთანხმებაც ნასყიდობის ხელშეკრულებას წარმოადგენდა. აღნიშნულ ხელშეკრულებებში მხარეთა მიერ შეთანხმებული ნასყიდობის საგნის ღირებულება და ვალუტა განსხვავებულია.

9.3 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამმხრივ ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნასყიდობის საგნის (უძრავი ქონების) ღირებულებად მითითებულია 15 900 ლარი, ხოლო ორმხრივ ხელშეკრულებაში - 12 000 აშშ დოლარი. ორივე ხელშეკრულება დათარიღებულია ერთი და იმავე თარიღით - 2014 წლის 24 ნოემბრით, და შეუძლებელია იმის დადგენა, პირველად რომელი ხელშეკრულება დაიდო. ასევე, სამმხრივ ხელშეკრულებაში მითითებულია ნასყიდობის საგანი და მისი მისამართი, ხოლო შეთანხმების მიხედვით ვერ დგინდება ნასყიდობის საგანი და მისამართი. შესაბამისად, ვერ დგინდება ამ ორ ხელშეკრულებაში მითითებულ უძრავ ქონებათა იდენტურობა.

9.4 საქალაქო სასამართლომ აღნიშნული განსხვავებების გათვალისწინებით შეთანხმება დადებულად არ მიიჩნია, რის გამოც მას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვებოდა. აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რადგან მასში მესამე მხარე - სამინისტრო არ მონაწილეობდა და ეს შეთანხმება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა.

10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

10.1.1 თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმება მხარეთა შორის) და არასწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო;

10.1.2 სსკ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას უპირობოდ არ უკავშირებს მის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. მხარეთა მიერ აღნიშნული შეთანხმებით გამოვლენილი ნება ნამდვილია და სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნულ გამოხატვას წარმოადგენს, რაც გამოიხატა კიდეც 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმებით/ხელშეკრულებით და მიმართულია მოპასუხისათვის უძრავი ქონების გადაცემის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის თანხის იმ ოდენობით მიღებისაკენ, რა სხვაობაც არსებობს 12 000 აშშ დოლარსა და 15 900 ლარს შორის (სხვაობა შეადგენდა 4000 აშშ დოლარს, რასაც მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა);

10.1.3 სადავო შეთანხმება მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული გარიგებაა. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, დაარღვია თუ არა მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

11.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

11.3 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა 2014 წლის 24 ნოემბრის მხარეთა შეთანხმება თანხის გადახდის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული ხელშეკრულება შეაფასა, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება და ვინაიდან, შეთანხმება კანონით დადგენილი წესით არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მიიჩნია ბათილ გარიგებად. აღნიშნული დასკვნა საპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

11.4 სასამართლომ იმსჯელა და დაასკვნა, რომ მოპასუხემ დამატებით იკისრა ფულადი ვალდებულება საცხოვრებელი სახლის დარჩენილი თანხის გადახდის თაობაზე, მოცემულ შეთანხმებაში მან აღიარა, რომ სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხის გარდა, მოსარჩელისათვის მოპასუხეს გადასახდელი აქვს დამატებით თანხა, რაც შეადგენს სხვაობას 12 000 აშშ დოლარსა და სამინისტროს მიერ გადახდილ თანხას შორის. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შეუძლებელია აღნიშნული მტკიცებულების გაქარწყლება იმაზე მითითებით, რომ ეს გარიგება აუცილებლად საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო. საკუთრების უფლება სახლზე გადაცემულია სამინისტროსთან დადებული სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო გარიგებაში კი, საუბარია მოპასუხის ვალზე მოსარჩელის მიმართ. ამ შეთანხმებაში გამოვლენილია მხარეთა ნება, თუ რა რაოდენობით უნდა მოხდეს სამინისტროს მიერ გადახდილი თანხის გარდა პირადად მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის.

11.5 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა წერილობითი ფორმის გარიგება, რომლითაც აღიარებულია მოპასუხის ვალი მოსარჩელის მიმართ, რაც სრულიად საკმარისია ვალდებულების წარმოსაშობად (სსკ-ის 341-ე მუხლი). ხოლო სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია აპელანტს აუნაზღაუროს შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა, რაც მხარის განმარტებით, 4 000 აშშ დოლარს შეადგენს. თანხის ოდენობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. საკასაციო საჩივარში კასატორმა მიუთითა შემდეგ არგუმენტებზე:

12.1.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ შეაფასა მხოლოდ დავის ერთი ნაწილი, რათა დაესაბუთებინა საკუთარი პოზიცია და არ მოიხმო ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც გააქარწყლებდნენ საქალაქო სასამართლოს პოზიციას;

12.1.2 სააპელაციო სასამართლომ არ მიმოიხილა სსკ-ის 3111-ე მუხლის ნაწილები, რომლებიც სავალდებულო ხასიათის ნორმებია და უთითებენ, რომ როდესაც საკითხი ეხება ქონებრივი სიკეთის თუ ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, სავალდებულო პირობაა წერილობითი ფორმა. ამავდროულად, მითითებული მუხლის მესამე ნაწილში მოცემულია დათქმა იმის თაობაზე, თუ როდიდან შედის ძალაში გარიგებით განსაზღვრული უფლებები, რაც იმთავითვე გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ წერილობითი გარიგება არ არის საკმარისი შეთანხმების სავალდებულოობისათვის და აქვე განმარტებულია, თუ რა წარმოადგენს ძალაში შესვლის წინაპირობას - საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მოცემული ჩანაწერი განსახილველ შემთხვევას მიესადაგება, რადგან ნებისმიერი შეთანხმება მხარეებს შორის იდებოდა მხოლოდ ქონების შეძენის მიზნით და სხვა პირადი ვალდებულებების აღიარება არ ყოფილა.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესკო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

17. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მხარეთა შორის სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ურთიერთობის წარმოშობის ფაქტი. საქმის მასალებით ისიც დასტურდება, რომ გამყიდველი და მყიდველი შეთანხმდნენ ნასყიდობის საგანზე, ნასყიდობის საფასურზე, გადახდის წესსა და პირობებზე (სსკ-ის 327-ე მუხლი). მათ გამოავლინეს ნება, გამყიდველისათვის შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემთხვევაში, ნასყიდობის საგანი საკუთრებაში გადასცემოდა მყიდველს (იხ. ამ განჩინების 1-6 პუნქტები).

18. საქმის მასალებით დგინდება, რომ უძრავი ქონება კასატორის სახელზე აღრიცხულია, გამყიდველს კი ნასყიდობის საფასური სრულად არ აქვს მიღებული. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მასსა და გამყიდველს შორის გაფორმებული შეთანხმებით მის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა 4 000 აშშ დოლარს შეადგენს. კასატორი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მას მოსარჩელის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი არ აქვს, თუმცა, მას არ წარუდგენია მის მიერ გამყიდველისათვის 4 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა (სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლები).

19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას სსკ-ის 341-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სსკ-ის 327-ე, 477-ე მუხლები იძლევიან სამართლებრივ საფუძველს მოსარჩელის (გამყიდველის) სასარგებლოდ მოპასუხეს (მყიდველს) ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი და შეუსრულებელი 4 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისროს (სსკ-ის 361.2-ე მუხლი).

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

22. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი. ა-ს (პ/ნ 4-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ა-ის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 478.2 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2017 წლის 7 აგვისტო), 70% – 334.74 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე