Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1069-1028-2016 7 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი- თ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. კ-სა (შემდეგში: გამყიდველი, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და ნ. ჩ-ს (შემდეგში: მყიდველი ან მოსარჩელე) შორის, ამ უკანასკნელის წარმომადგენლის ი. ხ-ას (შემდეგში: მოსარჩელის წარმომადგენელი) მეშვეობით 2013 წლის ოქტომბერში დაიდო ელენე ახვლედიანის ფერწერული ნახატის „ზამთარი“ ნასყიდობის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი), რომლის საფუძველზე გამყიდველმა მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა ნახატი და მიიღო მისგან შეთანხმებული საზღაური 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარი.

2. მოგვიანებით დადგინდა, რომ მოსარჩელისათვის გადაცემული ფერწერული ნახატი „ზამთარი“ არ იყო შესრულებული ელენე ახვლედიანის მიერ (იხ. ექსპერტიზის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის კრების ოქმი #34 - ტ. 1, ს.ფ. 12-13).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. მყიდველმა 2014 წლის 11 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 13 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

3.2. მყიდველის განმარტებით, ნახატის შეძენიდან მოკლე ვადაში, მოსარჩელის ოჯახის ახლობელმა გამოთქვა ეჭვი ნახატის ნამდვილობასთან დაკავშირებით, რის გამოც ნახატს ჩაუტარდა ექსპერტიზა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და დადგინდა, რომ ნახატი არ შეესაბამებოდა ელენე ახვლედიანის შესრულების მხატვრულ დონეს.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ იგი არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს და მხოლოდ დახმარება გაუწია ნახატის მესაკუთრეს გ. ი-ს. შესაბამისად, ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და გ. ი-ს შორის.

4.2. მოპასუხის განმარტებით, ეწეოდა რა სურათებითა და სხვა ნივთებით ვაჭრობას მაღაზია-სალონის მეშვეობით, მას გ. ი-ის მეუღლემ მიმართა და აცნობა რომ სურდა ელენე ახვლედიანის ფერწერული ტილოს გაყიდვა, ასევე, მიაწოდა ნახატის ფოტო. მოპასუხემ განმარტა, რომ ნახატი სალონში არ ჰქონდა, რადგან ძვირფას ნივთებს, როგორც წესი, არ იტოვებდა. 2013 წლის ოქტომბერში მას დაუკავშირდა მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელმაც განუმარტა, რომ სურდა ელენე ახვლედიანის ნახატის შეძენა, რის შემდეგაც, მოპასუხე დაუკავშირდა გ. ი–ს, რომელმაც გადასცა მას ნახატი, მოპასუხემ კი ნახატი გადასცა მოსარჩელის წარმომადგენელს, 2-3 დღის შემდეგ კი მიიღო ნასყიდობის საფასური, საიდანაც გ. ი-ს გადასცა 9 500 აშშ დოლარი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს 13 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

5.2. საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სსკ-ის 327-ე, 477-ე, 487-ე, 488-ე, 491-ე, 352-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი იყო ნასყიდობის ხელშეკრულება.

5.3. მხარეებს შორის სადავო არ იყო ის გარემოება, მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ელენე ახვლედიანის მიერ შესრულებული ფერწერული ტილო. სპეციალისტთა კომისიამ დაადგინა, რომ მოსარჩელისათვის გადაცემული ფერწერული ტილო არ იყო შესრულებული ელენე ახვლედიანის მიერ, ე.ი. არ შეესაბამებოდა მხარეების მიერ განსაზღვრულ ხარისხს.

5.4. ამ განჩინების 5.2 და 5.3 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სსკ-ის 491-ე მუხლისა და 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია ნივთის ნაკლის გამო მოშალოს ხელშეკრულება, რაც მოპასუხეს აკისრებს ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შესრულების დაბრუნების ვალდებულებას.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1.მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

6.1.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის; მოსარჩელისათვის გადაცემული ფერწერული ნახატი „ზამთარი“ არ იყო ელენე ახვლედიანის მიერ შესრულებული. სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, თუმცა, არ უმსჯელია იმ საკითხზე, რომ მოსარჩელეს შეეძლო ექსპერტიზა ჩაეტარებინა არა მისთვის გადაცემულ ნახატზე, არამედ მის ასლზე, რომლის შექმნა ან მოპოვება არცთუ ისე რთულია;

6.1.2. მოსარჩელის საფუძვლიანი პრეტენზიის არსებობის პირობებში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ხელშეკრულების რომელიმე საფუძვლით ბათილად ცნობის მომწესრიგებელი ნორმები. აპელანტის მოსაზრებით, ნასყიდობის ობიექტის გადაცემით და თანხის მიღებით ხელშეკრულება შესრულდა. ამასთან, სსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების დროს აუცილებელია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ძალაში იყოს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ის არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მხარეს, რადგან ნასყიდობის საგანი მოსარჩელის წარმომადგენელს გადასცა მოპასუხემ და ნასყიდობის ფასიც ამ უკანასკნელმა მიიღო. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 158-ე მუხლზე, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

7.3. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ფერწერულ ტილოს ფლობდა მოპასუხე და სწორედ ამ უკანასკნელმა გადასცა ის მოსარჩელის წარმომადგენელს, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ფერწერული ნახატი „ზამთარი“ ეკუთვნოდა სხვა პირს და გამყიდველი მოქმედებდა მხოლოდ როგორც შუამავალი, აპელანტს ეკისრებოდა, რომელმაც შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველჰყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სათანადოდ დადასტურება.

7.4. საქმეში წარდგენილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელოვნებათმცოდნეებისა და რესტავრატორების ექსპერტიზის უზრუნველსაყოფად შექმნილი კომისიის #34 ოქმით დასტურდება, რომ მოპასუხის კუთვნილი ფერწერული ნახატი „ზამთარი“ 1971 წელი, ტილო, ზეთი, 80X60, არ შეესაბამება ელენე ახვლედიანის შესრულების მხატვრულ დონეს (ტ. І, ს.ფ.11-13).

7.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ვარაუდი, რომ შესაძლოა მოსარჩელემ ექსპერტიზაზე წარადგინა სხვა, ყალბი ნამუშევარი და არა მისი მეშვეობით შეძენილი ფერწერული სურათი „ზამთარი“. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეს საკუთარი ვარაუდის დასამტკიცებლად გააჩნდა შესაძლებლობა, თავად ჩაეტარებინა ექსპერტიზა სადავო ფერწერულ ნამუშევარზე, რაც მან არ განახორციელა. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მფლობელობაში, გარდა მოპასუხისგან შეძენილი ნახატისა, სხვა იდენტური, ყალბი ფერწერული სურათის არსებობის ფაქტი. აღნიშნულიდან, გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ექსპერტიზა ჩაუტარდა არა ნასყიდობის საგანს, არამედ სხვა ფერწერულ ნამუშევარს.

7.6. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ელენე ახვლედიანის მიერ შესრულებული ფერწერული ტილო. დადგინდა, რომ მოსარჩელისათვის გადაცემული სურათი არ იყო შესრულებული ელენე ახვლედიანის მიერ, ე.ი. არ შეესაბამებოდა მხარეების მიერ განსაზღვრულ ხარისხს.

7.7. სსკ-ის 491-ე და 352-ე მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, ნივთის ნაკლის გამო მოეშალა ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც მოპასუხეს ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შესრულების - 13 000 აშშ დოლარის დაბრუნების ვალდებულებას აკისრებდა, შესაბამისად არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

8.2. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელიც ამ განჩინების 7.2 ქვეპუნქტშია მითითებული და განმარტავს, რომ სსკ-ის 158-ე მუხლის თანახმად, ნახატის მესაკუთრედ გ. ი-ი უნდა მიჩნეულიყო;

8.3. მყიდველმა ნასყიდობის საფასური ნივთის მიღებიდან 2-3 დღეში გადაიხადა, ეს დრო საკმარისი იყო ნახატის ავთენტურობის დასადგენად;

8.4. საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ რომელი ნახატი წარედგინა ექსპერტიზას;

8.5. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. კასატორის განმარტებით, მოპასუხე ვერ შეძლებდა ემტკიცებინა, თუ რომელი ნახატი წარედგინა ექსპერტიზას, რადგან მყიდველი, თუ მას ელენე ახვლედიანის სხვა ნახატიც ექნებოდა, დამალავდა მას და არ წარუდგენდა ექსპერტიზას. ამასთან, ნახატის გადაცემიდან მხოლოდ 5 თვის შემდეგ წამოაყენა პრეტენზია მყიდველმა;

8.6. კასატორის მტკიცებით, მყიდველს გადაეცა ნამუშევრის ორიგინალი, ხოლო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ფერწერული ტილო არ შეესაბამებოდა ელენე ახვლედიანის მხატვრულ დონეს. სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილებით საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო ბრუნვის მდგრადობას.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

9.1. მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია, რის გამოც არსებობს საკასაცო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საგანი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული ფასი. სსკ-ის 487-ე და 488-ე მუხლების თანახმად ნივთი უნდა იყოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ნივთობრივ ნაკლზე, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნასყიდობის საგანი - ნახატი არ აღმოჩნდა ელენე ახვლედიანის მიერ შესრულებული, როგორც ეს ნასყიდობის ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული.

12. საქმის მასალებიდან გამომდინარე უდავოა, რომ გამყიდველმა ისარგებლა სსკ-ის 405.1-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და უარი თქვა ხელშეკრულებაზე (ხელშეკრულებიდან გავიდა). შესაბამისად, სსკ-ის 352.1-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა - ნატურით დაბრუნების ვალდებულება წარმოიშვა. მხარეები ვალდებული არიან, ერთმანეთს დაუბრუნონ მიღებული შესრულება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 352-ე მუხლი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმას, ანუ ურთიერთობიდან გასვლას ეხება, სამართლებრივი შედეგის სახით იწვევს ორმხრივ რესტიტუციას. ამისგან განსხვავებით, ხელშეკრულების შეწყვეტა სამართლებრივად არ წარმოშობს მხარეთა რესტიტუციას. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულების შესრულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის კრედიტორად, რომელიც ამ შემთხვევაში, მოსარჩელეა, და რესტიტუციის მოვალედ (მოპასუხე).

13. საკასაციო სასამართლოს განმარტებით: “მხარის უფლებას, გავიდეს ხელშეკრულებიდან ადგენს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე ნორმის მეორე ნაწილი კი ითვალისწინებს დაბრუნებას ფულადი სახითაც. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების შემთხვევაში, ორივე მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებისაგან და ეკისრებათ ორმხრივი რესტიტუცია. ამ შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა ხელშეკრულების დადებამდე” (იხ. სუსგ ას-837-788-2015, 11.11.2015 წ.).

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 354-ე მუხლზე /ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ ერთდროულად/ და აღნიშნავს, რომ გამყიდველის ვალდებულებაა დააბრუნოს ნასყიდობის საფასური - 13 000 აშშ დოლარი, ხოლო მყიდველის ვალდებულებაა დააბრუნოს ნასყიდობის საგანი - ნახატი.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ორმხრივი რესტიტუცია უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად: მოპასუხემ/გამყიდველმა მოსარჩელეს/მყიდველს უნდა გაუხადოს ნასყიდობის საფასური - 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარი მას შემდეგ, რაც მყიდველი/მოსარჩელე გამყიდველს/მოპასუხეს დაუბრუნებს ნასყიდობის საგანს - ნახატს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი არ მიიღებს შესრულებას - არ დაიბრუნებს ნახატს, მოსარჩელეს შეუძლია იხელმძღვანელოს სსკ-ის 434-ე მუხლის დანაწესით და შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში/დეპონირება. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან (სსკ-ის 434.2-ე მუხლი).

17. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე მოპასუხეს გადასცემს ნახატს ან მოახდენს მის დეპონირებას და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებას მოიპოვებს, მას შეეძლება მოპასუხეს მოსთხოვოს ნასყიდობის საფასურის - 13 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნება. იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე ნებაყოფლობით არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, მოსარჩელეს შეეძლება იხელმძღვანელოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იძულებითი აღსრულების შესახებ.

18. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ნ. ჩ-ის სასარგებლოდ 13 000 (ცამეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა დაეკისროს თ. კ-ს, ამ უკანასკნელისათვის მოსარჩელის მიერ საპასუხო შესრულების განხორციელების, კერძოდ, მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ გადაცემული ფერწერული ნახატის "ზამთარი" 1971 წელი, ტილო, ზეთი, 80X60, დაბრუნების შემდეგ;

5. თ. კ-ს ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროს, პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 683 ლარის, გადახდა;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე