Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1215-1174-2016 5 მაისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ. შ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა და თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ. მ-ე (შემდეგში: მამკვიდრებელი, მოსარჩელის ბებია ან მოპასუხის დედა) გარდაიცვალა 2002 წლის 24 ნოემბერს (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ტ. 2, ს/ფ 25). მისი პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ შვილები: დ. ც-ი (შემდეგში: მოსარჩელის დედა ან მოპასუხის და) და მ. ც-ი (შემდეგში: მოპასუხე ან მემკვიდრე).

2. მამკვიდრებლის სამკვიდროში შედიოდა შემდეგი უძრავი ქონება: ქ. თბილისში შ-ას ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება №70/2, ს/კ 0- (შემდეგში: პირველი უძრავი ქონება); მიწის ნაკვეთი მდებარე გარდაბანში, სოფელი დ-ო, ს/კ 8-- (შემდეგში: მეორე უძრავი ქონება); უძრავი ქონება მდებარე ბორჯომში, დ-ის ქუჩა №6, ს/კ 6--- (შემდეგში: მესამე უძრავი ქონება).

3. მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა მოსარჩელის დედასთან, გარდაცვალების შემდეგ მოპასუხესთან გადაასვენეს (პირველ უძრავ ქონებაში).

4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მოსარჩელის დედას მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების მიზნით ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს, ის 2005 წლის 20 ივნისს გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ტ. 2, ს/ფ 19).

5. მოპასუხემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო დედის სამკვიდრო და მასზე ნოტარიუს ტ. ა-ის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს და 2009 წლის 10 ივნისს გაიცა სამკვიდრო მოწმობები (იხ. სამკვიდრო მოწმებები, ტ. 2, ს/ფ 31-41). უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე აღირიცხა.

6. გ. შ-ამ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 2006 წლის 5 მაისს ნოტარიუს თ. დ-ის მიერ გაცემული სამკვიდროს საფუძველზე მიიღო დედის სამკვიდრო ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ბ-ი, მე-3 კორპუსი, ბინა 32 (იხ. სამკვიდრო მოწმობა, ტ. 2, ს/ფ 21-24).

7. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულმა მოპასუხემ 2008 წლის 13 ნოემბერს მეორე უძრავი ქონება - 2 000 ლარად, ხოლო 2010 წლის 21 სექტემბერს - პირველი უძრავი ქონება 60 000 აშშ დოლარად გაასხვისა (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულებები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, ტ. 2, ს/ფ 47-58).

8. სარჩელის საფუძვლები

8.1. მოსარჩელემ 2014 წლის 11 აგვისტოს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

8.1.1. მოსარჩელის დედის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულად ცნობა;

8.1.2. მოპასუხის მიერ მიღებული სამკვიდრო მოწმებების ½ ნაწილის ბათილად ცნობა;

8.1.3. მესამე უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა;

8.1.4. პირველი და მეორე უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული თანხის ½ ნაწილის (1 000 ლარი და 30 000 აშშ დოლარი) მოპასუხისათვის დაკისრება.

8.2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის დედას მოპასუხის დასთან ცხოვრების დროს თან ჰქონდა კუთვნილი ნივთები: ლოგინის თეთრეული, ლეიბები, საბნები, ასევე, ვერცხლის ჭურჭელი, ნიშნობის ბეჭედი. ამ ნივთებს მოსარჩელის ბებიის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის დედა დაეუფლა. მოსარჩელის დედა მოსარჩელის ბებიის სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგაც ჩადიოდა ბორჯომში (მესამე უძრავ ქონების ადგილსამყოფელი - იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), სადაც მისმა მეუღლემ სარემონტო სამუშაოებიც კი ჩაატარა.

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან აღნიშნა, რომ მოპასუხის დას დედის მემკვიდრეობა არ მიუღია და არც პრეტენზია გამოუთქვამს მის მიღებაზე. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ის მართლზომიერად დაეუფლა უძრავ ქონებას დედის გარდაცვალების შემდეგ.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.2. სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებებად ცნო ამ განჩინების 1-7 ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტები.

10.3. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ მოპასუხის და დედის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდროში შემავალ ნივთებს ან მართავდა დედის სამკვიდროს, ეს არ დადასტურდა არც მოწმეთა ჩვენებებით და არც საქმის სხვა მასალებით.

10.4. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1503-ე მუხლებით, რომელთა თანხმადაც მამკვიდრებლის გარდაცვალებით 2002 წლის 24 ნოემბერს გაიხსნა სამკვიდრო და კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ - მოპასუხე და მოსარჩელის დედა. სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში და ასევე მემკვიდრის მიერ უნდა დადასტურდეს ფაქტი, რომ მან მიიღო მემკვიდრეობა, რაც გამოიხატება შემდეგ მოქმედებებში, სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით სამკვიდროს მიღების შესახებ ან სამკვიდროს ფლობის ან მართვის დაწყებით, რაც გულისხმობს მემკვიდრის ცხოვრებას იმავე საცხოვრებელ სახლში ან გადასახადების გადახდას, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებას, ანუ როდესაც მემკვიდრე არ ფლობს ნივთს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ საკვიდროს თავისად მიიჩნევს. აღნიშნულ შემთხვევაში კი სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ მოსარჩელის დედა დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდროს. საქმის მასალებიდან კი არ იკვეთება, რომ მოპასუხის დამ კანონით დადგენილ ვადაში დედის სამკვიდროს მიღების მიზნით გამოხატა რაიმე ნება და შესაბამისად განახორციელა მოქმედება.

11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

11.1.1. სასამართლო მიკერძოებული და არაობიექტური იყო. აპელანტის მიერ მოწვეული მოწმეები ადასტურებდნენ მოძრავი ნივთების მამკვიდრებლისადმი კუთვნილებას, ხოლო მოპასუხის მოწმეებმა ეს ფაქტი ვერ გააქარწყლეს. მოპასუხის მოწმეები არიან დაინტერესებული პირები - ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილი. სსკ-ის 1421-ე მუხლი სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მოსარჩელის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ;

11.1.2. სასამართლომ მამკვიდრებლის სამკვიდრო მასად მხოლოდ უძრავი ქონება მიიჩნია, რაც არასწორია. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ სამკვიდრო მასაში მოძრავი ნივთებიც შედიოდა, მათ შორის წიგნებიც, რომლებიც მოსარჩელის ბებიას ეკუთვნოდა და ეს ფაქტი მოპასუხემაც დაადასტურა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მისი სამართლებრივი მსჯელობა და დასაბუთება. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე და სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების, ასევე 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 105-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის დის მიერ დედის სამკვიდროს მიღების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ დაძლია, ხოლო მოპასუხის დის მიერ დედის ბეჭდის ტარება ან გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნის განმავლობაში მამკვიდრებლის ყოფნა მოპასუხის დასთან არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო სამკვიდროს მიღების მიზნით გამოვლენილ ნებად. სსკ-ის 1433-ე და 1503-ე მუხლების მიხედვით, რადგან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ბებიის სამკვიდროს მოსარჩელის დედის მიერ მიღების ფაქტი, სადავო ქონება ვერ იქნება განხილული მოსარჩელის დედის სამკვიდრო აქტივად და შესაბამისად მისი შვილის - მოსარჩელის საკუთრებად.

13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

13.1.1. განჩინება მიღებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული და ობიექტური გამოკვლევა-შეფასების გარეშე და დარღვეულია სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

13.1.2. კასატორმა გაიმეორა სააპელაციო საჩივარში დასახელებული პრეტენზიები (იხ. ამ განჩინების 11.2-11.3 ქვეპუნქტები) და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანების თანახმად სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებად ის შემთხვევაც მიიჩნევა, როცა მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი ჰქონდათ. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკუთრივ რეგისტრაცია (ფორმალური მომენტი) სახეზე არ არის, თუმცა, სახეზეა თავად ის ფაქტი, რომ მამკვიდრებელი და მემკვიდრე ფაქტობრივად თანაცხოვრობდნენ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეგისტრაციის ფაქტი.

13.2. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებასა და დასკვნას მოწმეთა ჩვენებების თაობაზე და განმარტავს, რომ მოსარჩელის მხარეზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებით უდავოდ დასტურდებოდა მოსარჩელის დედის მიერ მოსარჩელის ბებიის სამკვიდროს მიღების ფაქტი, რისი გაქარწყლებაც მოპასუხემ ვერ შეძლო.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. აპელანტის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

17. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოსარჩელის დედის მიერ მოსარჩელის ბებიის დანაშთი სამკვიდრო ქონების დაუფლება ფაქტობრივი ფლობით. იმის დასადგენად საფუძვლიანია თუ არა მოსარჩელის მეორე, მესამე და მეოთხე სასარჩელო მოთხოვნები, უნდა შემოწმდეს პირველი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1421-ე მუხლის საფუძველზე.

20. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა დავის საგნის გამოსაკვლევად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა არაკვალიფიციური შედავების ფარგლებში ვერ დასძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები.

21. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულება: სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება (მართვა), ან სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენა. აღნიშნული მოქმედებები განხორციელებულ უნდა იქნას სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ ანუ სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრის ნებას, სურვილს, მიიღოს სამკვიდრო“ (იხ. სუსგ # ას-482-455-2012, 31.05.2012წ).

22. საკასაციო სასამართლო მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) უთითებს, რომ: „სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა)“, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან და არც ამ თვალსაზრისით არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დაშვების საპროცესო კოდექსით დადგენილი წინაპირობა (იხ. სუსგ-ები: N ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; N ას-203-193-2016, 02.06.2016; N ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ);

23. განსახილველ შემთხვევაში იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის დედამ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდროდან კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით მიიღო უძრავი ქონება, რის გამოც მას წარმოეშვა სამკვიდროს ½ წილზე საკუთრების უფლება, მოსარჩელემ ვერ შეძლო საკუთარი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად.

24. კასატორმა საქმეში წარდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მოპასუხის დის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი (სსკ-ის 1421-ე მუხლი), რამაც მოსარჩელის დანარჩენ სამ სასარჩელო მოთხოვნას საფუძველი გამოაცალა.

25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კასატორის მსჯელობაზე, მემკვიდრისა და მამკვიდრებლის ერთი და იმავე რეგისტრაციის ადგილის თაობაზე და განმარტავს, რომ კასატორის მოსაზრება რეგისტრაციის ფორმალურ და მცირე მნიშვნელობად შეფასებასთან დაკავშირებით სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.

26. მოწმეთა განმარტებების გაუზიარებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, მხარეთათვის უზრუნველყოფილია კანონის წინაშე თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე საქმის განხილვა, რაც სამართალწარმოების პროცესში თითოეულ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, მიუთითოს ისეთ ფაქტებზე და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც სარჩელისა თუ შესაგებლის პოზიციას დამაჯერებლად წარმოაჩენს სასამართლოს წინაშე. სასამართლოსათვის კი არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, ამასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევა და შეფასება ერთობლივად ხდება.

27. ზემოხსენებული მოტივაციით არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის საფუძველია სსსკ-ის 391.5 -ე მუხლის თანახმად.

28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. შ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ. შ-ას (პ/ნ 6-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4 196.94 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2017 წლის 1 თებერვალი), 70% – 2 937.85 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე