საქმე №ას-1259-1179-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი–რ. ვ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.-თ.-ჯ. მ-ი კომპანია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მიწის ნაკვეთი, მდებარე გ-ში, სოფელი კ-ი, ს/კ .., რ. ვ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/ფ 20).
2. აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობს ბ.-თ.-ჯ-ის მილსადენის (შემდეგში: მილსადენი) დამცავი ზონა 2-დან 41 მეტრის დაშორებით (იხ. ს/ფ 56).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. მესაკუთრემ 2015 წლის 16 ივლისს სარჩელი აღძრა ბ.-თ.-ჯ-ის მ-ი კომპანიის (შემდეგში: მოპასუხე ან კომპანია) წინააღმდეგ და ამ უკანსკნელისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 26 376 ლარის დაკისრება მოითხოვა.
3.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-2 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ 2004 წელს მოსახლეობას დაურიგდა ბროშურები, სადაც მითითებული იყო, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომლის ნაკვეთიც მილსადენიდან 250 მეტრით იყო დაშორებული, უნდა მიეღო ფულადი კომპენსაცია. მოპასუხემ შეადგინა სია, სადაც მოსარჩელის გვარიც იყო მითითებული, რადგან მისი საკარმიდამო ნაკვეთი მილსადენიდან 41 მეტრითაა დაშორებული.
3.3. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ 1 კვადრატულ მეტრზე გადაიხადა 21.98 ლარი და, ვინაიდან მისი ნაკვეთი 1200 კვ.მ-ს წარმოადგენს, მისთვის მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა 26 376 ლარი, თუმცა, მესაკუთრეს კომპენსაცია არ მიუღია.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ არგუმენტებზე:
4.1.1. კომპანიამ მილსადენის მშენებლობისათვის კერძო მესაკუთრეებისაგან შეისყიდა მიწის ნაკვეთები და კომპენსაცია გადაიხადა მხოლოდ იმ ნაკვეთებისათვის, რომლებიც მილსადენის სამშენებლო დერეფანში მოექცა, მოსარჩელის მიწის ნაკვეთი კი, მილსადენის სამშენებლო დერეფნის გარეთ მდებარეობდა, დამცავი ზონა 2-დან 41 მეტრის დაშორებით, ხოლო მილსადენიდან - 56 მეტრის დაშორებით. ამდენად, მოსარჩელის მიწის ნაკვეთი არ გამოუყენებიათ და არც ამჟამად გამოიყენება მილსადენის მშენებლობისა და შემდეგი ექსპლუატაციის მიზნით. ამიტომ, კომპანიას მოსარჩელის მიმართ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არც მანამდე და არც ახლა არ გააჩნია. კომპანიას კომპენსაცია მოსახლეობისათვის ან მოსახლეობის საერთო სარგებლობისათვის არ გადაუხდია, კომპენსაციები გადახდილია მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იმ მესაკუთრეთათვის, რომელთა მიწის ნაკვეთიც მოექცა მილსადენის სამშენებლო დერეფანში;
4.1.2. არ არის გამოვლენილი არც ვალდებულების დარღვევა (კომპანიას არ გააჩნდა და არც ამჟამად გააჩნია არანაირი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ), არც დელიქტი (კომპანიის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ გამოკვეთილა) და მოპასუხე არ არის ვალდებული, აანაზღაუროს ზიანი, მით უმეტეს, ზიანის დადგომის ფაქტი საერთოდ არ დასტურდება;
4.1.3. მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან, კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით, მოსარჩელემ კომპანიას ჯერ კიდევ 2006 წელს მიმართა, შესაბამისად, ამ დროიდან მისთვის ცნობილი იყო უფლების შესაძლო დარღვევის თაობაზე, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2015 წელს. შესაბამისად, სარჩელის შეტანის მომენტისათვის გასულია ხანდაზმულობის როგორც 3 წლიანი, ასევე 6 წლიანი ვადა, რაც სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საფუძველია (იხ. შესაგებელი - ს/ფ 43-52).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 992-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები მისთვის მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტის დასამტკიცებლად. ასევე, გასულია დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა (სსკ-ის 1008-ე მუხლი).
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
6.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ხანდაზმულობის ფაქტი, რადგან, აპელანტმა მას შემდეგ მიმართა სახელმწიფო ორგანოებს, რაც შეიტყო დარღვეული უფლების შესახებ, რაც სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია;
6.3. კომპანიის მიერ, აპელანტისათვის ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მესაკუთრემ წარადგინა ფოტოები და სხვა მტკიცებულებანი, რომლებითაც დასტურდებოდა კომპანიის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი. კომპანიის მუშაობის პროცესში ზიანი გამოიხატებოდა ვიბრაციით, ბიძგებით, მოძრაობებით, ქვების სროლებით, რომლებმაც აპელანტის სახლი დააზიანა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ან მომეტებული საფრთხის პირობებში, თუნდაც მართლზომიერი ქმედების შედეგად, მოსარჩელის საკუთრების დაზიანების ან/და განადგურების ფაქტის დადასტურება. მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობით, ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ კონკრეტული ღირებულების ქონება განადგურდა და რომ განადგურება, ან განადგურების შესაბამისი ღირებულების დაკარგვა მოპასუხის ქმედებამ გამოიწვია;
7.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომ მილსადენის მდებარეობა არ უზღუდავს აპელანტს საკუთრების უფლებით სარგებლობას. ასევე, არ დასტურდება ის გარემოება, რომ აპელანტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მილსადენის იმ ზონაში, რომელიც შესაბამისი ღირებულების თანხით უნდა შეესყიდა მოწინააღმდეგე მხარეს (კომპენსაციის გაცემა). საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი კომპანიას არ შეუსყიდია და ის ამ დრომდე აპელანტის საკუთრებად ირიცხება;
7.4. სააპელაციო სასამართლომ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებითა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.2. საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 6.2-6.3 პუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.
8.3. 2017 წლის 16 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოწმეთა დაკითხვა იშუამდგომლა. კასატორი აღნიშნავს, რომ არსებობდა სია, სადაც ჩამოთვლილი იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც მოპასუხისაგან კომპენსაცია უნდა მიეღო. კასატორის განმარტებით, ამ სიაში შედიოდა მოსარჩელეც, თუმცა, შემდეგ ის სიიდან ამოიღეს. მესაკუთრე აღნიშნავს, რომ ის სამი წელი ცდილობდა სახელმწიფო ორგანოებთან სიმართლის დადგენას, თუმცა, ვერაფერს გახდა და ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15. კასატორი განმარტავს, რომ სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილი იყო, რადგან მან, დარღვეული უფლების აღსადგენად, სახელმწიფო ორგანოებს მიმართა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულს, რადგან მოსარჩელემ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა, სადაც მას განემარტა, რომ მესაკუთრის მოთხოვნა სამოქალაქო დავის საგანი იყო და პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა (იხ. ს/ფ 22). „სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელებას მხოლოდ მაშინ მოჰყვება ამავე ნორმაში მითითებული სამართლებრივი შედეგი, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული ვადის დენის შეწყვეტაზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ამასთანავე, ნორმით განსაზღვრული შედეგის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია, კრედიტორმა მიმართოს უფლებამოსილ პირს. საქმეში წარმოდგენილი მიმართვებით, რომელთა შეფასაბასაც სადავოდ ხდის კასატორი, ნორმის შემადგენლობა არ დასტურდება“ (იხ. სუსგ ას-960-909-2015, 04.12.15 წ.). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია“ (იხ. სუსგ ას-1586-1489-2012, 22.04.13 წ.).
16. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით მისთვის მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოპასუხის საკუთრებას ზიანი მიადგა და ეს ზიანი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე და სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი სსკ-ის 1008-ე მუხლის შესაბამისად და არ დააკმაყოფილა სარჩელი.
17.კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლო სსსკ-ის 407-ე მუხლით დადგენილი წესით სამართლებრივად აფასებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებს. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, აქედან გამომდინარე, მოწმეთა დაკითხვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობა უსაფუძვლოა.
18. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ განჩინების 8.3 პუნქტში დასახელებულ პრეტენზიაზეც გაამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მხარის შედავება არ დასტურდება საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით და მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
21. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე