Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-2982-შ-79-2017 22 თებერვალი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. ზ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ზ-ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, პრეობრაჟენსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება N2-763/17

დავის საგანი – განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება, მამის თანხმობის გარეშე ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლების მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, პრეობრაჟენსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის N2-763/17 გადაწყვეტილებით შეწყდა 2013 წლის 14 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება ი. ზ-სა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, მოსარჩელე, ბავშვის დედა) და ა. ზ-ს (შემდეგში: მოპასუხე, ბავშვის მამა) შორის;

1.1. არასრულწლოვანი შვილის - დ. ზ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი;

1.2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 2016 წლის 8 ნოემბრიდან დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტის გადახდა შვილის რჩენისათვის, მის სრულწლოვანებამდე;

1.3. დედას მიენიჭა მამის თანხმობის გარეშე ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება;

1.4. მამას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ქ. მოსკოვის ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 12 ივლისს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსარჩელის შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და მოითხოვა რეაგირება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდეგში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად.

3. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, პრეობრაჟენსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის N2-763/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას.

4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული. ამავე განჩინებაში, სპეციალური კანონის 71.3-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხისათვის განმარტებულია მისი უფლებები: გამოთქვას საკუთარი აზრი, ასევე, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, რაც მხოლოდ მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდება.

6. მოპასუხემ წერილობით წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები, რომელშიც მიუთითა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა აღსრულდეს პრეობრაჟენსკის რაიონის სასამართლო, რადგან მას დღემდე არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია, შესაბამისად, არ ჰქონია საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება;

6.1. ასევე, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაშიც, მოპასუხე, რომელიც ლტოლვილია, უმუშევარი, საცხოვრებელი პირობები და არავითარი შემოსავალი არ გააჩნია, ვერ შეძლებს მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის 26 000 (ოცდაექვსი ათასი) რუბლის, რომელიც 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარია, გადახდას, რადგან ამ ოდენობის ხელფასი საქართველოში ცოტას აქვს და არარეალურია არსებული სოციალური ყოფის გათვალისწინებით; საქართველოში საარსებო მინიმუმი 150 (ას ორმოცდაათი) ლარით განისაზღვრება;

6.2. მამა ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის მისი ნებართვის გარეშე საზღვარგარეთ გაყვანას და ამ პოზიციის დაფიქსირების საშუალება რომ მისცემოდა, სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა რუსეთის ფედერაციის სასამართლო.

6.3. მოპასუხე არ ითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული „მინსკის კონვენციისა“ და სპეციალური კანონის მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, პრეობრაჟენსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის N2-763/17 გადაწყვეტილება.

7. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საფუძველზე ირკვევა, რომ არასრულწლოვანის დედის მიერ წარდგენილ სარჩელს ფაქტობრივ საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომ:

7.1. 2015 წლის 21 იანვრიდან მეუღლეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ხოლო იმავე წლის 5 აგვისტოდან ფაქტობრივად შეწყდა მათ შორის საქორწინო ურთიერთობა. ამის შემდეგ მოპასუხე გაემგზავრა და მხარეები განცალკევებით ცხოვრობენ;

7.2.მოპასუხე ყურადღებას არ აქცევს ოჯახს, მხარეებს აღარ აქვთ საერთო მეურნეობა და ბიუჯეტი;

7.3. ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობს და მის კმაყოფაზე იმყოფება;

8. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს (არასრულწლოვანის მამას) კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ, კერძოდ, სასამართლო შეტყობინება დაბრუნდა აღნიშვნით: „შენახვის ვადის ამოწურვის გამო“, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თავის წერილობით პასუხში მხოლოდ იმას უთითებს, რომ მას არ ჩაბარებია შეტყობინება სათანადო წესით, თუმცა, საკუთარი პოზიციის დასამკიცებლად არ წარმოუდგენია დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებაში მხარის ჯეროვანი ინფორმირების თაობაზე მითითებულ გარემოებას საეჭვოს გახდიდა (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი)

8.1. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია: იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეობრაჟენსკის რაიონის სასამართლომ მიიღო ზომები მოპასუხის შეტყობინებისათვის მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო საქმის განხილვის გადადება რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის საფუძველზე, გამოიწვევდა საქმის გონივრულ ვადებში განხილვაზე მოსარჩელის უფლების დარღვევას, სასამართლომ დასახელებული კოდექსის 167-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლებლად მიიჩნია საქმის განხილვა მოპასუხის დასწრების გარეშე.

9. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

10. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

11. საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის „მინსკის კონვენციის“ 53-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.

12. ამ განჩინების 6.1 ქვეპუნქტში ასახული მოპასუხის წერილობითი პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელის მიხედვით მოქმედი სამართლით არის მიღებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულებაა მოთხოვნილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს რუსეთის ფედერაციაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დანაწესის მიხედვით.

13. ამ განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.

14. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „მინსკის კონვეციისა“ და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს ი. ზ-ის შუამდგომლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის, პრეობრაჟენსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის N2-763/17 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე:

2.1. შეწყდა საქართველოში, სიღნაღის რაიონის სამოქალაქო რეესტრში 2013 წლის 14 ოქტომბერს # 49133000449 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება ა. ზ-სა და ი. ზ-ს (ლ-ას) შორის;

2.1.1.ქორწინება შეწყვეტილად იქნა მიჩნეული ქ. მოსკოვის, პრეობრაჟენსკის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის N2-763/17 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

2.2. არასრულწლოვანი დ. ა-ს ძე ზ-ის /დაბადებულის 21.01.2015წ./ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ი. ზ-ის საცხოვრებელი ადგილი;

2.3. ა. ზ-ს /დაბადებულს 08.08.1991წ./, მცხ. საქართველოში, ქ. ოჩამჩირე, ი. ვ-ის ასული ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი დ. ა-ს ძე ზ-ის /დაბადებულის 21.01.2015წ./ სარჩენად, რაც შეადგენს 26 318 (ოცდაექვსი ათას სამას თვრამეტი) რუბლს, რაც არის ქ. მოსკოვში ბავშვებისათვის დაწესებული საცხოვრებელი მინიმუმის ორმაგი ოდენობა და აითვლება 2016 წლის 8 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, თანმდევი ინდექსაციის გათვალისწინებით, ქ. მოსკოვში ბავშვებისათვის დადგენილი საცხოვრებელი მინიმუმის კანონით დადგენილი ოდენობის გაზრდის პროპორციულად;

2.4. აღიარებულ იქნა არასრულწლოვანი დ. ა-ს ძე ზ-ის /დაბადებულის 21.01.2015წ./ უფლება, დროებით გაემგზავროს რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ - ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის შენგენის ხელშეკრულების ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებში, თურქეთში, ტაილანდში, ჩინეთში, დომინიკელთა რესპუბლიკაში, აშშ-ში, კანადაში, კუბის რესპუბლიკაში, ისრელში - დასასვენებლად კანონიერი წარმომადგენლის - ი. ვ-ის ასული ზ-ის თანხლებით, გამგზავრებაზე მამის - ა. ზ-ის თანხმობის გარეშე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე