Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1352-1272-2017 22 იანვარი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ა. გ-ე, მ. შ-ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ჯ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ა. გ-ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კერძო საჩივრის ავტორი) და მ. შ-ას (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა შესაგებელი განუხილველად იქნა დატოვებული.

3. მოპასუხეებმა საჩივრით გაასაჩივრეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

5. აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მათი გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, განუხილველი დარჩა.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 231-ე, 276-ე-278-ე, 70-78-ე მუხლებით და მიუთითა, რომ 2017 წლის 3 ოქტომბერს 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე. სასამართლოსათვის მხარეთა გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების თაობაზე არ იყო ცნობილი. ისინი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებულნი იყვნენ სხდომის თარიღის შესახებ, თუმცა, მათ სხდომის გადადებაც არ მოუთხოვიათ, რის გამოც, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

8. აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

9. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, 2017 წლის 26 სექტემბერს დანიშნული სასამართლო სხდომა (იმავე მხარეებს შორის), სასამართლოს არასრული შემადგენლობის გამო გადაიდო იმავე წლის 3 ოქტომბერს 16:00 საათისათვის. აღნიშნულ სხდომაზე აპელანტთა წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა, რომ 2017 წლის 3 ოქტომბერს 15:00 საათზე ის, როგორც ადვოკატი, უნდა დასწრებოდა სხვა სასამართლო სხდომას და ითხოვა სხდომის ერთი ან ნახევარი საათით გადატანა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. 2017 წლის 3 ოქტომბერს 15:00 საათზე ჩანიშნული სხდომა მოსამართლე ი. წიკლაურთან, რომელზედაც აპელანტთა წარმომადგენელი სხვა საქმეზე მონაწილეობდა, დაიწყო 28 წუთის დაგვიანებით (იხ. მოსამართლე ვ. წიკლაურთან 03.10.2017წ. სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი დისკით და მოსამართლე ლ. გვარამიასთან 03.10.2017წ. სხდომის ოქმი -ტ.2., ს.ფ. 101-107) და აპელანტთა წარმომადგენელი და მისი კოლეგები ცდილობდნენ მოსამართლე ლ. გვარამიას თანაშემწესთან დაკავშირებას, რათა გაეფრთხილებინათ ის მოსამართლე ვ. წიკლაურთან მიმდინარე პროცესის გამო მოსამართლე ლ. გვარამიასთან იმავე დღის 16.00 სთ-ზე დანიშნულ სხდომაზე დაგვიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.

9.1. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, მოსამართლე ვ. წიკლაურთან სასამართლო პროცესის დაწყებიდან დაახლოებით 50 წუთის შემდეგ (იხ.ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ოქმის აუდიო ჩანაწერი - 49:24-დან), სხდომის დარბაზის კარი შეაღო მოსამართლე ლ. გვარამიას თანაშემწემ და იკითხა, იმყოფებოდნენ თუ არა მოსამართლე წიკლაურთან მიმდინარე სხდომაზე მოსამართლე გვარამიასთან დანიშნულ სხდომაზე მიწვეული მხარეები. კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამო არ დატოვა სხდომის დარბაზი და თანაშემწეს მიაძახა ,,აქ ვართ, ამბროს’’, რაც, კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, აუდიოჩანაწერშიც ისმის (იხ. დისკი აუდიოჩანაწერით). ლ. გვარამიას თანაშემწემ დაინახა აპელანტის ადვოკატი და ხმაც გაიგო, რის შემდეგად სხდომის დარბაზი დატოვა. აღნიშნულიდან დაახლოებით, 10 წუთის გასვლის შემდეგ, მოსამართლე წიკლაურთან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, აპელანტთა წარმომადგენლები ავიდნენ 16:00 საათზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასასწრებად, სადაც არავინ დახვდათ, ხოლო 5-10 წუთის შემდეგ, მოსამართლე ლ. გვარამიას თანაშემწემ მათ აუწყა, რომ საქმეზე მიღებული იყო განჩინება მხარეთა გამოუცხადებლობის გამო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელი არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ სასამართლოსათვის მხარეთა გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ ცნობილი არ იყო.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინება (როგორც კანონდარღვევით მიღებული) და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვთ წარმოდგენილი.

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ საოქმო განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

15.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა აპელანტთა წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სსსკ-ის 215-ე მესამე ნაწილის მოთხოვნას, რომლითაც დადგენილია: „ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.

15.2. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია აპელანტთა წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობა და ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კერძო საჩივარზე თანდართულ იმ სხდომის ოქმზე, რომელიც 2017 წლის 3 ოქტომბრის 15:00 საათზე იყო დანიშნული და რეალურად 15:28 საათზე დაიწყო /მოსამართლე ვ. წიკლაურთან/ და რომელშიც საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის მხარეთა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

15.3. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერის დეტალურად გაცნობის შემდეგ დადგენილად მიიჩნევს აპელანტთა წარმომადგენლის განმარტებას, რომ ვ. წიკლაურთან მიმდინარე სხდომაზე ისმის მამაკაცის ხმა, რომელმაც მოიკითხა „შ-ას საქმეზე აქ ხომ არ არიან?“, რასაც მოჰყვა პასუხი: „აქ ვართ“, შემდეგ ქალბატონების ხმა: „ჩვენი საქმეა“ და ისევ, მამაკაცის ხმა „ხო, ჩვენ ერთად ვართ“ (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული სხდომის ოქმი - 16:17:45-16:17:58).

15.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის პრეტენზიას, რომ აპელანტთა წარმომადგენელს სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი ჰქონდა სხდომაზე გამოუცხადებლობისათვის. კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი გამოწვეული იყო სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცხადია, ერთსა და იმავე დროს ორ სხვადასხვა სხდომაზე ერთდროულად გამოცხადება ფიზიკურად შეუძლებელია. საყურადღებოა, ის გარემოებაც, რომ საქმის განმხილველ მოსამართლეს ჯერ კიდევ 26 სექტემბრის სხდომაზე, რომელიც სასამართლოს არასრული კოლეგიური შემადგენლობის გამო გადაიდო 3 ოქტომბერს, ზეპირსიტყვიერად აცნობა აპელანტის წარმომადგენელმა იმავე დღეს სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის თაობაზე; ამგვარი პრეზუმფციის დაშვება განპირობებულია არა მხოლოდ კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტების (იხ. ტ. 2. ს.ფ.108-112), არამედ იმის გამო, რომ მოსამართლე ლ. გვარამიას თანაშემწემ მხარეთა წარმომადგენლები „შ-ას საქმეზე“ სწორედ სასამართლო სხდომის იმ დარბაზში მოიკითხა, სადაც სხდომას ატარებდა მოსამართლე ვ. წიკლაური და აპელანტის წარმომადგენელი სწორედ ამ სხდომაზე იმყოფებოდა.

15.5. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სააპელაციო სასამართლომ მხარეს სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ჩაუთვალა, განმარტა: „სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ პროცესის ხანგრძლივობისა და მანძილის გათვალისწინებით, მხარეს შეეძლო მოესწრო ორივე სხდომაზე დასწრება და უფრო მეტიც, შესაძლო დაგვიანების შემთხვევაში, თანაშემწესთან კომუნიკაციის შედეგად, სასამართლო 15-40 წუთით გადადებდა სხდომას (იხ. ამ განჩინების 12.3 ქვეპუნქტი), დაუსაბუთებელი ვარაუდია, რომელიც არ გამომდინარეობს კანონის დანაწესიდან და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის მიზნებიდან; სასამართლოს ამგვარი მსჯელობა არ ემსახურება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ინტერესებს, რადგან არათუ დამკვიდრებული პრაქტიკა, არამედ სასამართლოს სხდომათა განრიგი, რომელიც წინასწარ იგეგმება ყოველი სხდომისათვის და რომლის თაობაზეც ინფორმირებული არიან მხარეები, ობიექტურად არ იძლევა შესაძლებლობას, სასამართლომ 15-40 წუთით გადადოს სხდომა, თუკი საამისოდ რაიმე განსაკუთრებული, ობიექტური და საპატიო მიზეზი არ არსებობს, ასეთი საგამონაკლისო შემთხვევა კი, უნდა დასაბუთდეს მოქმედი კანონმდებლობით“ (იხ. სუსგ ას-642-608-2015, 2015 წლის 19 ნოემბერი).

15.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს თითოეული მხარისათვის გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული უფლების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას, რაშიც უთუოდ იგულისხმება სასამართლო სხდომაში /მისი ჩატარების თარიღისა და დროის განსაზღვრის ჩათვლით/ მხარის მონაწილეობის ხელმისაწვდომობა. იმ პირობებში, როდესაც მხარე /მისი წარმომადგენელი/ უთითებს სხვა სასამართლო სხდომაში მონაწილეობის გამო სასამართლოს მიერ დასანიშნ სხდომაში მონაწილეობის შეუძლებლობას და ითხოვს სხდომის თარიღის ან დროის იმგვარად განსაზღვრას, რომ შეძლოს უკვე დანიშნულ სხდომაში მონაწილეობა, რაც მხარის/წარმომადგენლის ვალდებულებაა, ამასთან, დასანიშნ სხდომაზე გამოცხადების ვალდებულების შესრულება, სასამართლოსაც, თავის მხრივ, ეკისრება ვალდებულება, რომ გამონახოს გონივრული თარიღი და დრო სხდომის განსაზღვრისათვის, როგორც სასამართლო სხდომების განრიგის, ისე მხარეთა გამოცხადების შესაძლებლობის გათვალისიწნებით.

15.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა“ (იხ. სუსგ # ას-1542-1445-2012, 02.05.2013). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სამართლებრივად ვარგისი და სარწმუნო მტკიცებულებით- სასამართლო სხდომის ოქმის საფუძველზე დაასაბუთა მის კერძო საჩივარში მითითებული პრეტენზიების დასაბუთებლობა, რაც საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, სავსებით ლოგიკურად, ფაქტობრივად და სამართლებრივად ამტკიცებს მხარის პოზიციას, რომ მას საპატიო მიზეზით არ შეეძლო სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბერს 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გამოცხადება, რადგან იმავე სასამართლოში, იმავე დღეს, 15 საათზე მონაწილეობდა სხვა სასამართლო სხდომაზე, ხოლო აღნიშნული სხდომა 28 წუთის დაგვიანებით დაიწყო, ხოლო მისი მიმდინარეობის დროს, მოსამართლე ლ. გვარამიას თანაშემწემ სწორედ იმ სასამართლო დარბაზში მოიკითხა კონკრეტულ საქმეზე მონაწილე მხარეები, სადაც აპელანტთა წარმომადგენელი მონაწილეობდა მოსამართლე ვ. წიკლაურთან 3 ოქტომბერს, 15 საათზე დანიშნული სხდომაზე, რომლის თაობაზეც მხარემ წინასწარ - 26 სექტემბერს აცნობა მოსამართლე ლ. გვარამიას და სთხოვა იმავე დღეს დასანიშნი სხდომის, 16:00 საათის ნაცვლად, ცოტა მოგვიანებით დანიშვნა. საწინააღმდეგო მსჯელობისა და დასკვნის შესაძლებლობა გამორიცხულია კერძო საჩივრის ავტორის მტკიცების ტვირთის გათვალისწინებით, რომელიც ამ უკანასკნელმა წარმატებით დასძლია.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. გ-ისა და მ. შ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე