Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1398-1318-2017 20 თებერვალი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ი, ნ. ს-ი, ჯ. ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი ნ. ს-ის, ნ. ს-ისა და ჯ. ს-ას მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ. გ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, მხარის გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ას კერძო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან, 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ნ. გ-ას წარმომადგენელს, მ. ლ-ს, ჩაბარდა 2017 წლის 5 დეკემბერს.

2017 წლის 13 დეკემბრეს უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა, მ. ლ-მა, და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, თუმცა საფოსტო კონვერტით ვერ დადგინდა, თუ როდის ჩააბარა აღნიშნული განცხადება კერძო საჩივრის ავტორმა ფოსტას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დოკუმენტი, რომელზეც აღნიშნული იქნებოდა ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩააბარა ფოსტას განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2017 წლის 26 დეკემბერს.

2018 წლის 29 იანვარს ფოსტის მეშვეობით კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა საფოსტო ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე ხარვეზის გამოსწორების შესახებ განჩინება ჩააბარა 12 დეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ნ. გ-ას დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 5 დეკემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ მ. ლ-ს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.

დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ნ. გ-ასთვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 6 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 11 დეკემბერს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი მან საქართველოს ფოსტას 2017 წლის 12 დეკემბერს ჩააბარა, ანუ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ნ. გ-ას (პ/ნ 1-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ზ-ის (პ/ნ 1-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ოცდახუთი) ლარი (საგადახდო დავალება №1 გადახდის თარიღი 2017 წლის 11 დეკემბერი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი