საქმე №ას-340-340-2018 19 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ი. ხ-ე, ო. კ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ხ-ის და ო. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, როგორც ძირითად, ასევე - დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში. იმავე საჩივრით მოპასუხეებმა იშუამდგომლეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების - ქონების აუქციონზე რეალიზაციის შეჩერების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის და ო. კ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდოექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დააყენეს ამავე გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში, რომლითაც გასაჩივრებული იყო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კერძო საჩივრის წარდგენისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ 12 დღიან ვადაში, ამასთან, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტზე (გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად) არ არის გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე თავისი არსით წარმოადგენს დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარს, ხოლო შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ დაყენებულ იქნა კერძო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე, 418-ე მუხლების ანალიზიდან, რომელთა შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას; ხოლო გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების კანონიერებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების შესახებ. გამომდინარე აქედან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს მიღებული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ი. ხ-ის და ო. კ–ის კერძო საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე, 396-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. ხ-ის და ო. კ–ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური