Facebook Twitter

საქმე №ა-1071-შ-29-2017 9 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ბ. ო. ტ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით ი. მ-ს გ. ბ. ო. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, „მერსედეს ვიტოს" მარკის --- სარეგისტრაციო ნომრის მქონე ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის სახით, 12 000 (თორმეტი ათასი) მანათისა და გადახდილი სახელმწიფო საზღაურის 24 (ოცდაოთხი) მანათის გადახდა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 14 მარტის №1441 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, გ. ტ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც საქართველოს მოქალაქეს ი. მ-ს დაეკისრა თანხის გადახდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით გ. ბ. ო. ტ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. დადგინდა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ი. მ-ისთვის გაგზავნა.

4. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების, ასევე, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარე ი. მ-ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – საგარეჯოს რაიონი, სოფელი ---. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად, ერთ შემთხვევაში, მითითებული იყო იმ გარემოებაზე, რომ ადრესატი სოფელში არ მოიძებნა, ხოლო მეორე შემთხვევაში - დამატებით იმ გარემოებაზე, რომ მითითებული სახელისა და გვარის პიროვნებას სოფელ ---ს მაცხოვრებლები არ იცნობდნენ.

5. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ი. მ-ისთვის (მისამართი: საგარეჯოს რაიონი, სოფ. ---) გ. ბ. ო. ტ-ის შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინების ასლების ჩაბარება.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს ი-ს პოლიციის განყოფილების უფროსის გ. მ. 2017 წლის 30 ნოემბრის წერილით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ აღნიშნული პიროვნება სასამართლო გზავნილში მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს ვერ ჩაბარდა გზავნილი. წერილს თან ახლდა 2017 წლის 30 ნოემბრის ბინაზე შემოწმების ოქმი, რომლის თანახმად, საგარეჯოს რაიონის სოფელ ---ში, ი. მ-ის საცხოვრებელ მისამართზე მისვლისას თავად ი. მ-ი საცხოვრებელ სახლში არ იმყოფებოდა, დედამისის - ა. კ-ის განმარტებით, მას თავისი შვილი ი., ოთხი წელია, არ უნახავს და არც ამჟამინდელი ადგილსამყოფელია მისთვის ცნობილი. შესაბამისად, აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ბ. ო. ტ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

14. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით ი. მ.-ს გ. ბ. ო. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, „მერსედეს ვიტოს" მარკის --- სარეგისტრაციო ნომრის მქონე ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის სახით, 12 000 (თორმეტი ათასი) მანათისა და გადახდილი სახელმწიფო საზღაურის 24 (ოცდაოთხი) მანათის გადახდა; აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 29 სექტემბერს და არ აღსრულებულა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე; შუამდგომლობიდან და ასევე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2017 წლის 29 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ ი. მ-ი საქართველოს მოქალაქეა.

15. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.

16. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებები, იმათ გარდა, რომლებიც გამომდინარეობენ ხელშეკრულებებიდან და სხვა მართლზომიერი მოქმედებებიდან, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. აღნიშნულ საქმეებში კომპეტენტურია იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. დაზარალებულს შეუძლია აგრეთვე სარჩელი წარუდგინოს იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც საცხოვრებელი ადგილი აქვს მოპასუხეს.

17. განსახილველ შემთხვევაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინებიდან ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის შედეგადაც წარმოიშვა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ადგილი ჰქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლო უფლებამოსილი იყო, დაზარალებულის - გ. ბ. ო. ტ-ის სარჩელის საფუძველზე, განეხილა მხარეთა შორის წარმოშობილი დავა.

18. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.

19. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 42-ე და 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ბ. ო. ტ-ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს იასამალის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინება, რომლითაც ი. მ-ს გ. ბ. ო. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, „მერსედეს ვიტოს" მარკის --- სარეგისტრაციო ნომრის მქონე ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის სახით, 12 000 (თორმეტი ათასი) მანათისა და გადახდილი სახელმწიფო საზღაურის 24 (ოცდაოთხი) მანათის გადახდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე