Facebook Twitter

საქმე №ა-4104-შ-108-2017 15 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. დ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები – კ. მ-ი, ჟ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქე ა. დ–ი ცნობილ იქნა საფრანგეთის მოქალაქე ჟ. მ-ისა და გერმანიის მოქალაქე კ. მ-ის საერთო შვილად და მიენიჭა გვარი მ-ი დ-ი.

2. ა. დ-ის წარმომადგენელმა მ. მ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ა. დ–ი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ა. დ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობა და თანდართული მასალები მოწინააღმდეგე მხარეებს გაეგზავნათ 2017 წლის 5 დეკემბერს და ჩაბარდათ 2017 წლის 11 დეკემბერს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდათ აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავიანთი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მათ შეეძლოთ მოეთხოვათ საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მათ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამთ, ასევე, არ მოუთხოვიათ საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, ა. დ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილად აყვანისას დაცულია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და 52-ე მუხლების მოთხოვნები საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის დადგენისა და გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე.

7. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქე ა. დ–ი ცნობილ იქნა საფრანგეთის მოქალაქე ჟ. მ-ისა და გერმანიის მოქალაქე კ. მ-ის საერთო შვილად და მიენიჭა გვარი მ-ი დ-ი. ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ა. დ–ი საქართველოს მოქალაქეა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, 52-ე და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. დ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბად ზობერნჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქე ა. დ–ი ცნობილ იქნა საფრანგეთის მოქალაქე ჟ. მ-ისა და გერმანიის მოქალაქე კ. მ-ის საერთო შვილად და მიენიჭა გვარი მ-ი დ–ი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე