საქმე №ა-4490-შ-113-2017 12 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ქ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ს–ის შუამდგომლობა და ჰაჯათთეფეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაავადებათა განყოფილების მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე დადგინდა მხარეთა საერთო შვილის - ო. ს–ის (დაბადების თარიღი …) დროებითი მეურვეობის გადაცემა ბავშვის მამისთვის - ვ. ს-ისთვის, ასევე მისთვის ბავშვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის გადაცემა; მოწინააღმდეგე მხარეს, ბავშვის დედას, ა. ქ-ს, მიეცა ბავშვთან პიროვნული ურთიერთობის დამყარების უფლება ყოველი თვის პირველი და მე-3 კვირის ბოლოს, შაბათს 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე; შეწყდა ალიმენტის გაცემა, რომლის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ანკარის მე-2 საოჯახო სასამართლომ განჩინება №2012/867-ით საქმეზე 2012/1090; დადგინდა ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვასთან დაკავშირებით პოლიციის გენერალური სამმართველოსთვის შეტყობინების გაგზავნა, აგრეთვე, ბავშვისთვის პედაგოგის, ფსიქოლოგის ან/და სპეციალისტის კონსულტაციის გაწევა, რასთან დაკავშირებითაც დადგინდა ოჯახისა და სოცუზრუნველყოფის შესაბამისი საქალაქო სამსახურისთვის შეტყობინების გაგზავნა და სასამართლოსთვის შესაბამისი ცნობების მიწოდება.
2. ვ. ს-ის წარმომადგენელმა ე. ბ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ბავშვის მეურვეობის შეცვლასთან დაკავშირებით.
3. შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ ბავშვისა და მისი დედის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელია საქართველოში. ამასთან, ბავშვის დედა ყოველმხრივ უშლის ხელს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და ნებაყოფლობით არ გადასცემს ბავშვზე მეურვეობას მამას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 3 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში წარმოედგინა: (ა) თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი, რომლითაც დადასტურდებოდა დედანთან მისი იდენტურობა; (ბ) ცნობა იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; (გ) ცნობა იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, 2017 წლის 29 ნოემბერს, შუამდგომლობის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილების სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომლითაც დასტურდება დედანთან მისი იდენტურობა.
6. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნილ ორ დოკუმენტს - ცნობას იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ცნობას იმის შესახებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორმა ითხოვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაგრძელება 15 დღით, გამომდინარე იქედან, რომ, მისი განმარტებით, აღნიშნული ცნობების მიღებასა და დამოწმებას დამატებითი დრო სჭირდებოდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ვ. ს–ის წარმომადგენლის ე. ბ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; ვ. ს–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: (ა) ცნობა იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; (ბ) ცნობა იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად; შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.
8. აღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2017 წლის 5 დეკემბერს. მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2017 წლის 20 დეკემბრის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ს–ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა 2017 წლის 5 დეკემბერს. ამასთან განემარტა რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა, თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2017 წლის 20 დეკემბრის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
15. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ს–ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ს–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის შუალედური გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური