საქმე №ა-4714-შ-118-2017 12 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. დ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ესპანეთის, მადრიდის პირველი ინსტანციის №85 სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის №00300/2010 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ესპანეთის, მადრიდის პირველი ინსტანციის №85 სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის №00300/2010 გადაწყვეტილებით ს. ლ-სა და თ. დ–ს შორის საქართველოში 2000 წლის 26 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა, ასევე განისაზღვრა მათი საერთო მცირეწლოვანი შვილის მეურვეობის, ალიმენტის და ბავშვთან ურთიერთობის საკითხები.
2. ს. ლ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ესპანეთის, მადრიდის პირველი ინსტანციის №85 სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის №00300/2010 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
3. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლიდან ირკვევა, რომ ს. ლ-ი საქართველოს მოქალაქეა.
4. ესპანეთის, მადრიდის პირველი ინსტანციის №85 სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის №00300/2010 გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ს. ლ-ის შუამდგომლობა ესპანეთის, მადრიდის პირველი ინსტანციის №85 სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის №00300/2010 გადაწყვეტილების ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა 2018 წლის 22 იანვარს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. ლ-ის შუამდგომლობა ესპანეთის, მადრიდის პირველი ინსტანციის №85 სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის №00300/2010 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ესპანეთის, მადრიდის პირველი ინსტანციის №85 სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის №00300/2010 გადაწყვეტილებით ს. ლ-სა და თ. დ–ს შორის საქართველოში 2000 წლის 26 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა; აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში; შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლიდან ირკვევა, რომ ს. ლ-ი საქართველოს მოქალაქეა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ესპანეთის, მადრიდის პირველი ინსტანციის №85 სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის №00300/2010 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე იმ ნაწილში, რომლითაც ს. ლ-სა და თ. დ–ს შორის საქართველოში 2000 წლის 26 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ლ-ის შუამდგომლობა ესპანეთის, მადრიდის პირველი ინსტანციის №85 სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის №00300/2010 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მეუღლეთა განქორწინების ნაწილში ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ესპანეთის, მადრიდის პირველი ინსტანციის №85 სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის №00300/2010 გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ლ-სა და თ. დ–ს შორის საქართველოში 2000 წლის 26 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე