№ა-1516-ბ-8-2017 20 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - ბ. დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით აპელანტ შ. ბ-ის წარმომადგენლის რ. შ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა საქმის წარმოება შ. ბ-ისა და ბ. დ–ის სააპელაციო საჩივრების გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე, შ. ბ-ის სარჩელის გამო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ (საქმე #3/5892-15) საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. დ–ის წარმომადგენელმა კ. ფ–მა, ასევე შპს „ტ-ის", მ. ფ-ასა და მ. ც-ის წარმომადგენელმა ს. ფ–მა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
4. 2017 წლის 13 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ტ-ის“ (დირექტორი ბ. დ-ი) წარმომადგენელმა ს. ფ–მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ არასწორად აითვალა კერძო საჩივრის წარდგენის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული 12-დღიანი ვადა და განუხილველად დატოვა მის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივარი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ტ-ის“, მ. ფ-ასა და მ. ც-ის წარმომადგენელ ს. ფ–ს ჩაბარდა 2016 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო ბ. ფ–ის წარმომადგენელს, კ. ფ–ს - 2016 წლის 24 ოქტომბერს. განმცხადებლის აზრით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ შპს „ტ-ის“, მ. ფ-ასა და მ. ც-ის წარმომადგენელ ს. ფ–ს სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 22 ოქტომბერს, არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ს. ფ–ს საერთოდ არ ჩაბარებია აღნიშნული განჩინება. 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინება ამავე წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა ს. ც-ეს შემდეგ მისამართზე: დაბა ჩაქვი, ა-ის ქ. #-. ს. ც-ე კი არ არის ს. ფ–ის ოჯახის წევრი და არ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე. მისი მოსაზრებით, გზავნილის ს. ც-ისთვის ჩაბარებისას ფოსტის წარმომადგენლის მიერ დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და მითითებული იქნა ს. ფ–ის მისამართი, რაც ცხადყოფს, რომ გზავნილი არ არის ჩაბარებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებლის აზრით, არსებობს მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
7. 2017 წლის 11 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ბ. დ–მა, რომელმაც განმარტა, რომ საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ 2017 წლის 13 აპრილს წარდგენილ განცხადებაში ავტორად, ნაცვლად ფიზიკური პირის, ბ. დ–ისა, შეცდომით მითითებულია შპს „ტ-ი“. განმცხადებლის მოსაზრებით, იმ ადმინისტრაციულ საქმეზე (შ. ბ-ის სარჩელის გამო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ (საქმე #3/5892-15)), რომლის განხილვამდეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა შ. ბ-ის სარჩელზე საქმის წარმოება, ფიზიკური პირი, ბ. დ–ი საერთოდ არ წარმოადგენს მხარეს. შესაბამისად, წარდგენილი განცხადების ავტორია არა შპს „ტ-ი“, არამედ ფიზიკური პირი, ბ. დ–ი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ბ. დ–ის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. დ–ის მოთხოვნა საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
11. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში. კერძოდ, ამ ნორმის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
12. განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, შპს „ტ-ის“, ბ. დ–ისა და მ. ც-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევა. განცხადების ავტორი, ბ. დ–ი საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის არასწორად ათვლას. განმცხადებლის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომელზეც წარდგენილი იქნა კერძო საჩივარი, შპს „ტ-ის“ წარმომადგენელს, ს. ფ–ს არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. შესაბამისად, მისთვის გზავნილის ჩაბარებიდან არ უნდა ათვლილიყო კერძო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა.
13. განმცხადებლის ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განცხადების ავტორი მოცემულ შემთხვევაში არის არა შპს „ტ-ის“ დირექტორი ბ. დ–ი, არამედ ფიზიკური პირი ბ. დ–ი (იხ. დაზუსტებული განცხადება, ტ. 13. ს.ფ. 213-215). შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ წარდგენილი განცხადების მოთხოვნის ფარგლებში და შეაფასოს ბ. დ–ის, როგორც ფიზიკური პირის, მოთხოვნის საფუძვლიანობა გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით.
14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შ. ბ-ის შუამდგომლობა და შეჩერდა საქმის წარმოება სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე (შ. ბ-ის სარჩელის გამო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ (საქმე #3/5892-15)) მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იხ. ტ. 13, ს.ფ. 87-100). აღნიშნული განჩინების ასლები გაეგზავნათ მოწინააღმდეგე მხარეებს ბ. დ-ს და მის წარმომადგენელს, კ. ფ–ს, შპს „ტ-ის“ წარმომადგენელს, ს. ფ–ს, ასევე მ. ფ-ასა და მ. ც-ეს (იხ. ტ. 13, ს.ფ. 139-143). ამრიგად, დადგენილია, რომ ს. ფ–ს ზემოაღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა და ჩაბარდა როგორც შპს „ტ-ის“ წარმომადგენელს და არა როგორც ბ. დ-ის წარმომადგენელს, ხოლო კ. ფ–ს აღნიშნული განჩინება ჩაბარდა, როგორც ბ. დ–ის წარმომადგენელს. ასევე დადგენილია, რომ უზენაეს სასამართლოში წარდგენილ კერძო საჩივარს ხელს აწერს კ. ფ–ი, როგორც ბ. დ–ის წარმომადგენელი და ს. ფ–ი, როგორც შპს „ტ-ის“, მ. ფ-ასა და მ. ც-ის წარმომადგენელი (იხ. ტ. 13, ს.ფ. 129-130).
15. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ ს. ფ–ი იყო შპს „ტ-ის“ წარმომადგენელი, ბ. დ–ის ინტერესებს კი სასამართლოში იცავდა კ. ფ–ი, განცხადების ავტორის, ბ. დ–ის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ ს. ფ–ისათვის გზავნილის სათანადო წესით ჩაუბარებლობის მოტივით საკასაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, უსაფუძვლოა და არ შეიძლება გაზიარებულ იქნას.
16. თუმცა იმ პირობებშიც კი, თუ ს. ფ–ი მიიჩნეოდა ბ. დ–ისათვის გაგზავნილი განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული არგუმენტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დარღვევით გზავნილის ადრესატისთვის (ს. ფ–ისთვის) ჩაბარების თაობაზე უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კერძოდ, განცხადების ავტორის განმარტებით, ს. ფ–ს საერთოდ არ ჩაბარებია სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინება. მოცემული განჩინება დაბა ჩაქვში, ა–ის ქ. #--ში ჩაბარდა ს. ც-ეს, რომელიც არ არის ს. ფ–ის ოჯახის წევრი და არ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე. გზავნილის ს. ც-ისთვის ჩაბარებისას ფოსტის წარმომადგენელმა დაუშვა მექანიკური შეცდომა და მიუთითა ს. ფ–ის მისამართი, რაც გზავნლის სასამართლოს მიერ სათანადო წესით ჩაუბარებლობას ადასტურებს. განმცხადებელი თავისი არგუმენტის გასამყარებლად განცხადებას ურთავს ამომრჩეველთა სიის გადამოწმების მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის - ცესკოს - ვებ-გვერდზე შექმნილ ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან ამობეჭდილ ინფორმაციას, სადაც მითითებულია ს. ფ–ის რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი და აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული პირები, ასევე ს. ც-ის საცხოვრებელი მისამართი.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით განსაზღვრულია სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესები და ამომწურავადაა რეგულირებული სასამართლო კორესპოდენციის მიღება-გაგზავნის წესები. ამავე თავის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სასამართლო შეტყობინების ზოგადი წესი და დადგენილია, რომ მხარე ინფორმირებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება ჩაბარდა მას პირადად ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის ზოგადი ანალიზიდან გამომდინარე, მოდავე სუბიექტს კანონმდებელი იმპერატიულად ავალდებულებს მისამართის სწორად მითითებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გათვალისწინებულია ე.წ „პროცესუალური სანქციის“ გამოყენება. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ამავე ნორმის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა მოსარჩელის მიერ საკუთარი ან მოპასუხის მისამართის არასწორად მითითებაა, მიანიშნებს მხარის ვალდებულებაზე, სასამართლოს აცნობოს სწორი მისამართი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგის დადგომის რისკი მხარეს ეკისრება. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნაირან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
18. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს. ფ–ისთვის გაგზავნილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გაიგზავნა თავად ს. ფ–ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - დაბა ჩაქვი, ა–ის ქ. - და ჩაბარდა ს. ც-ეს, რომელიც შეტყობინების ბარათზე მითითებულია, როგორც ადრესატის ოჯახის წევრი (ბიძაშვილი) (იხ. ტ. 13, ს..ფ. 134, 139).
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან აპელანტის წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე ს. ც-ემ, როგორც ს. ფ–ის ოჯახის წევრმა ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა იმ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გზავნილის მიმღები პირი, ს. ც-ე არ იყო შეტყობინების მიღებაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების ავტორის მიერ განცხადებაზე დართული ამონაწერი ცესკოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან, სადაც ს. ც-ის მისამართად მითითებულია ქობულეთი, ს. ზ. (იხ. ტ. 13, ს.ფ. 208), ვერ მიიჩნევა ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად.
20. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ვარაუდს ფოსტის მუშაკის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის თაობაზე, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, საქმის მასალებში დაცულია საფოსტო გზავნილი, რომლითაც ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ს. ფ–ისათვის დაბა ჩაქვში, ა–ის ქ. #--ში სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება სხვა დროსაც ჩაიბარა ს. ც-ემ, როგორც ადრესატის ოჯახის წევრმა (იხ. ტ. 12, ს.ფ. 172) და საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მხარეს ან მის წარმომადგენელს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ.
21. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ს. ფ–ის ოჯახის წევრის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე არსებული ხელმოწერის არასწორად მიჩნევისა და, შესაბამისად, აღნიშნული მოტივით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ. დ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე