Facebook Twitter

საქმე №ა-3226-შ-82-2017 14 ნოემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებლები – კ. გ., ტ. პ., ი. პ., ს. ი.

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ.

განმცხადებლების მოთხოვნა – ლიტვის რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებისა და ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლიტვის რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ა. გ-ს მოსარჩელე ტ. პ-ის სასარგებლოდ, დაუბრუნებელი ფულადი სახსრების სახით, დაეკისრა 16381,27 ევროს, 2930,40 ევროს პროცენტისა და 5%-ის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის გადახდა სასამართლო დავის დაწყების დღიდან, 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოსარჩელე ი. პ-ს სასარგებლოდ - 16381,27 ევროს, 2930,40 ევროს პროცენტისა და 5%-ის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის გადახდა სასამართლო დავის დაწყების დღიდან, 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოსარჩელე ს. ი-ს სასარგებლოდ - 16104,58 ევროს, 2881,17 ევროს პროცენტისა და 5%-ის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის გადახდა სასამართლო დავის დაწყების დღიდან, 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოსარჩელე კ. გ-ს სასარგებლოდ - 12923,4 ევროს, 2312,05 ევროს პროცენტისა და 5%-ის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის გადახდა სასამართლო დავის დაწყების დღიდან, 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

2. ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხე ა. გ-ს დაეკისრა მოსარჩელეების - ტ. პ-ის, ი. პ-ს, ს. ი-სა და კ. გ-ს სასარგებლოდ ადვოკატის დახმარების ხარჯების გადახდა, რომელიც შეადგენს 1558 ევროს, ასევე 1746,40 ევროს ოდენობით საგერბო მოსაკრებლისა და თარგმნის ხარჯების ასანაზღაურებლად - 453 ევროს გადახდა.

3. ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილებით ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ამასთან, ტ. პ-ის, ი. პ-ს, ს. ი-სა და კ. გ-ს სასარგებლოდ მოპასუხე ა. გ-ს სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად დაეკისრა 320 ევროს, ე.ი. თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 80-80 ევროს გადახდა.

4. მოსარჩელეების ტ. პ-ის, ი. პ-ს, ს. ი-სა და კ. გ-ს წარმომადგენელმა ლ. მ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებისა და ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილების ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორების განცხადებით, ლიტვის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებზე ლიტვის რესპუბლიკაში არ მიმდინარეობს წარმოება, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარეობს საქართველოში.

5. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლიტვის რესპუბლიკის აღსრულების ბიუროს მიერ აღსრულებადი საქმეების შესახებ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ცნობიდან ირკვევა, რომ საქმეში წარმოდგენილი ვილნიუსის საოლქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კრედიტორისათვის დაუბრუნებელი (ამოუღებელი) ვალი (ვალი და პროცენტი) შეადგენს 92983,31 ევროს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების, ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილებების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით კ. გ-ს, ტ. პ-ის, ი. პ-სა და ს. ი-ს შუამდგომლობა ლიტვის რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების, ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად; განჩინებით დადგინდა შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაგზავნა მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე, მას განესაზღვრა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა.

7. 2017 წლის 13 ნოემბერს შუამდგომლობის ავტორების წარმომადგენელმა ლ. მ-ემ, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარის - ა. გ-ს საკუთრებაში არსებულ მშენებარე ფართზე, მდებარე ქალაქ ბათუმში, შ–ის ქუჩა №--ში, მშენებარე სასტუმრო კომპლექსში (ფართი: 39,25 კვ.მ. სართული -- ბინა №---, ბლოკი „--, ნიშნული 33.2, საკადასტრო კოდი: №---), უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ყადაღის დადება.

8. შუამდგომლობის ავტორების წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ლიტვის რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ეფექტიანად აღსრულების მიზნით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, გამომდინარე იქედან, რომ მოწინააღმდეგე მხარე თავს არიდებს მის მიმართ არსებული დავალიანების გადახდას და მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში ლიტვის რესპუბლიკის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაწყებული საქმის წარმოების შესახებ, იგი გაასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილებების აღსრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და მასზე თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღნიშნულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამასთან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო სწორედ ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფისას საქართველოს სასამართლო კომპეტენტურია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია.

14. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორების მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოშია აღსასრულებელი, თუმცა საქმე შეეხება არა სარჩელის, არამედ - უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფას.

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პროცესუალური შედეგის საქართველოს სახელმწიფოს მიერ მარტოოდენ ცნობამ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში აზრი დაკარგოს, თუკი მხარე, რომლის სასარგებლოდაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა, საპროცესო უზრუნველყოფის ბერკეტის გარეშე აღმოჩნდება. შედეგად, ასეთი მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რაც კანონმდებლის ინტერესს ეწინააღმდეგება.

16. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).

17. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). მოცემულ შემთხვევაში მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილი იქნება, თუკი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი იმგვარად განიმარტება, რომ მისი რეგულირების ქვეშ სარჩელის უზრუნველყოფასთან ერთად უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასაც ვიგულისხმებთ. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ თავად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი, რომელიც უფლებას ანიჭებს ეროვნულ სასამართლოს უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება, მიუთითებს გადაწყვეტილების აღსრულებისას სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებაზე, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის იმგვარად განმარტებას, რომ მისი რეგულირების ქვეშ სარჩელის უზრუნველყოფასთან ერთად იგულისხმებოდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების უზრუნველყოფაც (სუსგ №ა-4330-შ-121-2016, 2016 წლის 6 დეკემბერი).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

20. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს ლიტვის რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებისა და ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.

24. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებს სასამართლოს იმგვარი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, რომელიც კანონიერ ძალაში არ არის შესული ან გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო შუამდგომლობის ავტორების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები უკვე კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ აქ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საქმის განხილვა კანონით გაწერილ გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რისთვისაც განსაზღვრული ვადაა დადგენილი. ასეთ დროს კი, მოგებული მხარის საპროცესო უზრუნველყოფის მექანიზმის გარეშე დატოვება გაუმართლებელია (სუსგ №ა-4330-შ-121-2016, 2016 წლის 6 დეკემბერი).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (სუსგ №ას-449-431-2016, 2016 წლის 7 ივლისი).

26. მოცემულ შემთხვევაში განხილვის საგანია კანონიერ ძალაში შესული ლიტვის რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებისა და ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს მოსარჩელე ტ. პ-ის სასარგებლოდ, დაუბრუნებელი ფულადი სახსრების სახით, დაეკისრა 16381,27 ევროს, 2930,40 ევროს პროცენტისა და 5%-ის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის გადახდა სასამართლო დავის დაწყების დღიდან, 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოსარჩელე ი. პ-ს სასარგებლოდ - 16381,27 ევროს, 2930,40 ევროს პროცენტისა და 5%-ის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის გადახდა სასამართლო დავის დაწყების დღიდან, 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოსარჩელე ს. ი-ს სასარგებლოდ - 16104,58 ევროს, 2881,17 ევროს პროცენტისა და 5%-ის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის გადახდა სასამართლო დავის დაწყების დღიდან, 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; მოსარჩელე კ. გ-ს სასარგებლოდ - 12923,4 ევროს, 2312,05 ევროს პროცენტისა და 5%-ის ოდენობის წლიური საპროცესო პროცენტის გადახდა სასამართლო დავის დაწყების დღიდან, 2011 წლის 1 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე; ასევე ტ. პ-ის, ი. პ-ს, ს. ი-სა და კ. გ-ს სასარგებლოდ ადვოკატის დახმარების ხარჯების გადახდა, რომელიც შეადგენს 1558 ევროს, ასევე 1746,40 ევროს ოდენობით საგერბო მოსაკრებლისა და თარგმნის ხარჯების ასანაზღაურებლად - 453 ევროს გადახდა; სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად 320 ევროს, ე.ი. თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 80-80 ევროს გადახდა.

27. შუამდგომლობის ავტორების წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა გამოწვეულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ ქონების გასხვისების საშიშროებით, რაც ხელს შეუშლის აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას. ამდენად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილებების აღსრულებას.

28. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ლიტვის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედოს მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებულ მშენებარე ფართს, მდებარე ქალაქ ბათუმში, შ–ის ქუჩა №--ში, მშენებარე სასტუმრო კომპლექსში (ფართი: 39,25 კვ.მ. სართული -- ბინა №---, ბლოკი „--, ნიშნული 33.2, საკადასტრო კოდი: №---).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე, 68-ე, 70-ე და მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 191-ე, 193-ე, 198-ე, 271-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. გ-ს, ტ. პ-ის, ი. პ-სა და ს. ი-ს წარმომადგენლის ლ. მ-ის განცხადება ლიტვის რესპუბლიკის ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების, ვილნიუსის საოლქო სასამართლოს 2016 წლის 9 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებისა და ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ყადაღა დაედოს მოწინააღმდეგე მხარის - ა. გ-ს საკუთრებაში არსებულ მშენებარე ფართს, მდებარე ქალაქ ბათუმში, შ–ის ქუჩა №--ში, მშენებარე სასტუმრო კომპლექსში (ფართი: 39,25 კვ.მ. სართული -- ბინა №---, ბლოკი „--, ნიშნული 33.2, საკადასტრო კოდი: №---);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე