Facebook Twitter

საქმე №ა-4891-შ-124-2017 24 ნოემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ს-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებები

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი ვ. ს-ის (გაკოტრებული, პირადი ნომერი ----) საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ-ს“, როგორც კრედიტორის, აღიარებული მოთხოვნა, რომელზეც კრედიტორს არ მიუღია თანხა, შეადგენს 1 234 834,98 ევროს; დასრულდა ვ. ს-ის გაკოტრების საქმე; დაიწყო ვ. ს-ის ვალდებულებებისგან გათავისუფლების საქმის განხილვა; დადგინდა, რომ მოვალის მოთხოვნით, მოვალის ვალდებულებებისგან გათავისუფლების საქმის დაწყებიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტს მოვალის ვალდებულებებისგან გათავისუფლების საკითხს, რომელიც არ შესრულებულა გაკოტრების საქმის დროს.

2. ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შეწყდა ვ. ს-ის (პირადი საიდენტიფიკაციო კოდი ---) ვალდებულებებისაგან გათავისუფლების პროცედურები და აეკრძალა მას იმ ვალდებულებებისაგან გათავისუფლება, რომლებიც არ შესრულდა გაკოტრების საქმის წარმოების დროს.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ-ს“ წარმომადგენელმა ლ. ზ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

4. ამავე შუამდგომლობაში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ-ს“ წარმომადგენელმა ლ. ზ-მა მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მაღალი ალბათობით საქართველოში გააჩნია საბანკო ანგარიშები, რომლებზეც ფულადი სახსრებია განთავსებული და მოითხოვა, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ვ. ს-ის საბანკო ანგარიშებსა და დეპოზიტებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება კრედიტორის მოთხოვნის - 1 234 834,98 ევროს ფარგლებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე და განცხადება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებსა და დეპოზიტებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან კი არ დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ს-ი აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნებს.

7. ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებიდან და შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ვ. ს-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და მისი მუდმივი რეზიდენტი.

8. შუამდგომლობაზე თანდართული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობიდან დასტურდება, რომ 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით ვ. ს-ის საკუთრების უფლება საქართველოში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება (სუსგ №ა-1302-შ-31-2010, 6 ივლისი, 2010 წელი).

10. შუამდგომლობაზე თანდართული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით დასტურდება, რომ საქართველოში ვ. ს-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.

11. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მაღალი ალბათობით საქართველოში გააჩნია საბანკო ანგარიშები, რომლებზეც ფულადი სახსრებია განთავსებული, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში კი მხოლოდ მხარის ვარაუდი ვერ გახდება საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის დადგენის საფუძველი.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაასაბუთა განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არსებობა, შესაბამისად, არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

13. რაც შეეხება ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან არ დასტურდება განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არსებობა, შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის განცხადება, გადაწყვეტილებების უზრუნველყოფის სახით ყადაღის გამოყენების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, 68-ე და 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ-ს“ (წარმომადგენელი ლ. ზ-ი) შუამდგომლობა ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ-ს“ (წარმომადგენელი ლ. ზ-ი) განცხადება ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ვ. ს-ის საბანკო ანგარიშებსა და დეპოზიტებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების თაობაზე დარჩეს განუხილველი;

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ-ს“ (წარმომადგენელი ლ. ზ-ი) დაუბრუნდეს დ. გ-ს მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს №--- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური