საქმე №ა-3322-შ-87-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ი-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს მოქალაქე რ. თ-სა და ლატვიის მოქალაქე ა. ი-ს შორის 2016 წლის 21 იანვარს ჰამბურგ-ვანდსბეკის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით ---.
2. რ. თ-ს წარმომადგენელმა ა. ბ-მ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე.
4. ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებითა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ რ. თ-ე საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით რ. თ-ს შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2017 წლის 4 ოქტომბერს და ჩაბარდა 2017 წლის 9 ოქტომბერს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. თ-ს შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს მოქალაქე რ. თ-სა და ლატვიის მოქალაქე ა. ი-ს შორის 2016 წლის 21 იანვარს ჰამბურგ-ვანდსბეკის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით ---. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 8 ივნისს. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ რ. თ-ე საქართველოს მოქალაქეა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. თ-ს შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგ-ვანდსბეკის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს მოქალაქე რ. თ-სა და ლატვიის მოქალაქე ა. ი-ს შორის 2016 წლის 21 იანვარს ჰამბურგ-ვანდსბეკის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით ---;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე