საქმე №ა-3532-შ-92-2017 27 ნოემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ი"
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საზღვაო საარბიტრაჟო კომისიის 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საზღვაო საარბიტრაჟო კომისიის 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „დ-ს" კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 29138,34 ევროს - ფრახტის; 928,77 ევროს - მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობისა და ПДМ-13 ეკიპაჟის წევრთა დაზღვევის ანაზღაურების თანხის; 2406,66 ევროს - 2016 წლისთვის „კასკოს“ ფორმის მიხედვით ПДМ-13-ის დაზღვევის ანაზღაურების თანხის; 10509,83 ევროს - საურავის; 733,79 ევროს - წლიური 3% სხვისი ფულადი სახსრების უსაფუძვლო გამოყენების საფასურის; 798,77 ევროს - საქართველოში მივლინებასთან დაკავშირებული მოსარჩელის ხარჯებისა და 2158,45 ევროს - საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ხარჯების, საერთო ჯამში, 46674 ევროსა და 61 ევროცენტის გადახდა.
2. კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ის“ წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საზღვაო საარბიტრაჟო კომისიის 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საზღვაო საარბიტრაჟო კომისიის 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინება, აღნიშნული შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2017 წლის 3 ოქტომბერს და ამავე წლის 13 ოქტომბერს კომპანიის სარეგისტრაციო მისამართზე - ქ. ფოთი, --- ქ. ---, ბ. ---. თუმცა, სასამართლო გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო შეტყობინებებზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებებზე, რომ ბინა დაკეტილია და ამ მისამართზე არავინ ცხოვრობს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა ამავე პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინების თაობაზე საჯარო შეტყობინების გზით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად. მასვე განემარტა უფლება, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა წერილობითი პასუხი.
6. საქმის მასალებში მოთავსებული აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსდა 2017 წლის 25 ოქტომბერს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს სასამართლოს განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.
7. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საზღვაო საარბიტრაჟო კომისიის 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „დ-ს" კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 29138,34 ევროს - ფრახტის; 928,77 ევროს - მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობისა და ПДМ-13 ეკიპაჟის წევრთა დაზღვევის ანაზღაურების თანხის; 2406,66 ევროს - 2016 წლისთვის „კასკოს“ ფორმის მიხედვით ПДМ-13-ის დაზღვევის ანაზღაურების თანხის; 10509,83 ევროს - საურავის; 733,79 ევროს - წლიური 3% სხვისი ფულადი სახსრების უსაფუძვლო გამოყენების საფასურის; 798,77 ევროს - საქართველოში მივლინებასთან დაკავშირებული მოსარჩელის ხარჯებისა და 2158,45 ევროს - საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ხარჯების, საერთო ჯამში, 46674 ევროსა და 61 ევროცენტის გადახდა.
10. შუამდგომლობიდან და მასზე დართული ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო კომისიის კომპეტენცია მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო მათ შორის 2015 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 36-ე პუნქტით.
11. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საზღვაო საარბიტრაჟო კომისიის 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 26 ივლისს, არის საბოლოო და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
12. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე პუნქტის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება საქართველოს უზენაესი სასამართლო.
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა არ ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მიუთითებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე ან სასამართლო დაადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კანონით დადგენილ ვადაში არ მიუთითებია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საზღვაო საარბიტრაჟო კომისიის 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
17. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ს“ შუამდგომლობაზე გადახდილი აქვს 150 ლარი, სახელმწიფო ბაჟის სახით. აქედან გამომდინარე, შპს „დ-ს" უნდა დაეკისროს კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საზღვაო საარბიტრაჟო კომისიის 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან არსებული საზღვაო საარბიტრაჟო კომისიის 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „დ-ს" (საქართველო, 4400, ფოთი, ---ს ქუჩა ---, ბინა ---) კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ის“ (უკრაინა, 68600, ოდესის ოლქი, ქ.---, ---ს ქ. 28) სასარგებლოდ დაეკისრა 29138,34 ევროს - ფრახტის; 928,77 ევროს - მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობისა და ПДМ-13 ეკიპაჟის წევრთა დაზღვევის ანაზღაურების თანხის; 2406,66 ევროს - 2016 წლისთვის „კასკოს“ ფორმის მიხედვით ПДМ-13-ის დაზღვევის ანაზღაურების თანხის; 10509,83 ევროს - საურავის; 733,79 ევროს - წლიური 3% სხვისი ფულადი სახსრების უსაფუძვლო გამოყენების საფასურის; 798,77 ევროს - საქართველოში მივლინებასთან დაკავშირებული მოსარჩელის ხარჯებისა და 2158,45 ევროს - საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ხარჯების, საერთო ჯამში, 46674 ევროსა და 61 ევროცენტის გადახდა;
3. შპს „დ-ს" კერძო სააქციო საზოგადოება „უ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე