საქმე №ა-3583-შ-98-2017 13 ნოემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფ. გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ედრემითის №3 უზენაესი სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის ედრემითის №3 უზენაესი სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. გ–ის (იგივე - ლ. ა-ის) სარჩელი ა. ა-თან განქორწინების თაობაზე.
2. ფ. გ–ის წარმომადგენელმა ქ. გ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ედრემითის №3 უზენაესი სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ედრემითის №3 უზენაესი სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 20 აპრილიდან და აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე, მოპასუხე ა. ა-ი 2017 წლის 20 აპრილიდან რეგისტრირებულია როგორც განქორწინებული. ამასთან, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
4. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ფ. გ–ი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ფ. გ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ედრემითის №3 უზენაესი სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2017 წლის 18 ოქტომბერს და ჩაბარდა 2017 წლის 27 ოქტომბერს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფ. გ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ედრემითის №3 უზენაესი სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.
10. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკის ედრემითის №3 უზენაესი სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქე ფ. გ–ი (იგივე - ლ. ა-ი) და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ა-ი განქორწინდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 20 აპრილს. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ფ. გ–ი საქართველოს მოქალაქეა.
11. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.
12. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების 20-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა.
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებული მუხლით დადგენილი პირობები დაცულია. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ედრემითის №3 უზენაესი სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-19, მე-20, 22-ე და 23-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. გ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ედრემითის №3 უზენაესი სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ედრემითის №3 უზენაესი სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს) 2017 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქე ფ. გ–ი (იგივე - ლ. ა-ი) და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ა-ი განქორწინდნენ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე