საქმე №330210015001110843
საქმე №ას-1205-1125-2017 24 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. ღ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე. ღ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2009 წლის 6 იანვარს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით დამტკიცებული სამისდღეშიო ურთიერთობის შეწყვეტა, ხოლო უძრავი ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 6 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. მოპასუხემ, როგორც მარჩენალმა, იკისრა მოსარჩელის, როგორც სარჩენის რჩენის ვალდებულება.
3. ხელშეკრულების მიხედვით, მარჩენალი ვალდებულია არჩინოს სარჩენი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. უზრუნველყოს იგი სრულფასოვანი კვებით, მკურნალობით, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობებით, ჯეროვანი მოვლა-პატრონობით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესაბამისი ცხოვრებისათვის. თავის მხრივ, რჩენის სანაცვლოდ სარჩენმა, მარჩენალს საკუთრებაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
4. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე აღირიცხა ბინის მესაკუთრედ, თუმცა მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და მათ შორის დაიწყო დავა სასამართლოში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილს მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 მაისის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება დარჩა ძალაში.
6. 2011 წელს მოსარჩელემ კვლავ მიმართა სასამართლოს მოპასუხესთან 2009 წლის 9 იანვარს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით. 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვით მოპასუხე ვალდებული იყო, 2012 წლის 9 თებერვლამდე გადაეხადა მოსარჩელისათვის 1000 ლარი, ასევე, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით გადაეხადა მოსარჩელის მიერ მოხმარებული ყოველთვიური კომუნალური გადასახადები. მოპასუხე ასევე ვალდებული იყო, შეეძინა მოსარჩელისათვის საჭირო მედიკამენტები და აენაზღაურებინა მკურნალობის ხარჯი.
7. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ გადაუხადა კომუნალური გადასახადები, არ შეუძენია საჭირო მედიკამენტები, არ აუნაზღაურებია მედიკამენტების ღირებულება ყოველწლიურად 500 ლარის ოდენობით, 2013 წლის 1 იანვრიდან სარჩელი აღძვრამდე (2015 წლის 2 ოქტომბერი) გადახდილი აქვს სარჩო – 50 ლარი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში.
8. მოსარჩელის მითითებით, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. წელიწადში 2-3 თვიანი პერიოდულობით უწევს საავადმყოფოში ყოფნა, ხშირად უწევს სასწრაფოს გამოძახება. მკვეთრადაა გაზრდილი მედიკამენტების ხარჯიც. ამდენად, მხარეთა შორის ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია.
მოპასუხის პოზიცია:
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს, რომელიც მისი ყოფილი დედამთილია, უხდიდა სარჩოს 50 ლარის ოდენობით 2013 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად. მხარეთა შორის არსებობს მრავალწლიანი ურთიერთობა. ზოგჯერ მოსარჩელეს თავად უთქვამს უარი სარჩოს მიღებაზე შვილიშვილის სასარგებლოდ. მოპასუხემ მიუთითა, რომ მორიგების აქტით შეთანხმებული ყოველწლიური მედიკამენტების ხარჯი – 500 ლარის არ წარმოადგენდა მის უპირობო ვალდებულებას, აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს წინასწარ უნდა ეცნობებინა შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით და უნდა ანაზღაურებულიყო მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ჯანმრთელობის გაუარესება და მედიკამენტების ოდენობის ზრდა არ ადასტურებს მოსარჩელის ვალდებულების შეუსრულებლობას.
10. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ცდილობს სარჩელის აღძვრას სასამართლოში, პარალელურად კი ინარჩუნებს მოპასუხესთან კარგ ურთიერთობას, არ იღებს მისგან სარჩოს და ცდილობს შთაბეჭდილების შექმნას, რომ მოპასუხე არღვევს მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 6 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მარჩენალმა – მოპასუხემ იკისრა სარჩენის – მოსარჩელის რჩენის ვალდებულება, ხოლო სარჩენმა მარჩენალს საკუთრებაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
14. რჩენის პირობები განისაზღვრა ხელშეკრულების მეორე პუნქტით, რომლის თანახმად, 1) მარჩენალი ვალდებულია, სარჩენი არჩინოს სარჩენის მთელი სიცოცხლის განმავლობაში; 2) სარჩო შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ისე ნატურალური, ან შერეული სახის. რჩენას შეიძლება ჰქონდეს, აგრეთვე, მომსახურების სახე; 3) მარჩენალი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სარჩენი სრულფასოვანი კვებით; ბ) უზრუნველყოს სარჩენი სრულფასოვანი მკურნალობით, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობებით, ჯეროვანი მოვლა-პატრონობით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის; 4) რჩენას აქვს ყოველდღიური (უწყვეტი) ხასიათი და იგი გრძელდება სარჩენის სიცოცხლის მანძილზე. ამავე ხელშეკრულების მესამე პუნქტით განისაზღვრა მარჩენალისათვის ქონების გადაცემის საკითხი, კერძოდ, რჩენის სანაცვლოდ, სარჩენმა მარჩენალს საკუთრებაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
15. 2009 წლის 6 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრების უფლება.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: 2.1. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას 2012 წლის 9 თებერვლამდე გადაუხადოს მოსარჩელეს 1000 (ათასი) ლარი ან მოსარჩელის დავალებით გადარიცხოს ხსენებული თანხა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე; 2.2. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით გადაიხადოს ყოველთვიური კომუნალური გადასახადი, რომელსაც მოიხმარს მოსარჩელე თავის კონკრეტულ მისამართზე; მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, შეუძინოს მოსარჩელეს ამ უკანასკნელისთვის საჭირო მედიკამენტები და აუნაზღაუროს მედიკამენტების ღირებულება და მკურნალობის ხარჯი არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა ყოველი ერთი წლის განმავლობაში; 2.4. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, მოსარჩელეს 2013 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად გადაუხადოს 50 (ორმოცდაათი) ლარი სარჩოს სახით; 2.5. მხარეები აცხადებენ, რომ 2009 წლის 6 იანვარს მათ შორის გაფორმებულ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პრეტენზიები არ გააჩნიათ; 2.6. მოსარჩელე კისრულობს ვალდებულებას, აღარ წაუყენოს მოთხოვნა მოპასუხის სამისდღეშიო რჩენის საგნის (ბინის) დაბრუნების თაობაზე; 2.7. მოსარჩელე იტოვებს უფლებას, მოცემული მორიგების აქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს მხოლოდ მორიგების პირობებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება მოპასუხისთვის.
17. სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება, რომ საკითხის გასარკვევად ერთობლიობაში უნდა შეფასდეს 2009 წლის 6 იანვარს დადებული ხელშეკრულების სპეციფიკა და მხარეთა შორის 2012 წლის 30 იანვარს დამტკიცებული მორიგების აქტის პირობები.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 941-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ურთიერთობათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა სუბიექტურ განწყობას სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მიმართ. ერთ შემთხვევაში, ეს არის სარჩენის სურვილი, მის საკუთრებაში არსებული ქონება (ამ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი) განკარგოს იმდაგვარად, რომ უზრუნველყოს თავისთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა; იყოს უზრუნველყოფილი ცხოვრების სათანადო პირობებით, ჯანსაღი და აუცილებელი კვების პროდუქტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისათვის სავალდებულო მედიკამენტებით, სათანადო ადამიანური ყურადღებით და სხვა. ერთი სიტყვით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებას, უმეტესწილად, სწორედ სარჩენი პირის მოლოდინი განაპირობებს, რომ მარჩენალად არჩეული პირისათვის გარკვეული ქონებრივი შეღავათის მინიჭების შედეგად, იგი სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული ცხოვრების პირობებით. ფაქტობრივად, ეს მიზანი განაპირობებს სარჩენის მიერ ქონების განკარგვას ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში. თავის მხრივ, ამგვარი სახელშეკრულებო ბოჭვა მარჩენალისათვისაც წარმოშობს პოზიტიურ სამართლებრივ შედეგს. იმ ვალდებულებების პარალელურად, რომელთა შესრულებასაც იგი კისრულობს სარჩენის წინაშე მისი რჩენის ვალდებულების თავისთავზე აღებით, მარჩენალი, საბოლოო ჯამში, ურთიერთობის ნორმალური განვითარების პირობებში, მის მიერ გაწეული ხარჯის თუ სხვა ადამიანური რესურსის გაღების საკომპენსაციოდ, სარჩენის გარდაცვალების შემდეგ მოიპოვებს სრულ უფლებას, შეუზღუდავ საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე.
19. საგულისხმოა, რომ მატერიალური კეთილდღეობის გარდა, სამისდრეშიო რჩენა ადამიანურ ღირებულებებსაც უკავშირდება, როგორიცაა კონტრაჰენტებს შორის ნდობა, პატივისცემა, მადლიერების განცდა, ურთიერთობის სურვილი, კეთილგანწყობა და სხვა. ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის ნორმალური განვითარება მეტწილად დამოკიდებულია კონტრაჰენტის პიროვნების სწორ შერჩევაზე, მასთან არსებულ სულიერ კავშირზე. ამიტომაც რისკი, რომელიც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ურთიერთობებს, ერთდროულად ორ ასპექტში ვლინდება: ვალდებულების არაჯეროვანი ან საერთოდ შეუსრულებლობა და ადამიანური შეუთავსებლობა.
20. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ითვალისწინებს ამგვარი სახელშეკრულებო ურთიერთობის გაუქმების გართულებულ წესს, რაც განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, იმ სამართლებრივი შედეგით, რაც თან ახლავს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებას. ხელშეკრულების გაუქმება წარმოშობს სარჩენის უფლებას, მოითხოვოს გადაცემული ქონების უკან დაბრუნება, რასაც არეგულირებს სსკ-ის 949-ე მუხლი.
21. ამავდროულად, კანონმდებელი უშვებს სარჩენსა და მარჩენალს შორის ურთიერთობის გართულების ალბათობას და ითვალისწინებს მხარეთა უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების წესს.
22. უპირველეს ყოვლისა, ეს ვლინდება საწყის ეტაპზე მარჩენალისათვის ქონების შეზღუდული უფლებებით გადაცემაში, ანუ, მართალია, მარჩენალი კანონით დადგენილი წინაპირობების დაცვის შედეგად მოიპოვებს საკუთრების უფლებას სარჩენის ქონებაზე, თუმცა მხოლოდ შეზღუდული სახით, რაც განკარგვითი უფლებამოსილებების შეზღუდვაში ვლინდება (სსკ-ის 945-ე მუხლი). თავის მხრივ, ეს არის ბერკეტი სარჩენის ხელში, რათა შეინარჩუნოს გადაცემული ქონების საწყისი სამართლებრივი მდგომარეობა იმ შემთხვევისათვის, თუ მხარეთა შორის ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი გახდება.
23. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 941-ე მუხლზე, და განმარტა, რომ სამისდღემში რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება აქვთ მხარეებს იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე არღვევს ამ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს, ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას. მითითებული გარემოებების არსებობა (მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ან არსებობს სხვა არსებითი მიზეზები, რაც უკიდურესად აძნელებდა, ან შეუძლებელს ხდიდა ხელშეკრულების გაგრძელებას) განსახილველ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვით არ დგინდებოდა.
24. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა – განკუთვნებადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
25. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არ იყო საკმარისი. ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა ყოფილიყო მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე (ამ შემთხვევაში, აუტანელი ურთიერთობა და ა.შ. საკითხებზე), ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულება იყო, წარმოედგინა სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი, დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა ანალიზის საშუალებას და შეუქმნიდა დამაჯერებელ შინაგან რწმენას.
26. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
27. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) მიერ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად სარჩელში მითითებულ გარემოებებზე. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 30 იანვარს მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის თანახმადაც მოპასუხე ვალდებული იყო, 2012 წლის 9 თებერვლამდე მოსარჩელისათვის გადაეხადა 1000 ლარი, ასევე, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით გადაეხადა მოსარჩელის ყოველთვიური კომუნალური გადასახადები, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის შეეძინა საჭირო მედიკამენტები და აენაზღაურებინა მკურნალობის ხარჯი არაუმეტეს 500 ლარისა ყოველი წლის განმავლობაში. მოსარჩელემ, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მორიგების აქტით ნაკისრი აღნიშნული ვალდებულებები, მოითხოვა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებისა და 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით დამტკიცებული სამისდღეშიო ურთიერთობის შეწყვეტა.
28. სსკ-ის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა მათ შორის ურთიერთობის უკიდურესად გაძნელების, აუტანლობის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებით სხვა სახის ხელშეკრულებებისაგან, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონმდებელმა მხარის ნებასთან ერთად, რომ გასულიყო აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი სივრციდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, იმავდროულად სავალდებულოდ მოითხოვა ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურებაც, როგორიცაა მათ შორის ურთიერთობის განსაკუთრებულად დაძაბვა, ის, რომ მხარეთა ურთიერთობა რაიმე მიზეზით გახდა აუტანელი იმდაგვარად, რაც შეუძლებელს ხდიდა ხელშემკვრელ მხარეებად მათ ყოფნას ერთიან სამართლებრივ სივრცეში – სამისდღეშიო ხელშეკრულების ფარგლებში.
29. სააპელაციო პალატამ ამ განსაკუთრებულ საფუძვლად არ ჩათვალა ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც 2009 წლის 6 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით. მეტიც, 2012 წლის 30 იანვარს მხარეთა შორის შედგა მორიგების აქტი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც სასამართლოს განჩინებით იქნა დამტკიცებული. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის მიღწეული მორიგება, რომელიც შემდგომში ასახვას ჰპოვებს სასამართლო განჩინებაში, წარმოადგენს მათი ინტერესების, ნება-სურვილის გამოხატულებას, რის შესრულებასაც მხარეები ნებაყოფლობით კისრულობენ. იგი განსხვავდება სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან იმით, რომ სასამართლოს არსებითი სახის გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება მხარე მას არ ეთანხმებოდეს. მორიგება კი, წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების განსჯის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც 2012 წლის 30 იანვარს დასრულდა სასამართლოს განჩინებით მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.
30. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე გვაქვს მხარეთა შორის სასამართლოს განჩინებით მორიგების აქტის საფუძველზე დამტკიცებული პირობების შეუსრულებლობის შედავებასთან იმ საფუძვლით, რომ მხარემ არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნასთან.
31. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2012 წლის 30 იანვრის სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები გათვალისწინებულია თანხობრივად და, შესაბამისად, აღსრულებადია დარღვევის შემთხვევაში.
32. სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე უარის თქმის ძირითადი გარემოების – სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ანდა სხვა არსებითი მიზეზების არსებობას, რაც უკიდურესად აძნელებდა ან შეუძლებელს ხდიდა მის გაგრძელებას, მხარე ვერ ადასტურებს, ხოლო 2012 წლის 30 იანვრის სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია, იმოქმედოს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
33. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის არსებობის ფაქტები. ამდენად, არ არსებობდა სსკ-ის 941-ე მუხლისა და 949-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
34. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
35. კასატორმა განმარტა, რომ კანონმდებელი უშვებს სარჩენსა და მარჩენალს შორის ურთიერთობის გართულების ალბათობას და ითვალისწინებს მხარეთა უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების წესს. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული ვლინდება საწყის ეტაპზე მარჩენალისათვის ქონების შეზღუდული უფლებებით გადაცემაში, თავის მხრივ, ეს არის ბერკეტი სარჩენის ხელში, რათა შენარჩუნდეს გადაცემული ქონების საწყისი სამართლებრივი მდგომარეობა იმ შემთხვევისათვის, თუ მხარეთა შორის ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი გახდება.
36. მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლებით, როდესაც მხოლოდ მოსარჩელეს დაავალა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, გაძნელდა ან შეუძლებელი გახდა ხელშეკრულების გაგრძელება. მოპასუხე კი ყოველგვარი მტკიცების ტვირთისაგან გაათავისუფლა.
37. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსსკ-ის 131-ე მუხლი და მოპასუხის აღიარება არ ჩათვალა მტკიცებულებად მაშინ, როდესაც მოპასუხე მიუთითებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მედიკამენტებზე მოსარჩელის მოთხოვილების გაზრდისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ასევე, მოპასუხე განმარტავდა, რომ სადავო ბინას იმსახურებდა არა იმიტომ, უხდიდა თუ არა მოსარჩელეს სარჩოს, არამედ იმის გამო, რომ 17 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯი გაიღო მოსარჩელის შვილის საჭიროების გამო. მანვე განაცხადა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება, ედავა სამისდღეშიო ხელშეკრულების გაუქმებაზე.
38. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 949-ე მუხლის დარღვევით მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების გაგრძელების შესაძლებლობა არსებობდა. ამასთან, სააპელაციო პალატამ არასწორად არ გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის აღუსრულებელი სახით დაბრუნებას, თუ ქონების მოძიების შემთხვევაში მოვალეს არ აღმოჩნდება მის სახელზე არანაირი ქონება.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის – 1000 ლარის გადახდა უნდა გადაუვადდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
40. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
41. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 6 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მარჩენალმა – მოპასუხემ იკისრა სარჩენის – მოსარჩელის რჩენის ვალდებულება, ხოლო სარჩენმა მარჩენალს საკუთრებაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
42. რჩენის პირობები განისაზღვრა ხელშეკრულების მეორე პუნქტით, რომლის თანახმად, 1) მარჩენალი ვალდებულია, სარჩენი არჩინოს სარჩენის მთელი სიცოცხლის განმავლობაში; 2) სარჩო შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ისე ნატურალური, ან შერეული სახის. რჩენას შეიძლება ჰქონდეს, აგრეთვე, მომსახურების სახე; 3) მარჩენალი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს სარჩენი სრულფასოვანი კვებით; ბ) უზრუნველყოს სარჩენი სრულფასოვანი მკურნალობით, ჯანსაღი საცხოვრებელი პირობებით, ჯეროვანი მოვლა-პატრონობით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის; 4) რჩენას აქვს ყოველდღიური (უწყვეტი) ხასიათი და იგი გრძელდება სარჩენის სიცოცხლის მანძილზე. ამავე ხელშეკრულების მესამე პუნქტით განისაზღვრა მარჩენალისათვის ქონების გადაცემის საკითხი. კერძოდ, რჩენის სანაცვლოდ სარჩენმა მარჩენალს საკუთრებაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
43. 2009 წლის 6 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრების უფლება.
44. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: 2.1. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას 2012 წლის 9 თებერვლამდე გადაუხადოს მოსარჩელეს 1000 (ათასი) ლარი ან მოსარჩელის დავალებით გადარიცხოს ხსენებული თანხა მის მიერ მითითებულ ანგარიშზე; 2.2. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის ივნისის ჩათვლით გადაიხადოს ყოველთვიური კომუნალური გადასახადი, რომელსაც მოიხმარს მოსარჩელე თავის კონკრეტულ მისამართზე; მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, შეუძინოს მოსარჩელეს ამ უკანასკნელისთვის საჭირო მედიკამენტები და აუნაზღაუროს მედიკამენტების ღირებულება და მკურნალობის ხარჯი არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა ყოველი ერთი წლის განმავლობაში; 2.4. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, მოსარჩელეს 2013 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად გადაუხადოს 50 (ორმოცდაათი) ლარი სარჩოს სახით; 2.5. მხარეები აცხადებენ, რომ 2009 წლის 6 იანვარს მათ შორის გაფორმებულ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პრეტენზიები არ გააჩნიათ; 2.6. მოსარჩელე კისრულობს ვალდებულებას, აღარ წაუყენოს მოთხოვნა მოპასუხის სამისდღეშიო რჩენის საგნის (ბინის) დაბრუნების თაობაზე; 2.7. მოსარჩელე იტოვებს უფლებას, მოცემული მორიგების აქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს მხოლოდ მორიგების პირობებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება მოპასუხისთვის.
45. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ სწორედ მას უნდა ემტკიცებინა ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების არსებობა. კასატორმა ჩათვალა, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მოპასუხის აღიარებითი განმარტებები. აღნიშნული აღიარებითი ხასიათის განმარტებები ადასტურებდნენ, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და დამატებითი მედიკამენტების შეძენის აუცილებლობის თაობაზე.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
48. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის საგანია მხარეთა შორის დადებული სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტა.
50. მოცემული სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიუთითა სსკ-ის 949-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
51. საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
52. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.
53. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების არსებობის სარწმუნო მტკიცებულების გზით დადასტურება, რომ სამისდღეშიო ხელშეკრულების კონტრაჰენტმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მხარეების ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია.
54. აღნიშნული საპროცესო მოვალეობის შესრულების მიზნით, კასატორმა თავისი პოზიციის გასამყარებლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე განგებ არიდებს თავს მის რჩენასა და საჭირო მედიკამენტების შეძენას.
55. მხარეთა შორის სამისდღეშიო ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკაშვირებულ პრობლემებს ადასტურებს სასამართლო განჩინება მათ შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე, რომლითაც ზუსტად განისაზღვრა, თუ რა გზითა და საშუალებებითაა შესაძლებელი სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება.
56. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა სსკ-ის 949-ე მუხლში ასახული წანამძღვრებისა, შესაბამისად, სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების არსებობა.
57. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თავისი შინაარსით ემსახურება მორიგების აქტის პირობების შეუსრულებლობის შედავებას. ამდენად, სარჩელში ასახული პრობლემების მოგვარება და მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული იმ სასამართლო განჩინების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის გზით, რომლითაც დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება.
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორიგების აქტი თავისი არსით წარმოადგენს, სადავო ურთიერთობის დარეგულირების მიზნით, მხარეთა შეთანხმებას, რომლის დროსაც მხარეთა მიერ ნების გამოვლენა ხდება იმავე სახით, როგორც აღნიშნული განხორციელდა დავის დაწყებამდე გარიგების დადებისას, თუმცა სასამართლოს მიერ მორიგების აქტის დამტკიცების შემდეგ მხარე იღებს ურყევ გარანტიას, რომ, საჭიროების შემტხვევაში, მეორე მხარის მიერ მორიგების პირობების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება სააღსრულებო სამსახური მიერ. ამისათვის საკმარისია სააღსრულებო ორგანოში სააღსრულებო ფურცლის წარდგენა.
59. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ 2012 წლის 30 იანვრის სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები გათვალისწინებულია თანხობრივად, შესაბამისად, აღსრულებადია დარღვევის შემთხვევაში და მოსარჩელე დაუბრკოლებლად შეძლებს დარღვეული უფლების აღდგენას სააღსრულებო წარმოების წამოწყების დახმარებით.
60. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
61. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
62. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
63. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
65. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადასახდელი და საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული 1000 ლარის 30% – 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ღ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ე. ღ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს 300 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე