Facebook Twitter

საქმე #ას-393-393-2018 28 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ. კ-ისა და ა. უ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის კანონიერების საკითხი და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. კ-ისა და ა. უ-ის სარჩელი ნ. გ-ისა და გ. კ-ის მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ ქ.ხაშურში, ო-ის ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #...) ნაწილიდან (132 კვ.მ საცხოვრებელი ფართის 107 კვ. მეტრიდან) და ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდათ მოსარჩელეებს. ამავე გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნა 25.3 კვ.მ საცხოვრებელი ფართიდან და სარდაფიდან მოპასუხეთა გამოსახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრეს მოსარჩელეებმა. საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2018 წლის 23 მარტს. საკასაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებთან საკასაციო საჩივრის შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტამდე პალატას განცხადებით მომართეს დ. კ-ემ და ა. უ-ემ და მოითხოვეს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა იმ მოტივით, რომ უარს აცხადებდნენ საკასაციო საჩივარზე, ამასთანავე, განმცხადებლებმა განმარტეს, რომ მათთვის ცნობილია საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები.

საკასაციო სასამართლომ განიხილა კასატორთა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ.კ-ისა და ა.უ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მათ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ-ისა და ა. უ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება დ. კ-ისა და ა. უ-ის საკასაციო საჩივარზე ნ. გ-ისა და გ. კ-ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე