Facebook Twitter

საქმე №ას-400-373-2017 30 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ო-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შ. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ო-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა გორის რაიონის სოფელ ძ-აში მდებარე უძრავ ქონებებზე (ს/კ #...; #...; #...) 2011 წლის 5 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და მათი მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე არის მარტოხელა, ხანდაზმული, რომელსაც შვილი არასდროს ჰყოლია, ხოლო მეუღლე 2005 წელს გარდაეცვალა. წლების განმავლობაში ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ძ-აში, რომელიც იყო აწ გარდაცვლილი მეუღლის საცხოვრებელი სახლი და მუშაობდა ამავე სოფლის სკოლაში დარაჯად. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხებოდა როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე _ ორი მიწის ნაკვეთი. 2011 წელს მას დაუკავშირდა შორეული ნათესავი (მოპასუხე) და შესთავაზა, რომ უპატრონებდა, უზრუნველყოფდა მას საკვებითა და სამედიცინო მომსახურებით, სანაცვლოდ კი, ჩაეწერა მის სახლში. 2011 წლის 5 ივლისს სწორედ ეს დოკუმენტები გაფორმდა, მართალია, მან ხელი მოაწერა დოკუმენტებს, მაგრამ ამით მოპასუხე მასთან მხოლოდ „ჩაწერა“, ხოლო, უძრავი ქონება არც გაუყიდია და არც არავისთვის არ უჩუქებია. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოსარჩელე კვლავ აგრძელებდა საკუთარ სახლში ცხოვრებას, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და არავის, მათ შორის, არც მოპასუხეს, პრეტენზია არ გამოუთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით. 2014 წლის ბოლოს, ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, ვინაიდან მსხვილფეხა პირუტყვს ვერ უვლიდა, საქონელი ჩააბარა ძმის შვილსა და ძმის შვილიშვილს. 2014 წლის 17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაულზე მასთან მისულმა მოპასუხემ ჩათვალა, რომ პირუტყვი დაიკარგა და გამოიძახა პოლიცია. ამ დროს გახდა ცნობილი, რომ როგორც საცხოვრებლი სახლის, ასევე _ პირუტყვის კანონიერი მესაკუთრე სწორედ მოპასუხეა, რადგან მისი ქონება ლ. ო-ის სახელზე იყო აღრიცხული, რაშიც ამ უკანასკნელმა სულ 10 000 ლარი გადაუხადა. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ ძმის შვილის დახმარებით შეაგროვა საბუთები და მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით გაირკვა, თითქოს, 2014 წლის 5 ივლისს მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიუყიდია საცხოვრებელი სახლი 6 000 ლარად, ხოლო მიწის ნაკვეთები - 2 000-2 000 ლარად. მოსარჩელის მტკიცებით, იგი მოპასუხემ მოატყუა, რადგან მის სურვილს არ წარმოადგენდა უძრავი ქონების გაყიდვა, არამედ, სურდა მისი ჩაწერა იმ მიზნით, რომ მოპასუხე სიცოცხლის განმავლობაში მოუვლიდა, ხოლო გარდაცვალების შემდეგ ქონება დარჩებოდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა სწორედ ის ხელშეკრულება, რისი დადებაც სურდათ. მოსარჩელე შემძენის თანხმობით ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ძ-აში თავის ყოფილ სახლში, თუმცა 2014 წლის დეკემბრიდან იგი ძმის შვილებმა წაიყვანეს გორის რაიონის სოფელ მ-ში. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, მხარეთა შეთანხმებით, რადგანაც გამყიდველი იმავე სახლში აგრძელებდა ცხოვრებას, სწორედ ამ უკანასკნელს უნდა გადაეხადა კომუნალური გადასახადებიც. მოსარჩელე იღებდა საარსებო შემწეობას ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით და სურდა, რომ გაეკეთებინა მეუღლის საფლავი, ასევე, ზამთრისთვის მოემარაგებინა სანოვაგე, რისთვისაც ესაჭიროებოდა თანხა, ეს გახდა უძრავი ქონების გაყიდვის საფუძველი. სწორედ ნასყიდობის თანხის მიღების შემდეგ მოაწყო მოსარჩელემ მეუღლის საფლავი და შეიძინა ზამთრის სანოვაგე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონის სოფელ ძ-აში მდებარე უძრავ ქონებებზე (ს/კ #...; #...; #...) 2011 წლის 5 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული ქონება აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეები არიან ნათესავები;

1.2.2. მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებით სარგებლობდა, როგორც ხელშეკრულების დადებამდე, ასევე, ხელშეკრულების დადებიდან _ 2011 წლის 5 ივლისიდან 2014 წლის დეკემბრამდე, მანამ, ვიდრე საცხოვრებლად გადავიდოდა ძმის შვილის სახლში;

1.2.3. შ. მ-ი სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობდა მარტო, რადგან 2007 წლის 3 მაისს გარდაეცვალა მეუღლე;

1.2.4. მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა 2014 წლის დეკემბრიდან და ამჟამადაც დაძაბულია;

1.2.5. მოსარჩელის მიერ 2011 წლის 5 ივლისის ხელშეკრულებებში გამოხატული ნების ნამდვილობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, არამედ, მტკიცებულებათა ანალიზით დგინდება, რომ მხარეები ერთმანეთთან სამისდღეშიო რჩენის სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ, ხოლო სადავო გარიგებების მიზანს, ამ ურთიერთობის ფარგლებში, მარჩენალისათვის უძრავი ქონების გადაცემა წარმოადგენდა (შ. მ-ი მარტოხელა, 77 წლის პენსიონერია. მხარეები ერთმანეთის ნათესავები არიან. ორივე მხარე ადასტურებს, რომ ლ. ო-ის მოსარჩელესთან საცხოვრებლად გადმოსვლის მიზანს მოსარჩელის მოვლა-პატრონობა წარმოადგენდა. ნასყიდობის გარიგება 2011 წლის ივლისში გაფორმდა, მიუხედავად ამისა, შ. მ-ი თავის საცხოვრებელ სახლში ცხოვრებას, ჩვეულებრივ, 2014 წლამდე, ურთიერთობების დაძაბვამდე აგრძელებდა და კომუნალურ გადასახადებსაც ის იხდიდა, ანუ შ. მ-ის ფაქტობრივი (არა იურიდიული) უფლება ნივთთან მიმართებაში არ შეცვლილა/არ შეზღუდულა. გორის რაიონული სამმართველოს #1 განყოფილების მიერ 2015 წლის 10 იანვარს ლ. ო-ესთან წარმოებულ გასაუბრების ოქმში მოპასუხე თავად განმარტავს, რომ შ. მ-მა, როგორც მარტოხელა მოხუცმა, რომელიც ყურადღებას საჭიროებდა, სთხოვა მას, რომ ეპატრონა მისთვის და სანაცვლოდ, მთელ ქონებას მას დაუტოვებდა. ლ. ო-ემ შ. მ-ს უარი არ უთხრა და საცხოვრებლად მასთან გადავიდა. მოსარჩელის რჩენისა და პატრონობის ფაქტი მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც დაადასტურა);

1.2.6. მხარეთა შორის დადებული გარიგება დამოწმებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და არა ნოტარიუსის მიერ;

1.2.7. მოპასუხემ სათანადო მტკიცებულების წარდგენით (მიუთითა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე) ვერ დაადასტურა ნასყიდობის საფასურის მოსარჩელისათვის გადაცემა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სასამართლომ დაარღვია კანონი, კერძოდ, არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლი, ასევე, არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, რამდენადაც მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 183-ე მუხლების დაცვით დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ გამყიდველს გადაეცა თანხა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერები შესრულებულია მხარეთა მიერ. 2011 წლიდან საჯარო რეეტრში მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოპასუხე და ეს ფაქტები არავის სადავოდ არ გაუხდია. სასამართლომ არასწორად, მოსარჩელის განმარტებაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ნასყიდობის საფასური არ ყოფილა გადახდილი, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, რამდენადაც კანონმდებლობა არ ადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად თანხის გადაცემის შესახებ შეთანხმების დადებას. სასამართლოს სხდომის ოქმებით დასტურდება, რომ არათუ 2011 წელს, მოსარჩელე ამჯერადაც კარგად აცნობიერებს მოვლენებს და მისი შეცდომაში შეყვანა შეუძლებელია;

1.4.2. მოსარჩელე ცრუობს, როდესაც განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში გაყოლის მიზანი მოპასუხის ჩაწერა იყო, ასეთ შემთხვევაში, იგი ხელს მხოლოდ ერთ და არა სამ დოკუმენტს მოაწერდა. იგი თავად განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში ეცნობა ნასყიდობის გაფორმების შესახებ, თუმცა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ როგორც საჯარო რეესტრში ეცნობა, მოპასუხის ჩაწერისათვის საჭირო იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება;

1.4.3. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე მოპასუხის კეთილი ნების საფუძველზე ცხოვრობდა სადავო სახლში, ამასთანავე, მიწის ნაკვეთებს ამუშავებდა კასატორი. საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის გათვალისწინებით, მესაკუთრე არ არის შეზღუდული ქონების ფლობის აუცილებლობით;

1.4.4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა პოლიციისათვის მოპასუხის მიერ მიცემული იმ ახსნა-განმარტების ნაწილით, სადაც საუბარია რჩენის მოვალეობაზე, თუმცა არასწორად არ შეაფასა ამავე განმარტების ის ნაწილი, რომელიც ნასყიდობაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტს ასახავს;

1.4.5. საგულისხმოა, რომ, მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა სამი უძრავი ქონება, ხოლო ერთი, რომელზეც ამჟამადაც განლაგებულია სამშენებლო მასალები, დაიტოვა და მასზე საკუთრების უფლება მოგვიანებით დაირეგისტრირა. თუკი მხარეებს სურდათ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმება, მაშინ ეს მიწაც იქნებოდა ხელშეკრულების საგანი. მოსარჩელემ ერთი მიწის ნაკვეთი სწორედ იმ საფუძვლით დაიტოვა, რომ მოგვიანებით აეშენებინა საცხოვრისი. გარდა ამისა, მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ შემძენი არ იჩენდა მზრუნველობას, თუმცა, ვერ ხსნის, თუ რატომ არ გახადა სადავოდ ხელშეკრულება 2014 წლამდე.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), 102-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს მოდავე მხარეთა ვალდებულებას, საკუთარი პოზიცია სარწმუნო მტკიცებულებებით დაადასტურონ. თავის მხრივ, ზოგადი წესი მტკიცებისა იმგვარია, რომ მხარე არ არის შეზღუდული, თავად გადაწყვიტოს თუ რა სახის მტკიცებულებით დაიცვას საკუთარი პოზიციები, მაგრამ ამ წესისაგან არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ, კანონით (მატერიალური სამართლის ნორმით) გათვალისწინებულ შემთხვევაში, სადავო ფაქტი მხოლოდ განკუთვნადი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს. ამ წესის დარღვევა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია. საგულისხმოა, რომ სასამართლო საქმის განხილვისას თავადაა შებოჭილი შეჯიბრებითობის პრინციპით და მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს მატერიალურ სამართალთან შესაბამისობაში, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის ძალით, იგი ახორციელებს მათ შეფასებას ერთობლიობაში და ინდივიდულურად და გამოაქვს დასკვნა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.

1.5.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო დავის არსებობისას, სასამართლო ამა თუ იმ ხელშეკრულების სამართლებრივ კვალიფიკაციას ახდენს არა მხოლოდ დასათაურების მიხედვით, არამედ, ადგენს მხარეთა ნებას, სუბიექტურ-ობიექტურ ფაქტორებს, ხელშეკრულების დადების მიზანს და მათი ერთობლივი ანალიზით აფასებს წერილობით ფორმულირებული ნების შინაარსს. მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მხარეებს სურდათ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების დადება (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.5. პუნქტი), რამდენადაც მოსარჩელემ მიუთითა და დაამტკიცა ფაქტები, რომლებიც იძლევიან პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ საშუალო წინდახედულობის ფარგლებში ქონების მესაკუთრე არ დაკარგავდა საარსებო წყაროს, რომელიც ამავდროულად მას სარჩოს მიღების შესაძლებლობის მისცემდა, ეს პოზიცია გამართლებულია კასატორის მხრიდანაც, რომელსაც ხანდაზმული ნათესავის მოვლის მორალური ვალდებულება გააჩნდა და სანაცვლოდ მიიღებდა უძრავ ქონებას საკუთრებაში. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელმაც ნასყიდობის პირობებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაც ვერ დაამტკიცა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა არა მხოლოდ მისი მოქნილობის, არამედ, ამ ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვისკენაა მიმართული და სწორედ ამაზე მეტყველებს სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 431-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურების ინსტიტუტი. კანონის ეს დანაწესი, ერთი მხრივ იცავს მოვალეს, არაკეთილსინდისიერი კონტრაჰენტისაგან და მეორე მხრივ, განაპირობებს მტკიცების ტვირთის მასზე გადატანას, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, არ შეიძლება სხვა სახის მტკიცებულებით, მაგალითად, მოწმეთა ჩვენებით შეიცვალოს. სააპელაციო პალატამ თანხის გადაცემის ფაქტის მტკიცების თავლსაზრისით სწორად იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით (იხ. სუსგ #ას-965-926-2014, 2015 წლის 30 აპრილი) და იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ვერ დაადასტურა ნასყიდობის საფასურის გადახდა, ხოლო მოსარჩელე კვლავ სარგებლობდა სადავო ქონებით, ზემოთ მითითებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, არამედ 941-ე მუხლით გათვალისწინებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება იყო დადებული.

1.5.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას გარიგების ფორმასთან მიმართებით (სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლი, ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი და 22-ე მუხლი) და ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლი უძრავი ქონების გადაცემით სამისდღეშიო რჩენის ნამდვილობას რთულ სანოტარო ფორმას უკავშირებს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, დაცული არ ყოფილა, როგორც კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ სწორად გააბათილა იგი. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ამავე კოდექსის 976-ე (1) მუხლის საფუძველზე, გარიგების ბათილობის გამო მის საგანზე უფლება ექვემდებარება დაბრუნებას.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ფორმის დაუცველად დადებული ხელშეკრულების ბათილობისა და ქონებრივი რესტიტუციის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 28.04.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის 70% _ 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ო-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ. ო-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 28.04.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 500 ლარის 70% _ 350 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი