საქმე №ას-635-593-2017 7 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „კ-ა“, დირექტორი გ. ჩ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ბ. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მენარდე) მიმართ მოპასუხისათვის 4 375 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე წარმომადგენლის მეშვეობით აწარმოებდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებს, მათ შორის - გადახურვას და მოლაპარაკება ჰქონდა გამართული მშენებლებთანაც, მოპასუხესთან შედგა ზეპირი შეთანხმება მომსახურების შესახებ, რომლითაც იგი კისრულობდა ვალდებულებას, უზრუნველეყო დამკვეთისთვის გადახურვის სამუშაოების შესრულება, კერძოდ, ს-ოში მდებარე მშენებარე სახლში უნდა გაეკეთებინა ბრტყელი გადახურვა კალმატრონის ხსნარით. შეთანხმების თანახმად, კალმატრონით ზედაპირის დამუშავების შემდეგ შედეგი უნდა დამდგარიყო, რის გარანტიასაც აძლევდა მოპასუხე კომპანიის დამფუძნებელი. შემკვეთმა ამ ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ გადაიხადა საზღაური 4 375 ლარის ოდენობით. სამუშაოები შეასრულეს კომპანიის სპეციალისტებმა და მათივე მეთვალყურეობის ქვეშ მოხდა შესრულებული სამუშაოს შემოწმება, რა დროსაც დაფიქსირდა წყლის გაჟონვა. მენარდეს მიეცა ნაკლის გამოსასწორებელი ვადა, რა დროსაც დამატებითი სამუშაოები შესრულდა, თუმცა, პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. ნაკლის გამოსასწორებელი ვადის კვლავ განსაზღვრის მიუხედავად, ვერ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი, შემკვეთს მენარდის მხრიდან შეეთავაზა თანხის დაბრუნება, თუმცა არასრული ოდენობით, რაც მიუღებელი იყო მოსარჩელისთვის. ამჟამადაც გრძელდება წყლის ჩამოდინება, რაც აზიანებს კედლებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანია აწარმოებს კალმატრონის ჰიდროსაიზოლაციო მასალას, ეწევა ამ პროდუქციის რეალიზაციასა და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს. მოსარჩელესთან ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ პროდუქციის ნასყიდობის თაობაზე. სამუშაოების შესრულებაზე რაიმე, თუნდაც ზეპირი შეთანხმება, არ გაფორმებულა. პროდუქციის გაყიდვისას მყიდველს აუხსნეს გამოყენების წესები და გაუწიეს კონსულტაცია. სამუშაოები უნდა შეესრულებინათ თავად მყიდველის სპეციალისტებს, მოხმარების წესს კი აუხსნიდა კომპანია. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, სამუშაოების შესრულების თაობაზე გაეფორმებინათ ხელშეკრულება და ამ შემთხვევაში მისცემდნენ 35-წლიან გარანტიას წყლის გაუჟონაობის თაობაზე, რისთვისაც შესაბამისი საფასური უნდა გადაეხადა. მოსარჩელის წარმომადგენელმა თვითონ იქირავა ხელოსნები და ანაზღაურებაც მათ ისე გადაუხადა, რომ ეს კომპანიას არც შეხებია. პროდუქციის გაყიდვისას მათ მყიდველს გაუწიეს გარკვეული რეკომენდაცია, რომელიც მან არ გაითვალისწინა. პროდუქცია და ხელსაწყოები მოპასუხემ საკუთარი ავტომობილით მიუტანა მოსარჩელეს და ხელსაწყოები ათხოვეს მოსარჩელის მიერ დაქირავებულ მუშებს. მოპასუხის მიერ ნაწარმოები პროდუქცია არის საუკეთესო ხარისხის, აქვს შეღწევადობის უნიკალური უნარი და ახორციელებს ბეტონის სიღრმეში არსებული ფორების ჩაკეტვას, რაც ხელს უშლის წყლის გაჟონვას. აღდგენითი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების წინ დგინდება არსებული ბეტონის შემადგენლობა და მისი თავსებადობა კალმატრონთან. ვინაიდან შემკვეთს ბეტონის გადახურვა ჰქონდა გამოყენებული, რეკომენდაცია გაეწია, გამოეყენებინა მხოლოდ „კალმატრონ დ“, თუმცა, მან შეიძინა „კალმატრონ ე“. მოპასუხის განმარტებით, დამკვეთთან, რომელთანაც კისრულობენ სამუშაოების შესრულებას, აფორმებენ წერილობით ხელშეკრულებას 35-წლიანი გარანტიით. ამ შემთხვევაში კი, ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 375 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხისაგან შეიძინა ჰიდროსაიზოლაციო მასალა მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული სახლის სახურავის ჰიდროიზოლაციისათვის და მთლიანობაში პროდუქციაში გადაიხადა 3 750 ლარი (1750+2000), ჰოდროსაიზოლაციო ფენის მოწყობის ღირებულებამ შეადგინა 625 ლარი;
1.2.2. შეძენილი მასალის ტრანსპორტირება განხორციელდა მოპასუხის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით. იმავე ტრანსპორტით გადაადგილდნენ ხელოსნები, რომლებმაც შეასრულეს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები. ხელოსნებმა გამოიყენეს კომპანიის კუთვნილი ხელსაწყოები, რომლებიც ამავე ტრანსპორტით მიიტანეს დანიშნულების ადგილზე. ხელოსნები, რომლებმაც შეასრულეს ჰიდროიზოლაციის სამუშაოები, დასაქმებული არიან მოპასუხე კომპანიაში;
1.2.3. მოპასუხე არ ეთანხმება მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და მიიჩნევს, რომ გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობაა. მოსარჩელემ თვითნებურად დაიქირავა მუშები. რაც შეეხება კომპანიაში დასაქმებული მუშების მიერ სამუშაოების წარმოების ფაქტს, მასალის ტრანსპორტირებისას მუშები მხოლოდ გზად გაყვნენ მანქანას, ხოლო ხელსაწყოები კომპანიამ კეთილი ნების საფუძველზე ათხოვა მათ. აღნიშნულის საპირისპიროდ დადგინდა, რომ ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულებისას მოპასუხემ შექმნა იმგვარი გარემოებები, რაც ანალოგიურ ვითარებაში მყოფ გონიერ ადამიანს აფიქრებინებდა, რომ სამუშაოებს აწარმოებდნენ კომპანიის მიერ უფლებამოსილი ხელოსნები და საქონლის შეძენის, ისევე, როგორც სამუშაოს შესრულების (ჰიდროიზოლაციის მოწყობა) ურთიერთობებში მოსარჩელის კონტრაჰენტი იყო მოპასუხე. ის, რომ საქონლის ღირებულება გადახდილ იქნა თავიდან, სამუშაოს შესრულების თანხა კი - სამუშაოს შესრულების ადგილზე სამუშაოს შესასრულებლად გამოცხადებული სუბიექტისთვის, მოცემულ შემთხვევაში არ არის საკმარისი მოპასუხის პოზიციის გაზიარებისათვის. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერის (მოსარჩელის წარმომადგენლისათვის მოპასუხე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - ს. ჩ-ას მიერ გაგზავნილი წერილების) თანახმად:
- ს. ჩ-ა უშუალოდ იყო ჩართული როგორც სამუშაოების შესრულების, ისე _ მოგვიანებით, სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის საკითხების განხილვაში. 07.07.2015წ. წერილში იგი მოსარჩელეს (მის წარმომადგენელს) განუმარტავს, რომ პრობლემა კონდენსატის ბრალია და დარწმუნებულია, რომ კალმატრონნარევი მოჭიმვის განხორციელების შედეგად ბრტყელ გადახურვაზე წყლის დაგუბება გამოირიცხება, ხოლო კონდენსატიც გაქრება. ამავე წერილში ავტორი უთითებს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი ჰიდროსაიზოლაციო მასალაა, ის არ უზრუნველყოფს კონდენსატის პრობლემის აღმოფხვრას და შესაბამისად, კომპანია ხელშეკრულებაში გარანტიას იძლევა ჰიდროიზოლაციაზე და არა კონდენსატზე. 07.07.2015წ. წერილის გაგზავნის პერიოდში მოპასუხე საწარმოს დამფუძნებელი, რომელიც უდავოა, რომ წარმოადგენს კონკრეტულ საკითხში კვალიფიციურ სპეციალისტს, წარმოშობილ პრობლემას უკავშირებს კონდენსატს და არა მოსარჩელის მიერ „კალმატრონ დ-ს“ ნაცვლად „კალმატრონ ე-ს“ შეძენას ან საკითხს, იყო თუ არა ბეტონში რაიმე დანამატი გამოყენებული.
- წერილში 1/1 ავტორი ქრონოლოგიურად აღწერს მხარეთა შორის საქმიან ურთიერთობას, უთითებს, რომ მოსარჩელემ სრული გარანტიის მისაღებად გადაწყვიტა არსებული ბეტონი კალმატრონით დამუშავებულიყო და შემდეგ კალმატრონნარევი ბეტონით მოჭიმვა გაკეთებულიყო. ასევე, საუბარია სამუშაოების შესრულების ეტაპზე წერილის ავტორის ჩართულობის შემდეგ ფაქტორებზე:
ა) „სამუშაოს შესრულებისას კალმატრონის რაოდენობა დააკლდა და მე პირადად შემოვიტანე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და უფრო მეტიც, ნაკლები თანხა გადაგახდევინე“;
ბ) „რამოდენიმეჯერ პირადად ვიყავი ს-ოს სახლის მშენებლობაზე“;
- წერილიდან ჩანს, რომ ავტორი ინფორმირებულია შესრულებული სამუშაოს ტესტირების ეტაპზეც: „სპეციალისტებმა დამუშავების შემდეგ მთლიან პერიმეტრზე, დაახლოებით, 20 სმ-ზე დააგუბეს წყალი და შედეგად წყალს არ გამოუჟონავს, მაგრამ კონდენსატი გაიჩინა. კონდენსატი დროდადრო ჭერზე დიდდებოდა და შემდეგ ისევ მცირდებოდა.... როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ კუთხეში დარჩა პრობლემა, რომელიც ისევ კონდენსატის საკითხია, მაგრამ შენ ეჭვი გაქვს, რომ გამოჟონვის პრობლემაა და ითხოვ გარანტიებს და აყენებ საკითხს პრობლემის შემთხვევაში დიდი თანხის ანაზღაურებაზე“.
- 03.09.2015წ. წერილში ავტორი სარჩელით მოთხოვნილ თანხას მოიხსენიებს როგორც „სრულ თანხას“. ასევე აცხადებს, რომ იჩენს კეთილ ნებას და გამოთქვამს მზადყოფნას 2 000 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე ;
- 14.06.2016წ. წერილში ავტორი მოსარჩელის წარმომადგენელს განუმარტავს, რომ ურიგო არ იქნებოდა „ჩვენ ბიჭებს კიდევ ერთხელ ენახათ პრობლემური ობიექტი“. იქვე მიუთითებს: „ვიზუალურად, როცა ვათვალიერებდი დამუშავებულ ფართს, მე ხარვეზი ვერ შევამჩნიე“.
- 1/2 წერილში კვლავ საუბარია არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე და იქვე გაცხადებულია მზადყოფნა მოსარჩელისათვის 18 შეფუთვა კალმატრონის უსასყიდლოდ გადაცემაზე, თუ სამუშაოები მოსარჩელის ხარჯით განხორციელდება;
- წერილებში ჩანს, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის პრეტენზია ნაკლის თობაზე, ასევე, ირკვევა და მხარეები არ დავობენ, რომ ნაკლი არ გამოსწორებულა. წერილებში მოპასუხის პარტნიორი ძირითადად საუბრობს ნაკლის არარსებობაზე;
1.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.05.2016წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ს-ოში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ბრტყელ გადახურვაზე საიზოლაციო ფენა უხარისხოდ არის მოწყობილი, რომელზედაც აღინიშნება დაზიანებები, კერძოდ, სახურავზე შეინიშნება წვრილი ბზარები, ასევე, ზოგ ადგილებში ამოტეხილია გადახურვაზე მოწყობილი თხელი საიზოლაციო ფენა, რაც იწვევს საცხოვრებელი ოთახების ჭერზე წყლის გაჟონვას. საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია;
1.2.5. მოპასუხეს ნაკლი არ გამოუსწორებია, ამასთან, უდავოა, რომ მოსარჩელეს აღარ გააჩნია შესრულების ინტერესი, ვინაიდან საცხოვრებელი სახლის გადახურვის ჰიდროიზოლაცია უკვე განხორციელებულია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილება გამოიტანეს საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილება. სააპელაციო პალატამ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მხარეები, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დარღვევით, მოსარჩელეს სარჩელში მითითებული გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია, ხოლო სასამართლომ გადაწყვეტილება დაამყარა მოპასუხის ახსნა-განმარტებაზე. მოპასუხემ სასამართლოს ვრცელი განმარტება მისცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერის თაობაზე, რომლის წინააღმდეგაც მოსარჩელეს არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ აღიარა, რომ თავად მოიძია მუშები და მოპასუხის ჩაურევლად გაურიგდა მათ, როგორც სამუშაოს შესრულების, ისე _ საფასურის გადახდის წესსა და პირობებზე;
1.4.2. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოთხოვნილი ოდენობით თანხის გადახდის ფაქტს, ეს საკითხი მოპასუხემ სადავო გახადა, თუმცა რაიმე მტკიცებულება მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. ეს საკითხი აპელანტმა სადავო გახადა ზემდგომ სასამართლოშიც და მიუთითა ელ.მიმოწერაზეც, თუმცა, პალატას იგი არ გამოუკვლევია;
1.4.3. არასწორია ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა კასატორის მხრიდან იმგვარი ვითარების შექმნის თაობაზე, რაც აფიქრებინებდა ნებისმიერ საღად მოაზროვნე პირს, რომ სამუშაოებს კომპანიის უფლებამოსილი პირები აწარმოებდნენ, ამ თვალსაზრისით სასამართლოს არ გამოუკვლევია მხარეთა მიმოწერა, სადაც საუბარია იმაზე, რომ მოსარჩელემ თავად განაცხადა წერილობითი/საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი. ამ მხრივ გაუმართლებელია პალატის მტკიცება, რომ კომპანიამ მუშები თავად მიიყვანა და სხვა, რადგანაც თავად მოსარჩელეს საკუთარი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით, არც კი უთქვამს ამგვარი ფაქტები, კომპანია, როგორც წესი, შესყიდული პროდუქციის მიტანას ახორციელებს. დასაქმებულმა მუშებმა სთხოვეს კასატორს გაყოლა, თუმცა ეს ფაქტი არ შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მოსარჩელეს ჰგონებოდა სამუშაოს შემსრულებლად მოპასუხე, რადგანაც მან იცოდა, რომ გარიგება დადებული ჰქონდა კონკრეტულ მუშებთან, მათ გადაუხადა თანხა და მათვე შეუთანხმდა მომსახურების საზღაურის ოდენობაზე. გარდა ამისა, სასამართლომ მომსახურების მოპასუხის მიერ გაწევის ფაქტი დაამყარა წერილებში კომპანიის წილის მფლობელი პარტნიორის განმარტებებს, სადაც ეს უკანასკნელი მუშებს მოიხსენიებდა, როგორც „ჩვენ ბიჭებს“, თუმცა, შეფასების გარეშე იქნა დატოვებული წერილებში ამავე პირის განმარტება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ შემძენს უწევდა კონსულტაციებს, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ თავადვე აღნიშნა, რომ გადახურვითი სამუშაოები დასრულებული ჰქონდა. ორივე ინსტანციის სასამართლო ადგენს, რომ გარიგება კომპანიის გვერდის ავლით, პირადად მუშებთან გაფორმდა მომსახურების გაწევის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის პარალელურად დისკრიმინაციულად ამტკიცებს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს;
1.4.4. კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც სადავო ხელშეკრულების კასატორთან გაფორმების ფაქტს ამყარებს სასამართლო, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორთან მიმოწერაა, რაც არასწორია, რადგანაც სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტები და მითითებული 1/2 წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მსგავსად სხვა შემძენებისა, კასატორი ყველას უწევს გამოყენების თაობაზე კონსულტაციას, ასევე, დასტურდება, რომ მოსარჩელემ, ნაცვლად შეთავაზებულისა, თავად გადაწყვიტა „კალმატრონ ე“. შემძენმა არ გაითვალისწინა მოპასუხის რჩევა, გადახურვის ზედაპირზე დაესხა კალმატრონნარევი ბეტონის 10-15 სმ-ის სისქის ბეტონი, მისი თხოვნა იყო მხოლოდ კონსულტაციის გაწევა, რაც ხორციელდებოდა კიდეც. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის თხოვნის საფუძველზე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი გამოცხადდა და დაათვალიერა სამუშაოები, არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა სასამართლოს დასკვნებს;
1.4.5. არასწორია სასამართლოს შეფასებები ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, რადგანაც ექსპერტიზა არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რა წარმოადგენს „თხელ ფენას“, „უხარისხო პროდუქციას“და სხვა. ამ დასკვნით არ დგინდება მოსარჩელის სახლში წყლის ჩადინების მიზეზობრივი კავშირი კასატორის პროდუქციასთან, მით უფრო, რომ განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა პროდუქტის ხარისხი.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელესა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოპასუხეს შორის დაიდო სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გარდა ამისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ, გარდა ნასყიდობის ფასისა, დამოუკიდებლად ანაზღაურებულია მომსახურების ღირებულება. ამ ფაქტიდან გამომდინარე, სადავოა, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ პირს მოპასუხესთან (სკ-ის 629-ე მუხლი). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ფორმათავისუფალ გარიგებათა რიცხვს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ზეპირი თუ წერილობითი ხელშეკრულებისა (თუნდაც სამეწარმეო ურთიერთობის ფარგლებში ერთ-ერთი პირი უპირატესობას წერილობითი ფორმის დაცვას ანიჭებდეს), ორმხრივად მავალდებულებელი ძალა შეთანხმებას, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არსებით პირობებზე მხარეთა სათანადო წესით შეთანხმებიდან გამომდინარე გააჩნია. ფორმათავისუფალი გარიგების პირობებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან გამომდინარე, ფაქტის მიმთითებელ მხარეს შეუძლია მისი მტკიცება ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით. ამ თვალსაზრისით საქმეში წარმოდგენილია შემძენისა და მოპასუხე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მიმოწერა. მოსარჩელე დამატებით თავის პოზიციას ამტკიცებს იმაზე მითითებით, რომ მუშები ამავე კომპანიაში იყვნენ დასაქმებული და კომპანიის ხელსაწყოების გამოყენებით ასრულებდნენ მომსახურებას, თავად კომპანიის მფლობელი ცხადდებოდა სამუშაოების შემოწმების მიზნით და სხვა.
1.5.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის საწყისზე დამყარებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-5 მუხლი) სასამართლოს, მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით, არ გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი, არამედ, მხარეთა მონაწილეობით დგინდება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები სასამართლო სხდომაზე. ბუნებრივია, სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გაჩნია, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ცდილობს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნების გაქარწყლებას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკლვეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს შეფასებას იმის თაობაზე, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, რაც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებელ პირად სწორედ კომპანიის მიჩნევას განაპირობებს. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომლის თანახმადაც, სასამართლომ დაარღვია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისა და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი.
1.5.3. დაუსაბუთებელია კასატორის კრიტიკა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს დოკუმენტი შეიცავს დამაჯერებელ კვლევას და უპირობოდ დგინდება ის, რომ სახეზეა წყლის გაჟონვის ფაქტი, ამასთანავე, ეს გარემოება დადასტურებულია მხარეთა მომოწერითაც, საპირისპირო მტკიცებულება კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. პალატა მიიჩნევს, რომ თავად ექსპერტიზის დასკვნა ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილი წესითაა შეფასებული და მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება ნასყიდობის საგნის ხარისხიდან მომდინარეობს ნაკლი თუ ამ საგნის გამოყენებიდან, არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, ვინაიდან, როგორც ქვემდგომმა სასამართლომ აღნიშნა, ნაკლიანი შესრულება, როგორც ნასყიდობის, ისე _ ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, წარმოშობს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას (სკ-ის 488-ე, 491-ე, 639-ე და 644-ე მუხლი). იმ პირობებში, როდესაც საკასაციო საჩივრით სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა სადავო არაა, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შერეული ხელშეკრულების განმარტების, ასევე, ნაკლის გამო ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს თ. ჩ-ას მიერ 04.05.2017წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „კ-ას“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ. ჩ-ას მიერ 04.05.2017წ. #... საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე