საქმე №ას-719-672-2017 19 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე (მომხსენებელი), ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ თ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ო-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ვ. ო-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „თ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების _ 35 100 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 14 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ.თბილისში, ს-ოს ქ#6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შერეული ტიპის საცხოვრებელი სახლის დაპროექტების თაობაზე. ხელშეკრულებით მოსარჩელეს ევალებოდა მერიის არქიტექტურული სამსახურის მიერ პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო ესკიზური და მუშა დოკუმენტების შედგენა, მშენებლობის ზედამხედველობა მთელი პროცესის განმავლობაში და სხვა. სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 35 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, რომელიც მოიცავდა საშემოსავლო გადასახადსაც. ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით ან, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ასაშენებელ შენობაში ფართის გადაცემით. ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტერურის სამსახურმა განიხილა მოპასუხის მიმართვა და დაადგინა, რომ ზემოხსენებულ მისამართზე სამუშაოები შესრულებული იყო ესკიზური პროექტის შესაბამისად, 2013 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოხდა სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება, რაც ხელშეკრულების 4.3. პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა მენარდის მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას და წარმოშობდა შემკვეთის ვალდებულებას, აენაზღაურებინა სამუშაოს ღირებულება. 2013 წლის 9 ოქტომბერს მენარდესა და ა(ა)იპ თ-ს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მოპასუხემ, როგორც ა(ა)იპ ძ-ის უფლებამონაცვლემ აიღო ვალდებულება, აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მას ვალდებულება არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, კერძოდ, ქ.თბილისში, ს-ოს ქ#6-ში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის მოსარჩელის მიერ შედგენილ პროექტს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დაუდგინა ხარვეზი, რომლის აღმოუფხვრელობის გამო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს განცხადება დარჩა განუხილველი და პროექტი ვერ შეთანხმდა, რითაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ისეთი პროექტის შედგენა, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურთან. მხარეთა შორის 2010 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულება წარმოადგენს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებულ გაუქმების პირობით დადებულ გარიგებას და ვინაიდან ხელშეკრულებით დათქმული პირობა არ დადგა (პროექტი ვერ შეთანხმდა არასრულყოფილების გამო), მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობაც შეწყვეტილია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 35 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2010 წლის 14 მაისს ა(ა)იპ „ძ-სა“ და მოსარჩელეს შორის წერილობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის მიხედვით, მენარდე იღებდა ვალდებულებას, ანაზღაურების სანაცვლოდ (რაც 2.1 პუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, განისაზღვრებოდა 35 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით), შეესრულებინა ქ.თბილისში, ს-ოს ქ#6 (გ-ის ქ#1) განლაგებულ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შერეული ტიპის საცხოვრებელი სახლის დაპროექტება, რაც, მათ შორის, მოიცავდა:
- ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში პროექტის შეთანხმებისათვის და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო და აუცილებელი არქიტექტურული პროექტის ესკიზურ სტადიას;
- მუშა დოკუმენტაციის შედგენას, მათ შორის, კონსტრუქციული ნახაზების, ასევე, ყველა მომიჯნავე პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენას;
- მშენებლობის ზედამხედველობას მშენებლობის მთელი პროცესის განმავლობაში;
1.2.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 28.03.2012წ, #... გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ არქიტექტურის სამსახურში შესათანხმებლად წარდგენილ მენარდის მიერ მომზადებულ პროექტს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, არ ერთვოდა საკადასტრო რუკა; მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა თანხმობა საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით; დასაზუსტებელი იყო ობიექტის მისამართი, ვინაიდან, განმარტებითი ბარათის თანახმად, ობიექტის მისამართი იყო გ-ის ქ#1, ხოლო საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით - ს-ოს ქ#6 (უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს გ-ის 1-ში მდებარე შენობას. ამასთან, თუ შენობას აქვს ორი მისამართი და ერთი მათგანი შეესაბამება უძრავი ძეგლის მისამართს, საჭირო იქნებოდა 50-ლარიანი მოსაკრებლის გადახდა);
1.2.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 14-დღიან ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, პროექტის შეთანხმების შესახებ განცხადება დარჩა განუხილველად;
1.2.4. ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.02.2013 წლის #... გადაწყვეტილებით შეთანხმდა შემკვეთის მიერ 15.02.2013 წელს წარდგენილი ქ.თბილისში, ს-ოს ქ#6-ში არსებული შენობის რეკონსტრუქციის სამშენებლო დოკუმენტაცია. გადაწყვეტილების მიხედვით, დასახელებულ მისამართზე მდებარე ობიექტზე სამუშაოები განხორციელებულია წარმოდგენილი ესკიზური პროექტების შესაბამისად;
1.2.5. 09.10.2013 წელს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ ა(ა)იპ „ძ-ს“ და მოსარჩელეს შორის 14.05.2010 წელს დადებულ ხელშეკრულებაში დამკვეთის ადგილს იკავებს ა(ა)იპ „თ-ი“, ასევე, 14.05.2010 წლის ხელშეკრულების ტექსტი, მისი პრეამბულისა და მე-8 მუხლის (მხარეთა ხელმოწერები და იურიდული მისამართები) გამოკლებით, რჩებოდა უცვლელი და წარმოადგენდა შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, უცვლელი რჩებოდა ხელშეკრულების სხვა პირობებიც;
1.2.6. მხარეთა შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. 2010 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულება მოიცავდა ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში პროექტის შეთანხმებისათვის და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო და აუცილებელი არქიტექტურული პროექტის ესკიზურ სტადიას; მუშა დოკუმენტაციის შედგენას, მათ შორის, კონსტრუქციული ნახაზების, ასევე, ყველა მომიჯნავე პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენას; მშენებლობის ზედამხედველობას მშენებლობის მთელი პროცესის განმავლობაში. არქიტექტურის სამსახურის მიერ შემკვეთის მიმართვის განუხილველად დატოვება არ უნდა შეფასებულიყო სამოქალაქო კოდექსის 97-ე მუხლის გამოყენების წინაპირობად (ხელშეკრულებით მხარეებმა გარიგების შეწყვეტა მენარდის მიერ შესრულებული არქიტექტურული პროექტის ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან შეუთანხმებლობას დაუკავშირეს. კერძოდ, ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, თუ შემსრულებლის მიერ შესრულებული არქიტექტურული პროექტი, მისი არასრულყოფილების გამო ვერ შეთანხმდებოდა ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან, წინამდებარე ხელშეკრულება შეწყვეტდა თავის მოქმედებას და შემსრულებელი ვალდებული იყო, ხელშეკრულების შესრულების პროცესში მიღებული ნებისმიერი თანხა დამკვეთისათვის დაებრუნებინა 5 დღის ვადაში. ამავე პუნქტის მე-2 ნაწილის თანახმად, ანალოგიურად, თუ დამკვეთი ვერ შეძლებდა მშენებლობის ნებართვის მოპოვებას, მიუხედავად, შემსრულებლის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულებისა, ხელშეკრულება შეწყვეტდა მოქმედებას და დამკვეთი შემსრულებელს აუნაზღაურებდა ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას სრულად), რადგანაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 28 მარტის #... გადაწყვეტილებით პროექტის შეთანხმების შესახებ განცხადება განუხილველად დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ განსაზღვრულ 14-დღიან ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, პროექტის შეთანხმების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი არ უკავშირდება მენარდის მიერ შესრულებული არქიტექტურული პროექტის არაჯეროვნებას. ეს გარემოება გამორიცხავს 4.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტილად მიჩნევას. ხარვეზის შინაარსის გათვალისწინებით, ხარვეზის საფუძველი თავად შემკვეთის (მოპასუხის) მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, 14.05.2010 წლის გარიგებიდან გამომდინარე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობის ფაქტი დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებითაც:
- თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.02.2013 წლის #... გადაწყვეტილების თანახმად, ქ.თბილისში, ს-ოს ქ#6-ში სამუშაოები განხორციელებულია წარმოდგენილი ესკიზური პროექტების შესაბამისად;
- მხარეთა შორის 2013 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული შეთანხმების თანახმად, 14.05.2010 წელს დადებულ ხელშეკრულებაში დამკვეთის ადგილი დაიკავა მოპასუხემ. აღნიშნული შეთანხმება პირდაპირ მითითებას შეიცავს იმის შესახებ, რომ ა(ა)იპ „თ-ს“ ა(ა)იპ „ძ-ისაგან“ 2010 წლის 14 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღების უფლება გადაეცა. ამავე შეთანხმების თანახმად, 14.05.2010 წლის ხელშეკრულების ტექსტი, მისი პრეამბულისა და მე-8 მუხლის (მხარეთა ხელმოწერები და იურიდული მისამართები) გამოკლებით, უცვლელი დარჩა და წარმოადგენდა შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. უცვლელი დარჩა ხელშეკრულების სხვა პირობები.
1.2.7. აპელანტმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სადავო ობიექტი არა მენარდის, არამედ სხვა ავტორის ესკიზური პროექტის შესაბამისად აშენდა. მასვე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სამუშაოების საავტორო ზედამხედველობა არა მოსარჩელემ, არამედ სხვა პირმა განახორციელა. რაც შეეხება მის აპელირებას, რომ მენარდეს ორი შენობა უნდა დაეპროექტებინა (გ-ის ქ#1-სა და ს-ოს ქ#6-ში), ასეთი პირობა სადავო გარიგების შინაარსიდან არ გამომდინარეობს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის 05.05.2015 წლის #... წერილით დგინდება, რომ, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ.თბილისში, ს-ოს ქ#6-ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში მისამართებად ფიქსირდება: გ-ის #5/ს-ოს #6, ს-ოს #6/გ-ის #1.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 97-ე მუხლი, რამდენადაც 2010 წლის 14 მაისის ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, შენობის არასრულყოფილი პროექტის შესრულების გამო არქიტექტურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა ხარვეზი, რომელიც მოსარჩელეს არ აღმოუფხვრია, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ განცხადება დატოვა განუხილველად. პროექტის მოგვიანებით შეთანხმების საფუძველი გახდა შპს „ი-ს“ მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და „ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მერიის 2012 წლის 14 თებერვლის #1 ბრძანება, ამდენად, სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, არასწორია;
1.4.2. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, თუმცა, გაურკვეველია, როგორ დაადგინა დათქმულ დროს ვადებულების შესრულების ფაქტი მენარდის მხრიდან. საქმის მასალების თანახმად, 2010 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება 50-დღიანი ვადის ნაცვლად, შესრულებულია 2013 წლის 28 თებერვალს;
1.4.3. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების დარღვევით, არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროექტის შეთანხმების შესახებ განცხადებაზე ხარვეზის დადგენა არა მენარდის, არამედ, შემკვეთის ბრალით იყო გამოწვეული, ამ გარემოების დადგენისას სასამართლო დაემყარა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას და არ გაითვალისწინა საქმის მასალები, რომლებიც საპირისპირო გარემოებებზე მეტყველებდნენ.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. განსახილველი სარჩელი ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას ემყარება, რომლის ფარგლებშიც, მენარდე მოითხოვს ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურის შემკვეთისათვის დაკისრებას, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს. მოხმობილი ნორმის თანახმად კი, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამ კატეგორიის დავისათვის მენარდის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. რაც შეეხება შემკვეთს, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტას (მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, იხ. სკ-ის 427-ე მუხლი), ანაზღაურების წინაპირობების არარსებობას (ხელშეკრულების შეწყვეტა, არაჯეროვანი შესრულება, ხანდაზმულობა _ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი ან გამომრიცხველი შესაგებელი). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სწორედ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პროექტის ნაკლის გამო არ მოხერხდა მისი შეთანხმება, რის გამოც მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა და არ არსებობს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების წინაპირობები. მოხმობილი გარემოებების პროცესუალურ ჭრილში შეფასებისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს ევალებათ მათი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებების დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და მართებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელემ დაძლია საკუთარი პროცესუალური ვალდებულება, რაც შეეხება მოპასუხეს, მან ვერ წარადგინა სარწმუნო მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ, სამოქალაქო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, გარიგება გაუქმდა. ამ მხრივ პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის მასალების კვლევას ემყარება. სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ ნაკლი, რომელზეც აპელირებდა მოპასუხე, გამოწვეული იყო არა მენარდის, არამედ, თავად შემკვეთის მოქმედებიდან, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მხარეებმა მოგვიანებით, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით დაადასტურეს თავდაპირველი შეთანხმების ნამდვილობა, ამასთანავე, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმისა, რომ ნაკლის გამოსწორება, სამუშაოების წარმოება და სხვა არა მენარდის, არამედ, სხვა პირის მიერ განხორციელებული შესრულების შედეგი იყო, მართებულად დააკისრა შემკვეთს ნარდობის საზღაურის გადახდა.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 16.05.2017წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 284,83 ლარის 70% _ 2 999, 381 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა(ა)იპ თ-ს (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 16.05.2017წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 284,83 ლარის 70% _ 2 999, 381 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი