№ას-916-857-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.მ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – დ.ჯ., ჟ.კ., მ.ქ., ბ.კ., საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განჩინებების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება
აღწერილობითი ნაწილი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით მ. მ–ის (შემდეგში მოსარჩელე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი), სარჩელს, რომლითაც ის დ.ჯ–ს, ჟ.კ–ს, მ.ქ–ს, ბ.კ–სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული როგორც მოპასუხეები) შორის 2016 წლის 22 ივლისს დადებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ზუგდიდი, ....... (შემდეგში სადავო უძრავი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 177.3, 180-ე, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტითა და 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით.
1.1. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფა თანმიმდევრულად და სრულად შევსებული არ ყოფილა, ამასთან, სარჩელის დავის ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება უკანონოდ დაიდო და, შესაბამისად, უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეები არაკეთილსინდისიერი შემძენები იყვნენ, თუმცა, სარჩელით არ ირკვეოდა, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნდა მოსარჩელეს დავის საგნის მიმართ;
1.2. სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასა და დასაშვებობის წინაპირობას იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს, იურიდიული ინტერესის არსებობისთვის კი, აუცილებელია მხარეთა შორის არსებობდეს დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე, მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში და ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას. აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს და ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისთვის;
1.3. სასამართლოს დასკვნებით, ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა აღიარებითი სარჩელის აღძვრის სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "ლ" და ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები, არ არსებობდა სარჩელის მიღების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, სარჩელის მიუღებლობა გამორიცხავდა სარჩელთან ერთად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობის შესახებ მსჯელობასაც.
2. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება, სარჩელის წარმოებაში მიღება და ხსენებულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის (საქმის ნომერი) გასწორება მოითხოვა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაში გასწორდა უსწორობა - სათანადო საქმის ნომერი მიეთითა.
4. 2016 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელემ მეორე კერძო საჩივარი წარადგინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს უსწორობის გასწორების შესახებ 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, იმ საფუძვლით, რომ მისი ძირითადი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ კვლავ არ იყო ასახული მიღებულ განჩინებაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 და 22 ნოემბრის განჩინებებით კერძო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებებით, კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
6.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სარჩელი სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევით იყო წარდგენილი და დამატებით განმარტა, რომ იურიდიული ინტერესის არსებობისთვის, რომელიც აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობაა, აუცილებელი იყო მხარეთა შორის უფლებებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ დავის არსებობა;
6.2. პალატის განმარტებით, აღიარებითი სარჩელის დროს არსებული იურიდიული ინტერესი მომავალში რეალური საშიშროების თავიდან აცილებას უნდა უკავშირდებოდეს, რაც შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებით, შესაბამისად, აღიარებითი სარჩელით უნდა განსაზღვრულიყო სამართლებრივი ურთიერთობის მოცულობა და შინაარსი;
6.3. პალატის დასკვნებით, ქვემდგომმა სასამართლომ სამართლიანად და კანონიერად მიუთითა იმაზეც, რომ, რადგან სარჩელს წარმოებაში არ იღებდა, ვერც მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობა/არამართებულობაზე და გამოყენება/არ გამოყენებაზე იმსჯელებდა;
6.4. პალატამ არ გაიზიარა ასევე, მოსარჩელის პრეტენზია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება/არ გამოყენების თაობაზე მსჯელობის, უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაში ასახვასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ აღნიშნული უსწორობის გასწორების განხილვის დროს გადასაწყვეტი საკითხი არ იყო. პალატის განმარტებით, ამ დროს მხოლოდ აშკარა არითმეტიკული და ბეჭდვის დროს დაშვებული შეცდომები სწორდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, პალატის მითითებით, პირველმა ინსტანციის სასამართლომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებული განმარტება გააკეთა.
7. 2017 წლის 9 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია მის 2016 წლის 7 ნოემბრის კერძო საჩივარზე, რომლითაც ის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებას ითხოვდა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 421, 422.1 და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.
8.1. პალატამ განმარტა, რომ რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, მართებულად არ მიიღო სარჩელი წარმოებაში, რაც სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებებით ამომწურავად იქნა დასაბუთებული, ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის პრეტენზიებს, რომ 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებებში აღნიშნულზე მსჯელობა არ ყოფილა;
8.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებებში განცხადებაში მითითებულ პრეტენზიებზე ამომწურავად არ იქნებოდა ნამსჯელი, აღნიშნული ვერ გახდებოდა განჩინებების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
9. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი განცხადების ხელახლა განხილვის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
9.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განჩინებები მიღებულია იმ მოსამართლეების მიერ, რომელთაც საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ;
9.2. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე არ უნდა განეხილა, რადგან მისი მონაწილეობა საქმის განხილვაში ხელს შეუწყობდა ობიექტური და სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
9.3. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მის ერთ-ერთ კერძო საჩივარზე საერთოდ არ უმსჯელია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
11. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოსარჩელის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. უპირველეს ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ხსენებული განცხადების დაუშვებლად ცნობის წინაპირობა სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილისა (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები} და ამავე კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის (ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა) დანაწესებიდან გამომდინარე.
14. საკასაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 421-ე მუხლის მიხედვით, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ისეთ საქმეებზე, რომელთა წარმოება დამთავრებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით. ყველა სხვა განჩინება, რომელთა მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა, არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის, თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმების მოთხოვნის საფუძველი (შდრ. სუსგ # ას-718-674-2012, 2012 წლის 4 ივნისის განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინაიდან, მოსარჩელეს პირველივე ეტაპზე ეთქვა უარი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და, შესაბამისად, არც საქმისწარმოება დაწყებულა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის განახლების შესახებ განცხადება მაშინ დაიშვება, თუ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით მხარეს ერთმევა სასამართლოსადმი ხელახლა მიმართვის უფლება. მოსარჩელეს სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა სსსკ-ის 178-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა, აღმოეფხვრა 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზი და ხელახალი დასაბუთებული მოთხოვნით მიემართა სასამართლოსათვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წარმოადგენდა ისეთ განჩინებას, რომელზეც შესაძლებელია სსსკ-ის 421-ე მუხლის საფუძველზე ბათილობის მოთხოვნით განცხადების წარდგენა, მოსარჩელეს არა სააპელაციო სასამართლოსთვის, არამედ სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით (განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება) დადგენილი განსჯადობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის უნდა მიემართა.
15. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ განვითარებულ მსჯელობას, რომ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს, რაშიც იგულისხმება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოსარჩელემ იმ სამართლებრივ შედეგზე უნდა მიუთითოს, რაც დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე არა თუ ასაბუთებდა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას, არამედ, საერთოდ არც კი უთითებდა მასზე, რაც სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი იყო (შდრ. სუსგ №ას-443-415-2017, 2017 წლის 2 ივნისის განჩინებაში გაკეთებულ დასკვნებს: „დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ“).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
17. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი