Facebook Twitter

საქმე №ას-1167-1087-2017 23 იანვარი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს-სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ბანკი, კრედიტორი ან იპოთეკარი) და გ. გ-ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი) შორის 2012 წლის 6 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 20 632 აშშ დოლარი 119,9 თვით, წლიური საპროცენტო სარგებლის 10%-ის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).

2. კრედიტის დაბრუნებას უზრუნველყოფდა მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ზუგდიდის რაიონის სოფელ ა-ი მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ ... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან იპოთეკის საგანი) ბანკის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკა (სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლები).

3. იპოთეკის ხელშეკრულების 14.4. ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას, ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა და მსესხებელს 22 356,06 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა კრედიტორის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დადგინდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებულ აუქციონზე (საქმე #A13076290), იპოთეკის საგანი კრედიტორმა (ბანკმა) 12 500 ლარად შეიძინა. ამავე დაწესებულების მიერ აუქციონის წესით 1600 ლარად გასხვისდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანაც (..., სახ/ნომერი ...; საიდენტიფიკაციო კოდი ...; ძრავის ნომერი ...).

6. სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 14 ივლისს გამოცემული ბრძანების (№A13076290-016/004) საფუძველზე, მსესხებელს, კრედიტორის სასარგებლოდ, 2 წლის განმავლობაში სახელფასო ანგარიშიდან ჯამში 12 850 (ყოველთვიურად 750) ლარი ჩამოეჭრა.

7. 2016 წლის 8 აპრილს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, 15 590 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, 2012 წლის 6 აპრილს მან მოპასუხესთან დადო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მას ბანკმა ასესხა 20632 აშშ დოლარი. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილ იქნა - იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება. მოსარჩელის მითითებით, იგი 2013 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს, რის გამოც მან ბანკს სესხი ვეღარ დაუბრუნა. მან თავისი ინტერესების სასამართლო წესით დაცვა და ვერც შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ მოახერხა, რის შედეგადაც, 2013 წლის 30 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაიწყო სააღსრულებლო წარმოება, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა და იპოთეკის საგანი თავად კრედიტორმა 12 500 ლარად შეიძინა. მოსარჩელის განმარტებით, ნაცვლად იმისა, რომ იპოთეკის საგნის გასხვისების შემდეგ სააღსრულებო წარმოება შეწყვეტილიყო, იგი გაგრძელდა და მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ დაიწყო მუშაობა, 2014 წლის 14 ივლისს გამოცემული სააღსრულებო ბიუროს უფროსის ბრძანების საფუძველზე, მას სახელფასო ანგარიშიდან 1140 ლარი ჩამოეჭრა. რამდენიმე დღეში, 2014 წლის 17 ივლისს, ბიურომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მსესხებელს მოპასუხის სასარგებლოდ, ყოველთვიური ხელფასიდან 50 % - 750 ლარი უნდა გადაეხადა კრედიტორის სასარგებლოდ.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა. მან მიუთითა 2012 წლის 6 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებაზე და საჯარო რეესტრის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მის სასარგებლოდ დადგენილი იყო იპოთეკა. მოსარჩელეს მან საკუთრებაში გადასცა 20 632 აშშ დოლარი 119.9 თვის ვადით, წლიური სარგებლის 10%-ის დარიცხვით. მოსარჩელემ დადგენილ ვადაში კრედიტი არ დაუბრუნა. 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა მსესხებლის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე (აღსრულების მიზნით) დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას, გადაწყვეტილებით დადგინდა მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევაც. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, იგი შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი და 2014 წლის 16 ივნისს განმეორებით იძულებით აუქციონზე მან (ბანკმა) შეიძინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. მოპასუხის მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდებოდა მსესხებლის ანგარიშიდან 1 140 ლარის ჩამოჭრის ფაქტიც. ის ამტკიცებდა, რომ, ვინაიდან იძულებითი რეალიზაციიდან ამონაგები თანხით სრულად ვერ დაიფარა დავალიანება, აღსრულება დავალიანების სრულად დაფარვამდე გაგრძელდა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 14 450 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 976-ე, 346-ე და 301.11 მუხლები, ასევე, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 23 აპრილის 2008/48 დირექტივა და 2010 წლის „უნიდრუას“ საერთაშორისო პრინციპების 2.1.20. მუხლი (UNIDROIT PRINCIPLES) გამოიყენა.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო შეზღუდული არ არის, იმსჯელოს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებისა და მათი განსაზღვრის თავისუფლების შესახებ, თუმცა დავის განხილვისას იგი არ უნდა გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი იყო უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაბრუნება და არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მისი პირობები;

10.2. აპელანტმა მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობაზე და იმაზე, რომ ბანკის მოთხოვნა დადასტურებული იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც, გაიცა სააღსრულებო ფურცელი და განისაზღვრა აღსრულების წესიც. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღსრულების მიზნით ჩაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება და აუქციონის წესით სარეალიზაციოდ მიაქცია იპოთეკის საგანი, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იმსჯელა და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ასევე, როგორ შეცვალა მან აღსრულების წესი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პროცესუალურ-სამართლებრივად რატომ შეაფასა;

10.3. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ შეთანხმების დებულებები ერთი მხარის მიერ ცალმხრივად, წინასწარ იყო შემუშავებული და საკრედიტო დაწესებულებამ არახელსაყრელ, არათანაბარ პირობებში ჩააყენა მეორე მხარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. მართალია, ტექნიკური თვალსაზრისით, ხელშეკრულებების ტექსტს ბანკი ამზადებს, მაგრამ მისი შინაარსი განისაზღვრება მხარეთა შორის შეჯერებული და შეთანხმებული პირობების საფუძველზე. მოსარჩელე სესხის მიღებამდე გაეცნო პირობებს და უშუალოდ საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებებზე ხელმოწერით დაეთანხმა მათ. სასამართლოს განმარტება, რომ ბანკს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, უსაფუძვლო იყო, ვინაიდან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ იყო მხარეებს შორის არსებული დავის საგანი (ხელშეკრულების პირობები იყო თუ არა ცნობილი მოსარჩელისათვის), შესაბამისად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის წინაპირობა/მოთხოვნა არ არსებობდა. გარდა ამისა, აღნიშნული საკითხი უშუალოდ სასამართლო სხდომაზე წამოიჭრა, სასამართლოს ინიციატივით, რითაც დარღვეულ იქნა პროცესის ერთ-ერთი ძირითადი - შეჯიბრებითობის პრინციპი.

10.4. აპელანტი არ დაეთანხმა მითითებას ევროსასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების (C-449/13 CA Consumer Finance SA vs Ingrid Bakkaus and others), როგორც პრეცედენტული გადაწყვეტილების გამოყენებისას, პირველ რიგში, დაესაბუთებინა ის გარემოება, რომ მისი განსახილველი საქმის გარემოებები არსებითად მსგავსი იყო პრეცედენტის გარემოებებთან და შემდეგ მიეთითებინა იგი. სასამართლომ კი, მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები გამოიყენა, რათა გაემყარებინა პოზიცია ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტით, როგორიცაა - მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო.

10.5. აპელანტმა დაუსაბუთებელად მიიჩნია მოცემულ საქმეზე კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT PRINCIPLES) რეკომენდაციების გამოყენებაც, ვინაიდან, აღნიშნული დოკუმენტის პრეამბულის თანახმად, იგი ვრცელდება მხოლოდ კომერციულ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე (international commercial contract), მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო ურთიერთობა არ შეიცავდა საერთაშორისო ელემენტს. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება, როდესაც ხელშეკრულება არ შეიცავს საერთაშორისო ელემენტებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ მხარეები ამაზე წინასწარ შეთანხმდებიან. უფრო მეტიც, თუ დეტალურად განიხილება აღნიშნული დოკუმენტის 2.1.20 პუნქტი და ამ პუნქტის კომენტარები, ნათელია, რომ სადავო ხელშეკრულების 14.4. ქვეპუნქტი მაინც არ უნდა ჩათვლილიყო ე.წ. მოულოდნელ პირობად (Surprising terms). 2.1.20 ქვეპუნქტის კომენტარებში კი, დეტალურად არის განმარტებული ის ელემენტები, რაც სტანდარტულ პირობას აქცევს ე.წ. მოულოდნელ პირობად, ეს არის პირობის შინაარსი, მისი ნათელი ფორმულირება, ასევე, მხარის გონივრული ვარაუდი, რომ მოცემული პირობა არ უნდა იყოს კონკრეტული სფეროს ხელშეკრულების სტანდარტული პირობა.

10.6. აპელანტმა მიუთითა სსკ-ის 301.11 მუხლზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების 14.4. პუნქტი, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საგამონაკლისო დათქმად უნდა ჩათვლილიყო, რადგანაც იგი არ განეკუთვნება ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. აპელანტმა მიიჩნია, რომ მოცემული პუნქტი თავისი შინაარსით წარმოადგენდა წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნულ პირობას, რომელიც სტანდარტულია საბანკო სახელშეკრულებო სფეროსთვის და კანონმდებლის მითითება, რომ 301-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის დათქმიდან განსხვავებული წესი შესაძლოა დადგინდეს მხარეთა მიერ, თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ მოცემული დათქმა მხარისთვის მოულოდნელი პირობა იქნება. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ვალდებულებითი ბოჭვის ფარგლებში, მხარეს შეუძლია იმის გააზრება, რომ კონკრეტული სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა (იპოთეკის ხელშეკრულება), რომელშიც იგი მონაწილეობს, შესაძლოა, შეიცავდეს მოცემული სფეროს მარეგულირებელი ნორმებიდან გამომდინარე დათქმებს. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო, რომ მეორე მხარეს, მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორს ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ქმედუნარიანი პირი, ხელშეკრულების პირობების გაცნობისას და მისი ხელმოწერისას გაიაზრებდა ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შესაძლო მისთვის უარყოფით შედეგებს.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიიჩნია, რომ მოპასუხე ბანკი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის „ძლიერი სუბიექტი“, არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა მოსარჩელის მიმართ. პალატის დასკვნებით, ბანკმა დაარღვია მოსარჩელის ინფორმირებულობის ვალდებულება, 2012 წლის 6 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებაში 14.4 ქვეპუნქტის, როგორც უფლების დამატებითი შემზღუდველი ღონისძიების არსებობისა და მასთან დაკავშირებული შედეგების განმარტების შესახებ, რამაც, თავის მხრივ, მოსარჩელეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა წაართვა;

11.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერი ქცევის ტესტი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით ავალდებულებდა საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველეყო „სუსტი“ მხარის - მსესხებლის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა, გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რათა მას ხელშეკრულების ხელმოწერისას, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შესძლებოდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების 14.4. პუნქტი თავისი შინაარსით წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნულ პირობას წარმოადგენდა, რომელიც სტანდარტული იყო საბანკო სახელშეკრულებო სფეროსთვის და მეორე მხარეს, მოცემულ შემთხვევაში - კრედიტორს, ლეგიტიმური მოლოდინი ჰქონდა იმისა, რომ ქმედუნარიანი პირი, ხელშეკრულების პირობების გაცნობისას და მათზე ხელმოწერისას იაზრებდა ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შესაძლო უარყოფით შედეგებს;

11.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, მოპასუხის მხრიდან იპოთეკის საგნის აუქციონზე უკიდურესად დაბალ ფასად შეძენის შემდეგ, რითაც მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ქონებრივი დანაკლისი მიადგა, მსესხებლის კუთვნილი სახელფასო ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრა ეწინააღმდეგებოდა სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს;

11.4. სასამართლოს მხრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პროცესუალურ-სამართლებრივ შეფასებაში შეჭრასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლო კი, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით თავად განსაზღვრავს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები და მიუთითა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფარგლებში, სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობის დადგენა, წარმოადგენდა აღსრულების წესის განსაზღვრის პროცესუალურ ნაწილს და იგი არ შეფასებულა მატერიალურსამართლებრივ ჭრილში. შესაბამისად, ამ დათქმის არსებობა ვერ გახდებოდა 2012 წლის 6 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულების 14.4 ქვეპუნქტის ბათილობის დამაბრკოლებელი წინაპირობა.

12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

12.1. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა ბანკის სარჩელი, დაკისრებული 22 356.06 აშშ დოლარის ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილითვე განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას, აღსრულება უნდა მიქცეულიყო მოვალის სხვა ქონებაზეც. აღნიშნულ დავაში, მსესხებელმა (მოსარჩელემ), რომელსაც სასამართლოში წარმოადგენდა ადვოკატი, სრულად ცნო სარჩელი, შესაბამისად, სასამართლოების მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო, გაეცნობიერებინა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის პირობა, აბსურდულია, ვინაიდან, მისთვის და მისი წარმომადგენლისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო კრედიტორის მოთხოვნის საფუძვლებისა და სარჩელის ცნობის შედეგების შესახებ;

12.2. კასატორის განმარტებით, განსახილველ დავაში მოსარჩელე აღსრულების დროს მიყენებული ზიანის - 15 590 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა ისე, რომ მას არ დაუყენებია იპოთეკის ხელშეკრულების 14.4 პუნქტის ბათილად ცნობა. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები გასცდნენ მოთხოვნის ფარგლებს და უსაფუძვლოდ იმსჯელეს ხელშეკრულების იმ პუნქტის ბათილობაზე, რომელიც მოსარჩელეს არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, გარდა იმისა, რომ სასამართლო გასცდა დავის საგანს, მან უგულებელყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები;

12.3. კასატორის მოსაზრებით, არ არსებობდა იპოთეკის ხელშეკრულების 14.4. პუნქტის უცილოდ ბათილად მიჩნევის საფუძველი. ამასთან, სასამართლომ აღნიშნული პუნქტი ისე მიიჩნია ბათილად, რომ გასული იყო სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა;

12.4. კასატორის განმარტებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა გვერდი აუარეს თავად მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებას, მაშინ, როდესაც, სწორედ აღნიშნული შეთანხმება ქმნიდა ბანკისათვის სამართლებრივ საფუძველს, მის წინაშე არსებული ვალდებულების დაფარვის მიზნით მოეთხოვა მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევა;

12.5. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსარჩელეს იპოთეკის ხელშეკრულების 14.4. და საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 4.1.15 გათვალისწინებული დებულება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო არ გაუხდია და სადაც მან სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა;

12.6. კასატორის მოსაზრებით, იპოთეკის ხელშეკრულების 14.4. პუნქტში ასახული დათქმა ემსახურებოდა მხოლოდ მესაკუთრის ინფორმირების მიზანს და იგი არ უნდა იქნეს განხილული არც სტანდარტულ და არც არსებით პირობად;

12.7. კასატორის მტკიცებით, სსკ-ის 301.11 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება უნდა განხორციელდეს მოვალესა და კრედიტორს და არა მესაკუთრესა და იპოთეკარს შორის, შესაბამისად, ნათელია, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში არსებული სადავო ჩანაწერი საინფორმაციო ხასიათის იყო, ვინაიდან, იგი ხელშეკრულების მხარეთა უფლებამოსილებას სცილდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის მესაკუთრე და მოვალე სხვადასხვა პირი იქნებოდა, იპოთეკის ხელშეკრულებაში ზემოაღნიშნული ჩანაწერის ბათილობით სამართლებრივი შედეგი წარმოეშობოდა მოვალეს და არა იპოთეკის საგნის მესაკუთრეს;

12.8. კასატორის მოსაზრებით, იპოთეკის ხელშეკრულების 14.4. პუნქტი წარმოადგენს ხელშეკრულების არა სტანდარტულ, არამედ არსებით პირობას. ამასთან, მოპასუხისთვის გაუგებარია, თუ რატომ იმსჯელა სასამართლომ ხელშეკრულების მხოლოდ ერთ კონკრეტულ პუნქტზე და არ იმსჯელა სხვა პუნქტების ბათილობაზე; მითითებული პუნქტის სტანდარტულ პირობად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, სსკ-ის 346-ე მუხლი არ იძლევა მისი ბათილად ცნობის საფუძვლებს, გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული ნორმა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების იმ სტანდარტულ პირობებზე, რომლებიც დეკლარაციულ ხასიათს ატარებენ;

12.9. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ბანკის არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით იმის გამო, რომ მან მოსარჩელის ქონება აუქციონზე, სასამართლოს შეფასებით, „უკიდურესად დაბალ ფასად შეიძინა“. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კრედიტორს არ ეკრძალება იძულებით აუქციონში მონაწილეობა, ამასთან, ნორმატიული აქტი აწესრიგებს აუქციონზე გასატანი ქონების ფასის განსაზღვრის წესს, სასამართლომ კი, ეჭვქვეშ დააყენა ნორმატიული აქტებით მოწესრიგებული აუქციონზე გასატანი ქონების ფასის განსაზღვრის წესი. ცხადია, ბანკი, როგორც საკრედიტო დაწესებულების ინტერესს წარმოადგენს საკრედიტო რესურსის სწორი და ეფექტური დაბანდება და შემდგომში მისი დროული დაბრუნება. მის მიერ იძულებით აუქციონზე ქონების შეძენა იძულებითი ზომაა, რადგან, თუ ჩატარებულ პირველად და ორ განმეორებით აუქციონზე ნივთის რეალიზაცია ვერ მოხდა, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით, იმავე კრედიტორის სასარგებლოდ, სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება;

12.10. კასატორის მტკიცებით, უსაფუძვლოა სასამართლოს შეფასება იმასთან დაკავშირებითაც, რომ იპოთეკის ხელშეკრულების 14.4. პუნქტი შეფარული ხასიათის იყო. კასატორის განმარტებით, სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ ვარაუდებით და არა კონკრეტული მტკიცებულებებით, კერძოდ, აღნიშნული დათქმა არა მხოლოდ საკრედიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში, ასევე, იპოთეკის ხელშეკრულებაშიც აისახა, აღნიშნული კი, განპირობებული იყო იმით, რომ მხარემ სრულად გაიაზრა სადავო დებულების შინაარსი და გააცნობიერა მისი შედეგები, ამდენად, გაუგებარია, თუ რა იგულისხმა სასამართლომ ამ დებულების მკაფიო გამოხატვაში. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსესხებლის პროფესიაც (სამართალმცოდნე) და მისი შრომითი გამოცდილებაც (შინაგან საქმეთა სამინისტრო).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უარყოფილ იქნეს.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონიც, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, საკმარისად დასაბუთებულია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

16. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოებმა უგულებელყვეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი, გასაზიარებელია. მითითებული გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხის (ამ დავაში მოსარჩელის) წინააღმდეგ აღძრული ბანკის სასარჩელო მოთხოვნები. სახელდობრ, მოპასუხეს 22 356,06 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დადგინდა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. გადაწყვეტილებითვე დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას, აღსრულება უნდა მიქცეულიყო მოვალის სხვა ქონებაზეც. გადაწყვეტილება მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია და შევიდა კანონიერ ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მან შეიძინა უდავოობის, განსაკუთრებულობის, სავალდებულოობისა და პრეიუდიციულობის თვისებები. პრეიუდიციულობა საქმის მონაწილეთა მიმართ ნიშნავს იმას, რომ, როგორც მხარეებს, ისე მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ, სადავო გახადონ (უარყონ) გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართალურთიერთობანი (სსსკ-ის 266-ე მუხლი). აღნიშნულ დავაში მსესხებელმა (მოპასუხემ) ცნო მის მიმართ წაყენებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის - ის მოთხოვნაც, რომელიც სსკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილიდან გამომდინარეობდა (მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია 2012 წლის 6 აპრილის საბანკო პროდუქტებით მომსახურებისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ნამდვილობა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს აღარ ჰქონდა უფლება, მოცემულ საქმეზე სადავო გაეხადა ამ შეთანხმებებით გათვალისწინებული ის დებულება, რომლითაც კრედიტორი უფლებამოსილი იყო, აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზეც იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას (იხ.იპოთეკის ხელშეკრულების 14.4. და საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 4.1.15 პუნქტები).

17. სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფარგლებში, სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობის დადგენა, წარმოადგენდა აღსრულების წესის განსაზღვრის პროცესუალურ ნაწილს და ამ დათქმის არსებობა ვერ გახდებოდა 2012 წლის 6 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულების 14.4 ქვეპუნქტის ბათილობის დამაბრკოლებელი წინაპირობა, მცდარია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ მოთხოვნას მატერიალურსამართლებრივი საფუძველი გააჩნდა (სსკ-ის 301.11 მუხლი) და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ აღსრულების წესი კი არ დაადგინა (სსსკ-ის 251-254-ე მუხლები), არამედ დააკმაყოფილა კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც კანონის დანაწესითა და მხარეთა შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

20. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა შესრულების კონდიქციის მომწესრიგებელი ნორმები, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ამ ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები, კერძოდ, სსკ-ის 976-ე მუხლის მიხედვით, შესრულებაში იგულისხმება სხვა პირის ქონების შეგნებული და მიზანმიმართული გაზრდა, ანუ, როცა შემსრულებელი, როგორც წესი, შეცდომით ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას ან, როდესაც სახეზეა ბათილი ან არშემდგარი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებული ვითარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ კი არ განახორციელა შესრულება, არამედ ადგილი ჰქონდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებით (მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ) აღსრულებას, რომელიც განხორციელდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

18. აქედან გამომდინარე, რადგანაც მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი, ედავა იპოთეკისა და მომსახურების ხელშეკრულებების 14.4. და 4.1.15 პუნქტების ნამდვილობაზე, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა ამ დებულებების სამართლებრივ ბუნებაზე და სტანდარტული პირობის ბათილობიდან გამომდინარე შედეგებზე (სსკ-ის 342-ე და მომდევნო მუხლები).

19. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

20. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული სასამართლო ხარჯის - 1300,50 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 53-ე და 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „ს-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გ. გ-ას (პ/#...) სს „ს-ის" (ს/#...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული სასამართლო ხარჯის - 1300,50 ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი