Facebook Twitter

საქმე №ას-231-231-2018 13 მარტი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს.გ.დ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) მ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკუთრებაში არსებულ ქობულეთის სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 283 კვ.მ ფართზე, ს/კ ... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მიწის ნაკვეთი, სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის მიზნებისათვის, სახელმწიფოს სახელით ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა (“აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი).

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით, მოპასუხეს ჩამოერთვა სადავო მიწის ნაკვეთი და საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 29-30, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

3. მოპასუხემ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული ქონების საკომპენსაციო თანხის მიღებაზე უარი განაცხადა, ამიტომ მოსარჩელემ საკომპენსაციო თანხა - 112 155 ლარი 2015 წლის 2 სექტემბერს ნოტარიუს ნ.ხ–ს სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა. მიუხედავად ამისა, სადავო უძრავ ქონებას დღემდე ფლობს და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მოპასუხე.

4. 2016 წლის 12 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, იგი საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების საფუძველზე, სახელმწიფოს სახელით აჭარის საერთაშორისო მნიშვნელობის ასაქცევი გზის მშენებლობას ახორციელებს. მას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის მიზნებისათვის, მოპასუხის მიწის ნაკვეთის ნაწილზე სახელმწიფოს სახელით ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საჯარო რეესტრში სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრდა მოპასუხის ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული სადავო უძრავი ქონება. ამ უკანასკნელს აუნაზღაურდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულება - 112 155 ლარი, რომელიც იმ მიზეზით, რომ მან არ წარმოადგინა საბანკო რეკვიზიტები და თანხის მიღებაზე უარი განაცხადა, ჩაირიცხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. მოპასუხემ იცოდა მისი საკუთრების შეზღუდვის მიზნობრიობის შესახებ, ამასთან, ქობულეთის გზის მშენებლობა დღეისათვის მისულია მის ნაკვეთამდე და, მიუხედავად არაერთი მიმართვისა და გაფრთხილებისა, იგი განაგრძობს ნივთის უკანონო ფლობას, უარს აცხადებს უკვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გამოთავისუფლებაზე, რითაც ხელს უშლის მოსარჩელეს, შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ ქონების ექსპროპრიაციის წესით ჩამორთმევას არ ეთანხმებოდა. ამასთან, მას არც სადავო მიწის ნაკვეთის შესაბამისი კომპენსაცია მიუღია. გზის მშენებლობა კი, საფრთხეს უქმნის მას და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 160-162-ე, 170-ე, 172-ე, და 311-312-ე მუხლები.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის ან საქმის ხელახლა განხილვის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

7.1. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, რომელსაც იგი მრავალი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობდა, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის კანონის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწას განეკუთვნებოდა, შესაბამისად, სახელმწიფომ სადავო ქონება საკუთრებად უკანონოდ დაირეგისტრირა. მოქმედი კანონმდებლობით, ივარაუდება, რომ მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე. ვინაიდან, დავის დაწყებისას, სადავო ქონებას მოპასუხე ფლობდა, დაუშვებელია ამ ქონების მისთვის ჩამორთმევა;

7.2. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ქონება მესამე პირის - სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქმეში მხარედ არ ჩართო ქონების მართვის სააგენტო. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სახელმწიფო (ქონების მართვის სააგენტო) და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთსა და იმავე პირს - სახელმწიფოს წარმოადგენდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ იყო უფლებამოსილი, მოპასუხის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე აღეძრა სარჩელი;

7.3. სადავო მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებით იგი ფაქტობრივად უსახლკაროდ რჩება, ვინაიდან, ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება პირდაპირ აზიანებს მის საცხოვრისს, ამასთან, ოთხზოლიანი სატრანსპორტო ხიდი მისი საცხოვრისის თავზე, 21 მეტრის სიმაღლეზე გადადის და ამ ხიდის ქვეშ მცხოვრები მისი ოჯახი, პრაქტიკულად დაუცველი აღმოჩნდა იმის გამო, რომ მოპასუხემ, გზის დაგეგმარებისას, არ გაითვალისწინა, რომ ჩასატარებელი სამუშაოები საფრთხეს უქმნის აპელანტსა და მის ოჯახის წევრებს.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა;

8.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გზების დეპარტამენტმა ვინდიკაციური სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარადგინა, ამდენად, უსაფუძვლო იყო აპელანტის პრეტენზია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი არასათანადო მოსარჩელე იყო.

8.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ ქონების ფაქტობრივი ფლობა ადასტურებდა ამ ქონებაზე მისი საკუთრების უფლებას. პალატის განმარტებით, მართალია, სსკ-ის 158.1 მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, თუმცა, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნივთი წარმოადგენს უძრავ ქონებას, რომელზეც საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით, მხოლოდ ამ ქონების ფაქტობრივი ფლობა ვერ გამოიწვევდა მოპასუხის სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარებას.

8.4. სააპელაციო პალატის დასკვნებით, რადგანაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული ქონების საკომპენსაციო თანხა, 2015 წლის 2 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩაურიცხა, უდავო იყო, რომ არ არსებობდა მოპასუხის მიერ ამ ქონების დაკავების წინაპირობა;

8.5. სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე, რომ ჩასატარებელი სამუშაოები ზიანს აყენებს აპელანტსა და მის ოჯახის წევრებს, პალატამ მიუთითა, რომ ამ ფაქტის კვლევა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის სარჩელზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი არ იყო და მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეფასდებოდა.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის ან საქმის ხელახალი განხილვის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 8.1-8.2).

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

14.1. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

14.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე სახელმწიფოა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, სადავო მიწის ნაკვეთზე ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის მიზნებისათვის, სახელმწიფოს სახელით ექსპროპრიაციის უფლება გზების დეპარტამენტს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიენიჭა (“აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლი), რომელმაც ვინდიკაციური სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის წინააღმდეგ, ამავე გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარადგინა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

14.4. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. “ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ”, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები: # ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; # ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.კ–ძეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მ.თ–ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის ქვითარი #0, გადახდის თარიღი 26.01.2018 წ.) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი