Facebook Twitter

საქმე №ას-139-139-2018 13 მარტი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.კ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ:ბ.ჯ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ვ:ბ.ჯ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, ბანკი, კრედიტორი ან იპოთეკარი) და ნ.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) შორის 2014 წლის 8 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 69 485 აშშ დოლარი 3654 დღით, 2024 წლის 9 დეკემბრამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის 11%-ის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).

2. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო ერთჯერადად - 15 აშშ დოლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 % იყო (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).

3. კრედიტის დაბრუნებას ასევე უზრუნველყოფდა მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ ....., (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან იპოთეკის საგანი) ბანკის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკა (სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლები).

4. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, მან 2015 წლის სექტემბრიდან შეწყვიტა სესხის გადახდა.

5. 2016 წლის 18 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის - 67802.04 აშშ დოლარის, სარგებლის - 3793.40 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 4157.46 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე, ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა იპოთეკარის მოთხოვნას, დადგენილიყო მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევა. მისი მტკიცებით, მსესხებელმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, მან 2015 წლის სექტემბრიდან სესხის გადახდა შეწყვიტა. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეს ერიცხებოდა 75 752.90 აშშ დოლარის დავალიანება, საიდანაც ძირითადი თანხა 67 802.04 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 3 793.40 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 4 157.46 აშშ დოლარი იყო.

6. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის - 67802.04 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო, ხოლო პროცენტი და პირგასამტეხლო, მისი მოსაზრებით, შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 67802.04 აშშ დოლარის, სარგებლის - 3793.40 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 138.58 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა; პირგასამტეხლოს დარჩენილი თანხის - 4018.88 აშშ დოლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა; ვალდებულების შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავდა მოსარჩელის მოთხოვნას, აღსრულების მიქცევა მოპასუხის სხვა ქონებაზე განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 361-ე, 867-ე, 623-ე, 868-ე, 417-418-ე, 420-ე, 286-ე, 301-302-ე მუხლები გამოიყენა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და დაკისრებული სარგებლის შემცირების მოთხოვნით. მისი მტკიცებით, სესხზე დარიცხული სარგებელი - 3793.40 აშშ დოლარი, არღვევს სასესხო ურთიერთობებში დამკვიდრებულ საზოგადოებრივ წესრიგს, იგი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და უნდა შემცირდეს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სარგებლის ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ხელშეკრულების დადებისას მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომიურობის პრინციპი, რომლის ფარგლებში მხარეები დამოუკიდებლად და თვითონ განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. პალატის დასკვნებით, მითითებულ სარგებელზე მხარეები ხელშეკრულების დადების დროს შეთანხმდნენ, რომელზეც თანხმობა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს განაცხადეს, ამასთან, სარჩელის აღძვრამდე, მოპასუხეს სარგებლის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.

9.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა სარგებლის შემცირებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია წლიური 11% (ეფექტური 11.79 %) სარგებელი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და დაკისრებული სარგებლის შემცირების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლით (იხ. პ. 8).

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13.2. განსახილველ შემთხვევაში, სესხის, სარგებლის, პირგასამტეხლოსა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.11 (მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლები.

13.3. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სესხზე დარიცხული სარგებელი - წლიური 11 %, შეუსაბამოდ მაღალია, იგი არღვევს სასესხო ურთიერთობებში დამკვიდრებულ საჯარო წესრიგს და უნდა შემცირდეს.

13.4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მხარეებმა ხელშეკრულებაში თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრეს სესხის სარგებელი წლიური 11 %-ის ოდენობით, რაც საბანკო სექტორში კრედიტზე დადგენილი საშუალო პროცენტის გათვალისწინებით, არ არის არაგონივრული ოდენობა. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება, რომ დაკისრებული სესხის სარგებელი ეწინააღმდეგება სასესხო ურთიერთობებში საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესრიგს, ვინაიდან, დამკვიდრებლი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, წლიური 11 % სარგებელი არ განიხილება ამორალურ და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ოდენობად (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს („...თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე).

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-663-629-2015, 28.07.2015).

15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.კ.ს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის ქვითარი #1/8948, გადახდის თარიღი 02.02.2018 წ.) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი