საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-338-316-2017 16 ივნისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „გ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ქ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღები სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საწარმოს კუთვნილი ბეჭდის, იურიდიული და საბუღალტრო დოკუმენტაციის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „გ-ი“ (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო, აპელანტი ან კასატორი) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2006 წლის 13 თებერვლიდან, რომლის პარტნიორები არიან: რ. ქ-ა (შემდეგში: მოპასუხე) - 35 %, ი. ე-ი - 35 % და რ. ც-ი - 30 % (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 18-20).
2. პარტნიორთა 2015 წლის 1 აპრილის კრებაზე, 65 % წილის მქონე პარტნიორების გადაწყვეტილებით, ვ. ს-ა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა და კომპანიის დირექტორად ქ. ქ-ა დაინიშნა (იხ. კრების ოქმი, ტ. 1, ს/ფ 32-33).
3. ქ. ქ-ამ, 2015 წლის 2 აპრილს, მიმართა ვ. ს-ას საზოგადოების ბეჭდების, შტამპების, ბლანკების, საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის, მთელი აქტივების ჩაბარების მოთხოვნით, ვ. ს-ამ განმარტა, რომ მან საწარმოს სრული დოკუმენტაცია და ყველა ნივთი ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოპასუხის წარმომადგენელს გადასცა (იხ. მიმართვა და პასუხი, ტ. 1, ს/ფ 67-69).
4. სარჩელის საფუძვლები
4.1. საწარმომ 2015 წლის 5 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოსარჩელისათვის კუთვნილი ბეჭდის, 2006-2014 წლების იურიდიული და საბუღალტრო დოკუმენტაციის გადაცემა.
4.2. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საწარმოს დანარჩენ პარტნიორებთან, მოპასუხე საზოგადოების ბეჭედსა და დოკუმენტაციას უკანონოდაა დაუფლებული.
4.3. მოსარჩელის განმარტებით, ყოფილი დირექტორის - ვ. ს-ას განცხადება იმის თაობაზე, რომ მან ბეჭედი, იურიდიული და საბუღალტრო დოკუმენტაცია მოპასუხის წარმომადგენელს გადასცა, სარწმუნოა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საწარმოს ბეჭედი ამჟამად მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო მისი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
5.2. მოპასუხემ აღნიშნა, რომ სარჩელი წარდგენილია არასათანადო პირის წინააღმდეგ, რადგან ეს უკანასკნელი კვლავ საწარმოს 35 %-იანი წილის მესაკუთრეა, მასაც გააჩნია ინტერესი, რომ საწარმო იყოს ქმედუნარიანი და ფინანსურად მომგებიანი. ასევე, აღნიშნა, რომ სადავო საგანსა და დოკუმენტაციასთან შემხებლობა ჰქონდა საწარმოს ყოფილ დირექტორს - ვ. ს-ას.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.2. სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ვ. ს-ამ საწარმოს ბეჭედი და დოკუმენტაცია მოპასუხის წარმომადგენელს გადასცა.
6.3. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობა, გარდა მოწმის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. მხარეს არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რაც, მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით, სასამართლოს მისცემდა საშუალებას, სადავო გარემოება დაედგინა.
6.4. სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-9 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით, რომელთა მიხედვით ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში აქვთ დირექტორებს, რომლებიც საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; შესაბამისად, ვ. ს-ა, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე იყო საწარმოს დირექტორი, მის ხელმძღვანელობას ახორციელებდა, რაც თავისთავად მოიცავს საზოგადოების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოებასა და შენახვას.
6.5. სასამართლომ, ასევე, გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე და 172.1-ე მუხლები, რომელთა თანახმადაც არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, ხოლო სპეციალური კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყონებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს, შესაბამისად, საწარმოს საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები იმყოფება საზოგადოების დირექტორის მფლობელობაში, რომელმაც პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მას ისინი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან კი საწარმოს დირექტორი იყო ვ. ს-ა, ხოლო შემდეგ - ქ. ქ-ა.
6.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელეს ევალებოდა დაემტკიცებინა, რომ ბეჭედი და საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტი მოპასუხის მფლობელობაშია, რაც მის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრასაწარმომ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
7.2. სასამართლომ არ გაიზიარა საწარმოს ყოფილი დირექტორის - ვ. ს-ას და ყოფილი მთავარი ბუღალტრის ჩვენებები, მაგრამ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის, ნათესავისა და მის მიერვე დაქირავებული აუდიტორის ჩვენებები, ასევე, არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არ შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.
7.3. სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ვინაიდან დოკუმენტაციის შენახვა დირექტორის ვალდებულებაა, მანვე უნდა აგოს პასუხი ამ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, სწორია, თუმცა, მოცემული დავის საგანთან - არარელევანტური, რადგან დოკუმენტაცია უნდა დააბრუნოს იმან, ვის მფლობელობაშიც იგი იმყოფება და მანვე უნდა აგოს პასუხი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანზე.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2. სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
8.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, მე-6 პუნქტით, ასევე 46-ე მუხლის მე-4 პუნქტით და აღნიშნა, რომ საწარმოს 35 %-იანი წილის პარტნიორია მოპასუხე და იგი საზოგადოების დირექტორი არასოდეს ყოფილა.
8.4. სასამართლომ განმარტა, სპეციალური კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტი თავისი ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე და აღნიშნა, რომ გამოვლენილია კანონისმიერი (სამართლის) პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც, საწარმოს ფინანსური დოკუმენტაცია და ბეჭედიც საზოგადოების დირექტორის მფლობელობაში იმყოფება, ასევე, საქმეზე კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების შესახებ პრეზუმფციის არსებობა ზემოქმედებას ახდენს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პროცესზე და მნიშვნელოვნად ცვლის მტკიცებისათვის დადგენილ ზოგად წესებს. კერძოდ, პრეზუმფცია გამოიყენება მტკიცების პროცესში და მტკიცების ტვირთს ცვლის იმგვარად, რომ ხდება არა პრეზუმირებული ფაქტების ნამდვილობის შემოწმება, არამედ მისი საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენის გადაკისრება იმ მხარისათვის, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს აღნიშნული პრეზუმფცია. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე პრეზუმირებული ფაქტობრივი გარემოების საპირისპიროდ მიუთითებს მოწმეების - ვ. ს-ასა და გ. პ-ის ჩვენებებზე, რომელთა განმარტებით, სადავო დოკუმენტაცია და ბეჭედი მოპასუხის მფლობელობაშია, ეს გარემოება კი მოწმეების - ს. ხ-ას და გ. ც-ას ჩვენებებით არ დასტურდება, რასაც ასევე კატეგორიულად უარყოფს მოპასუხე.
8.5. სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა საწარმოს კუთვნილი ბეჭდისა და მისი საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საწარმომ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პრეზუმირებულ ფაქტებთან დაკავშირებით მართებულია, თუმცა, არასწორია, პრეზუმირებული ფაქტების უარყოფის მიზნით, მოწინააღმდეგისათვის,წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის დავალდებულება. კასატორი მიიჩნევს, რომ პრეზუმირებული ფაქტების უარყოფა მოწმეთა ჩვენებებითაც არის შესაძლებელი და ამის დასტურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასა და დოქტრინაზე მიუთითებს (ას-685-655-2014, 02.10.2015 წ.; ას-67-64-2016, 18.03.2016 წ.; ას-246-577-07, 17.10.2007 წ.; მ. სულხანიშვილი, პრეზუმფცია და პრეიუდიცია სამოქალაქო პროცესში, ავტორეფერატი, თბ. 2015, გვ: 20, 27-28).
9.3. კასატორი უთითებს საწარმოს მიერ სხვადასხვა დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე. საწარმო აღნიშნავს, რომ 2007 წლის 21 მარტიდან 2010 წლის 24 ივნისამდე საწარმოს გენერალური დირექტორი იყო მოპასუხის შვილი - ლ. ქ-ა, რომელმაც ერთ-ერთ სასამართლო დავაზე სალაროს წიგნი წარმოადგინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას საზოგადოების დოკუმენტაციაზე წვდომა ჰქონდა.
9.4. მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ შეუძლებელია, მათ ცრუ ჩვენებები მიეცათ სასამართლოსათვის, ხოლო მოპასუხის მოწმეები არ იყვნენ მიუკერძოებლები და ობიექტურები.
9.5. კასატორი აღნიშნავს, რომ საწარმოს 35 %-იანი წილის მქონე პარტნიორმა ი. ე-მა 2015 წლის 23 თებერვალს მიმართა საზოგადოების მაშინდელ დირექტორს - ვ. ს-ას დოკუმენტაციის ასლების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა, დირექტორს, ამ განცხადებაზე, რეაგირება არ მოუხდენია. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ გარემოებითაც დასტურდება დირექტორის მიერ მოპასუხისათვის საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემის ფაქტი.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით წარმოებაშია მიღებულია სსსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
16. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ადასტურებს ზემოხსენებულ პუნქტში დასახელებულ წინაპირობებს. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საწარმოს კუთვნილი ნივთები და დოკუმენტაცია მოპასუხის მფლობელობაშია. აქედან გამომდინარე, სადავო ნივთებზე მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერებაც ვერ შემოწმდება.
18. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია პრეზუმფციის უარყოფისათვის მოწმეთა ჩვენებების არასაკმარისობა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ განჩინების 9.2 ქვეპუნქტში დასახელებულ სასამართლო პრაქტიკასა და დოქტრინაში მითითებულია, რომ პრეზუმირებულ ფაქტს მოწინააღმდეგე მხარე აბათილებს მის მიერ წარმოდგენილი სარწმუნო და საქმისადმი განკუთვნადი მტკიცებულებებით, რაც მართებულად არის მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში, რასაც კასატორიც იზიარებს. რაც შეეხება ასეთ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ არ არსებობს ჩამონათვალი, თუ რა სახის ფაქტობრივი გარემოება რა სახის მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა არ ეხება იმას, რომ არ შეიძლება მოწმეთა ჩვენებებით დადასტურეს მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობის ფაქტი, არამედ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში მოსარჩელე თავის მოთხოვნას მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე აფუძნებდა, რაც არასაკმარისი იყო, მით უფრო, როცა არსებობდნენ მოწმეები, რომლებიც საწინააღმდეგოს ადასტურებდნენ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება არის ერთ-ერთი მტკიცებულება, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში შეუძლებელია საწარმოს ნივთების მოპასუხის მიერ ფლობა, როგორც ფაქტობრივი გარემოება, მხოლოდ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დადასტურდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა სახის მტკიცებულება, რაც აღნიშნულს დაადასტურებდა და სასამართლოს მიერ, მტკიცებულებათა ერთობლივად და სრულად გამოკვლევის შედეგად, საწარმოს სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებდა. კასატორის მითითებები, ხელშეკრულებებსა და საწარმოს ყოფილი დირექტორის რეაგირების გარეშე დატოვებულ განცხადებაზე, განსახილველი დავის მიმართ დაუსაბუთებელია.
19. „samoqalaqo procesSi mtkicebulebaTa saSualebebis daSvebis an amoricxvis sakiTxi unda gadawydes im nebarTvebisa Tu akrZalvebis mixedviT, rac gaTvaliswinebulia materialuri normiT. sakasacio palata ganmartavs, rom konkretuli normiT gaTvaliswinebuli iuridiuli faqtebis (iuridiuli Semadgenlobis) Sedegad warmoSobili urTierTobebis dasadastureblad, rac sabolood warmoadgens samarTlebrivi normiT gaTvaliswinebul makvalificirebel elementebs, aucilebelia iseTi mtkicebulebebis arseboba, romlebic Tundac mowmeTa CvenebebTan erTobliobaSi utyuarad miuTiTeben yvela zemoaRniSnul garemoebebze“ (იხ. სუსგ ას-246-577-07, 17.10.2007 წ.). მოხმობილი სასამართლო პრაქტიკით დამატებით დასტურდება, რომ აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობამ შექმნას გარკვეული ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობა, რაც განსახილველ დავაში არ გამოიკვეთა.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ჰქონდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 30 %-ის გადახდა დაეკისრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "გ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "გ-ს" (ს/კ 2-) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განჩინებით (საქმე № ას-338-316-2017) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30 %-ის 90 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე