საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-367-341-2017 13 ნოემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – გ. დ-ი, ა. ტ-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ი (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - რ. (ე.) მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საბუთის სიყალბის დადგენა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1977 წლის 11 ივლისის მოხსენებითი ბარათით, ქ. თბილისში, ა-ის ქ. №22-ში მდებარე სახლთმფლობელობაზე (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) საბინაო წიგნი რეგისტრაციაში გატარდა მ. გ-ს ძე ა-ის სახელზე (შემდეგში - მოპასუხის პაპა; იხ:ბიუროს მოხსენებითი ბარათი - ტ.1, ს.ფ. 177).
2. ს. ტ-ი (შემდეგში - მამკვიდრებელი ან მოსარჩელის მეუღლე) ე. მ-ის (შემდეგში - მოპასუხე ან მემკვიდრე) პაპასთან (იხ. პირველი პუნქტი) შეთანხმებით, 1925 წლიდან, სარგებლობის უფლებით, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ზემოხსენებულ მისამართზე.
2.1. მოსარჩელის მეუღლე 2015 წლის 15 მაისს გარდაიცვალა, იმავე წლის 15 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრემ (მეუღლემ) - ა. ტ-მა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება (იხ. გარდაცვალების მოწმობა და სამკვიდრო მოწმობა - ტ.1, ს.ფ. ს.ფ. 220; 243).
3. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოპასუხის პაპა 1949 წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლე ა. ა-ი (შემდეგში - მოპასუხის ბებია) კი - 1933 წლის 30 ივნისს. მათი დანაშთი სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მათმა შვილმა გ. /იგივე გ./ ა-მა /იგივე გ-მა/ (შემდეგში - მოპასუხის დედა), რომელიც მშობლების გარდაცვალების დროს ცხოვრობდა სადავო ბინაში, ხოლო 1957 წელს საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადავიდა, კერძოდ, თბილისში, ა-ის ქ. №18-ში. 2012 წლის 6 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, სადავო უძრავ ქონებაზე ირიცხებოდა მოპასუხის პაპისა და ბებიის თანასაკუთრების უფლება (იხ.ცნობა-დახასიათება საჯარო რეეტრიდან - ტ.1, ს.ფ.26)
3.1. გ. დ-მა (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) მოპასუხის დედისგან 1976 წლის 15 სექტემბერს, შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ა-ის ქ. №22-ში, და დღემდე ცხოვრობს მითითებულ მისამართზე (იხ. შინაურული ხელწერილი - ტ.1, ს.ფ. 27);
3.2. მოპასუხის დედა (იხ. მე-3 პუნქტი) 2000 წლის 02 მარტს გარდაიცვალა (იხ. ტ.1, ს.ფ. 117- 119);
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ს. ტ-ისა და გ. დ-ის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და სადავო უძრავი ქონება, რომელზედაც ირიცხებოდა ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული მოპასუხის ბებია-პაპის თანასაკუთრების უფლება, ცნობილ იქნა უმკვიდროდ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ, 1444-ე მუხლი). აღნიშნული ქონება უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში მოსარჩელეებს.
4.1. საჯარო რეესტრის 2013 წლის 15 აპრილის ამონაწერით სადავო უძრავი ქონება /ს.კ 0-/ ირიცხებოდა მე-4 პუნქტში დასახელებული მოსარჩელეების თანასაკუთრების უფლებად, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო: თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 1940 წლის სააღრიცხვო ბარათი # 000298 და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება # 2/14825-12 (იხ. ტ.1 ს.ფ.17-23, 25-26)
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ამ განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება # 2/14825-12 და აღნიშნულ საქმეზე საქმისწარმოება განახლდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ 423-424-ე, 430-ე მუხლები) და ს. ტ-ისა და გ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველად, შესაბამისად სადავო უძრავ ქონებაზე აღდგენილ იქნა მოპასუხის პაპისა და ბებიის თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული საოქმო განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 11-16).
4.2.1. საქმისწარმოების განახლებას საფუძვლად დაედო ამ განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული მოპასუხის განცხადება, რომელმაც სასამართლოს წარუდგინა 2014 წლის 14 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, გარდაცვლილი დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღო (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი და 3.2. ქვეპუნქტი) .
4.2.2. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, მოპასუხემ სამკვიდრო მიიღო სსკ-ით დადგენილი წესით, სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანითა და ფაქტობრივი დაუფლებით, რაც დასტურდებოდა: ა) სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით (იხ. სამკვიდრო მოწმობა - ტ.1, ს.ფ. 29-32); ბ) ქვითრებით - №261150; (გაც. გაცემული ფინანსთა სამინისტროს მიერ, 05.02.1950წელს) და N4/VI (გაცემული 04.06.2000წ. ენერგოგასაღების განყოფილების მიერ).
4.3. ზემოაღნიშნული ქვითრების გაყალბების ფაქტზე, მოსარჩელეთა განცხადების საფუძველზე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, 2016 წლის 21 თებერვალს, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო (იხ: შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 2016 წლის 1 მარტის ცნობა - ტ.1, ს.ფ. 276).
5. სარჩელის საფუძვლები
5.1. ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულმა მოსარჩელეებმა 2014 წლის 1 ივლისს სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს:
5.1.1. ნოტარიუს ეკატერინე მარშანიას მიერ 2014 წლის 14 მაისს მოპასუხეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, თანმდევი შედეგებით: ამ განჩინების 4.1 ქვეპუნქტში მითითებული საოქმო განჩინების ბათილად ცნობა და სადავო ქონებაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღრიცხვა;
5.1.2 მოპასუხის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დამდგენი დოკუმენტების სიყალბის დადგენა და მის საფუძველზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
5.2. მოსარჩელეებმა მიუთითეს ამ განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე და განმარტეს, რომ ელექტროგასაღების ქვითრები, რომლებიც მოპასუხემ ნოტარიუსს წარუდგინა, გაყალბებულია. ნოტარიუსმა დაუსაბუთებლად დაადგინა, რომ მოპასუხეს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით აქვს მიღებული მაშინ, როდესაც სადავო მისამართზე მას არც ერთი მეზობელი არ იცნობს. მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს ნოტარიუსს ზემოხსნებული ქვითრების გადაცემის მოთხოვნით, ექსპერტიზის შესწავლის მიზნით, თუმცა, ნოტარიუსმა მათ ქვითრები არ გადასცა. ეს ფაქტები გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სადავო ქონების უმკვიდროდ აღიარების საფუძველი, რაც მოსარჩელებს, როგორც სადავო უძრავი ქონებით მოსარგებლეებს (ე.წ. „ატსტუპნიკებს“) უსასყიდლოდ გადაეცათ.
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე და განმარტა, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენს უმკვიდრო ქონებას. სადავო ბინაზე საკუთრების უფლება მას წარმოეშვა კანონის ძალით და მის სახელზე სამკვიდრო მოწმობა კანონიერადაა გაცემული. ამასთან, გაურკვეველია მოსარჩელეების იურიდიული ინტერესი, ვინაიდან სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობით მოსარჩელეები სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო ქონება უმკვიდროდ იქნა ცნობილი და უსასყიდლოდ გადაეცათ მოსარჩელეებს. ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6.2. მოპასუხის პოზიციას სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით დაეთანხმა საქმეში მესამე პირად (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) ჩაბმული რ. (ე.) მ-იც (მოპასუხის ძმა) .
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის საოქმო განჩინებით, მოსარჩელეთა შუამდგომლობის საფუძვლზე, სასარჩელო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში დარჩა განუხილველად. სასამართლო წარმოება გაგრძელდა სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის (ქვითრების სიყალბის დადგენისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის) მიმართ.
7.1.1. მოსარჩელე ს. ტ-ის გარდაცვალების გამო 2015 წლის 22 მაისის განჩინებით შეჩერებული საქმისწარმოება განახლდა იმავე სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით და საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაერთო მისი პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე ა. ტ-ი (იხ. ამ განჩინების 2.1 ქვეპუნქტი)
7.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.3. სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოიკვლია და დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 311-ე, 312-ე, 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336- 1337-ე, 1421-ე, 1424-ე, 1500-ე მუხლები და განმარტა:
7.3.1. მოსარჩელის მითითებით, სადავო უძრავ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ეფუძნება დოკუმენტებს, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოა. მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნოტარიუსისგან ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გამოთხოვილ იქნა ის ქვითრები, რომელთა საფუძველზეც ნოტარიუსმა მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღება დაადასტურა. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სანოტარო ბიუროში მოპასუხის მიერ წარდგენილი ქვითრები გაყალბებულია, რადგან მათზე გარკვეული სახის ცვლილებები აღინიშნება. ამ ფაქტზე მოსარჩელეთა განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 21 თებერვალს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება.
7.3.2. სსკ-ის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად მიიჩნევიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები; შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემისას, ნოტარიუსმა დაიცვა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების მოთხოვნები. კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს თუ მემკვიდრემ გადაიხადა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები (მაგალითად, ქონების გადასახადი, მიწის გადასახადი) და/ან სადაზღვევო შენატანები, აგრეთვე კომუნალური გადასახადების დამადასტურებელი ცნობებით, ან ქვითრებით, თუ შესაძლებელია მათში მითითებული გადამხდელის იდენტიფიკაცია. ამასთანავე, ეს ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს სამკვიდროს მიღების ვადაში. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოპასუხის დედას ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული მშობლების დანაშთი სამკვიდრო ქონება, რადგან მშობლების გარდაცვალების დროს ცხოვრობდა სადავო ბინაში. გარდა ამისა, სამკვიდროს მიღებას ადასტურებდა ისიც, რომ მეორე მოსარჩელემ ბინიდან ერთი ოთახის სარგებლობის უფლება მოპასუხის დედასთან გაფორმებული შინაურული ხელწერილით მოიპოვა (იხ. ამ განჩინების 3.1 ქვეპუნქტი). საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ნოტარიუსის დასკვნა, რომ მოპასუხემ სამკვიდრო მიიღო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით, წარმომადგენლობითი უფლებითა და ფაქტობრივი დაუფლებით. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს კი წარმოადგენდა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება და ქვითრები, რომლებითაც დადასტურდა, რომ მოპასუხემ გადაიხადა სააბონენტო გადასახადი, ანუ იგი შეუდგა სამკვიდროს ფლობას.
7.3.3. სასამართლომ იმსჯელა იმ იურიდიულ ინტერესზეც, რომელიც მოსარჩელეებს აღნიშნული სასარჩელო დავიდან გამომდინარე შეიძლებოდა ჰქონოდათ და განმარტა: საჯარო რეესტრიდან 2014 წლის 24 ივნისის ამონაწერით სადავო უძრავი ქონება /საკადასტრო კოდი №0-/ საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა (სსკ-ის 312-ე მუხლი). სსსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელეთა მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესზე. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 მაისის სასამართლოს საოქმო განჩინებით, მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და განახლდა საქმისწარმოება სარჩელზე მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და მოსარჩელეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ (საქმე №2/14825-12). ამავე სასამართლოს საოქმო განჩინებით, სარჩელი დარჩა განუხილველად და სადავო ქონებაზე აღდგენილ იქნა მოპასუხის პაპისა და ბებიის საკუთრება. ეს განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. მოსარჩელეების იურიდიული ინტერესი, მათი განმარტებით, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და უძრავი ქონების მათ თანამესაკუთრეებად დარეგისტრირებაა. სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 180-ე მუხლის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობა მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობაა. აღიარებითი სარჩელით დავის გადაწყვეტა საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, 2014 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით, მოსარჩელეების სასარჩელო განცხადება უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობის და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ დარჩა განუხილველად: უძრავ ქონებაზე კვლავ ძველი მესაკუთრეების, მოპასუხის პაპისა და ბებიის საკუთრების უფლება აღდგა. ეს ქონება, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ამჟამად მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს. ამდენად, ის ქონება, რომელზეც მოსარჩელეები აცხადებენ პრეტენზიას, არ წარმოადგენს უმკვიდრო ქონებას. ასეთ ვითარებაში გაურკვეველია, თუ მოსარჩელეებისთვის სასიკეთო რა იურიდიულ ინტერესს უკავშირდებოდა ქვითრების სიყალბის დადგენა. სასამართლომ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადგინდებოდა ქვითრების სიყალბე და ბათილად იქნებოდა ცნობილი მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, აღნიშნული მაინც არ იძლეოდა მიკუთვნებითი ინტერესის დაკმაყოფილების საფუძველს და ვერ აღდგებოდა პირვანდელი მდგომარეობა იმ სახით, რომ სადავო უძრავ ქონებაზე აღრიცხული მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლება.
8. მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი
8.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს შემდეგი დასაბუთებით:
8.1.1. მოპასუხის მიერ ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი არ დასტურდება, ვინაიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ ქვითრები, რომელიც სამკვიდრო მოწმობის მისაღებად წარადგინა მოპასუხემ, გაყალბებულია: მათზე შეინიშნება გარკვეული ცვლილებები, ხელმოწერა სხვადასხვა მელნითაა შესრულებული და ა. შ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;
9.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები (სსსკ -ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და განმარტა:
9.2.1. აპელანტთა დავის საგანს წარმოადგენდა იმ დოკუმენტების სიყალბე, რომელთა საფუძველზეც მოპასუხემ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივად დაუფლება დაადასტურა და მიიღო სამკვიდრო მოწმობა. ამის გათვალისწინებით, აპელანტების მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას მოპასუხის მიერ ნოტარიუსისათვის წარდგენილი ქვითრების (იხ. ამ განჩინების 7.3.1-7.3.2. ქვეპუნქტები) სიყალბის აღიარება წარმოადგენდა. ამ მიზნით მხარემ ქვითრებზე ტექნიკური და ხელმოწერის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, ე.ი. სარჩელში მითითებული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ექსპერტიზის დასკვნა განსაზღვრა.
9.2.2. ლევან სამხრაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ქვითარზე გარკვეული ცვლილება, კერძოდ, ამოშლა, შეინიშნება, ხოლო თელასის ქვითარზე არსებული მოპასუხის ხელომოწერა არ არის შესრულებული იმ საწერი საშუალებით, რომლითაც შესრულებულია ამ ქვითარზე არსებული სხვა ჩანაწერი (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - ტ.1, ს.ფ.225-236).
9.2.3. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, „1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.“ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული კვლევის შედეგები არ იძლეოდა იმგვარი დასკვნის საშუალებას, რომ ქვითრები ცალსახად ყალბი იყო, სხვა მტკიცებულებებზე კი აპელანტებს არ მიუთითებიათ. შესაბამისად, არ არსებობდა მათი მოთხოვნის (ქვითრების ყალბად ცნობისა და მისი თანმდევი შედეგის - სამკვიდრო მოწმობის გაუქმების) დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
9.3. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოთხოვნის ნამდვილი იურიდული ინტერესის დაკმაყოფილების მართლზომიერებაზეც და სსსკ-ის 180- მუხლის თანახმად, „სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს“ განმარტა: აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. ამდენად, მატერიალურსამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. საქმის მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის არარსებობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოება სარჩელის უარყოფის საფუძველს წარმოადგენდა.
9.4. სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში სარჩელის გახმობის შესახებ მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მიღებული იქნა შესაბამისი განჩინება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული (იხ. ტ.1, ს.ფ.206-209; ასევე, ამ განჩინების 7.1 ქვეპუნქტი), ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვეღარ იმსჯელებდა იმ მოთხოვნაზე, რომელიც მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უკან გაიხმეს (სსსკ-ის 83 1მუხლი) და აპელანტთა მოთხოვნა კიდევ უფრო ბუნდოვანი იყო მათი მოთხოვნის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით.
10. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი
10.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სააპელაციო პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ.საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ.108-120).
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
11.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით, საკასაციო განაცხადი დასაშვებადაა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი დასაბუთებით:
12. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. საკასაციო საჩივრის ფარგლებში კასატორი ითხოვს, რომ გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14.1. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა იმის შესახებ, რომ ორივე ქვითარში აღინიშნება გაყალბების ნიშნები. სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 105-ე მუხლი, თუმცა, არასწორად განმარტა. მტკიცებულებებს სასამართლო ორი კრიტერიუმით აფასებს - მათი სარწმუნოობისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი კონკრეტული ფაქტის დადასტურების თვალსაზრისით. კასატორთა მტკიცებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რის საფუძველზე არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები.
14.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 85.3-ე მუხლით გარანტირებულია სამართალწარმოების განხორციელება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საწყისებზე, რაც, ასევე, ასახულია სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებში, ამასთან, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
14.3. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14.3.1. განსახილველ შემთხვევაში, უპირველესად, შესაფასებელია ის გარემოება, თუ რამდენად პერსპექტიულია მატერიალურ-პროცესუალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა მაშინ, როდესაც გამოკვეთილი არაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ანუ რა სამართლებრივ შედეგს განაპირობებს სასამართლოს მიერ დოკუმენტების სიყალბის დადგენა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის მე-2 მუხლზე, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად. სასარჩელო მოთხოვნის წარმატების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს პირის ვალდებულება, რომ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მოთხოვნა და ის მიზანი, რომლის მიღწევაც სურს სასამართლო დავით. გარდა ამისა, სარჩელი გამართული უნდა იყოს მატერიალური და სამართლებრივი თვალსაზრისითაც (სსსკ-ის 178-ე მუხლი), რაც იმას გულისხმობს, რომ სამართლებრივი შედეგი და ამ შედეგის ფაქტობრივი წინაპირობები უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან (ნორმის შემადგენლობა). სსსკ-ის 180-ე მუხლით (ნორმის დეფინიცია იხ. ამ განჩინების 9.3 ქვეპუნქტში) განსაზღვრული აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა შეძლოს იმის დადასტურება, მისთვის რა იურიდიულ შედეგებს განაპირობებს ასეთი აღიარება. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე, მოსარჩელეებმა ნაწილობრივ (2014 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში) გაიხმეს სარჩელი და შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში განუხილველად დარჩა (იხ. 9.4 ქვეპუნქტი). მათი სასარჩელო მოთხოვნა შემოიფარგლა მტკიცებულებების (ქვითრების) ყალბად ცნობისა და მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მოთხოვნით.
14.3.2. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც სსსკ-ის 180-ე მუხლით აღძრული სარჩელების დაკმაყოფილების წინაპირობებს შეეხება, საკასაციო სასამართლომ განმარტა: „მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) – საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ #ას-1187-1117-2015, 05.02.2016; შდრ. # ას-914-876-2014, 19.02.2016წ.); იმ იურიდიულ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს აღიარებითი სარჩელებიდან, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა“ (იხ. სუსგ #ას-937-887-2015, 10.11.2015).
14.3.3. საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ, სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას აღნიშნა, რომ „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ.სუსგ. №ას-121-117-2016; 17.03.2016წ.).
14.3.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას მოითხოვენ, თუმცა, დაუსაბუთებელია, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება მათთვის და რა არის მათი ნამდვილი იურიდიული ინტერესი ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიმართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი წარმოადგენენ შედავებითი შინაარსის სარჩელს დოკუმენტების ნამდვილობისა და სამკვიდრო მოწმობის მართლზომიერად გაცემის თაობაზე, მაგრამ არ მიუთითებენ იმ იურიდიულ ინტერესზე, რასაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ცდილობენ, ე.ი. ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელეები არ/ვერ აზუსტებენ, რა სამართლებრივ სიკეთეს უზრუნველყოფს მათთვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული დოკუმენტების სიყალბე დადგინდება.
14.3.5. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც შესაძლებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა და აღძრულია აღიარებითი სარჩელი, რომელიც მოსარჩელის ინტერესის სამართლებრივი დაკმაყოფილების საშუალებას არ იძლევა, სასამართლომ სარჩელი განუხილველად უნდა დატოვოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსზეც, რომელთა მიხედვით, აღიარებითი სარჩელის აღძვრისას იურიდიული ინტერესის არარსებობა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლო, სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების საფუძველზე [თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)] უფლებამოსილი იყო, ამ ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგაც განუხილველად დაეტოვებინა მოთხოვნა (იხ. სუსგ: #ას-937-887-2015; შდრ. #ას-914-876-2014 ).
14.3.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ აღძრული რომც ყოფილიყო მიკუთვნებითი მოთხოვნა - უმკვიდრობის გამო სადავო ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღრიცხვა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მაინც არ ექნებოდა სარჩელს წარმატების პერსპექტივა, რადგან სადავო ქონებაზე აღრიცხულია მოპასუხის საკუთრების უფლება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით დადგინდა და კანონიერ ძალაშია; საკუთრების უფლებაზე შესაბამისი ჩანაწერი აისახა საჯარო რეესტრშიც. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემეობას, რომ მოსარჩელეთა მიერ მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრისა და დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მიღწევადი მაინც ვერ იქნება, რადგანაც როგორც სსკ-ის 312.1-ე მუხლით: „რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა“ , ისე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის თანახმად, „საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი“ (იხ. სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
14.4. „საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v.Greece,§40), ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ.Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).“- იხ. სუსგ # ას- 1187-1117-2015, 05.02.2016წ; # ას-1132-1065-2015, 03.05.206წ; # ას-1224-1149-2015, 20.05.2016.
14.5. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციის გამო არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რომლებიც უცვლელად დარჩა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. დ-ისა და ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე