საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-623-582-2017 20 დეკემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –ჯ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩნება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ. ბ-სა (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი, აპელანტი ან კასატორი) და ზ. მ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მესაკუთრე) შორის 2015 წლის 16 ივნისს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის თანახმადაც გამყიდველმა მყიდველს 15 000 ლარად მიჰყიდა 317 776 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფ. გარდაბანში, ს/კ 8- (შემდეგში: უძრავი ქონება; იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 13-14).
2. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ მყიდველი დარეგისტრირდა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 25-26).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. მოსარჩელემ 2015 წლის 23 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
3.2. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების დადების დროს ის შეცდომაში შეიყვანეს, რადგან უძრავი ქონება 15 000 ლარი არ ღირს და ამ ქონებაზე პრეტენზია სხვა პირებსაც გააჩნიათ.
3.3. მოსარჩელე სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე და 55-ე მუხლებს მიიჩნევს.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და მიუთითა საჯარო რეესტრის ჩანაწერზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხელშეკრულება არის ორივე მხარის ნების ნამდვილობის გამოხატვა.
4.2. მესაკუთრემ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ყურადღებით წაიკითხა და თავად, ძალდატანების გარეშე, იუსტიციის სახლში, თავისუფალ სივრცეში, მიმღები ოპერატორის თანდასწრებით მოაწერა ხელი ხელშეკრულებას. მოსარჩელეს ნასყიდობის საფასური ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ჰქონდა მიღებული.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 50-ე, 327-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას მხარეთა ნება წარმოადგენს, კერძოდ მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ პირობებს, შესაბამისად, ნასყიდობის საგნის ღირებულების განსაზღვრა დამოკიდებულია ურთიერთობის მონაწილე მხარეთა ნებაზე, რომელიც შესაძლოა არ მოდიოდეს შესაბამისობაში ბაზარზე არსებულ ფასებთან, ამიტომ ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია მხოლოდ მხარეთა ნება.
5.3. სასამართლომ სსკ-ის 81-ე, 83-ე, 187.1-ე, 312.1-ე, 185-ე მუხლებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მოპასუხის მხრიდან არაკეთილსინდისიერების ფაქტი, შესაბამისად, ის კეთილსინდისიერი შემძენია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოტყუების ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა და მასვე უნდა ემტკიცებინა ის ფაქტი, რომ რეალურად არსებული გარემოება მისთვის გარიგების დადების შემდეგ გახდა ცნობილი.
5.4. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 477-ე მუხლიც და განმარტა, რომ მოსარჩელის მტკიცება მის მოტყუებასთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ მოსარჩელე ცდებოდა გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც სურდა, მან ვერ დაადასტურა. მოსარჩელემ ის ფაქტიც ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულების დადება მის ინტერესში არ შედიოდა, რადგან გარიგებაზე ხელის მოწერით, მან თანხმობა გამოხატა მის დადებაზე, ანუ მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმდნენ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მოტყუების ფაქტი და დგინდებოდა საპირისპირო, რომ მოსარჩელეს კარგად ესმოდა იმ გარიგების შინაარსი, რომელსაც იგი აფორმებდა. მოსარჩელეს არ წარუდგენია, ასევე, რაიმე მტკიცებულება მიწის ნაკვეთის ღირებულებასთან დაკავშირებით.
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და იმავე წლის 27 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის სხვა დროისათვის გადადებაზე, უარი ეთქვა საქმეში ფ. ი-ის მესამე პირად ჩართვაზე, ასევე, წერილობითი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე. აპელანტმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საოქმო განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
6.2. საქალაქო სასამართლომ არასწორად და დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და მოსამზადებელი სხდომა პირდაპირ მთავარ სხდომაში გადაიზარდა, რითაც დაირღვა შეჯიბრობითობის პრინციპი, ასევე, ამან გამოიწვია მოსარჩელის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
6.3. მოსარჩელემ იშუამდგომლობა ისეთი წერილობითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონების სოფლის მოსახლეობის 39 ბენეფიციარზე გადაცემა და გადანაწილება, შესაბამისად - დამტკიცდებობდა, რომ გამყიდველი არ იყო სადავო ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირი. მესამე პირად ფ. ი-ის ჩართვასთან დაკავშირებით შუამდგომლობის უარყოფის თაობაზე, მოსარჩელე მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებას შეეძლო გავლენა მოეხდინა მის უფლებებსა და მოვალეობებზე, ასევე გამოვლინდებოდა სხვა პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან მის გარეშე ჩაბმის აუცილებლობა.
6.4. სასამართლომ მოსარჩელეს წაართვა სხვა საპროცესო უფლებებიც, როგორიცაა სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა, სარჩელის შევსება და სასარჩელო მოთხოვნის გადიდება ან შემცირება, შესაბამისად, ეს გარემოებები გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, ასევე სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ არსებობდა მყიდველის ნება სადავო გარიგების დადებისას, შესაბამისად, ის წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს სადავო ნივთის განკარგვაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივსამართლებრივი მსჯელობა და მიუთითა მასზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
7.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო სსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა გარიგების მოტყუებით დადების ფაქტობრივი გარემოება, რადგან დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით დაიდო. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ივარაუდება, რომ ნების გამოვლენისა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, აპელანტს ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა დოკუმენტის შინაარსს. სსსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რამაც ხელი შეუშალა მისთვის სასურველი ნების გამოვლენას, რაც მან ვერ წარუდგინა სასამართლოს.
7.4. სააპელაციო სასამართლომ, ასევე არ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე და აღნიშნა, რომ სსსკ-ი განსაზღვრავს განცხადებებისა და შუამდგომლობების წარდგენის წესს, რომლის 215-ე მუხლით, საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოებების საფუძველზე დასაბუთებულ შუამდგომლობას დააყენებს სასამართლოს სხდომაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარდგენა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, ხოლო სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეები შეზღუდულნი არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას, წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელზე, ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.
7.5. განსახილველ შემთხვევაში კი აპელანტმა ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა საპროცესო სამართლის ნორმების იმგვარი დარღვევა, რასაც გადაწყვეტილებით დამდგარ საბოლოო შედეგზე არსებითი ზეგავლენა შეიძლებოდა მოეხდინა.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით აპელანტმა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ პირველი ინსტაციის სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, გამყიდველს ნება არ გამოუვლენია და იგი წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს სადავო ნივთის განკარგვაზე. სასამართლომ არასწორად გამოიყენა ის სამართლებრივი ნორმები, რაც მითითებულია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებაში;
8.3. კასატორმა გაიმეორა სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები (იხ. ამ განჩინების 6.2-6.4 პუნქტები), დამატებით სსკ-ის 68-ე, 69-ე, 183-ე, 311-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსი, ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნული ინსტრუქცია. ინსტრუქციის თანახმად კი, გარიგებაზე ხელმოწერის დროს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, ეს უკანასკნელი მხოლოდ გარიგებაზე ხელმომწერი პირის იდენტიფიკაციას ახდენს და მის მიერ ხელმოწერის ფაქტს ადასტურებს, რაც არ გულისხმობს გარიგების შინაარსის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის და მხარეთა მიერ ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენას ან სხვა გარემოების შემოწმებას. შესაბამისად, კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულების შემოწმებისას არ მომხდარა მხარეთა ინფორმირება ხელშეკრულების შინაარსთან და მის სამართლებრივ შედეგთან მიმართებით;
8.4. კასატორმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე, 2009 წელს, გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ მოსახლეობაზე, პირუტყვის საძოვრად განაწილდა ურწყავი მიწის ფართობი, რომლის მესაკუთრეც სახელმწიფო იყო; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს 20.02.2009 წლის 355-2/03 ბრძანების საფუძველზე, შემდეგ დამტკიცდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. ახალსოფლის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო გეგმა 68 კონტურად 1110,16 ჰა-ს ოდენობით, თანაც სპეციალური აუქციონის მომწყობ კომისიას დაევალა აუქციონის ორგანიზება, რათა ხალხის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი მოსახლეობაზე დარეგისტრირებულიყო. გამოცხადებულ აუქციონში, მიწის ფართობის შეძენაზე განაცხადი გააკეთა კასატორმა, რომელიც ერთ-ერთი იმ ბენეფიციართაგანი იყო, რომელზეც 2009 წელს პირუტყვის საძოვრად ურწყავი მიწის ფართობი განაწილდა. ხოლო უძრავი ქონების შეძენაზე, საჯარო რეესტრში განცხადების მხოლოდ კასატორის მიერ წარდგენა განპირობებული იყო მოსახლეობასთან შეთანხმებით, ბენეფიციართა სიმრავლითა და პროცედურული საკითხების გამარტივებით. საბოლოოდ აუქციონში მან გაიმარჯვა, შეთანხმების მიხედვით კი, დანარჩენი ბენეფიციარებიც თავ-თავიანთი წილების შესაბამისად დაირეგისტრირებდნენ კუთვნილ უძრავ ქონებას;
8.5. კასატორის მტკიცებით, მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმებისას ის მოატყუეს, რადგან ამ უკანასკნელმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა გამყიდველს განუცხადეს, რომ მისი დაუდევრობით 39 ადამიანმა დაკარგა მიწის ნაკვეთი, ხოლო იმისთვის, რომ მათ ისევ დაებრუნებინათ ნაკვეთები, საჭირო იყო, რომ გამყიდველს უფლებამოსილება გადაეცა მყიდველისათვის (მოპასუხისათვის), საბოლოოდ კი მოსარჩელეს ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი. გამნყიდველს არ აუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. კასატორის განმარტებით, მოპასუხე არის არაკეთილსინდისიერი შემძენი, რადგან მან კარგად იცოდა, რომ სადავო უძრავი ქონება ხალხს ეკუთვნოდა.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
11. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.
12. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
13.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი - კონდიქციური მოთხოვნა (სსკ-ის 976-ე მუხლის 1 „ა“ ქ/პუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი) წაეყენებინა მოპასუხისათვის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში. ასევე, შესაძლებელი იყო მოსარჩელეს მოეთხოვა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, საცილო გარიგებებისათვის დამახასიათებელი რომელიმე წინაპირობის დამტკიცებისა და მატერიალური კანონმდებლობით განსაზღვრულ შეცილების ვადაში მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში.
14. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.
15.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელეს მთავარ სხდომამდე შეეძლო დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა და წარედგინა ყველა მტკიცებულება, რასაც სასარჩელო მოთხოვნის მართებულობა შეიძლებოდა დაფუძნებოდა. მას არ მიუთითებია სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისიწნებული არც ერთი საპატიო მიზეზი, თუ რატომ ვერ შეძლო სასამართლოს მთავარ სხდომამდე შესაბამისი საპროცესო მოქმედებები განხორციელება.
18. საკასაციო სასამართლომ იმაზეც გაამახვილა ყურადღება, თუ როდის დაინიშნა სხდომა და ეცნობათ მხარეებს, კერძოდ:
18.1. სსსკ-ის 207-ე, 284-ე, 285-ე მუხლების საფუძველზე, 2016 წლის 14 მარტს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო განჩინება სასამართლოს მთავარი სხდომის, 2016 წლის 25 მარტს, დანიშვნის თაობაზე, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს (ტ. 1, ს/ფ 54);
18.2. 2016 წლის 24 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სხდომის გადადება(ტ. 1, ს/ფ 57) ;
18.3.საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სხდომა სხვა დროისათვის გადაიდო (ტ. 1, ს/ფ 64-65);
18.4.მოსარჩელის წარმომადგენელს, 2016 წლის 18 ივლისს, ეცნობა, რომ სასამართლოს მთავარი სხდომა 2016 წლის 27 ივლისს გაიმართებოდა (ტ. 1, ს/ფ 73);
18.5. 2016 წლის 27 ივლისის სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო 2016 წლის 27 სექტემბრისათვის (ტ. 1, ს/ფ 75-80);
18.6. 2016 წლის 22 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა კიდევ ითხოვა სხდომის გადადება (ტ. 1, ს/ფ 87);
18.7. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის, მხარეთათვის სხდომის თარიღის შეთანხმების მიზნით (ტ. 1, ს/ფ 92-93);
18.8. მომდევნო სხდომა დაინიშნა 2016 წლის 20 ოქტომბერს, რის თაობაზეც 2016 წლის 27 სექტემბერს ეცნობათ მხარეებს (ტ. 1, ს/ფ 96);
18.9. 2016 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე განხილული იქნა მხარე და გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (ტ. 1, ს/ფ 97-112). აღნიშნული ქრონოლოგიით დამატებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
19.ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
20. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 1991-ე მუხლზე დაყრდნობით გააუქმებს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 408.3 და 1991-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 მარტის განჩინება;
3. ჯ. ბ-ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;
4. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ზ. მ-ეს (პ/ნ 1-) აეკრძალა გარდაბნის სოფელ ახალსოფელში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 8-) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი