Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1362-1282-2017 22 იანვარი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. თ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ს. თ-ას (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, ვალდებულების შესრულების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა 2016 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის განხილვა განახლდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2017 წლის 28 თებერვალს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის გამო. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. ამ განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 387-ე, 229-ე, 276-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.

8. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-ე, 73-ე, 74-ე მუხლები მოიხმო და დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს 2017 წლის 10 ოქტომბერს დანიშნული სხდომის თაობაზე, 2017 წლის 19 სექტემბერს, პირადად ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ. 2, ს/ფ 13).

9. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 215.3-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო იყო, რადგან მას სასამართლო უწყების ჩაბარებიდან ჰქონდა გონივრული ვადა, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა, დაექირავებინა ადვოკატი ან სასამართლოსათვის გამოუცხადებლოს საპატიო მიზეზების თაობაზე ეცნობებინა.

10. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

11. მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.

12. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რადგან ის მძიმე ავადმყოფია. მან სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ მოახერხა და ვერც სასამართლოს ინფორმირება შეძლო, რადგან ის მორწმუნეა და იმ დროისთვის მონასტერში იმყოფებოდა.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან მის მიერ სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას საფრთხე ექმნება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუტებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ორჯერ არ გამოცხადდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, რამაც მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ორჯერ გამოტანა განაპირობა. მოსარჩელე არც სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს უმყარდება შინაგანი რწმენა, რომ მოსარჩელეს შესაძლოა საქმისადმი ინტერესი ჰქონდეს დაკარგული ან ცდილობდეს საქმის განხილვის გაჭიანურებას. კერძო საჩივრის ავტორის დაუსაბუთებელი მითითებები, რომ მან სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ მოახერხა მისი მონასტერში ყოფნის გამო, უსაფუძვლოა და საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს მისი სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. აპელანტს არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენილია სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობაზე ემსჯელა.

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველი დავისადმი დიდ ინტერესს და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას შეეხება, აღნიშნავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დროულ ინფორმირებაში გამოიხატება, მოსარჩელე კი არც ერთი ინსტანციის სასამართლოს სხდომებზე არ გამოცხადებულა. სასამართლო საქმეს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით იხილავს, რომელთა მოქმედება ვრცელდება, როგორც სასამართლოზე, ისე - მხარეებზე. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ მოსარჩელემ თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, რასაც მხარე თვითონაც არ ხდის სადავოდ. იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი, 372-ე, 387-ე მუხლები).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. მ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე