საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1383-1303-2017 17 იანვარი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორები – ამხანაგობა "ვ-ის" დამფუძნებელი წევრები (რ. ნ-ი, დ. ქ-ე, ე. ბ-ე, ე. ლ-ა, ვ. გ-ე, ლ. ა-ე და სხვები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2017 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართეს ამხანაგობა „ვ-ის“ დამფუძნებელმა წევრებმა: რ. ნ-მა, დ. ქ-ემ, ე. ბ-ემ, ე. ლ-ამ, ვ. გ-ემ, ლ. ა-ემ და სხვებმა (შემდეგში: საჩივრის ავტორი ან ამხანაგობა) და შპს „ს-ის“ (შემდეგში: არბიტრაჟი) 2009 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმება და ქ. თბილისში, ღ-ის ქ. №7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, ს/კ 0- (შემდეგში: უძრავი ქონება) ყადაღის მოხსნა მოითხოვეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
3. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა საჩივრის ავტორმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და 2017 წლის 15 მარტის განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. საჩივრის ავტორის განმარტებით, 2007 წლის 14 ნოემბერს ქ. ა-სა და გ. ჩ–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გ. ჩ-მა ქ. ა-ს სესხის სახით გადასცა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო რ. ე-ას - 11 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი).
5. ქ. ა–ი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რადგან მან ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უკანონოდ დატვირთვა იპოთეკით, ხოლო გ. ჩ-ი ცნობილი იქნა დაზარალებულად.
6. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ამხანაგობამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ვალდებულების არარსებობის აღიარებისა და ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ გაუქმდა 2007 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულება (იხ. მე-4 პუნქტი) იპოთეკის ნაწილში და ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ქონება უფლებრივი დატვირთვისგან გათავისუფლდა.
7. საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენისას, აღმოჩნდა, რომ არბიტრაჟის 2009 წლის 22 მაისის განჩინების საფუძველზე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან არბიტრაჟს მიმართა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა, ამ უკანასკნელის 2017 წლის 1 მარტის №01/2017 წერილის თანახმად ამხანაგობას ეცნობა, რომ არბიტრაჟს 2011 წლის 1 იანვრიდან შეჩერებული აქვს ფუნქციონირება, რის გამოც არ აწარმოებს საარბიტრაჟო საქმეების განხილვას (იხ.ს/ფ 49).
8. ამხანაგობა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივნისის განჩინებას, რომლითაც ამხანაგობას განცხადების დაკმაყოფილებაზე იმის გამო ეთქვა უარი, რომ განცხადებასთან ერთად არ იყო წარდგენილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი დავის შედეგი, თანაც საარბიტრაჟო დავის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულება არა მარტო იპოთეკის, არამედ - სესხის ნაწილშიც (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება-ს/ფ.56-58). საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქმეზე საარბიტრაჟო განხილვა არ მომხდარა და გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ასევე, არბიტრაჟს 2011 წლიდან შეჩერებული აქვს ფუნქციონირება და არ აწარმოებს საარბიტრაჟო საქმიანობას, შესაბამისად, მას არ შეუძლია უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ამიტომ, ამხანაგობის მოსაზრებით, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია ამ საპროცესო მოქმედების შესრულება.
9. ამხანაგობამ აღნიშნა, რომ მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში გაუქმდა, თუმცა, გ. ჩ-მა ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სესხი გადასცა არა ამხანაგობას, არამედ ქ. ა-ს, შესაბამისად, მას ამხანაგობასთან პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, სესხის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ამხანაგობის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 1971-ე მუხლის მიხედვით, საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 35612-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამავე კოდექსით დადგენილი წესებით, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191-ე მუხლით და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ავტომატურად არ წარმოშობს არბიტრაჟის 2009 წლის 22 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნის უფლებას, რადგან არბიტრაჟის განჩინებიდან დგინდება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია გ. ჩ-სა და ქ. ა–ს შორის, 2007 წლის 14 ნოემბერს, გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამოქალაქო დავაში, ხოლო არბიტრაჟში განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულება როგორც იპოთეკის, ისე - სესხის ნაწილშიც, ასევე, უცნობია საარბიტრაჟო დავის შედეგი.
13. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი, ასევე სსსკ-ის 35613-ე, 35618-ე, 35617-ე მუხლები და აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხზე უნდა იმსჯელოს არბიტრაჟმა ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით. საჩივრის ავტორის მითითებასთან დაკავშირებით, რომ არბიტრაჟს შეჩერებული აქვს ფუნქციონირება, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეწარმე სუბიექტის საქმიანობის შეჩერებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები დასაბუთებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმებას ამ განჩინების 4-9 პუნქტებში მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით მოითხოვს.
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმადაც ნაწილობრივ გაუქმდა 2007 წლის 14 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულება, რეგ. #1-22250 და უფლებრივი დატვირთვისაგან გათავისუფლდა ამხანაგობის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება /ქ. თბილისი, ღ-ის ქ.#7, ს/კ 0../, რომლის იპოთეკარიც გ. ჩ-ი იყო (ს/ფ 55).
17. საქმის მასალებით არ დგინდება, რა შედეგით დასრულდა საარბიტრაჟო სარჩელის განხილვა სესხის ნაწილში, რაზედაც მართებულად მიუთითებს სააპელაციო სასამართლო 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებაში (იხ. ს/ფ 80). საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ არბიტრაჟის 2009 წლის 22 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა პრეტენდენტ გ. ჩ-ის პრეტენზია საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის თაობაზე (გ. ჩ-ის სამოქალაქო დავის გამო მოპასუხე ქ. ა-ის წინააღმდეგ- იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) და ყადაღა დაედო ამხანაგობის უძრავ ქონებას გ. ჩ-ის (იხ.მე-16 პუნქტი; ასევე- არბიტრაჟის განჩინება - ს/ფ 45-46).
18. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქმეზე საარბიტრაჟო განხილვა არ მომხდარა და გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ასევე, არბიტრაჟს 2011 წლიდან შეჩერებული აქვს ფუნქციონირება და არ აწარმოებს საარბიტრაჟო საქმიანობას, შესაბამისად, მას არ შეუძლია უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ამიტომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.
19. მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობის საჩივრის პრეტენზიები ნაწილობრივ გასაზიარებელია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებაში, რომლითაც ამხანაგობის განცხადება არ დაკმაყოფილდა, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და დასაბუთებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საკითხი. მარტოოდენ ის მსჯელობა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მეწარმე სუბიექტის საქმიანობის შეჩერებას არ ითვალისწინებს, არასაკმარისი დასაბუთებაა.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, ხოლო დასახელებული ნორმის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
21. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 1991-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ამ მუხლით სასამართლოს გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების წინაპირობებია განსაზღვრული. სააპელაციო სასამართლომ ისე უთხრა უარი საჩივრის ავტორს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე, რომ არ გამოკვლევია, არსებობდა თუ არა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობები, სასამართლოს არსებითად არც კი უმსჯელია უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლიანობაზე. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და არც კი შეაფასა ამხანაგობის პრეტენზია საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხესთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ დავის განმხილველ არბიტრაჟს საქმიანობა შეჩერებული აქვს.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი (იხ. სუსგ # ას-595-554-2017, 15.12.2017წ). საქმის განხილვის შედეგის აღსრულება მართლმსაჯულების განხორციელების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია.
23. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად შეასრულა საჩივრის ავტორმა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სხვა სამართალწარმოების (საარბიტრაჟო) დროს ამხანაგობის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი საფუძვლისა და ამის მიხედვით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების დასაბუთებულობის ნაწილში. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სანდოობა და დასაბუთებულობა და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
24. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის გამოყენებისა და მტკიცებულებათა სრულფასოვნად გამოკვლევის გზით უნდა გამოიკვლიოს ის გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, რაც შესაძლებლობას მისცემს მას, შეკითხვებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გზით, მიიღოს ინფორმაცია და მტკიცებულებები იმ საკითხზე, რომლის დადგენის გარეშე შეუძლებელია არბიტრაჟის განჩინების საფუძველზე ამხანაგობის კუთვნილ უძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტშია ასახული, თუმცა, მიაჩნია, რომ აღნიშნული არასაკმარისია საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით, არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, დეტალურად იქნეს გამოკვლეული მხარეთა პოზიციები (სსსკ-ის 419.2-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სამოქალაქო საქმეზე # 2/7823-16, სადაც მოსარჩელეა ამხანაგობა, ხოლო მოპასუხე - გ. ჩ-ი, რომლის საარბიტრაჟო პრეტენზიის დაკმაყოფილების საფუძველზე ყადაღა დაედო ამხანაგობის უძრავ ქონებას (იხ. ს/ფ 55; ასევე- ამ განჩინების პირველი, 4-7 პუნქტები).
25.1. განსახილველი დავის საგანია არბიტრაჟის 2009 წლის 22 მაისის განჩინების საფუძველზე, გ. ჩ-ის სასარგებლოდ, ამხანაგობის უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უზრუნველყოფის ღონისძიების - ყადაღის გაუქმება. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავის მხარეა ამხანაგობა (მოსარჩელე), მას სასამართლომ შესაძლებელია მიუთითოს საქმეში მოთავსებული დოკუმენტის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სამოქალაქო საქმეზე # 2/7823-16) შინაარსის გასარკვევად სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის წარდგენაზე, რაც, სავარაუდოდ, სიცხადეს შეიტანს ამხანაგობის მოთხოვნის დასაბუთებულობაში; კერძოდ, შესაძლოა გაირკვეს მოპასუხე გ. ჩ-ის პოზიცია სესხის ხელშეკრულების ნაწილში (იხ. ამ განჩინების მე-4 და მე-12 პუნქტები), შესაბამისად, გადაწყვეტილების სრული ტექსტის წარდგენა არ ჩაითვლება ახალ მტკიცებულებად (სსსკ-ის 380-ე მუხლი). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის გაცნობა სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს დაადგინოს, თუ რა საფუძვლით დაკმაყოფილდა მოსარჩელის (ამხანაგობის) მოთხოვნა იპოთეკის გაუქმების ნაწილში და ცნო თუ არა სარჩელი მოპასუხემ (გ. ჩ-მა) სესხის ნაწილში, როგორც ამას საჩივრის ავტორი უთითებს (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი);
26. საკასაციო სასამართლო იმაზეც გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას, რომ თუკი დადგინდა, რომ მოპასუხე გ. ჩ-მა არ ცნო მის წინააღმდეგ ამხანაგობის მიერ აღძრული სარჩელი სესხის ნაწილში, ანუ დავა არ არის გადაწყვეტილი ამ თვალსაზრისით, მაშინ, სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს სსსკ-ის მე-7 მუხლის პირველი ნაწილით და, კანონის ანალოგიით, კერძოდ, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისათვის დადგენილი წინაპირობების საფუძველზე უნდა შეაფასოს, ამხანაგობის საჩივრის დასაშვებობის დასაბუთებულობა, რადგან მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, სასამართლოს უკვე გამოყენებული აქვს კანონით დადგენილი წესით საჩივარზე ხარვეზის დადგენის უფლებამოსილება (იხ. ს/ფ 68-70).
27. "საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე “შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ.Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40)" (იხ. სუსგ ას-1238-1161-2015, 12.02.2016 წ.).
28. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებით მიზნად ისახავს, დაცული იქნეს მხარეთა თანასწორობისა და მტკიცებულებათა შეფასების სსსკ-ით დადგენილი სტანდარტები. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, თავისთავად ცხადია, მოვალის უფლებები იზღუდება, თუმცა, ეს კანონით გათვალისწინებული საშუალებაა, დაცული იქნეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებლობის საფრთხისგან. სწორედ ამიტომ, უზენაესი სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ზედმიწევნით შეაფასოს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, ამხანაგობის განცხადების დასაბუთებულობა,.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ამხანაგობის განცხადების ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამხანაგობა "ვ-ის" დამფუძნებელი წევრების (რ. ნ-ი, დ. ქ-ე, ე. ბ-ე, ე. ლ-ა, ვ. გ-ე, ლ. ა-ე და სხვები) საჩივარი დაკმაყოფილდს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინება ამხანაგობა "ვ-ის" დამფუძნებელი წევრების (რ.ნ-ი, დ. ქ-ე, ე. ბ-ე, ე. ლ-ა, ვ. გ-ე, ლ. ა-ე და სხვები) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაუბრუნდეს საქმე ამხანაგობა "ვ-ის" დამფუძნებელი წევრების (რ. ნ-ი, დ. ქ-ე, ე. ბ-ე, ე. ლ-ა, ვ. გ-ე, ლ. ა-ე და სხვები) მიერ წარდგენილი განცხადების - საარბიტრაჟო პრეტენზიის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ - ხელახლა განსახილველად;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე