საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1460-1380-2017 26 იანვარი, 2018 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ა. რ-ი, კ. რ-ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მარნეულის რაიონის სოფელ დ-ში მდებარე, უძრავი ქონება (ს/კ 8) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით გ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სახელზეა რეგისტრირებული (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 25-26).
2. აღნიშნულ უძრავ ქონებას ფლობენ ა. რ-ი (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და კ. რ-ა (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1. მესაკუთრემ 2017 წლის 13 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მათი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.
3.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.
3.3. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი მოპასუხის ვალდებულება ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ქონებით იქნა უზრუნველყოფილი. პირველმა მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი გასცა და უძრავი ქონება იძულებით საჯარო აუქციონზე გაიყიდა. უძრავი ქონება მოსარჩელემ შეიძინა.
3.4. მესაკუთრემ აღნიშნა, რომ პირველმა მოპასუხემ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების, მოსარჩელის მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე, ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მის სახელზე დარეგისტრირება მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის, კანონიერ ძალაში შესული, გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოპასუხეთა შესაგებელი
4.1. მოპასუხეებმა მათ მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ პირველ მოპასუხეს მოსარჩელისაგან თანხა არ უსესხებია, არამედ ის თავდებად ჩაუდგა მის ნათესავს - ა. რ-ს, რომელმაც ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
4.2. მოპასუხეთა განმარტებით, სადავო უძრავი ქონება კომლის საკუთრებაა, რის გამოც ის მოსარჩელის სახელზე უკანონოდაა დარეგისტრირებული. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მესაკუთრე უსაფუძვლოდ მდიდრდება, რადგან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დიდი ნაწილი მიღებული აქვს და სახლიც კი შეიძინა აუქციონზე.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებისგან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება და მესაკუთრეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა.
5.2. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.3. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა და ამ ქონებას მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
5.4. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 3 მაისის მთავარ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირველ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის უძრავი ქონების გამოსყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა. გამოსყიდვის ფასი 33 000 ლარით განისაზღვრა, პირველ მოპასუხეს მოსარჩელისათვის 7 000 ლარი აქვს გადახდილი, როგორც უძრავი ქონების გამოსყიდვის თანხა. მესაკუთრემ არ დაადასტურა უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ფაქტი. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნულიი სამართლებრივი ურთიერთობა განსახილველი დავის საგანს სცილდება და სხვა დავის საფუძველია.
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
6.2. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა უძრავი ქონების გამოსასყიდი თანხა, რადგანაც მხარეებს იგი ნაკლები ღირებულებით ჰქონდათ განსაზღვრული. თანხის გადახდის შემდეგ მოსარჩელემ ახალი პირობა დააყენა, გადახდილი თანხა მან პროცენტში ჩათვალა და კიდევ თანხის გადახდა მოითხოვა.
6.3. აპელანტების განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გამოიყენა სსკ-ის მე-9, მე-10 და 115-ე მუხლები.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხეები სამართლებრივი საფუძლის გარეშე ფლობდნენ მას.
7.3. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეებს არ მიუთითებიათ, რომ ისინი უძრავ ქონებას მესაკუთრის ნებით ფლობდნენ, მათ არ გააჩნდათ უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, ისინი არამართლზომიერი მფლობელები იყვნენ.
7.4. ამ განჩინების 7.2-7.3 ქვეპუნქტებში ასახული მსჯელობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტები ვალდებული იყვნენ, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ მესაკუთრისათვის სადავო უძრავი ქონება.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. აპელანტებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
8.2. საკასაციო საჩივარში მეორდება მოპასუხეთა შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში გამოთქმული, ამ განჩინების 4.1-4.2 და 6.2.-6.3 ქვეპუნქტებში მითითებული პრეტენზიები.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
15.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;
15.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;
15.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მათ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება;
16. კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა როგორც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, ისე - გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მესაკუთრის ვინდიკაციულ სარჩელს, რომლის საკუთრებაშიც არსებულ უძრავ ქონებას კასატორები, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფაქტობრივად ფლობენ. მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება (სსკ-ის 312-ე მუხლი), ამასთან, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს სადავო უძრავ ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება დაედასტურებინათ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხისა და იპოთეკის, ასევე, უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობები ცალკე, დამოუკიდებელი დავის საგანია და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ მოცემული დავის განხილვისას ვერ შეფასდება.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. რ-ის და კ. რ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა. რ-ს (პ/ნ 2.) და კ. რ-ას (პ/ნ 2-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ო. მ-ოვის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2017 წლის 25 დეკემბერი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე