Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1553-1473-2017 23 თებერვალი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჯ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ე. მ-ს (შემდეგში: მოპასუხე) მოსარჩელის სასარგებლოდ 496 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369-ე, 60.2-ე, 61.3-ე, 2591-ე, 374-ე მუხლებით და დაადგინა, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი, თუმცა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2017 წლის 14 სექტემბრისთვის.

5. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2591-ე მუხლზე და განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღიდან.

6. სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2017 წლის 15 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2017 წლის 28 ოქტომბერს (შაბათი), შესაბამისად სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 30 ოქტომბერს ამოიწურა.

7. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2017 წლის 2 ნოემბერს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს გასაჩივრების ვადა გაშვებული აქვს. სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივრები განუხილველი რჩება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის არ იმყოფებოდა 2017 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე, სხდომას ესწრებოდა მხოლოდ მისი წარმომადგენელი, თუმცა, სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადადო 2017 წლის 14 სექტემბრისთვის. 14 სექტემბერს, კი სხდომაზე არც კერძო საჩივრის ავტორი იმყოფებოდა და არც მისი წარმომადგენელი. მოსარჩელის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა და ვადის ათვლა შეცდომით, კანონთან შეუსაბამოდ დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან.

11. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სსსკ-ის 2591-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი საპროცესო ვადის 28-ე დღეს, მან ფოსტის მეშვეობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. გადაწყვეტილება მოსარჩელემ 2017 წლის 19 ოქტომბერს ჩაიბარა.

12. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისთვის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის (ცნობა სარჩელს თან ერთვის), სსსკ-ის 2591-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს უნდა გაეგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა მისი ჩაბარებიდან უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა 2017 წლის 19 ოქტომბრის მომდევნო დღიდან, ანუ 20 ოქტომბრიდან დაიწყო და 2017 წლის 2 ნოემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი სიღნაღის რაიონულ სასამართლოს ვადის ზუსტად მე-14 დღეს ჩაhბარდა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.

17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან უნდა დაიწყოს, რადგან გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს და განსახილველ შემთხვევაში იგი კანონთან შეუსაბამოდ დათვალა სააპელაციო სასამართლომ.

18. სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად /1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. 2. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით/ საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელისათვის გაეგზავნა და ჩაებარებინა, რადგან ის სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირია (იხ. უვადოდ შშმპ-ის სტატუსის შესახებ ცნობა, ტ. 1, ს/ფ 45).

19. მოსარჩელემ 2017 წლის 13 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნის მიზნით. რაიონულ სასამართლოს მოსარჩელისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი არ გაუგზავნია, მოსარჩელე თავად გამოცხადდა სასამართლოში და 2017 წლის 19 ოქტომბერს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2017 წლის 2 ნოემბერს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების (19.10.17წ.) მეორე დღიდან 2017 წლის 20 ოქტომბრიდან დაიწყო და მე-14 დღეს, 2017 წლის 2 ნოემბერს ამოიწურა (სსსკ-ის 60.2-ე, 61.3-ე მუხლები). აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარდგენის, კანონით გათვალისწინებული, ვადა არ დაურღვევია.

20.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება არ არის კანონიერი, კერძო საჩივარი დასაბუთებელია, რის გამოც არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე