Facebook Twitter

საქმე №ას-593-552-2017 31 ივლისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე (მომხსენებელი), ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შეთანხმების აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. ს-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მხარეთა შორის 2013 წლის 23 ივლისს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1987 წელს საკარმიდამო მიწის მიმდებარედ მოსარჩელის ოჯახმა დაიკავა 15 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შემოსაზღვრა ღობით, გააშენა ნარგავები და განკარგავდა, როგორც საკუთარს. 2004 წელს მოსარჩელის ოჯახს მიმართა ქ-ის სოფელ ბ-ში მცხოვრებმა პირმა, რომელმაც მოსარჩელის მიერ დაკავებულ ნაკვეთზე განაცხადა პრეტენზია, თუმცა, ეს ურთიერთობა მხარეთა მოლაპარაკების შედეგად მოგვარდა, კერძოდ, 2003 წლის 8 სექტემბერს პრეტენდენტმა წერილობით დაადასტურა, რომ ზემოხსენებულ მიწაზე პრეტენზიას აღარ განაცხადებდა და უძრავი ნივთი რჩებოდა მოსარჩელის საკუთრებაში. მოსარჩელის მიერ დაკავებული და მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი _ 4 027 კვ.მ 2013 წელს დაექვემდებარა ქ.ქ-ის შემოსავლელი გზის მშენებლობის ზონას და ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დადგენილად ცნო მოსარჩელის საკუთრება-სარგებლობის უფლება დემარკაციის აქტით. 2013 წლის ივლისში მოსარჩელის ოჯახს დაუკავშირდა მოპასუხე და აღნიშნა, რომ მას ზემოხსენებული მიწის მიმდებარედ ასევე გააჩნდა მიწები, რომელთაც არ ფლობდა, თუმცა, რადგან კანონი არ აძლევდა მათი აღრიცხვისა და ავტობანის მშენებლობიდან კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, შესთავაზა მოსარჩელეს, სახელმწიფო მოხელეებთან სათანადო კავშირების გამოყენებით დაკავებული მიწის საკუთრებად აღრიცხვა და მათი 70%-ის მოპასუხისათვის გადაცემა. ამგვარი შეთანხმება მხარეთა შორის დამოწმდა სანოტარო წესით 2013 წლის 23 ივლისს, თუმცა მოპასუხეს რაიმე მიწის ნაკვეთი მოსარჩელისათვის არ გადაუფორმებია, ხოლო, შემოსავლელი გზის მშენებლობის გამო, მოსარჩელის მიერ მიღებული კომპენსაციიდან სადავოდ გახდილი შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე მოითხოვს თანხის ანაზღაურებას. მოგვიანებით მხარემ გააცნობიერა, რომ მოპასუხის მიწა არ მოხვდა შემოვლითი გზის მშენებლობის ზონაში და სადავო შეთანხმებაზე ხელმოწერას ის ამჟამად იყენებს მოსარჩელის საწინაააღმდეგოდ, მოსარჩელის სარგებლობაში არსებული მიწის სანაცვლოდ გადახდილი კომპენსაციის ასანაზღაურებლად. მოპასუხეს წინასწარ ჰქონდა განზრახული თანხის მიღება და მოსარჩელის ოჯახის წევრთა შეთანხმებით, მას მოტყუებით მოაწერინა ხელი გაურკვეველი შინაარსის გარიგებაზე. სწორედ ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით აღძრა ა.მ-მა სარჩელი მ.ს-ისათვის 28 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით, რაც სასამართლოს წარმოებაშია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მითითება 15 000 კვ.მ მიწის კულტივირების, მრავალწლიანი ნარგავების დარგვის, მისი მყარი მიჯნით შემოსაზღვრისა და ფაქტობრივ მფლობელობაში ქონის ფაქტებზე სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც ეს მიწა მოპასუხის წინაპრების მფლობელობაში იმყოფებოდა, კოლმეურნეობისა და კომლის გაუქმების შემდგომ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ფაქტობრივად ფლობდა მოპასუხე და თავად გააშენა ტყე. მოსარჩელის ოჯახს დაკავებული აქვს სწორედ მოპასუხის კუთვნილი მიწის 10-15%, რის თაობაზეც არავითარი პრეტენზია მისი მხრიდან არ გაცხადებულა. ასევე, არასწორია მოსარჩელის მსჯელობა მისი კანონიერი საკუთრება-მფლობელობისა და შესაბამისი დემარკაციის აქტის შედგენის შესახებ. მან თავდაპირველად სცადა ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანა, თუმცა, გარემოებათა გამოკვლევის შედეგად მოსარჩელეს შეეთავაზა მორიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერავითარ თანხას იგი ვერ მიიღებდა გზის მშენებლობიდან. სწორედ მოსარჩელის თხოვნამ განაპირობა მოპასუხის მხრიდან სადავო გარიგებაზე დათანხმება, შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მითითება სახელმწიფო მოხელეების დახმარებით მოპასუხის მიერ მიწის გადაფორმების შესახებ დაპირებასთან მითითებით, ისევე, როგორც მისი მსჯელობა მხარეთა შორის არსებულ სხვა დავაზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონობის შესახებ. სარჩელში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 53-ე-56-ე, 90-ე-92-ე, 317-ე, 319-ე და 320-ე მუხლებზე, თუმცა, მოსარჩელე ვერ ხსნის გარიგების ბათილობის რომელი სამართლებრივი საფუძველია სახეზე. გასათვალისწინებელია, რომ ამავე კოდექსის 84-ე და 89-ე მუხლების თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 1 წელია, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, გასულია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:

1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო, უპირველესად, ამოწმებს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.

1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:

ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;

ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;

გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.

1.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ:

1.3.1. კასატორი ცხოვრობს ქ-ის რაიონის სოფელ ბ-ში, სადაც მას 2013 წლის ივლისამდე საკუთრებაში ერიცხებოდა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. გარდა აღნიშნული მიწის ნაკვეთისა, იგი ასევე სარგებლობდა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთით, რომელიც საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული. მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ იყო სხვა მიწის ნაკვეთებიც, რომლებიც არ გამოიყენებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ვინაიდან გაშენებული იყო ტყე და ბუჩქნარი;

1.3.2. ქ.ქ-ის შემოვლითი გზის კმ12-კმ13 მონაკვეთის პროექტის ფარგლებში დამუშავდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელიც შეთანხმებულ იქნა აზიის განვითარების ბანკთან. შემოვლითი გზის განვითარების ზოლში მიწის ნაკვეთის მფლობელთა იდენტიფიკაცია განხორციელდა აღნიშნული გეგმის მომზადების პროცესში ჩატარებული საკადასტრო აზომვითი და აღწერა-ინვენტარიზაციის სამუშაოების საფუძველზე, რომელშიც მონაწილობდნენ მიწის ნაკვეთის მფლობელები, ასევე, საპროექტო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის მიხედვით, გზის განთავსების ზოლში მოხვდა მოსარჩელის როგორც საკუთრებაში, ასევე _ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები და მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების მიმდებარე 4 027 კვ.მ სადავო ტერიტორიაც;

1.3.3. სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით პრეტენზია განაცხადა მოწინააღმდეგე მხარემ და მიმართა ბ-ის ტერიტორიულ ორგანოს კომპენსაციის გასაცემ პირთა სიაში შეყვანის თხოვნით. ამ განცხადების გამო შეჩერდა მოსარჩელის განცხადების განხილვა და მხარეებს განემარტათ, რომ, დავის არსებობის შემთხვევაში, კომპენსაცია არ გაიცემოდა, რის შემდგომაც, 2013 წლის 23 ივლისს, მხარეთა შორის შორის შედგა და სანოტარო წესით დამოწმდა სადავო გარიგება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ქ-ის სოფელ ბ-ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის გარდა, რაც მოხვდებოდა ავტობანთან დაკავშირებით კომპენსაციის 70 პროცენტს, მოსარჩელე გადასცემდა მოპასუხეს“;

1.3.4. შეთანხმების გაფორმების შემდეგ მოსარჩელე შეყვანილ იქნა კომპენსაციის გასაცემ პირთა სიაში, 2013 წლის 24 ივლისს შედგა დემარკაციის აქტი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მასთან გააფორმა ხელშეკრულებები მიწის ნაკვეთის შესყიდვასა და სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის შესახებ. იმავე დღეს გაფორმებული სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაციის ხელშეკრულებით კი, კასატორმა მიიღო აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო ხარჯების კომპენსაცია 40 269 ლარი, ხოლო მხარეთა შორის სადავო მიწა მოქცეულ იქნა შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ფარგლებში;

1.3.5. კომპენსაციის მიღების შემდეგ მოსარჩელემ უარი განაცხადა მხარეთა შორის 2013 წლის 23 ივლისის შეთანხებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე _ მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის გადაცემაზე, რის გამოც ამ უკანასკნელმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის #... გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მ.ს-ეს დაევალა 2013 წლის 23 ივლისის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება (ა.მ-ისათვის 28 000 ლარის გადახდა). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

1.4. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ იურიდიულ ინტერესზე _ მოსარჩელეს სურდა აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლება და რამდენადაც დავის საგანი იყო თანხის დაკისრება, სასამართლო ვერ გასცდებოდა მხარის მოთხოვნას და შეთანხმების კანონიერებაზე ვერ იმსჯელებდა, რის გამოც, მან დამოუკიდებელი აღიარებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს არა თუ ნამდვილი, ფორმალური იურიდიული ინტერესიც კი არ გააჩნია დავის მიმართ, ვინაიდან აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება სადავოდ ქცეული უფლების დაცვის არასათანადო გზას წარმოადგენს და შედეგად მხარე ვერ მიიღებს იმ სიკეთეს, რასაც აღიარებითი სარჩელის აღძვრით ისახავდა მიზნად, კერძოდ:

1.4.1. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3.5. პუნქტში მითითებულ გარემოებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ემყარება რა შეჯიბრებითობის პრინციპს (სსსკ-ის მე-4 მუხლი), მხარის მოთხოვნის წარმატებულობას განაპირობებს მისი მხრიდან საკუთარი ინტერესების კვალიფიციური და სწორი საპროცესო სტრატეგიით დაცვა. სახელშეკრულებო მოთხოვნიდან გამომდინარე დავის შემთხვევაში, თუკი მოვალე სადავოდ ხდის მოთხოვნის საფუძვლის ნამდვილობას (ხელშეკრულების ნამდვილობა), შესაბამისი წინაპირობების დაცვით მან ამ პროცესის ფარგლებში უნდა განკარგოს ის საპროცესო საშულებები და დაამტკიცოს შედავების საფუძვლიანობა, რომელზეც ამყარებს საკუთარ მოთხოვნას. ამ მხრივ, საპროცესო კანონმდებლობა მოპასუხეს აღჭურავს საპროცესო თავდაცვის ორი საშუალებით: ა) შესაგებლით (სსსკ-ის 201-ე მუხლი) და ბ) შეგებებული სარჩელით (სსსკ-ის 188-ე მუხლი), იმის მიხედვით, თუ რა ფაქტობრივი მოცემულობაა სახეზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის ფარგლებში, თავად მოდავე სუბიექტი წყვეტს თავდაცვის კონკრეტული საშულების გამოყენებას.

1.4.2. წინამდებარე სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის შემოწმებისას, საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეს სურს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის დაღწევა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი), მას აღარ შეუძლია, სადავო გახადოს ის პრეიუდიციული ძალის მქონე ფაქტები, რომლებიც სხვა პროცესშია დადგენილი და მათზე დაყრდნობით გამოტანილია გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანი ნაწილი _ სარეზოლუციო ნაწილი. უფრო მეტიც, წინამდებარე დავის ფარგლებში თეორიულადაც რომ მივიჩნიოთ აღიარებითი სარჩელი საფუძლიანად და ბათილად იქნეს ცნობილი სადავო გარიგება, ეს მაინც ვერ გახდება მოსარჩელის ინტერესების დაცვის საშუალება, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის, ასევე, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) მხარე ვერ მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რადგანაც, 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. უდავოა ის გარემოება, რომ წინამდებარე სარჩელში გარიგების ბათილად ცნობის წინაპირობები მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მაშინაც, როდესაც ა.მ-მა მის წინააღმდეგ ვალდებულების შესრულების თაობაზე აღძრა სარჩელი.

1.5. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.

1.6. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). რადგანაც განსახილველი აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს მოსარჩელემ დაურთო საქმეში არსებული მასალების ასლები 20 (ოცი) ფურცლად.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რაც შეეხება საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების განმეორებით წარდგენას, ამგვარი ქმედება საერთოდ ცდება საქმის წარმოების სტანდარტს და არ ემსახურება მართლსმსაჯულების განხორციელებას. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი მტკიცებულებების გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს ისინი 20 (ოცი) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ი. ს-ის მიერ კასატორის სახელით 01.06.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 400 ლარის 70% _ 980 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 187-ე, 372-ე, 399-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მ. ს-ის სარჩელი ა. მ-ის მიმართ, შეთანხმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

3. მ. ს-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი. ს-ის მიერ კასატორის სახელით 01.06.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 400 ლარის 70% _ 980 ლარი.

4. კასატორს ასევე დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 20 (ოცი) ფურცლად.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი