საქმე #ა-1091-შ-23-2018 12 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე საკრედიტო სამომხმარებლო კოოპერატივ „პ-ას“ შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი ზ. ა-ის მიმართ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საკრედიტო სამომხმარებლო კოოპერატივ „პ-ას“ სარჩელის დაკმაყოფილდა, ზ. ა-ს, რ. ს-სა და მ. ა-ს საკრედიტო სამომხმარებლო კოოპერატივ „პ-ას“ სასარგებლოდ 2011 წლის 16 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების _ 795 532 რუბლის, ასევე, სასამართლოს ხარჯის _ 11 155,32 რუბლის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საკრედიტო სამომხმარებლო კოოპერატივმა „პ-ამ“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწვლით ირკვევა, რომ:
ა) 2011 წლის 16 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება დადებულ იქნა საკრედიტო სამომხმარებლო კოოპერატივ „პ-ასა“ და ზ. ა-ს შორის, მსესხებელმა ზ.ა-მა სესხის უზრუნველსაყოფად წარადგინა მ. ა-ისა და რ. ს-ის სოლიდარული თავდებობა. ვალდებულება მსესხებელმა შეასრულა არაჯეროვნად, რის გამოც კრედიტორმა მსესხებლისა და სოლიდარული თავდებების წინააღმდეგ აღძრა სარჩელი;
ბ) როგორც თავად შუამდგომლობით, ისე _ მასზე დართული სასამართლო ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ზ. და მ. ა-ებს სასამართლო სხდომის თაობაზე გაეგზავნათ ტელეგრამა, თუმცა, იმ მიზეზით, რომ ბინა იყო დაკეტილი, ხოლო ადრესატებმა არ მიაკითხეს საფოსტო განყოფილებას, ტელეგრამა მათ არ ჩაბარებიათ. საქმის მასალებში მოპასუხეთა ინფორმირების დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი, ხოლო, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლომ, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით ზემოხსენებულ მოპასუხეებს დაუნიშნა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის ფილიალის ადვოკატი. ამ უკანასკნელმა მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და მხოლოდ იმ მოტივით, რომ უფლებამოსილება არ გააჩნდა, არ ცნო სარჩელი, თუმცა, დაეთანხმა მას და მიიჩნია, რომ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები;
გ) ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, თუმცა, იგი არ აღსრულებულა;
დ) შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ მოპასუხე ზ. ა-ი არის საქართველოს მოქალაქე და სწორედ საქართველოში გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ტელეგრამა გაგზავნილია არა მხარის მიერ მითითებულ, საქართველოში არსებულ მისამართზე, არამედ _ ზ.ა-ის ბინადრობის მოწმობაში აღნიშნულ რუსეთის ფედერაციაში მდებარე მისამართზე.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მარეგულირებელ მატერიალური სამართლის ნორმებს განსაზღვრავს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (ე.წ მინსკის კონვენცია) ნორმები, რომლებიც სპეციალურ წინაპირობებს ადგენენ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანისათვის. კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების შესახებ შუამდგომლობას მათ შორის უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იყო გადაწყვეტილება და რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პროცესში, სათანადო წესით და დროულად გამოძახებულ იქნა სასამართლოში. თავის მხრივ, კონვენციის მიზნებისათვის მისი მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ხელშემკვრელ მხარეთა ვალდებულებას, სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეტყობინება ჩააბარონ არა ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით, არამედ, ამავე კონვენციით განსაზღვრული წესების შესაბამისად (მაგ: მე-6 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების გადაცემა სამოქალაქო საქმეებზე).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის (რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება) ინფორმირების ფაქტის დადასტურებას, ამავე კონვენციის მიზნებისათვის არა ფორმალური, არამედ, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მისი 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ეს გარემოება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს (52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტიელების ცნობისა და მისი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვნად არ გადაეცა სასამართლოში გამოცხადება).
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, შუამდგომლობას არ ერთვის უშუალოდ მოპასუხე ზ. ა-ის ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტი (ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ დანიშნა ადვოკატი, ვერ იქნება მიჩნეული კონვენციით მოთხოვნილი წინაპირობების დაცვად) და არც შუამდგომლობა ამ მტკიცებულების საპატიო მიზეზით წარუდგენლობის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, საკრედიტო სამომხმარებლო კოოპერატივ „პ-ას“ უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საკრედიტო სამომხმარებლო კოოპერატივ „პ-ას“ უარი ეთქვას ზ. ა-ის მიმართ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვოლოკოლამსკის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე