Facebook Twitter

საქმე №ა-1377-შ-28-2018 26 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ.-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ს.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებები

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი ვ. ს.-ის (გაკოტრებული, პირადი ნომერი ...) საბოლოო ანგარიში, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ.-ის“, როგორც კრედიტორის, აღიარებული მოთხოვნა, რომელზეც კრედიტორს არ მიუღია თანხა, შეადგენს 1 234 834,98 ევროს; დასრულდა ვ. ს.-ის გაკოტრების საქმე; დაიწყო ვ. ს.-ის ვალდებულებებისგან გათავისუფლების საქმის განხილვა; დადგინდა, რომ მოვალის მოთხოვნით, მოვალის ვალდებულებებისგან გათავისუფლების საქმის დაწყებიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტს მოვალის ვალდებულებებისგან გათავისუფლების საკითხს, რომელიც არ შესრულებულა გაკოტრების საქმის დროს. ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით შეწყდა ვ. ს.-ის (პირადი საიდენტიფიკაციო კოდი ...) ვალდებულებებისაგან გათავისუფლების პროცედურები და აეკრძალა მას იმ ვალდებულებებისაგან გათავისუფლება, რომლებიც არ შესრულდა გაკოტრების საქმის წარმოების დროს.

შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ.-ის“ წარმომადგენელმა ლ. ზ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. ასევე შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ვ. ს.-ის საბანკო ანგარიშებსა და დეპოზიტებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება კრედიტორის მოთხოვნის - 1 234 834,98 ევროს ფარგლებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო რა განცხადებას და მასზე დართულ დოკუმენტებს, მიაჩნია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ.-ის“ შუამდგომლობა ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე და განცხადება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებსა და დეპოზიტებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს „ჰ.-ის“ შუამდგომლობა ესტონეთის ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ განცხადების დასაშვებობისათვის აუცილებელია გადაწყვეტილება ექვემდებარებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია ქონება საქართველოში“ (იხ.შუამდგომლობა, გვ.4).

შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების მიღების შემდეგ, არსებითად შეიცვალა საქმეში არსებული ვითარება, რადგან განმცხადებელმა მოიძია მოპასუხის ქონება საქართველოში და აღმოაჩინა, რომ მოპასუხემ 2017 წლის ზაფხულში მის შვილს საჩუქრად გადასცა საქართველოში არსებული უძრავი ქონება, ასევე შპს-ში არსებული წილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაწყებულია ამ მოჩვენებითი ჩუქებების ბათილად ცნობის შესახებ საქმე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის მიერ თავისი შვილისათვის ნაჩუქარ ქონებას.

შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, შესაბამისად აშკარაა, რომ მოპასუხე ყველა გზით ცდილობდა ქონების გადამალვას კრედიტორებისაგან. ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სარჩელები მაღალი ალბათობით დაკმაყოფილდება და ქონება მოპასუხეს უკან დაუბრუნდება. ამ დროისათვის მნიშვნელოვანია, რომ უზენაესს სასამართლოს ცნობილი ჰქონდეს გადაწყვეტილება და მოპასუხე ასახული იყოს მოვალეთა რეესტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კი მოჩვენებითი გარიგება ბათილად იქნება ცნობილი და გაჩუქებული ქონება მოპასუხეს უკან დაუბრუნდება, იგი იმავე დღეს შეძლებს ქონების გადაფორმებას. ამის შემდეგ, საჭირო იქნება დავის თავიდან დაწყება და უზენაეს სასამართლოში განცხადება ვერსადროს ვერ იქნება შემოტანილი. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ უნდა დაიწყოს საქმის განხილვა და იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ დაცულია საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის 68-ე მუხლის მოთხოვნები, უნდა ცნოს და აღასრულოს ესტონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებები. (იხ.შუამდგომლობა, გვ.4).

საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქმეზე ა-4891-შ-124-2017 შპს „ჰ.-ის“ შუამდგომლობა ესტონეთის ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ განცხადების დასაშვებობისათვის აუცილებელია გადაწყვეტილება ექვემდებარებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებიდან და შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ვ. ს.-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და მისი მუდმივი რეზიდენტი. შუამდგომლობაზე თანდართული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობიდან დასტურდება, რომ 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით ვ. ს.-ის საკუთრების უფლება საქართველოში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება (სუსგ №ა-1302-შ-31-2010, 6 ივლისი, 2010 წელი). შუამდგომლობაზე თანდართული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით დასტურდება, რომ საქართველოში ვ. ს.-ის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მაღალი ალბათობით საქართველოში გააჩნია საბანკო ანგარიშები, რომლებზეც ფულადი სახსრებია განთავსებული, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია. რაც შეეხება ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, შუამდგომლობის ავტორის განცხადება, გადაწყვეტილებების უზრუნველყოფის სახით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის გამოყენების თაობაზე, ასევე უნდა დარჩეს განუხილველი“.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების მიღების შემდეგ, თითქოსდა არსებითად შეიცვალა საქმის ვითარება, რადგან განმცხადებელმა მოიძია მოპასუხის ქონება საქართველოში და აღმოაჩინა, რომ მოპასუხემ 2017 წლის ზაფხულში მის შვილს საჩუქრად გადასცა საქართველოში არსებული უძრავი ქონება, ასევე, შპს-ში არსებული წილი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის მიერ თავისი შვილისათვის ნაჩუქარ ქონებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სარჩელები მაღალი ალბათობით დაკმაყოფილდება და ქონება მოპასუხეს უკან დაუბრუნდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ განცხადების შემოტანის მომენტისათვის (2018 წლის 23 მარტი) მოპასუხეს საქართველოში გააჩნია რაიმე ქონება.

რაც შეეხება განმცხადებლის მოსაზრებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღნიშნული სარჩელები მაღალი ალბათობით დაკმაყოფილდება და ქონება მოპასუხეს უკან დაუბრუნდება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იგი ხელმძღვანელობს შუამდგომლობის შემოტანის მომენტისათვის მასზე თანდართული მტკიცებულებებით და ვერ იმსჯელებს წინაწარ ჰიპოთეტურად, თუ რა სამართლებრივი შედეგი დადგება სადავო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე. შესაბამისად, შუამდგომლობის წარმოებაში მიღების მომენტისათვის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ აღარ არსებობს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დადგენილი განცხადების განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა არ იზიარებს შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ ამ დროისათვის მნიშვნელოვანია, უზენაეს სასამართლოს ცნობილი ჰქონდეს გადაწყვეტილება და მოპასუხე ასახული იყოს მოვალეთა რეესტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კი მოჩვენებითი გარიგება ბათილად იქნება ცნობილი და გაჩუქებული ქონება მოპასუხეს უკან დაუბრუნდება, იგი იმავე დღეს შეძლებს ქონების გადაფორმებას. ამის შემდეგ, საჭირო იქნება დავის თავიდან დაწყება და უზენაეს სასამართლოში განცხადება ვერსადროს ვერ იქნება შემოტანილი. საკასაციო პალატა განუმარტავს განმცხადებელს, რომ იმ გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედება განცხადების განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

რაც შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ.-ის“ განცხადებას ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ვ. ს.-ის საბანკო ანგარიშებსა და დეპოზიტებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების თაობაზე ასევე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 399-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ.-ის“ შუამდგომლობა ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ.-ის“ განცხადება ესტონეთის, ჰარჯუს საოლქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრისა და 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ვ. ს.-ის საბანკო ანგარიშებსა და დეპოზიტებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ჰ.-ას“ (რეგისტრაციის ნომერი ...) დაუბრუნდეს მარი შარაძის მიერ 2018 წლის 22 მარტს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30773150.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი