საქმე №ას-170-170-2018 2 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ამხანაგობა „ვ.-ის“ დამფუძნებელი წევრი ქ. უ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ნ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მენაშენეთა ამხანაგობა „ვ.-ის“ (შემდგომში – ამხანაგობა), მ. დ.-ის, თ. ხ.-ისა და ე. ვ.-ის (შემდგომში – მოსარჩელეები) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ნ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, განმცხადებელი) მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო 21,23 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი ამხანაგობის მიერ მისთვის 15 525 აშშ ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ.
2. 2009 წლის 13 ივლისს მოპასუხის მოთხოვნითა და მის სასარგებლოდ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
განმცხადებლის მოთხოვნა:
3. 2017 წლის 25 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა. განმცხადებელმა წარადგინა ცნობა სააღსრულებო ბიუროდან, რომელიც ადასტურებს, რომ 2009 წლის 13 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე წარმოება არ მიმდინარეობს და ასეთი დოკუმენტი რეგისტრირებული არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ ამავე სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გაიცეს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, რომელიც ადგენს, რომ სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია, გასცეს დუბლიკატი.
6. ამდენად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელის გამცემ ორგანოს შეუძლია, გასცეს მისი დუბლიკატი იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო ფურცელი დაიკარგება. შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
8. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმაყოფილა განცხადება სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე, რადგან 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი 2009 წლის 13 ივლისს უკვე გაიცა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინებით კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის კანონიერება.
11. სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომლის თანახმად კრედიტორი უფლებამოსილია, მიმართოს სააღსრულებო ფურცლის პირველი ეგზემპლარის გამცემ სასამართლოს მისი დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით.
13. ამავე კანონის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.
14. დასახელებული ნორმის მიხედვით, თუ დადგენილია გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი, მასზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობები არ არსებობს, რადგან სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ აღსრულებულა და რომლის იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა გასული არ არის.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. მოცემული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. (სუსგ 14.05.2012 წ. საქმე №ას-431-409-2012, 13.04.2017წ. საქმე №ას-7-7-2017).
16. დუბლიკატის გაცემის სპეციალური წესის შემოღება განაპირობა კრედიტორის უფლებამ, იძულებითი აღსრულების დაწყებამდე, სააღსრულებო ფურცლის დედნის დაკარგვის შემთხვევაში მიიღოს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, რომელიც იმავე იურიდიული ძალის მატარებელია, როგორისაც დედანი და დუბლიკატის წარდგენით მოითხოვოს აღსრულების დაწყება. ისეთ ვითარებაში, როდესაც სააღსრულებო ფურცლის დედანი უკვე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, აღარ არსებობს მისი განმეორებით გაცემის წინაპირობა (სუსგ №ას-11-11-2014, 05.03.2014წ.).
17. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი სააღსრულებო ბიუროს ცნობით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გაცემული 2009 წლის 13 ივლისის სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში რეგისტრირებული არ ყოფილა და მასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოება არ მიმდინარეობს.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ არსებობს განმცხადებლის (მოპასუხის) სასარგებლოდ ამოწერილი სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის საფუძველი.
19. მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია, სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის მიღების გზით მოახდინოს მის სასარგებლოდ მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისი დებულების აღსრულება, რომელიც ითვალისწინებდა მოპასუხის მფლობელობიდან სადავო 21,23 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის გამოთხოვას ამხანაგობის მიერ მისთვის 15 525 აშშ ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ.
20. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ამხანაგობა „ვ.-ის“ დამფუძნებელი წევრი ქ. უ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე