საქმე №ას-703-657-2017 19 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე (მომხსენებელი), ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ჯ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-ია“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის ძირი თანხის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. ჯ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „კ-ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვა დარიცხული პირგასამტეხლოს _ 271.17 აშშ დოლარისა და 63,39 აშშ დოლარის 50 აშშ დოლარამდე შემცირება, ასევე, სამომავლოდ ყოველთვიურად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს _ 0,3%-ის 0,0001%-მდე შემცირება და გადახდილი თანხის _ 2 000 აშშ დოლარის სესხის ძირ თანხაში ჩათვლა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 26 მარტს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხისგან ისესხა 19 000 აშშ დოლარი 60 თვის ვადით, წლიური 24-42%-ის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქ.ზ-ში, ჯ.რ-ას ქუჩა #37-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონება (შემდგომში _ იპოთეკის საგანი). ხელშეკრულება ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს _ გადასახდელი თანხის 0,3%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 20 მაისს გაცემული #... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოპასუხე მოსარჩელისგან ითხოვს 21 456,13 აშშ დოლარის გადახდას, საიდანაც ძირი თანხა 19 000 აშშ დოლარია, სარგებელი - 2 130 აშშ დოლარი, ჯარიმა - 271,17 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 63,39 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მსესხებელი სარჩელში უთითებს საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების პირობებზე და არა საკრედიტო ხელშეკრულების პირობებზე, რომლის თანახმადაც მას 24 თვით, წლიური 36%-ის დარიცხვის პირობით გამოეყო 19 000 აშშ დოლარი. საკრედიტო ხელშეკრულების #1 დანართით დგინდება ხელშეკრულების ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობა, ასევე, დგინდება ის, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მსესხებელი იხდიდა მხოლოდ სარგებელს, ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროისათვის მას უნდა გადაეხადა ძირი თანხა სრულად. ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, რომელიც ვადაგადაცილებული სარგებლის 0,3%-ს შეადგენს. მოვალის მიერ განხორციელებული ყველა გადახდა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, წარიმართა სესხის სარგებლის დასაფარად, პირგასამტეხლოს სახით მსესხებელს მხოლოდ 98,91 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. პირგასამტეხლო დარიცხულია ხელშეკრულების შეწყვეტამდე, რომელიც გადაუხდელი სარგებლიდან იანგარიშება. სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღისათვის მსესხებელს სარგებლიდან _ 7 870,66 აშშ დოლარიდან გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 5 740,09 აშშ დოლარი. შეთანხმებული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნოტარიუს მ. ბ-ას მიერ 2015 წლის 20 მაისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #...) შევიდა ცვლილება და სააღსრულებო ვალდებულებად მითითებული პირგასამტეხლო _ 271.17 ლარი, შემცირდა 50 ლარამდე, ხოლო სამომავლოდ დასაკისრებელი პირგასამტეხლო კი _ აღსრულებამდე 0,3%-ის ოდენობით, რაც თვეში შეადგენს 63,39 ლარს, გაუქმდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და პირგასამტეხლოს სახით გადახდილი 2 000 აშშ დოლარიდან 1 000 აშშ დოლარის სესხის ძირ თანხაში ჩათვლა, შესაბამისად, ძირი თანხის 18 000 აშშ დოლარით განსაზღვრა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2014 წლის 26 მარტს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ ისესხა 19 000 აშშ დოლარი 60 თვის ვადით, წლიური 24-42%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.3%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;
1.2.2. ხელშეკრულებით დადგინდა კრედიტის ძირი თანხისა და მასზე ყოველთვიურად დასარიცხი პროცენტის გადახდის პერიოდულობა, კერძოდ, 5.1. მუხლის შესაბამისად, კრედიტების დაფარვის თანამიმდევრობა შემდეგია: პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (არსებობისას), შემდეგ _ დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირი თანხა;
1.2.3. მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხადა 2 000 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა სესხზე დარიცხული სარგებელი, რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გადახდილი თანხა წარმოადგენდა არა სარგებელს, არამედ ძირ თანხას, მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლოს;
1.2.4. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი, რის გამოც, მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე;
1.2.5. 2015 წლის 20 მაისს გაცემულ იქნა #... სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 20 მაისის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 21 401.74 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი 19 000 აშშ დოლარია, სარგებელი - 271,17 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 271,17 აშშ დოლარი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 20 მაისიდან დარიცხული პირგასამტეხლო 63.39 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო, გაწეული სანოტარო ხარჯი _ 224,35 ლარსა და სააღსრულებო ხარჯს;
1.2.6. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდა, რომლის ოდენობაც განისაზღვრა 271.17 აშშ დოლარითა და 0.3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მსესხებლის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოდან _ 2 000 აშშ დოლარიდან არასწორად არ ჩათვალა 1 000 აშშ დოლარი ძირ თანხად, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო _ 0,3% წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელიც საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითებს ამა თუ იმ გარემოებაზე და ამ გარემოებას არ ეთანხმება მისი მოწინააღმდეგე მხარე, ეკისრება ამ ფაქტთან მიმართებით პოზიტიური მტკიცების ტვირთი. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა, თუ რას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა _ 2 000 აშშ დოლარი. ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით კასატორი მიუთითებს სარჩელზე დართულ გადახდის ქვითრებზე, თუმცა მათი შესწავლით (სსსკ-ის 105-ე მუხლი) არ დგინდება, თუ რა თანხის გადახდას ადასტურებს ეს მტიცებულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ მიუთითა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 5.1. მუხლზე (კრედიტის დაფარვის თანმიმდევრობა შემდეგია: პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (არსებობისას), შემდეგ _ დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირი თანხა) და წარმოადგინა ამონაწერი მსესხებლის გადახდებიდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით გადახდილია 98,91 აშშ დოლარი (ამ თანხასთან მიმართებით იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ და გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში თანახმად სსსკ-ის 264 (1) მუხლისა და იგი საკასაციო პალატის შეფასების საგანს არ წარმოადგენს), ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი, თანახმად სახელშეკრულებო პირობისა, მიმართულია სარგებლის დასაფარად. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მიერ სადავოდ გამხდარი თანხა წარმოადგენდა არა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სარგებელს, არამედ _ პირგასამტეხლოს.
1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლები და ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.5.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით მართებულად არ გამოიყენეს ამავე კოდექსის 420-ე მუხლი.
1.5.3. მართალია, მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის შემცირება არ უთხოვია, თუმცა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამ საკითხზეც გაამახვილებს: საგულისხმოა, რომ სარგებლის შეთანხმებული ოდენობა განისაზღვრა წლიური 24-42%-ით, რაც არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო და ამორალურ პირობას, ამ მხრივაც არ არსებობს მსესხებლის მიერ სადავოდ გამხდარი თანხიდან _ 2 000 აშშ დოლარიდან 1 000 აშშ დოლარის სესხის ძირ თანხაში ჩათვლის წინაპირობები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“ (იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებითი საშუალების _ პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს შ. კ-ის მიერ 05.05.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. ჯ-ას (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შ. კ-ის მიერ 05.05.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი