საქმე №ას-425-398-2017 9 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ფ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – უ. გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ფ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში უ. გ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2015 წლის 30 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.დედოფლისწყაროში, ჭ-ა, დაზუსტებული ფართობი: 2560229 კვ.მ, ს.კ #...), ასევე, 2015 წლის 11 თებერვალს დადებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.დედოფლისწყაროში, ჭ-ა, დაზუსტებული ფართობი 1037150 კვ.მ ს/კ #...) ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ, საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მას შემდეგ, რაც მოპასუხეს დაუბრუნებს მისგან მიღებულ 80 000 ლარს.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლამდე მ. ფ–ის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო დაახლოებით 700 ჰა მიწა, ნაკვეთის მეორე ნაწილი, რომელზეც განთავსებული იყო ფერმა, ეკუთვნოდა თანაბარწილად მოსარჩელეს და მის პარტნიორ ვ. ო–ს. მიწის ფართის რეალიზაციის მიზნით, მოხდა მისი აზომვა, დაყოფა და ცალკე საკადასტრო კოდებად აღრიცხვა, კერძოდ, ერთ ნაწილს, რომელმაც შეადგინა 2560229.00 კვ.მ მიენიჭა ს/კ - ..., ხოლო 1037150.00 კვ. მეტრს _ ს/კ .... ორივე მიწის ნაკვეთის საერთო ფართი იყო 360 ჰა და ეს უნდა გაყიდულიყო. შეთანხმების თანახმად, შემძენს ნასყიდობის საფასური _ 100 000 აშშ დოლარი ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 50 000 აშშ დოლარი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ხოლო დარჩენილი 50 000 აშშ დოლარი რამდენიმე თვეში. 2015 წლის 30 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფართების გადაფორმებისას ვინაიდან ვერ იქნა თანხა გამყიდველისათვის გადაცემული, შესთავაზეს გადახდის განვადებით ნასყიდობის გაფორმება, რაზეც მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ და გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, იმავე საღამოს გამყიდველს გადასცეს 50 000 ლარი, მოგვიანებით, კიდევ 30 000 ლარი. ვ. დ–მა, რომელიც მონაწილეობდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაში, გამყიდველს სთხოვა მეორე ნაკვეთის გადაფორმებაც, რის გამოც კვლავ შედგა საჯარო რეესტრში შეხვედრა 2015 წლის 11 თებერვალს. მყიდველს სურდა მიწის ნაკვეთის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვა, რის შედეგადაც სრულად აანაზღაურებდა ნასყიდობის ღირებულებას, თუმცა, ამის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდიათ მოსარჩელისათვის. ვ. დ–მა სანოტარო წესით აღიარა, რომ მყიდველებს არ გადაუხდიათ დარჩენილი 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარი და თუ 2016 წლის იანვრის ბოლომდე არ დაიფარებოდა თანხა, მაშინ საძოვარს დაუბრუნებდა გამყიდველს. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებები დადებულია მოტყუებით, ამასთანავე, მან დაკარგა ინტერესი ნასყიდობის მიმართ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემაფერხებელი, ასევე, განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შესაგებლის თანახმად, სარჩელი ხანდაზმულია, ამასთანავე, საჯარო რეესტრში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ქონებების ღირებულება შემცირებულია და შეადგენს ყოველ ობიექტზე 10 000 ლარს, იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ მიიღო 80 000 ლარი. მხარეებს თავად არ შეუთანხმებიათ გარიგების ფასი და მოსარჩელის სახელით ზ. გ–ს ესაუბრებოდა მხოლოდ ვ. დ–ი, რომელმაც გარიგების ფასი 100 000 ლარის ოდენობით შეათანხმა. სწორედ ვ. დ–მა შესთავაზა ზ. გ–ს ამ სადავო უძრავი ქონებების შეძენა, ადგილზე აჩვენა ფერმა და ტერიტორია, რის ნახვის პროცესსაც ქონების მესაკუთრე არ ესწრებოდა. 100 000 ლარი გადახდილი იქნა მყიდველის მიერ სრულად და ნაღდი ფულით ეს თანხა ორ ეტაპად გადაეცა მოსარჩელის წარმომადგენელს - ვ. დ–ს ბანკის შენობაში, მოსარჩელისათვის გადასაცემად. მართალია ვ. დ–ს დაწერილი აქვს ვალის აღიარებს ხელწერილი 60 000 აშშ დოლარზე, მაგრამ ამ ვალს თვითონ ვ. დ–ი აღიარებს და არა მოპასუხე. ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს, რადგან მხარეებმა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი ამ ხელშეკრულებებზე რაიმე იძულების გარეშე. მოპასუხის განმარტებით, მან გამყიდველი საჯარო რეესტრში 2015 წლის 30 იანვარს, ფართის გადაფორმებისას გაიცნო, ხელშეკრულებების პირობები მასთან არ შეუთანხმებია, ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მამამისის, ზ. გ–ის დავალებით. მან და ზ. გ–მა ორჯერ გადასცეს ბანკში თანხა ვ. დ–ს: 2015 წლის 30 იანვარს _ 60 000 ლარი და მოგვიანებით _ 40 000 ლარი, რაც ორივე ქონების შეთანხმებულ ღირებულებას წარმოადგენდა. მოპასუხის განმარტებით, ის ვ. დ–ს იცნობდა, როგორც საქმოსანს, რომელიც ასრულებდა მიწის აზომვით სამუშაოებს, ყველა ასეთ მომსახურებაში იგი იხდიდა ფულს და ვ. დ–ი მისი საქმიანი პარტნიორი არასოდეს არ ყოფილა. ამ გარიგებაში ვ. დ–ი იყო მხოლოდ შუამავალი, რომელიც მოქმედებდა გამყიდველის სახელით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2015 წლის 30 იანვარსა და 2015 წლის 11 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღდგა პირვანდელი მდგომარეობა: საჯარო რეესტრში განხორციელდა უძრავი ქონებების (ს/კ #...; ს/კ #...) მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაცია მას შემდეგ, რაც გამყიდველი მყიდველს გადაუხდის ნასყიდობის ხელსეკრულების საფუძველზე მიღებულ 100 000 ლარს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2015 წლის 30 იანვრამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მ. ფ–ის საკუთრებად აღრიცხული იყო სადავო უძრავი ქონება (მდებარე: ქალაქი დედოფლისწყარო, ჭ-ა, დაზუსტებული ფართობი: 2560229.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი #... და უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი დედოფლისწყარო, ჭ-ა, დაზუსტებული ფართობი: 1037150.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი #...);
1.2.2. ქონებების გაყიდვის პირობებზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა მოსარჩელის (გამყიდველის) მამას - რ. ფ–სა და ვ. დ–ს შორის. ამავე დროს ვ. დ–ი აწარმოებდა მოლაპარაკებას ზ. გ–თან (მყიდველ - უ. გ–ის მამასთან) უძრავი ქონების შესყიდვის პირობებზე. მოსარჩელე და მოპასუხე უარყოფენ ვ. დ–თან პარტნიორული ურთიერთობის არსებობას, შესაბამისად, მოცემულ გარიგებებში ვ. დ–ი მონაწილეობდა როგორც შუამავალი და არა როგორც მყიდველი. მოსარჩელე და მოპასუხე საჯარო რეესტრში გარიგების გაფორმებამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ, უშუალოდ, მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკება არ შემდგარა, არამედ, მოლაპარაკება მიმდინარეობდა ვ. დ–ის შუამავლობით;
1.2.3. 2015 წლის 30 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 2560229.00 კვ.მ #... უძრავ ქონებაზე. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10 000 ლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. ნასყიდობის თანხა ხელშეკრულების გაფორმებამდე გადახდილი არ ყოფილა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოპასუხემ გადასცა ვ. დ–ს 100 000 ლარი გამყიდველისათვის გადასაცემად. ამავე დროს, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებაში მან ვ. დ–ისაგან სულ 80 000 ლარი მიიღო;
1.2.4. 2015 წლის 11 თებერვალს მ. ფ–ს (წარმომადგენელი რ. ფ–ი) და უ. გ–ს შორის გაფორმდა მეორე ნასყიდობის ხელშეკრულება 1037150.00 კვ.მ #... უძრავ ქონებაზე. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ქონების ღირებულება განისაზღვრა 10 000 ლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. ეს თანხა ხელშეკრულების გაფორმებამდე გადახდილი არ ყოფილა და არც მისი გაფორმების შემდეგ გადაუხდიათ თანხა მოსარჩელისათვის;
1.2.5. გაყიდული ქონების შეფასების რაიმე წერილობითი დოკუმენტი სასამართლოში არ წარდგენილა, მხარეთა განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ვერ დგინდება ამ ქონების რეალური ფასი. მხარეები ქონების გასაყიდ ფასზე მოლაპარაკებას თვითონ არ აწარმოებდნენ. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ვ. დ–ის მეშვეობით უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად უნდა მიეღო 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო, მოპასუხე ამტკიცებს, რომ ვ. დ–ის მეშვეობით უძრავი ქონება იყიდა 100 000 ლარად და სრულად გადაიხადა ეს თანხა შუამავლის მეშვეობით;
1.2.6. ვ. დ–ი დასახელებული იყო მოპასუხედ და მას სათანადო წესით ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით, ასევე, უ. გ–ის შესაგებელი. საქმის მოსამზადებელ სხდომაზე ვ. დ–ი არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოადგინა. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე იგი ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა სიიდან და ორჯერ დაბარებული იქნა სასამართლოზე მოწმის სტატუსით, თუმცა არც ერთხელ არ გამოცხადდა. ვ. დ–მა შეგნებულად თავი აარიდა დავის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, რის გამოც ვერ იქნა მისგან მიღებული ინფორმაცია სადავო გარიგების პირობებთან დაკავშირებით.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მან სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, რომელთაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, თუმცა, არ გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიცია, რომ ის გარიგების ბათილობას, როგორც მოტყუების, ისე _ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვდა. რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა როგორც პირველ, ისე _ მეორე საფუძვლზე და რესტიტუციის გზით აღმოფხვრა მხარეთა შორის დავა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი ნების გამოვლენასთან დაკავშირებით. სასამართლოს დასკვნები ეწინააღმდეგება მხარეთა ორმხრივ აღიარებას იმის თაობაზე, რომ მათ არ უწარმოებიათ ურთიერთმოლაპარაკება. მათ მხოლოდ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და რეალურ შემძენს წარმოადგენდა მოპასუხის მამა;
1.4.2. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 328-ე მუხლები, ამასთანავე, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნები;
1.4.3. რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლზე დაყრდნობით გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ მხრივ სასამართლოს აპელირება დაუსაბუთებელია;
1.4.4. მოტყუების ფაქტის გამყარების მცდელობასაც კი მოსარჩელის მხრიდან არ ჰქონია ადგილი სააპელაციო ინსტანციაში, სასამართლომ საქმე განიხილა უმოკლეს ვადაში იმგვარად, რომ პირველი სხდომის გადადების შემდგომ მხარეს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების სრულყოფილი შესაძლებლობა არ მისცემია, რაც სასამართლოს მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარებოდა მხარეთა აღიარებას, რომ თითოეულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო ქონების არარეალურად დაბალი ფასი, რადგანაც ხელშემკვრელი მხარეები უშუალოდ არ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და მათ გააჩნდათ ვ. დ–ის ნდობა, რომლის მიერ დაწერილი ხელწერილი შეფასების გარეშე დატოვა პალატამ. გარდა ამისა, არ იქნა გაზიარებული მოწმეთა ჩვენებები, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნასყიდობის ფასი 100 000 დოლარს შეადგენდა;
1.4.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა თვალთმაქცური გარიგების არსი და ამ მხრივ არ გაიზიარა მხარეთა აღიარება, რომ ისინი უშუალოდ არ შეთანხმებულან გარიგების შინაარსსა და ფასზე;
1.4.6. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა, თითქოს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით ნასყიდობის ფასი 100 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, რომლის საპირისპიროდაც, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გარიგების უშუალო ფასი ვერ დადგინდა, თუმცა იგი არანაკლებ 100 000 ლარს შეადგენდა.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ კანონი ადგენს წერილობითი ფორმის დაცვის გამოყენების აუცილებლობას, თანახმად ამავე კოდექსის 183-ე მუხლისა. ამ მხრივ უდავოა, რომ მხარეები არა უშუალოდ, არამედ, შუამავლის დახმარებით შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რაც ასახეს კიდევაც წერილობით დოკუმენტში და ეს გარემოება არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს, უფრო მეტიც, იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს, რომ წერილობით ფორმირებული ნება ხელმომწერ მხარეთა შეთანხმების ასახვას წარმოადგენს. ამ პრეზუმფციას ვერ აქარწყლებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტის აღიარებად ვერ განიხილება კასატორის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ გარიგების ხელმოწერამდე ის უშუალოდ არ იცნობდა გამყიდველს და მასთან არ უწარმოებია მოლაპარაკება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს მოწმეთა ჩვენებების გზით გარიგების რეალური ფასის მტკიცების ფაქტთან მიმართებით და განმარტავს, რომ ეს საკითხი შეთანხმებულადაც რომ ჩავთვალოთ მხარეთა შორის, მას მაინც არ შეიძლება მიენიჭოს სამართლებრივი ძალმოსილება, რადგანაც უძრავი ქონების განკარგვის ხელშეკრულების ფორმიდან გამომდინარე, ფასზე შეთანხმება სწორედ წერილობით უნდა ყოფილიყო ასახული, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლო შეფასებას, რომ ფასის, ასევე, გარიგების პირობების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ დაძლია, ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე და 54-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები გარიგების ბათილობის განსხვავებულ წინაპირობებს გვთავაზობს, თავად სააპელაციო სასამართლომ კი მართებულად განმარტა ზემოხსენებული ნორმები, რომლებიც მსგავს სამართლებრივ საკითხზე სრულად შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგ-ებები: #ას-1117-1051-2015, 20.01.2016წ; #ას-1266-1195-2012, 14.11.2013წ).
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც გარიგების ბათილად ცნობის (როგორც მოტყუების, ისე მართლწინააღმდეგობრიობის) საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. კასატორის შუამდგომლობა:
2.1. კასატორმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელთა საქმისათვის დართვა და საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასება მოითხოვა.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.12.2016წ. #... ექსპერტიზის დასკვნის, ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ვ. დ–ის ხელწერილის ასლები 8 (რვა) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 88-95), ასევე, 07.06.2017წ. #ა-2368-17 განცხადებაზე დართული ვ. დ–ის წერილობითი ახსნა-განმარტება 1 (ერთი) ფურცლად.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 21.03.2017წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 000 ლარის 70% _ 700 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ფ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ფ–ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 21.03.2017წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 000 ლარის 70% _ 700 ლარი.
3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. მ. ფ–ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.12.2016წ. #... ექსპერტიზის დასკვნის, ექსპერტიზის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ვ. დ–ის ხელწერილის ასლები 8 (რვა) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 88-95), ასევე, 07.06.2017წ. #ა-2368-17 განცხადებაზე დართული ვ. დ–ის წერილობითი ახსნა-განმარტება 1 (ერთი) ფურცლად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი