Facebook Twitter

საქმე №ას-934-874-2017 20 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ლ. ს-ა, ნ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „m_ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების დავალდებულება

დავის საგანი – გავრცელებული რეკლამის არასათანადო რეკლამად აღიარება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ. ს-ამ და ნ. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „m_ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მოპასუხის მიერ გავრცელებული რეკლამის არასათანადო რეკლამად აღიარებისა და ზიანის (ლ.ს-ას სასარგებლოდ _ 25 000 აშშ დოლარის, ხოლო ნ.გ-ის სასარგებლოდ _ 48 000 აშშ დოლარის) ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელ სათანადო მოპასუხეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების დავალდებულება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ხშირად არ ხერხდება დასაბუთებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მომზადება. მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 20 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლემ დაასაბუთა 2017 წლის 29 მაისს, ნაცვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული 14-დღიანი ვადისა, შესაბამისად, მხარე მოკლებული იყო შესაძლებლობას, არარსებული გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა ზემდგომი წესით. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მხარის კანონიერი უფლებები. მას შეეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამოერკვია, თუ როდის მომზადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. მხარეთა წარმომადგენელი ტელეფონით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელიც ყოველ ჯერზე განუმარტავდა, რომ გადაწყვეტილება არ იყო მზად და შესაბამისად, მოსამართლეს არ ჰქონდა ხელი მოწერილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ასა და ნ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლების გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების დადგენის სისწორე.

1.3. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით განაცხადა უარი, რომ მხარის მიერ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, კერძოდ, აპელანტების წარმომადგენელს საქალაქო სასამართლოსათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად უნდა მიემართა არა უგვიანეს 2017 წლის 22 მაისისა (ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე _ 20 მაისი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ შაბათს), ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით სასამართლოს მიმართა 2017 წლის 29 მაისს და იმავე დღეს ჩაიბარა იგი. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2017 წლის 23 მაისს და ამოიწურა 5 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 9 ივნისს.

1.4. კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვენ, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა მათი ბრალით არ არის დარღვეული, საქალაქო სასამართლომ დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება, ხოლო გადაწყვეტილების მზაობისა და მისი ჩაბარების თხოვნით მხარეს კომუნიკაცია ჰქონდა სასამართლოსთან. ამ ფაქტის დადასტურების მიზნით კერძო საჩივარს ერთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ გაცემული ცნობა.

1.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს, რომ საპროცესო ვადა მხარის ბრალით არ დარღვეულა, რაც ამავდროულად დასაბუთებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით (ცნობის თანახმად, წინამდებარე საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა დაგვიანებით, 2017 წლის 29 მაისს). ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ და ფაქტობრივ საკითხზე:

1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).

1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის კონტექსტში უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე ინფორმირებული იყვნენ მხარეები, შესაბამისად, ხსენებული ნორმა მათ მიმართ მოქმედებს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2017 წლის 10 მაისი, ხოლო 30-ე დღე _ 20 მაისი. ზოგადი წესის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა (სსსკ-ის 369-ე მუხლი) დაიწყო 21 მაისს და ამოიწურა 5 ივნისს (ვინაიდან უკანასკნელი დღე _ 3 ივნისი იყო დასვენების დღე _ შაბათი, თანახმად 61.2 მუხლისა). ირკვევა ისიც, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების 20-30 დღიანი ვადა სასამართლოს ბრალითაა დარღვეული, იგი მომზადდა 2017 წლის 29 მაისს და იმავე დღეს ჩაიბარა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა.

1.6. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ წარმომადგენლის მეშვეობით საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვის თვალსაზრისით მხარეს აქვს მოლოდინი წარმომადგენლობის კვალიფიციურად განხორციელებისა, ეს უკანასკნელი კი, თავის თავში მოიცავს მათ შორის იმგვარი პროცესუალური გარემოებების თაობაზე სასამართლოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულებას, როგორიცაა, დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად ჩაუბარებლობა და სხვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საპროცესო ვადების გაჭიანურება, ასევე, დამატებითი ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს ამგვარ მითითებას, ამასთანავე, გაურკვეველია, რატომ არ წარადგინა აპელანტთა წარმომადგენელმა იმგვარი მტკიცებულება, რაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე სააპელაციო სასამართლოსაც მისცემდა შესაძლებლობას, თავად გადაეწყვიტა სადავო საკითხი (მაგ: სასამართლო მოხელის ცნობა), თუმცა, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად მომზადების შეუძლებლობა, პალატა მიიჩნევს, რომ საპროცესო წესები უნდა განიმარტოს მხარის სასარგებლოდ, მით უფრო, როდესაც მისმა წარმომადგენელმა დროულად არ მიიღო გარკვეული ზომები. ამასთანავე, საპროცესო წესების საპირისპირო განმარტება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სამართალწარმოებაზე უარის დაუსაბუთებლად გაცხადებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას განაპირობებს.

1.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 30 მაისს და ამოიწურა 13 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში რეგისტრირებულია 2017 წლის 9 ივნისს, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ აპელანტებს არ დაურღვევიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა (სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს-ასა და ნ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი