№ას-282-271-2012 07 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. ფ-ემ მოპასუხე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოპასუხე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის 2011 წლის 18 ოქტომბრის №1/კ-05 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა (ს.ფ. 1-10).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 94-98).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფ-ემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 103-112).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინებით ქ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით; აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ფ-ის წარმომადგენელ დ. დ-ეს ჩაბარდა 2011 წლის 28 დეკემბერს; ქ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა 2012 წლის 13 იანვარს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელ დ. დ-ეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2011 წლის 28 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრების ბოლო ვადას წარმოადგენდა 2012 წლის 11 იანვარი. ამასთან, ვინაიდან წარმომადგენელს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ მან სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 13 იანვარს (14-დღიანი ვადის 2 დღის დაგვიანებით), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად უნდა დარჩენილიყო (ს.ფ. 117-119).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება ქ. ფ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა არა მის მიერ მითითებულ მისამართზე, არამედ მხარის (აპელანტის) მისამართზე, შესაბამისად, მას გზავნილი ვერ ჩაბარდებოდა. აღნიშნული გარემოება დასტურდება შპს „სკს-ს“ წერილით, სადაც აღნიშნულია, რომ ფოსტამ კურიერის მეშვეობით განახორციელა სასამართლო გზავნილის ე. ნ-ისათვის ჩაბარება, კერძოდ, გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა უშუალოდ ქ. ფ-ისათვის (ადრესატისათვის), რადგან იგი ქუთაისში არ იმყოფებოდა, ამასთან, გზავნილი ვერ ჩაბარდა ასევე მის წარმომადგენელს დ. დ-ეს, ვინაიდან მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ამიტომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ე. ნ-ეს, რომელმაც განაცხადა, რომ იცნობდა ქ.ფ-ეს და უზრუნველყოფდა მისთვის გზავნილის ჩაბარებას. აღნიშნული დასტურდება ასევე ე. ნ-ის წერილობითი განცხადებით, რომელმაც დაადასტურა, რომ გზავნილზე დ. დ-ის ხელმოწერა არ იყო, ეს სახელი და გვარი დაწერა შპს „სკს-ს“ კურიერმა;
კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, გზავნილი აპელანტის წარმომადგენელს გადასცა ე. ნ-ემ 2012 წლის 03 იანვარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარიც დროულად წარადგინა სასამართლოში, ამიტომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინება და ქ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 2011 წლის 28 დეკემბერს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ დ. დ-ეს, შესაბამისად, სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა ამ თარიღიდან აითვალა.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის აპელანტის წარმომადგენლისათვის გზავნილის 2011 წლის 28 დეკემბერს ჩაბარების ფაქტს და განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელ დ. დ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 3 იანვარს ე. ნ-ის მეშვეობით. მართალია, გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე წარმომადგენლის სახელით შესრულებულია ხელმოწერა, მაგრამ ეს ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. აღნიშნული გარემოება დასტურდება ამავე გზავნილზე მეორე ხელმომწერი პირის - ე. ნ-ის და ფოსტის კურიერის განმარტებებით, ასევე იმით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა არა მის მიერ მითითებულ მისამართზე, არამედ მხარის (აპელანტის) მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
ხსენებული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს, რომ უწყება ადრესატს გაუგზავნოს და ჩააბაროს მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ ადრესატს უწყება გაეგზავნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, არსებობს პრეზუმფცია, რომ ამ მისამართზე მიტანილ უწყებაზე ადრესატის სახელით შესრულებული ხელმოწერა ამ უკანასკნელს ეკუთვნის, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი აწევს ადრესატს. აღნიშნული პრეზუმფცია არ მოქმედებს, თუ ადრესატს უწყება შეცდომით გაეგზავნა არა მხარის მიერ მითითებულ, არამედ სხვა მისამართზე. ამ დროს უწყება ჩაბარებულად ვერ ჩაითვლება, თუ თავად ადრესატი არ დაადასტურებს უწყების მიღებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი, რომელზეც შესრულებულია ორი ხელმოწერა დ. დ–ის და ე. ნ-ის სახელით (ს.ფ. 101). მითითებული ბარათით ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენელ დ. დ-ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა არა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.ქუთაისი, კ-ას 2), არამედ სხვა მისამართზე (ქ.ქუთაისი, დ.ყ-ის 18) (ს.ფ. 32,34). მართალია, ეს უკანასკნელი მისამართი მხარის (აპელანტის) მისამართია, მაგრამ ამ მისამართზე სასამართლო გზავნილი შეიძლებოდა ჩაბარებოდა მხარეს და არა მის წარმომადგენელს, რომელსაც სხვა მისამართი გააჩნია. ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმომადგენლისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის პრეზუმფცია არ მოქმედებს, ვინაიდან იგი სადავოდ ხდის მისთვის გზავნილის ჩაბარებას. წარმომადგენლის ეს მოსაზრება დასაბუთებულია ფოსტის კურიერის და შეტყობინების ბარათზე ხელმომწერი პირის - ე. ნ-ის განმარტებებით (ს.ფ. 127-128). რაც შეეხება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ე. ნ-ის ხელმოწერას, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვერ ჩითვლება აპელანტ ქ. ფ-ისათვის გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებად, ვინაიდან არც შეტყობინების ბარათიდან და არც ე. ნ-ის განმარტებიდან არ ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს აპელანტთან ერთად მცხოვრებ მისი ოჯახის წევრს (სსკ-ის 74.1 მუხლი). ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2011 წლის 28 დეკემბერს. თავად კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების ასლი მას გადაეცა 2012 წლის 3 იანვარს. ამ მომენტიდან კი, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა გასული არაა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2012 წლის 13 იანვარს (ს.ფ. 103-112), ანუ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით ქ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ფ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინება და საქმე ქ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.